Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ეს არის პოლიტიკური ბაგა-ბაღი, რომელსაც მსოფლიოში შექმნილ რეალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურასთან...

სოსო ცინცაძე: ეს არის პოლიტიკური ბაგა-ბაღი, რომელსაც მსოფლიოში შექმნილ რეალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურასთან საერთო არაფერი აქვს

983
სოსო ცინცაძე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში _ ჟოზეპ ბორელმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობები, დამოუკიდებელი სამხედრო ძალა ჰყავდეს. მისი თქმით, გაერთიანება საკუთარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას. მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს მომავალში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებული ექნეთ, საჭიროა, მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაცვის მიმართულებით, რომლებიც სერიოზულ კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს. ჟოზეპ ბორელმა იქვე დასძინა, რომ ამისთვის ჯერჯერობით საკმარის მზადყოფნას ვერ ხედავს.

ცნობისთვის: 20 ნოემბერს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ნატოსთვის ევროკავშირის ჯარებისა და შეიარაღების მხოლოდ 60%-ია ხელმისაწვდომი, რომელიც ნორმაზე გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები ერიდებიან თავიანთი შეიარაღებული ძალების განლაგებას ალიანსის მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის სისუსტეზე და ამის ფონზე მოსალოდნელ საფრთხეებზე დაახლოებით თვე-ნახევრის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც ისაუბრა. მაკრონის განცხადებით, ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი არსებობა და განვითარების პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

არის კი დღეს ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის .. უსაფრთხოების ქოლგა და რა მომავალს გვპირდება აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობაც უკვე საჯაროდ საუბრობს, რომ საკუთარ უსაფრთხოებასაც კი ვერ უზრუნველყოფს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში _ ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი სამხედრო ძალა ჰყავდეს. რა პოლიტიკურ გზავნილებს შეიძლება შეიცავდეს ეს განცხადება საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის, რომლებიც თავისი განვითარების პერსპექტივას როგორც თავდაცვის, ისე ეკონომიკის მიმართულებით, სწორედ ევროკავშირში ხედავენ? არის კი ამ მდგომარეობაში მყოფი ევროკავშირი უსაფრთხოების გარანტი საქართველოსთვის?

_ ვფიქრობ, ეს განცხადება არის კიდევ ერთი ცივი შხაპი იმ ძალებისთვის, რომელთა პოლიტიკური დემაგოგიაც უკვე გასცდა ყოველგვარ საზღვრებს და ცდილობს, საზოგადოება ილუზიაში აცხოვროს. მხედველობაში მაქვს ის პროპაგანდა, რომ, თურმე, ევროპა და ევროკავშირი ნატოსთან ერთად არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება იმ გზავნილებსა თუ ქვეტექსტებს, რომლებსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება შეიცავდა, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მსგავსი განცხადებებით მათ სურთ, რეალობისკენ შემოაბრუნონ ჩვენებური ცხელი თავები, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს, რომ მორჩა, რაკი პუტინმა ჯარი შეიყვანა სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უფრო გაიძლიერა პოზიციები, ამის საპასუხოდ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს ჩვენთან სამხედრო ბაზის განლაგება. ზღაპარია ეს ყველაფერი და ასე არ მოხდება არც გრძელვადიან, მით უფრო არც მოკლევადიან პერსპექტივაში, ვინაიდან არაფერი მსგავსი დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში იდეის დონეზეც არ არის. უბრალოდ, აქ მოსალოდნელია, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უფრო მეტი აქტიურობა იქნება რუსეთის გავლენების შესამცირებლად, ეს გარკვეულ პოლიტიკურ მნიშვნელობას შესძენს საქართველოს, მაგრამ ის რიტორიკა თუ მოლოდინი, რომ აქ ამერიკის ბაზები იქნება, კიდევ ვიმეორებ, არის წმინდა წყლის დემაგოგია. საერთოდ, ჩვენ ერთი რამ უნდა გვახოვდეს და ეს, როგორც ჩანს, მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში ვიღაცებს ავიწყდებათ: რა ძალებიც არ უნდა მოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში, რა აგრესიული ანტირუსული კურსის გამტარებელმა ხალხმაც არ უნდა ჩაიბაროს ადმინისტრაცია, არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლებსაც ისინი, უბრალოდ, ვერ გადაკვეთენ. ვერ გადაკვეთენ ვერც რუსეთის, ვერც ჩინეთის და ვერც სხვა რომელიმე დიდი გეოპოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ… ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბაიდენს ხელ-ფეხი ბოლომდე გახსნილი ვერ ექნება, რადგან სენატში, მოგეხსენებათ, უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ. გამომდინარე აქედან, ტრამპი გინდ დამარცხდეს, პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლას არ აპირებს. ის ისევ რჩება ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად, რომელიც ნამდვილად შეუქმნის ბაიდენს დიდ დისკომფორტს.

_ მოდი, ასე შევხედოთ ამ საკითხს: თუ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები წითელი ხაზების გადასაკვეთად მზად არ არიან და, ალბათ, ასეა, თუკი მათ დღის წესრიგში არც კი განიხილება საქართველოსთვის უფრო აქტიური, ქმედითი მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, მაშინ რას ემსახურება რეალურად ის სახელისუფლო პროპაგანდა, რომ აქ, შესაძლოა, ამერიკის სამხედრო ბაზა განლაგდეს?

