Home რუბრიკები საზოგადოება ტარიელ სუხიაშვილი: ფარატინა ქაღალდი გაცილებით მეტს ნიშნავს მთავრობისთვის, ვიდრე ადამიანი

ტარიელ სუხიაშვილი: ფარატინა ქაღალდი გაცილებით მეტს ნიშნავს მთავრობისთვის, ვიდრე ადამიანი

1076
ტარიელ სუხიაშვილი

ქართული ოცნებისდამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, შემდეგმოქალაქემდა ახლა უკვე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.

ივანიშვილის ინტერვიუს დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და დემოკრატიას შორის არაპროპორციულობასა და გიორგი კვირიკაშვილთან კონფლიქტს მიეძღვნა. ივანიშვილმა არაფორმალურ მმართველობაზეც ილაპარაკა და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე განსხვავებული პოზიციაც გამოთქვა. ივანიშვილის ინტერვიუ 24 ივლისს გავიდა სატელევიზიო ეთერში და ერთ კვირაზე მეტია, მხოლოდ ამ ინტერვიუზე მსჯელობენ. საზოგადოებამ მოისმინა თითქმის ყველა პოლიტიკოსის აზრი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, არ მოუსმენია, რას ამბობენ მასზე და მის მოსაზრებებზე საზოგადოების რიგითი წევრები, მოქალაქეები, რომელთა სახელით, როგორც თვითონ განაცხადა, მართავს ქვეყანას.

გვესაუბრება გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთგული მკითხველი, თბილისელი ტარიელ სუხიაშვილი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს:

_ სანამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე დავიწყებ საუბარს, მინდა, ზოგადად მიმოვიხილო ვითარება.

2011 წელს ივანიშვილის გააქტიურებისა და კულუარებიდან გამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ დასავლურ ძალებს კრიზისი შეექმნათ. სააკაშვილის გუნდი გაკოტრდა და ის ნებისმიერი გზით უნდა მოეშორებინათ. დასავლეთს ეშინოდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა ეროვნულ-კონსერვატიული ძალა, ამიტომ საჭირო შეიქნა, წინა პლანზე წამოეწიათ კარგად დაფინანსებული სხვა პოლიტიკური გუნდი; ძალები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილთან იყვნენ და მერე გაეცალნენ, თავისთან გადაიყვანეს, რადგან მათაც კარგად იცოდნენ ადამიანებით მანიპულირების ტექნოლოგიები. “ოცნებაში” გაერთიანდნენ “ჭრელი” ადამიანები, მათ შორის ცოტა ე.წ. ეროვნულებიც, და ადვილად შეძლეს განზრახვის შესრულება _ სააკაშვილის მოშორება.

“ოცნებაც” და “ნაცმოძრაობაც” ერთგულნი არიან იმ კურსის, რომ არ გაჭაჭანდეს ეროვნული და კონსერვატორული იდეის გამტარებელი არც ერთი ძალა.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანაში არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. “ოცნებამ” ვერ შეასრულა დაპირებები, ქვეყანაში გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობაა, არჩევნებიც კარს მოადგათ და ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა პირადი რესურსის გამოყენება. სამწუხაროდ, მას ეს რესურსი კიდევ შერჩა.

_ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში რომელმა საკითხებმა მიიპყრო თქვენი ყურადღება?

_ უპირველესად იმან, რომ თურმე გასაოცარი დემოკრატია გვაქვს. ივანიშვილმა აღნიშნა, ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ ევროპული სტანდარტებით ვცხოვრობთო, რაც წარმოუდგენელი შეუსაბამობაა. არ შეიძლება ადამიანი 24 საათის განმავლობაში კუჭის ამოვსებაზე ფიქრობდეს და ღირებულებებსაც ქმნიდეს. ისაუბრა დემოკრატიაზე, თუმცა ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ივანიშვილმა თქვა: ადამიანის დაცვის უმაღლესი ხარისხი გვაქვსო, მაგრამ, როგორც ცნობილია, ადამიანის უპირველესი უფლება სიცოცხლისა და შრომის უფლებებია. ამ მხრივ კი დაცულები არ ვართ. თოფს არ გვესვრიან, მაგრამ შეიძლება შიმშილმა მოგვიღოს ბოლო, რადგან შრომის უფლება წაგვართვეს.

