Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: უსაფრთხოების სამსახური კობახიძისგან უნდა იღებდეს ინფორმაციას მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე?!

სოსო ცინცაძე: უსაფრთხოების სამსახური კობახიძისგან უნდა იღებდეს ინფორმაციას მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე?!

388
სოსო ცინცაძე

თურმე ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315- მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობსშეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებადდა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე: “საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი შეიქნა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ, მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში კვლავ გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მტკიცებულებების შეკრება და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილება.

ცნობისთვის: ზემოაღნიშნული განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, 5 ნოემბერს, სუს-ში გამოკითხვაზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა. როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ კობახიძემ მედიასთან განმარტა, გამოძიებას საქმის მთელ რიგ გარემოებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისივე განცხადებით, იყო კონკრეტული ადამიანების სიაც, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ.

რა ინფორმაციას ფლობს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მცდელობაზე, რა მიზანს ემსახურება ამ საქმის გარშემო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული ურთიერთბრალდებების ახალი სერია და რა პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს მომავალში ეს ყველაფერი, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ თავის შეკოწიწებულ .. გაერთიანებულ ოპოზიციასთან პოლიტიკური გაწევგამოწევის ახალი სერია დაიწყო. ივანიშვილის ხელისუფლებისგან უკვე მერამდენედ გვესმის საზოგადოების დამზაფრავი განცხადებები, რომ თურმე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რას იღებს არსებული პოლიტიკური სპექტრი ამ პროცესით?

_ დავიწყოთ იმით, რომ არჩევნების შემდგომ მოვლენები განვითარდა ყველაზე არასასურველ ჭრილში, რაც, ალბათ, გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო და ამან, შესაძლოა, უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყნის პოლიტიკურ მოცემულობას. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია, რომელიც მოგვწონს თუ არა, ჩვენი რეალობის ნაწილია, არ ცნობს არჩევნების შედეგებს, პროცესი გადააქვს ქუჩაში და ამის ფონზე უშიშროების სამსახური იწყებს გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. ეს, ცხადია, არ არის ჩვეულებრივი პროცესი და მას მომავალში კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუმცა ფაქტია, ხელისუფლებამ, მასთან მუდმივ ჭიდილიში მყოფ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან გააუფასურა პოლიტიკური პროცესები; და გააუფასურა ერთი და იმავე სცენარის გამეორებით, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის უკვე არაერთხელ “ნანახი კინოა”. სხვათა შორის, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ მსგავს სცენარს, რაღაც შეთქმულების თეორიებით პროცესების გადაფარვას ვგულისხმობ, უკვე მესამედ ხედავს ჩვენი საზოგადოება. პირველი იყო ე.წ. საბურავების საქმე ჭიკაიძის მინისტრობისას, რომელიც, მგონი, დღესაც არაა ოფიციალურად დახურული; მეორე იყო ე.წ. გავრილოვის პროვოკაცია, რომელსაც ასევე მოჰყვა გამოძიება და დაჭერები, მაგრამ, როგორც დაიჭირეს, ისე გამოუშვეს თუ გამოაშვებინეს ბრალდებულები; და მესამეა ეს… კიდევ ვიმეორებ: ყველა შემთხვევაში, იქნებოდა ეს “საბურავების საქმე” თუ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, გამოძიებები ჩაიფარცხა. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: თუ აშკარა იყო დანაშაული და დანაშაულის კონკრეტული მტკიცებულებები, როგორც, მაგალითად, ჭიკაიძე აცხადებდა თავის დროზე, რატომ არ მივიდა ბოლომდე გამოძიება?! რატომ არის დღეს ეს საქმეები თაროზე შემოდებული და მივიწყებული?!

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ყველაფერი ძალიან მარტივია: არავითარი სამართლებრივი პროცესი ეს არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც რა მიზანი ჰქონდა რეალურად, რთული სათქმელია, მაგრამ მსგავსი იაფფასიანი წარმოდგენების შედეგად ზიანი მიადგა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუციებს, როგორებიცაა, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემა, უსაფრთხოების სამსახური და .. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მთლიანად დისკრედიტებულია პოლიტიკური სპექტრი, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი დღეს, პრაქტიკულად, ნულია. აი, ეს არ ესმით, როგორც ჩანს, ან არ უნდათ, რომ ესმოდეთ უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში, თუმცა იმას, რაც უკვე არსებობს, როგორც დღის წესრიგი და მოცემულობა, ცხადია, ვერ შევცვლით. ეს, მოგვწონს თუ არა, ფაქტია, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება უფრო ფართო მასშტაბს, ანუ ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელ ხასიათს არ მიიღებს.