_ ვერ გეტყვით, რა აჯაფსანდალი იხარშება კობახიძის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის თავში, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღეს ევროკავშირს აქვს რამდენიმე ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემა, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის არსებობას. გაიხსენეთ მაკრონის განცხადება, რომ ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნას და თვითონ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, რომლის გარეშეც ის დაიღუპება. გაიხსენეთ მისი კრიტიკული განცხადება ნატოს მიმართ, რომელზეც ერთი ამბავი ატეხეს ევროპელმა ლიდერებმა, მაგრამ მაკრონმა უკან არ დაიხია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა, რომელსაც თავის ტკივილად ექცა უკონტროლო მიგრაცია, ტერორიზმი და აგერ უკვე კოვიდ 19-ის პანდემიაც დაემატა, მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ .. მულტიკულტურიზმმა სრული კრახი განიცადა იმ თვალსაზრისით, რომ მილიონობით მიგრანტის სოციალური ასილიმაცია ვერ მოხერხდა და პერსპექტივაში, ფაქტობრივად, მუსლიმანური ევროპაა რაც შეეხება ნატოს, 2017 წლის შემდეგ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩერნოგორია მიიღეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ არაერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაფართოება არ იგეგმება. სხვა საკითხია, რომ ნატოს ყოფილი გენერლები, რომლებსაც უკვე აღარ ეკისრებათ იმდენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უფრო პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ, როგორც საქართველო, ისე უკრაინა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ… კი, ბატონო, ეს ყველაფერი ვიღაცისთვის შეიძლება, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. აი, ეს არის ობიექტური მოცემულობა, რომელსაც ვერ გავექცევით, ამიტომ, ვთქვი და კიდევ გავმეორებ, საუბარი იმაზე, რომ თურმე აქ მომავალში ამერიკის ბაზები განთავსდება და მერე რაღა გვიჭირს _ მხოლოდ და მხოლოდ დაბალი პოლიტიკური დონის მაჩვენებელია. ეს არის პოლიტიკური ბაგა-ბაღი, რომელსაც დღეს მსოფლიოში და გნებავთ, რეგიონში შექმნილ რეალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურასთან საერთო არაფერი აქვს…

_ რას მოგვიტანს, საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკა, მით უფრო, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ რეგიონში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა?

_ უარეს შემთხვევაში ეს პოლიტიკა მოიტანს იმას, რომ საქართველო, ადრე თუ გვიან, ისევ შეიძლება გახდეს დიდი სახელმწიფოებისა და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცხელი წერტილი, რაც არაერთხელ გამოგვიცდია ისტორიულად, ხოლო უკეთეს შემთხვევაში მოიტანს იმას, რომ არაფერი არ შეიცვლება. ე.ი., დავრჩებით ისევ იმ სტაბილური კრიზისის რეჟიმში, რომლის დადებით კონტექსტში წარმოჩენასაც ცდილობს ხელისუფლება. თუმცა ესეც ერთგვარი რეგრესია, რომელიც სახელმწიფოს კარგს არაფერს უქადის. რაც შეეხება რეგიონში მიმდინარე პროცესებს და იმ მოსაზრებებს, რომ, თუ ვთქვათ, აქ ამერიკის ბაზების განთავსების საკითხი აქტიურად დადგება, კრემლმა, შესაძლოა, გარკვეული მოქმედებები განახორციელოს საქართველოს მიმართ, არ მგონია, ეს რეალური იყოს, თუნდაც იმის გამო, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის ყოველთვის არსებობს არაოფიციალური შეთანხმებები, რომლებიც ე.წ. წითელ ხაზებს გულისხმობს. მოსკოვში კარგად ხედავენ და ხვდებიან, რომ დასავლეთი ამ წითელი ხაზების გადამკვეთი, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ვითარებაში, არ არისის, რომ საქართველოს ნატოში მიღების საკითხი ალიანსის დღის წესრიგში არ დგას, აშკარაა. რაც შეეხება მოლოდინებს, საერთოდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, დიდი ხანია, ილუზორულ სამყაროშია. მიზეზებს თუ მკითხავთ, ჩემი აზრით, უმთავრესი მიზეზი არის პოლიტიკის მეცნიერულ დონეზე უცოდინარობა. დღეს საქართველოში არც ერთ პარტიას, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ქვეყნის მართვაზე, არ აქვს მძლავრი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საფუძვლიანად გააანალიზებს მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, პოლიტიკა დაემსგავსა სოფლის ორღობეში ჭორაობას.

ნახეთ, რა ხდება _ ტარდება არჩევნები, იგებს ხელისუფლება, არ აღიარებს ოპოზიცია და მერე იწყება ქუჩის აქციები, რომლებიც ბოლოს მთავრდება მოლაპარაკებით. აი, ეს არის ის ყბადაღებული სქემა, რომლითაც, დიდი ხანია, არჩევნებიდან არჩევნებამდე ყალიბდება პოლიტიკური კონფიგურაცია… სხვათა შორის, წლების წინათ, როცა ივანიშვილი ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში, მე დავწერე, რომ მას გუნდში აკლდა კვალიფიციური პოლიტიკოსები. ამის გამო გამლანძღა და უვიცი მიწოდა. ეს არაფერი, მაგრამ უბედურება არის ის, რომ ანალოგიური მიდგომები დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, პირველ რიგში, შესაცვლელია ის, რომ პოლიტიკურად დაბალი დონე არ იყოს ქვეყანაში, თუმცა, სანამ ძალაუფლებას აკონტროლებს ადამიანი, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს იმიტომ, რომ მასზე, პოლიტიკურ მეცნიერებაზე, უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვს, ეს, ალბათ, ვერ მოხდება. პირიქით, ასეთ ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ პროცესების გამარტივება და გაპრიმიტიულება, რათა იოლად მართონ ქვეყანა და იოლად გადაწყვიტონ ყველა საკითხი, თუნდაც ეს გადაწყვეტილებები წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საზიანო და დამღუპველიც კი იყოს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here