Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფო ერთი დეპუტატისთვის წელიწადში დაახლოებით 50 ათასს ხარჯავს, პენსიონერისთვის კი _ 23-ჯერ...

სახელმწიფო ერთი დეპუტატისთვის წელიწადში დაახლოებით 50 ათასს ხარჯავს, პენსიონერისთვის კი _ 23-ჯერ ნაკლებს

4901
ირაკლი კობახიძე

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შევიდა. მართალია, ამ ცვლილების ინიციატორები გვიმტკიცებენ, რომ ეს რიგითი ცვლილებაა და პარლამენტარებისთვის ხელფასების მომატება არ იგეგმება, მაგრამ ყველამ იცის, რომ შემოდგომიდან დეპუტატები მომატებულ ხელფასს აიღებენ. მეტიც, სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მიქელაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრემიერმინისტრს დაბალი ხელფასი აქვს და უნდა მოემატოს, თორემ რა გამოდის, მარეგულირებელი კომისიის წევრი პრემიერზე მეტ ჯამაგირს იღებსო. მართლაც, მარეგულირებელ კომისიაში ასტრონომიული ხელფასებია და ჯამაგირი თვეში ხუთნიშნა რიცხვებით გამოისახება, მაგრამ ხალხის რჩეულ დეპუტატებს სწორედ ხალხი ავიწყდებათ.

2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას მმართველმა გუნდმა ხმამაღლა და ამაყად გამოაცხადა, რომ 2018 და 2019 წლებში პენსიის მომატება არ იგეგმება, ანუ პენსიონერებს 2017 წელსვე აუხსნეს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, არაფრის იმედი არ უნდა გქონდეთო. რბილად რომ ვთქვათ, პენსიონერები შეაგუეს იმას, რომ ისინი 180 ლარით როგორმე უნდა მივიდნენ 2020 წლამდე. მოგეხსენებათ, 2020 წელს არჩევნებია და გვერწმუნეთ, მაშინ პენსიონერებს აუცილებლად გადმოუგდებენ მცირე ლუკმას, რათა წინასაარჩევნოდ ქულები ჩაიწერონ. ეს მცირე კი, სავარაუდოდ, 30-40 ლარი იქნება, რასაც ჯერ პენსიონერების რაოდენობაზე გაამრავლებენ, მერე წელზე და საბოლოოდ რამდენიმე ასეულ მილიონს დასვამენ. ჰოდა, გამოვლენ და ამაყად იტყვიან, ხედავთ, რამდენი მილიონი გავიმეტეთ თქვენთვისო?!

მოდი, მანამდე ის ვთქვათ, რამდენ მილიონს იმეტებენ თავისთვის ხალხის რჩეულები. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ხელფასის გარდა, ფუფუნების საგნებსაც რომ არ იკლებენ და აგერ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სათავისოდ 180-ათასლარიანი ჯიპიც რომ იყიდა. მართალია, ჯერ ჯიპის ფერი არ უთქვამთ, მაგრამ ის, სავარაუდოდ, შავი არ იქნება, აკი “მცირეხელფასიანმა” პრემიერმა ბრძანა: შავი ჯიპები აღარ იყიდოთო.

როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტარი გიორგი კახიანი გვიმტკიცებს, 2012 წლის შემდეგ, ანუ რაც ხელისუფლებაშიქართული ოცნებამოვიდა, დეპუტატებს ხელფასები არ მომატებიათ. ბატონო გიორგი, თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად (რაც უნდა იყოს, ხალხის რჩეული ხართ), უნდა გითხრათ, რომ უნამუსოდ ცრუობთ.

სახელფასო ფონდი, რომლის გაზრდასაც პარლამენტი ითხოვდა, ბოლო 3 წელიწადში ისედაც სამჯერ გაიზარდა, თანაც _ 7,5 მლნ ლარით. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანამდებობრივი სარგო ყველა ხელმძღვანელ პირს გაეზარდა. ერთი შეხედვით, ხელფასი არ გაზრდიათ კანონმდებლებს, თუმცა ისინი დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის იღებენ ე.წ. სახელფასო დანამატს, რომელიც საკმაოდ მაღალია.

2013 წლის 1 იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: პარლამენტის თავმჯდომარე _ 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 3 505 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე _ 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე _ 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე _ 2 105 ლარი (სერგი კაპანაძეს ახლახან შექმნილი კომისიის თავმჯდომარეობისთვის ზუსტად ამდენი დაემატება), საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე _ 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები _ 1 905 ლარი, პარლამენტის წევრი _ 1 790 ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3 790 ლარს შეადგენს და არა 2000-ს, როგორც ბატონი კახიანი გვიმტკიცებს. საშუალოდ ერთი დეპუტატის რჩენა ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ლარი _ თვეში 4 000 ლარზე მეტი უჯდება.

ბატონო გიორგი, თუ თქვენ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ იმ 2012 წელს ბიუჯეტიდან პარლამენტისთვის გამოყოფილი იყო 30 მლნ ლარი და ეს მემკვიდრეობანაციონალურმა მოძრაობამდაგიტოვათ. ორ წელიწადში კი ეს თანხა 52 მლნ ლარამდე გაიზარდა, ანუ 22 მილიონით მოიმატა და ხომ ვერ მეტყვით: რას ნიშნავს, ხელფასები არ გაზრდილა?!

ახლა ვნახოთ, რა უჯდება პენსიონერის რჩენა სახელმწიფოს? წლიურად ეს თანხა 2160 ლარი გამოდის, პარლამენტარის ხელფასზე 23-ჯერ ნაკლები. გამოდის, პენსიონერებმა პარლამენტარებზე 23-ჯერ ნაკლები უნდა ჭამონ, სვან, იარონ, ისუნთქონ… თუმცა არა, ჰაერი უფასოა (ჯერჯერობით).