_ საბურავების საქმე ახსენეთ და თქვით, რომ იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობდა. რამდენიმე დღის წინათ სუსში დაკითხვიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ გამოძიებას კონკრეტული ფაქტები მიაწოდა

_ ტრაბახის გარეშე ვიტყვი: ასობით წიგნი წამიკითხავს სახელმწიფო გადატრიალებებზე, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა და ვიცი, როგორ მზადდება რეალური გადატრიალებები ან რა პოტენციალი სჭირდება მას. დღეს ქართულ ოპოზიციას არანაირი პოტენციალი არ აქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე აბსურდია ის, რომ თურმე სრულიად ურესურსო, პოლიტიკურად უპოტენციალო ფიგურები გადატრიალებას გეგმავდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ფაქტს, რომ თურმე კობახიძემ უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ჯერ ერთი, რა მისი ფუნქციაა, რომ გამოძიებას მიაწოდოს რაღაც სია; და მეორე _ უსაფრთხოების სამსახური კობახიძისგან უნდა იღებდეს ინფორმაციას ქვეყანაში მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე?! თვითონ რას აკეთებენ, რაში იღებენ ხელფასებს?! რა გამოდის: კობახიძე უფრო უკეთაა ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, ვიდრე უშიშროების სამსახური?! სასაცილოა, უბრალოდ. თუმცა, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ამ პროცესის სერიოზულ გაგრძელებას მომავალში არ უნდა ველოდოთ. ეს არის თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელსაც ცოტა ხანს, ალბათ, გამართავენ და მერე ისევე მიჩუმათდება, როგორცსაბურავებისსაქმე, “გავრილოვის ღამისშემდგომი პროცესები და .. აი, ეს არის ის მავნე პოლიტიკური პრაქტიკა, რომელსაც, უკვე წლებია, სერიებად ვუყურებთ; აქ სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერს ეწირება სახელმწიფო, ეწირება მართვის სისტემა და ინსტიტუციები, რაც, ესენი რომ წავლენ და, ადრე თუ გვიან, ალბათ, წავლენ, იმიტომ, რომ მუდმივი არაფერია, ძალიან დიდი პოლიტიკურ იარად დარჩება საქართველოს.

_ ეს ყველაფერი საზოგადოებაზე როგორ მოქმედებს _ კიდევ უფრო მაღლა იწევს პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა თუ, უბრალოდ, ნიჰილიზმი მოიმატებს?

_ უკვე დამთავრებულია ეტაპი, როცა გარკვეულ პოლიტიკურ სპექტაკლებსა და ფარსებზე საზოგადოება ძალიან მწვავედ რეაგირებდა. საზოგადოება ახლა ინერტულია, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ეს ინერტულობა განპირობებულია კმაყოფილებით ან მხოლოდ შიშით, არა, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ გარკვეული იმუნიტეტი გამოიმუშავა ცრუ პროცესებზე. საერთოდ, ძალა, რომელიც საზოგადოებას კი არ აერთიანებს, არამედ თიშავს და აპირისპირებს, ბოლოს და ბოლოს, მარგინალდება, ამიტომ ის ვერასოდეს მიიღებს ფართო მასების მხარდაჭერას. რაც შეეხება გამოსავალს, იყო და, ალბათ, ნაწილობრივ დღესაც არის მოსახლეობაში მოლოდინი, რომ ახალი ძალა გაჩნდებოდა. ჩემი სუბიექტური მოსაზრება ასეთია: ახალი ძალა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ჩვენთან არ გაჩნდება. ამის რეალური წინაპირობები არ არსებობს. ჩვენ ახლა, ალბათ, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ იმაზე, რომ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ხელისუფლებაოპოზიციას ვგულისხმობ, ერთმანეთთან რაღაც თეატრალიზებული დაპირისპირებებით, ურთიერთბრალდებებითა და დისკრედიტებით მთლიანად არ მოშალოს სახელმწიფო სისტემა. გასაგებია, რომ არ არის არჩევანი და არც შეიძლება იყოს, ვინაიდან საზოგადოებაში სულ სხვა მოთხოვნები არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით…

_ საზოგადოებაში, დიდი ხანია, არსებობს პოლიტიკურ ასპარეზზე მძლავრი კონსერვატიული ბირთვის ჩამოყალიბების მოთხოვნაც. არ მეთანხმებით?

_ კი, ბატონო, მაგრამ მოთხოვნა ერთია და მიწოდება _ მეორე, ამიტომ რეალობას უნდა შევხედოთ. როგორც გითხარით, რაც გვაქვს, არსებული პოლიტიკური სპექტრის სახით, ეს არის, მორჩა. გამომდინარე აქედან, მე ნამდვილად არ ველოდები აქ რაღაც ჯადოსნური ჯოხის აქნევას და ახალი სუპერძალის ჩამოყალიბებას, რომელიც არსებულ მანკიერ სისტემას ჩაანაცვლებს. კიდევ ვიმეორებ: მოთხოვნა არსებობს და, ალბათ, ბუნებრივია, რომ არსებობს, მაგრამ შესაძლებლობები ნაკლებია. ეს სრულიად ნათელია, ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა ის კი არ უნდა იყოს, რაც ჯერჯერობით მხოლოდ სურვილია, არამედ ის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები ზიანითა და დანაკარგებით გამოვიდეს კრიზისიდან. ჩემი აზრით, ეს არის კონიუქტურული სუპერამოცანა, რომლის გადაწყვეტაც ამ გაშმაგებული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ პრობლემის გადაჭრისა და მოგვარების გზებს ვერ ვხედავ ვერც ერთი მხრიდან _ ვერც ოპოზიციის, რომელიც ნამდვილად არ არის თანამიმდევრული, და ვერც ხელისუფლების, რომლის წარმატებასა და ეფექტიანობაზე ზედმეტია საუბარი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here