Home ახალი ამბები ტომარაძე ზურაბიშვილს: ეს არის ჭინკური განცხადება, მისი პარტიისთვის ეკლესია არის მტერი

ტომარაძე ზურაბიშვილს: ეს არის ჭინკური განცხადება, მისი პარტიისთვის ეკლესია არის მტერი

4386

 

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის დირექტორ ზვიად ტომარაძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიისთვის მართლმადიდებლური ეკლესია არის მტერი.

რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის  ქართულ სკოლებში რელიგიური სწავლების შემოღების წინააღმდეგია, ზვიად ტომარაძე, მისი მხრიდან ყოველივე ეროვნულის მიმართ არსებულ ზიზღად აფასებს.

„როდესაც ამ საკითხზე ლიბერალები დისკრიმინაციას ახსენებენ, ესეც უადგილოა და აი რატომ: საქართველოს კანონმდებლობით 13 უქმე დღე (დღესასწაული) არსებობს, აქედან 7 უქმე დღე არის ქრისტიანული დღესასწაული. მაშინ რა ვქნათ გავაუქმოთ ეს უქმე დღეები რელიგიური უმცირესობების დისკრიმინციის საბაბით? დომინანტი რელიგიის სწავლება ხდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მაგალითად იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში. ახლა რაც შეეხება დავით ზურაბიშვილს, მისთვის და მისი პარტიისთვის მართლმადიდებელი ეკლესია არის მტერი და მისი მორიგი ჭინკური განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ არის, მათთვის ულტრა–ლიბერალური იდეოლოგიის რეალიზებისათვის ეკლესია დამაბრკოლებელია ინსტიტუტია. რესპუბლიკური პარტიის წევრები დაავადებულნი არიან იოკოფობიით, ეს გახლავთ ტერმინი ფსიქიატრიაში, რომელიც ნიშნავს ყველაფერი მშობლიურის მიმართ ანთიპათიურ განწყობას“, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

ასევე, მისი თქმით, სკოლებში საეკლესიო სწავლებას, უცხოური ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან და ქვეყანაში მიუღებელი ღირებულებების დანერგვას ცდილობენ.

„ამ პროცესს ძირითადად ეწინააღმდეგებიან ლიბერალური იდეოლოგიის ადამიანები. თუ კიდევ უფრო დავკონკრეტდებით, მათი უმრავლესობა გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ჯამაგირს იმიტომ იღებენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უცხო და მიუღებელი იდეოლოგიის დანერგვა განახორციელონ. შესაბამისად მათთვის ეკლესია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს შემაფერხებელი ფაქტორია. რომელ სხვა საგანთან უნდა ინტეგრირდეს? ქიმიასთან? ფიზიკასთან? თუ ბიოლოგიასთან? სახელმწიფოს მიზანი მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით და ზნეობრივად მოწესრიგებულ აღზრდას უნდა წარმოადგენდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისთვის!“,-განმარტა ტომარაძემ.

მან ასევე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში მოჭარბებული აგრესიული ფონი, იმის შედეგია, რომ მოსწავლეები სულიერ აღზრდას მოკლებულნი არიან.

„სრულიად ვიზიარებ აზრს, რომ ამჟამად სკოლის მოსწავლე სულიერებას მოკლებულია და სწორედ ამის შედეგია ახალგაზრდებში მომატებული აგრესიული ფონი. იმედი მაქვს სკოლებში რელიგიის საგნის შეტანა ამ სიტუაციას გამოასწორებს“,- აღნიშნა ტომარაძემ.

ზვიად ტომარაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში სრული სეკულარიზმი გამორიცხულია, რადგან ეკლესია საკუთარი ერის ზნეობასა და სულიერებაზე მზრუნველ ინსტიტუტია, ამას მოწმობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება.

„რაც შეეხება სეკულარიზმს, ქრისტიანობა ბუნებრივად მიდრეკილია სეკულარულობისადმი, გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები: „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა“. მაგრამ ეს ყველაფერი ნუ აგვერევა იმაში, რომ ეკლესიამ ისეთ საკითხებში, განსაკუთრებით სადაც საუბარია სულიერებასა და ზნეობაზე სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს. გარდა ამისა, სრული სეკულარიზმი საქართველოში გამორიცხულია, რადგან მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს დიდი ღვაწლი ჩვენი სახელწმიფოს წინაშე. სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და მისი გარიყვა წარმოუდგენელია და შეუძლებელი.

ეკლესიას როგორც საკუთარ ერის ზნეობასა და სულიერებაზე მზრუნველ ინსტიტუტს, ყოველთვის ექნება საკუთარი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე. სწორედ ამის დასტურია 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება – კონკორდატი.

განათლების მინისტრის განცხადებას მივესალმები, რადგან რელიგია ასწავლის სიყვარულს, მიტევებას, შემწყნარებლობას, ასევე ასწავლის არაკაცკლას, არა–იპარო და სხვა… იძლევა პასუხებს კითხვებზე ღმერთის, ცხოვრების, გარდაცვალების შესახებ. ვინ არის ადამიანი? რა არის აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა? რა არის სიკეთე და ბოორტება? რომელია გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ? შესაბამისად თუკი სწავლა-აღზრდის მიზანია სულიერად ჯანსაღი, პატრიოტი, მშვიდობისმოყვარე, შრომისმოყვარე და შემწყნარებელი მომავალი თაობის აღზრდა, მაშინ სკოლაში რელიგია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს! სახელმწიფოს მიზანს მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით და ზნეობრივად მოწესრიგებული პიროვნების აღზრდა უნდა წარმოადგენდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისთვის!“,-განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here