ახლა რომ გითხრათ, არ გრცხვენიათ-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რადგან სირცხვილი პოლიტიკური ლექსიკონიდან, დიდი ხანია, ამოღებული გაქვთ. უბრალოდ, იმას აღვნიშნავთ, რომ, პარლამენტარების გარდა, ხელფასების თითქმის 200%-იანი მატება ჰქონდათ საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, საჯარო მოხელეები ჩუმად არიან და პენსიონერები არ ანაღვლებთ, თუმცა არა მხოლოდ პენსიონერები, უმუშევრობამ წალეკა ქვეყანა და ის, რის გამოც კახა ბენდუქიძეს დასცინოდნენ, ახლაოცნებისთვისთავის მართლების მთავარი ფანდია. თუ გახსოვთ, ბენდუქიძემ თავის დროზე თქვა: ადამიანი რომ ტაქსაობს, ის დასაქმებულიაო. ამას იმეორებს დღევანდელი ხელისუფლება და ადამიანებს, რომლებიც მთელი დღე, თოვლსა და წვიმაში, სიცხესა და ქარში, ქუჩაში რაღაცას ყიდიან, რათა პურის ფული იშოვნონ და საღამოს სახლში პური მაინც მიიტანონ, დასაქმებულებს ეძახის. და ამ დროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძის წლიური ანაზღაურება (ოფიციალურად დეკლარირებული) 341 700 ლარია. სხვათა შორის, ბატონ სულხანს ცოლი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჰყავს დასაქმებული მთავარ სპეციალისტად და ქალბატონი ქეთი რეხვიაშვილის წლიური შემოსავალი (ესეც დეკლარირებული) 92 848 ლარია, ანუ ცოლ-ქმარს წლიურ შემოსავლს ნახევარ მილიონამდე ცოტა უკლია. და იცით, ეს ადამიანები რატომ ვახსენეთ? ოფიციალურად მათ ბანკის კრედიტი აქვთ, ანუ წლიურად ნახევარი მილიონი არ ჰყოფნით და რატომ გგონიათ, ვინ დაგაჯერათ, რომ პენსიონერებს წელიწადში 2160 ლარი ეყოფათ?! და თუ იცით, რომ არ ეყოფათ, სასიკვდილოდ იმეტებთ?!

არა, ზუმბურიძეს ხელფასს თუ შევხედავთ, კი უნდა ვთქვათ, რომ პრემიერს დაბალი ჯამაგირი აქვს და მეტს იმსახურებსო, მაგრამ პენსიონერებს თუ შევხედავთ…

შესაძლოა, ხელისუფლებაში არ უფიქრიათ იმაზე, რომ საქართველოში ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად დაახლოებით 25-დან 30 ათას ლარამდეა საჭირო. მხოლოდ ხელფასების მატებაში 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლებამ ბიუჯეტში დაახლოებით 300 მილიონზე მეტი გამონახა, ანუ ცოტა რომ მოეთმინათ და ამ თანხით ახალი სამუშაო ადგილები შეექმნათ, გამოვიდოდა, რომ ახლა ათი ათასი ახალი სამუშაო ადგილი გვექნებოდა. ათი ათასი სამუშაო ადგილი კიდევ ათი ათასი კმაყოფილი ოჯახია _ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, რომელსაც პურის ფულის პრობლემა არ აქვს. დიახ, ბატონები, 40 ათასი ადამიანი და არა რამდენიმე ასეული, რომელზეც ეს 300 მილიონი გადანაწილდა. და, საზოგადოდ, არ გნებავთ, რომ ყოველ წელს გამონახოთ 300 მილიონი, მოიკლოთ 180-ათასიანი მანქანები, მოიკლოთ ევროპასა და ამერიკაში სირბილი (მაინც უშედეგოდ დარბიხართ) და ამ თანხებით სამუშაო ადგილების შექმნაზე იფიქროთ?! იქნებ მერე მაინც მიხვდეთ და დაიჯეროთ, რომ “ტაქსისტების” არცთუ მცირე რაოდენობას მართლა აქვს ორი დიპლომი, რომ გამოცდილი ეკონომისტები და ინჟინრები ბაზარში პომიდორს ყიდიან, რომ პროფესიონალი კადრების დეფიციტი რეალურად არ გვაქვს საქართველოში და მერე ნახეთ, წინასაარჩევნოდ რომ აღარ დაგჭირდებათ კარდაკარ სირბილი, აქაოდა, ხმა მოგვეცითო. ხალხი სიხარულით მოვა არჩევნებზე და მხარს დაგიჭერთ, მაგრამ თქვენ ეს ხელს არ გაძლევთ. მერე ხომ ვეღარ ივლით საშოპინგოდ ევროპაში, მერე ხომ ვეღარ გამოიყენებთ კუთვნილ შვებულებას ეგზოტიკური კუნძულების დასათვალიერებლად და, რაც მთავარია, შვილებს ხომ ვეღარ დაუტოვებთ სახლებს, აგარაკებს, მანქანებს, ანაბრებს; ვეღარ მისცემთ მრავალათასიან განათლებას თქვენ ხომ ჩვენი შვილები არ გაღელვებთ და არ გაღელვებთ იმიტომ, რომ საკუთარზე ფიქრობთ. თქვენთვის ჩვენი შვილებიც ზუსტად ისეთი დეკორაციაა თქვენი კეთილდღეობისა, როგორც ჩვენ, რიგით მოკვდავებს, გვიყურებთ. თქვენ კი უკვდავებაზე რომ ზრუნავთ, ყველაფერში გეტყობათ, ყველა ქმედებასა თუ უმოქმედობაში, და არ გგონიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს…

ბევრს არ ეგონა… ძალიან ბევრს!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here