Home სხვადასხვა დაიჯესტი სკანდალი საფრანგეთში: ცნობილმა მწვრთნელმა 15 წლის მოციგურავე გოგონა გააუპატიურა

სკანდალი საფრანგეთში: ცნობილმა მწვრთნელმა 15 წლის მოციგურავე გოგონა გააუპატიურა

573
სკანდალი საფრანგეთში: ცნობილმა მწვრთნელმა 15 წლის მოციგურავე გოგონა გააუპატიურა

20 წლის შემდეგ ბოდიში მოუხადა.

მწვრთნელის სახელი და გვარია ჟილ ბეიერი. მან აღიარა დანაშაული. საფრანგეთის ათგზის ჩემპიონ სარა აბიტბოლს ამის თაობაზე ხმა არ ამოუღია. წლების განმავლობაში ფსიქოთერაპიას იტარებდა. ბოლოს გადაწყვიტა და გამოსცა თავისი ავტობიოგრაფია, მკითხველებს მოუთხრო თავს გადამხდარ კოშმარზე.

აღსარებაში, რომლის სათაურია “ასეთი ხანგრძლივი დუმილი”, აბიტბოლი წერს, რომ იგი უსაზღვროდ ენდობოდა მწვრთნელს. ზუსტად იმ მომენტამდე, როცა ერთხელ ღამით იგი მასთან საძინებელ ოთახში შევიდა. “ძალადობა, _ იხსენებს სარა, _ ორ წელიწადს გრძელდებოდა, სანამ იგი სხვა მწვრთნელთან არ გადავიდა”. გაირკვა, რომ ბეიერის უზნეო ქცევის შესახებ იცოდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში იგი მწვრთნელობას ჩამოაცილეს კიდეც, მაგრამ მალევე აღადგინეს სამწვრთნელო ასპარეზზე.

მაგრამ ამჟამად გამჟღავნებული სკანდალის მიჩუმათება ვეღარ შეძლეს.

ბეიერს უჩივლა ელენ გოდარმა. მისი განცხადებით, მწვრთნელმა იგი ორჯერ გააუპატიურა 13 და 14 წლისა. ბეატრის დიუმურმა და ელენ ბრენომ აღიარეს: როცა ისინი 13 წლისანი იყვნენ, 80-იანი წლების დასაწყისში მათზე მწვრთნელმა მიშელ ლოტცმა იძალადა. ჟილ ბეიერმა, მართალია, აღიარა დანაშაული, მაგრამ დასძინა, რომ ვერც წარმოედგინა, “ეს სქესობრივი კავშირი მას (გოგონას) ასეთ მძიმე ტრავმას თუ მიაყენებდა”.

31 იანვარს ბეიერი სასწრაფოდ ჩამოაცილეს პარიზის სპორტკომპლექს “ბერსის” გენერალურ მენეჯერობას, სადაც მისი ხელმძღვანელობით იწვრთნებოდნენ ნორჩი ჰოკეისტები და მოციგურავეები, მაგრამ სკანდალების ტალღამ უამრავი შეკითხვა გააჩინა ნორჩი სპორტსმენების აღზრდის მთელი სისტემის მიმართ. სპორტის მინისტრმა საფრანგეთის შესაბამის სპორტულ ფედერაციას განმარტება მოსთხოვა. იუწყებიან, რომ ამ ფედერაციის ხელმძღვანელმა შესანიშნავად იცოდა, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ რატომღაც დუმილს ამჯობინებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here