ამერიკულ მედიასაშუალებებს, რომლებიც პულიტცერის პრემიებით დაჯილდოვდნენ, სტატიებისთვის თითქოს რუსეთი ერეოდა აშშ–ის პოლიტიკურ პროცესებში, ეს პრემიები უნდა ჩამოერთვათ, _ განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. აშშ–ის ლიდერს მიაჩნია, რომ მედიასაშუალებებმა ეს პრემიები უნდა დააბრუნონ, რადგან არასამართლიანად მიენიჭათ სტატიებისთვის, რომლებიც ცრუ ცნობებს შეიცავდა.
“ყველა ეს მწერალი, ეს ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც სინამდვილეში ჟურნალისტები კი არა, თაღლითები არიან, ეს ჟურნალისტები, რომლებმაც პულიტცერის პრემიები მიიღეს, უნდა ვაიძულოთ, რომ დააბრუნონ პრემიები, იმიტომ, რომ ისინი ცრუობდნენ. პულიტცერის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტი ან ყველა ის, ვინც ამ პრემიებს ანიჭებს, შერცხვენილი იქნება მანამ, სანამ პრემიებს უკანვე არ წაიღებენ. ამ ე.წ. ჟურნალისტებმა პულიტცერის პრემია მიიღეს იმისთვის, რაც საბოლოოდ ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. პულიტცერის პრემიით უნდა დაჯილდოვდნენ ისინი, ვინც სიმართლეს წერს”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზეთი The New York Times-ი დაჯილდოვდა პულიტცერის პრემიით რუსეთზე დაწერილი რამდენიმე სტატიისთვის, თუმცა კონკრეტულად რომელი სტატიისთვის დააჯილდოვა ის საორგანიზაციო კომიტეტმა, უცნობია.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