ივანიშვილმა თქვა ძალიან საინტერესო რამ: მაისში ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდაო. ამჟამად ისეთი მაჩვენებელი, რაც ივანიშვილმა თქვა, მსოფლიოში ერთ-ორ ქვეყანას თუ ექნება. მან ახსნა ასეთი მატების მიზეზი და თქვა: ეს ჩინეთთან ვაჭრობის შედეგად მოხდაო, რაც ახალდანიშნულ პრემიერს მიაწერა. თურმე მამუკა ბახტაძემ, რომელმაც ფინანსთა მინისტრად ერთ თვეს იმუშავა, 7,5 პროცენტით გაზარდა ეკონომიკა. საინტერესოა, როგორ მოახერხა ბახტაძემ ეს?

_ ვინვინ და ბიზნესმენმა კაცმა უნდა იცოდეს პროცენტების დათვლა. რატომ გვითხრა ასეთი ტყუილი?

_ ამაზე პასუხი მარტივია: ბახტაძე შეაქო და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სიტყვები ხალხმა დაიჯერა.

მაგრამ იმაზე არავინ არ ფიქრობს, რომ, თუ ეკონომიკა ასე მაღალია, მაშინ ქვეყანაში ფული უნდა ტრიალებდეს და წესით, დოვლათი უნდა იქმნებოდეს. არავინ ფიქრობს, რომ ერთ თვეში ამის შექმნა წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი საწარმოც კი არ არის ქვეყანაში.

ივანიშვილმა განაცხადა, ბანკებმა ქვეყანა გადაჭამესო. თუკი ბანკებმა ქვეყანა გადაჭამეს და ამას ხვდება, რა უშლის ხელს, რომ მათი თავნებობა აღკვეთოს? მარტივად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. ივანიშვილს აქვს თავისი ბანკი და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა ბანკებს, შესთავაზოს ხალხს უკეთესი პაკეტი, დაბალი პროცენტი. ხომ დაგვპირდა საარჩევნოდ, რატომ არ გააკეთა? პრობლემაც მოგვარდება და ხალხიც დაუჯერებს, რომ მას აწუხებს ბანკების ვალების პრობლემა. მისი ბანკიც ისეთივეა, როგორიც სხვები. “ქართუში” რიგითი მოკვდავი ვერ შევა, დამიჯერეთ, მაქვს ამის გამოცდილება. ევროპას ვუტოლდებით ღირებულებებითო, _ ამბობს, მაგრამ ევროპაში არ არის ამხელა პროცენტები, როგორიც ჩვენთან _ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში. ასე რომ, აქაც მოგვატყუა ივანიშვილმა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ინტერვიუდან მომენტი, როდესაც თქვა, 2003 წლის რევოლუციით აღფრთოვანებული ვიყავიო. ვარდების რევოლუციითიმხანად აღფრთოვანებული არ ყოფილა მოაზროვნე საზოგადოება, რადგან აშკარად ჩანდა, რომ ავანტიურისტები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ადამიანმა, რომელმაც ვერ შეამჩნია, რომ ხელისუფლებაში ავანიურისტები მოვიდნენ, პოლიტიკაზე არ უნდა ილაპარაკოს.

ხო, კიდევ გვითხრა, რომ 2012 წლის შემდეგ ნამდვილი ეკონომიკური აღმავლობა გვაქვსო. ეს აშკარად თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან იშვიათად თუ იპოვით ადამიანს, რომელმაც ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ შვება იგრძნო და ეკონომიკურად მოძლიერდა. არაფერს წარმოადგენდა ხალხი მანამდეც და არაფერს წარმოდგენს ახლაც. ფარატინა ქაღალდი გაცილებით მეტს ნიშნავს მთავრობისთვის, ვიდრე ადამიანი. დავუშვათ და, გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა, ეკონომიკურ აღმავლობას ხალხის შემოსავლების ზრდა თუ არ სდევს თან, რა ეკონომიკური აღმავლობაა?! თუ ხალხის შემოსავლების ზრდას იმას ეძახის, ათასი ჯურის სახელმწიფო მოხელეები ხელფასებს რომ იმატებენ? რა, სახელმწიფო მოხელე თუ არ ვარ, ადამიანიც აღარ ვარ?! თუ ეკონომიკა იზრდება, სად მიდის ამ ზრდის შედეგად მიღებული ფული? რატომ იზრდება ფასები ყველაფერზე ან რატომ იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი?

ბიძინამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მდგომარეობას და იქვე ჩაურთო: 2030 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 12 ათას ლარამდე გაიზრდებაო. თურმე დღეს, მისივე განცხადებით, ეს მაჩვენებელი 4 500 ყოფილა. მოკლედ, 2030-ისთვის სამჯერ მეტი მშპ გვექნება. ამისთვის ივანიშვილს კიდევ 12 წელი დასჭირდება. 6 წელიწადი გავიდა და არ ვიცით, სად რამ მოიმატა, მაგრამ, ცხოვრება ერთი-ორად რომ გაჭირდა, ფაქტია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გეგმის განხორციელებამდე სული არ მიგვყვება.

ბიძინამ თქვა, რომ მას არაფორმალურ მმართველობას აბრალებენ; რომ მას საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს და, თუ ვინმეს შენიშვნას აძლევს, ამას ხალხის სახელით აკეთებს. ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რომელი ხალხის სახელით, რადგან პარლამენტში მიღებული არც ერთი კანონი ხალხის მოთხოვნას არ შეესაბამება. ხალხის ნება სხვაა, ბიძინასი და მთავრობისა _ სხვა. შორს რომ არ წავიდეთ, სულ ახლახან რატომ არ მისცა ხალხის სახელით შენიშვნა პარლამენტს, როცა მან სახალხო დამცველის, სინამდვილეში სოროსის ემისრის, ლომჯარიას მავნებლური რეკომენდაციები კანონპროექტში შეიტანა? რატომ არ მისცა შენიშვნა ხალხის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ამ ორი დღის წინათ ამ უკანასკნელმა ნარკოტიკის ლეგალიზაციას აუნთო მწვანე შუქი? ან როცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ათასი ჯურის სექტანტებს გაუთანაბრა მათივე მოთხოვნით? სად იყო ხალხის სახელით მოსაუბრე ივანიშვილი ამ დროს? მართალია, მას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს მხარდაჭერა ბოროტად გამოიყენა. რასაც გარე ძალები გავალებენ, შენ კი მთავრობას აკეთებინებ, ხალხის ნებას არ უნდა მიაწერო. პარლამენტში არ განხილულა საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი.

ისაუბრა ხეების გადარგვაზეც, რაც ყბადაღებული თემაა. თქვა, რომ ხეების გადარგვაში არ აქვს ჩადებული ბიზნესინტერესები და იქვე დასძინა, 14 მილიონი ჩავდე ამ საქმეშიო, აქედან 5 მილიონი გზების რეაბილიტაციას მოვახმარეო, ტექნიკაც შემოვიყვანე, რომელიც საქართველოს დარჩებაო. დენდროლოგიურ პარკსაც სახლში არ წავიღებ და ხალხს დარჩებაო. კი, ეს ასეა, სახლში არაფერს წაიღებს, მაგრამ, თუ თვითონვე აღიარებს, რომ უაღრესად გაჭირვებული ქვეყანა ვართ, ტოტალური უმუშევრობაა, რატომ არ იფიქრა, რომ ხალხს ერჩივნა, ნაცვლად ბაღისა, რომელზეც მილიონებს ხარჯავს, რამდენიმე რაიონში მინიქარხნები აეშენებინა?! ხალხი დასაქმდებოდა, სტიმული მიეცემოდა მოსავლის მოყვანის და ა.შ. თუ ქვეყნისთვის სიკეთე გსურს და საშუალებაც გაქვს, ეს უნდა გააკეთო, რადგან მშიერ ადამიანს დენდროლოგიური პარკისთვის არ სცხელა.

ივანიშვილმა ისაუბრა პრეზიდენტის არჩევნებზეც. ხელისუფლებაში მყოფი ძალა, როგორც წესი, ისეთ პოსტს, როგორიც არის პრეზიდენტის, არ თმობს, მაგრამ ესენი ჰარი-ჰარალეზე საუბრობენ. მიზეზი ამისა არის ის, რომ ქვეყანაში მომდევნო წლებშიც არაფერი გაკეთდება სასიკეთო, შესაძლოა, სიტუაცია გაუარესდეს კიდეც. არადა, მთავრობა მათია, საკანონმდებლო ორგანოც და, თუკი მომავალი პრეზიდენტიც მათი იქნება, ხელს ვერავისკენ გაიშვერენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ გუნდი პრეზიდენტს არ დაასახელებს, იყო ერთგვარი მანევრი, აიცილოს ხალხის რისხვა დაქართულ ოცნებასსაშუალება მიეცეს, თითი სხვისკენ გაიშვიროს.

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა მიმართული იყო მოსახლეობის დამშვიდებისკენ, იმედის ჩასახვისა და დროის მოგებისკენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here