Home რუბრიკები ისტორია საქართველო და მისი მეზობლები

საქართველო და მისი მეზობლები

3820
საქართველო დავით აღმაშენებლის მმართველობის დასასრულს, 1125 წელი

დავითის აქტიურმა საგარეო პოლიტიკამ ბიზანტიასთან ურთიერთობის პრობლემებიც მოიცვა. XI საუკუნის განმავლობაში საქართველო ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ 1071 წლის აგვისტოში მანასკერტის ბრძოლაში მძიმე მარცხის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის როლი და გავლენა თანდათან კლებულობს. განუხორციელებელი დარჩა ამიერკავკასიაში შესვლისა და საქართველოზე თავისი უზენაესობის განმტკიცების გეგმაც. ხოლო ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა წარმატებებმა დავითის პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი.

ურთიერთობა ბიზანტიასთან

1071 წლის 19 აგვისტოს მანასკერტის ბრძოლაში მძიმე მარცხის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის როლი და გავლენა თანდათან კლებულობს. ეს იყო ბრძოლა თურქ-სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის. თურქებმა, ალფ-არსლანის ხელმძღვანელობით, დაამარცხეს ბიზანტიელები და ტყვედ ჩაიგდეს იმპერატორი რომანოზ IV. თურქების გამარჯვებამ დააჩქარა სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება მცირე აზიაში. ტყვედ ჩავარდნილმა იმპერატორმა რომანოზ IV-მ საკუთარი სიცოცხლე ბიზანტიის მიწების საფასურად იყიდა.

ასე რომ, ბიზანტიას განუხორციელებელი დარჩა ამიერკავკასიაში შესვლისა და საქართველოზე თავისი უზენაესობის განმტკიცების გეგმაც.

ნიშანდობლივია, რომ XI საუკუნის საქართველოს ყველა მეფე ატარებდა კურაპალატის, ნოველისიმოსის, სევასტოსის, მაგისტროსის თუ კესაროსის ტიტულებს. დავითი ერთიანი საქართველოს მეფეთაგან პირველი იყო, რომელმაც უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები. როგორც ერთ-ერთი საბუთიდან ჩანს, დავითი ჯერ კიდევ გამეფებამდე ატარებდა სევასტოსის ტიტულს. იგი ერთ საბუთში “პანიპერსევასტოსადათაც” იწოდება. ფაქტია, რომ დავითმა, გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატებების მიღწევის შემდეგ, უარყო ბიზანტიური ტიტულები. სწორედ ამიტომ XI საუკუნის 90-იანი წლებიდან მოკიდებული იგი არც ერთ წყაროში ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით აღარ მოიხსენიება. ეს სრულიად გარკვევით მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ საქართველო ამიერიდან თავს ბიზანტიის თანასწორ ქვეყნად თვლიდა.

დავითი, რომელიც სელჩუკთა ამიერკავკასიიდან განდევნისთვის იბრძოდა, კარგად გრძნობდა, რომ ბიზანტიასთან ურთიერთობა თანაბარ ვითარებაში აუცილებელი იყო. სწორედ ბიზანტიასთან ურთიერთობის განმტკიცების ინტერესებმა გადაადგმევინა საქართველოს მეფეს ნაბიჯი დინასტიური ქორწინებისაკენ, როცა თავისი ქალიშვილი კატა 1116 წელსგაგზავნა საბერძნეთს სძალად ბერძენთა მეფისად”. დავითის ასული კატა დაქორწინდა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენოსის უმცროს ვაჟზე _ ისაკზე. ასეთი დამოყვრების შემდეგ დავითის ისტორიკოსს ჰქონდა სრული უფლება, განეცხადებინა, რომ საქართველოს მეფისთვისმეფე ბერძენთაიყოოვითარცა სახლეული თვისი”. ბიზანტიასთან ურთიერთობის კეთილმეზობლური პოლიტიკა არ შეცვლილა დავითის მეფობის ბოლო წლებამდე (დავითი არ ჩარეულა მისი სიძის _ ისაკისა და ალექსი კომნინოსის უფროსი ვაჟის _ იოანეს შორის ატეხილ უთანხმოებაში, რითაც საქართველოს სამეფომ უზრუნველყო სამხრეთდასავლეთი საზღვრების უსაფრთხოება).

ურთიერთობა ჯვაროსნებთან

ნიშანდობლივია დავითის ისტორიკოსის სიტყვები:

“ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია და შეწევნითა ღვთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს.”

“ფრანგნი”-თ დავითის ისტორიკოსი ევროპელ ჯვაროსნებს აღნიშნავს. იგი ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიც სელჩუკებისთვის ხარკის შეწყვეტა და ქვეყნის გაძლიერება იყო, იერუსალიმისა და ანტიოქიის აღებას უკავშირებს.

ჯვაროსანთა გამოჩენამ, მათმა წარმატებებმა ახლო აღმოსავლეთში დავითის პოლიტიკის გატარებას შეუწყო ხელი. თავის მხრივ, საქართველოს მეფის წარმატებული ბრძოლა სელჩუკებთან ჯვაროსნების წისქვილზე ასხამდა წყალს. ამიტომ იყო, რომ ჯვაროსნების მიერ ახალდაარსებული სამთავროები სელჩუკთა განდევნისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს თავიანთ მეგობრად თვლიდნენ.

წყაროებიდან აშკარაა, რომ დავითი მეტად პოპულარული იყო ჯვაროსანთა შორის. იოანე ბატონიშვილის “კალმასობაში” დაცულია ცნობა, რომ იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ს გარკვეული კავშირი ჰქონდა დავით აღმაშენებელთან. ისინი საიდუმლოდაც ხვდებოდნენ ერთმანეთს.

დავით აღმაშენებელი და მისი დროის საქართველო კასპიის კარის დამცველად და თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჯვაროსანთა “წინაბურჯად” მოიხსენიებოდა. საქართველო ჯვაროსანთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.

საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობას მეტად საინტერესოდ გამოხატავს ამ უკანასკნელთა დამოკიდებულება იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისადმი. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ დაარსდა დასავლეთევროპული ტიპის მსხვილი სამხედროფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც იერუსალიმის სამეფო ეწოდებოდა. ამ დროიდან მოკიდებული, სამეფოს ტერიტორიაზე მდებარე მართლმადიდებლური ტაძრები ლათინებმა დაისაკუთრეს, მაგრამ ქართველთა ჯვრის მონასტერს ხელი არ ახლეს. ჯვაროსანთა ეს მოქმედება განაპირობა იმ სამხედროპოლიტიკურმა ურთიერთობამ, რომელიც ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის იყო. ჯვაროსნები თურმე დიდ სიმდიდრეს სწირავდნენ ქართულ მონასტრებს, რის გამოც ისინი საგანგებოდ მოიხსენიებიან აღაპებში.

დიდგორის ბრძოლისას დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსნების (“ფრანგების”) ყოფნა ასევე მიგვანიშნებს საქართველოს კონტაქტებზე ევროპის ქვეყნებთან.

ასე რომ, დავითის დროის საქართველოს ფართო მასშტაბის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა (ოსები, ყივჩაყები, დაღესტნის ხალხები) და სხვა ხალხებთან, ძველ რუსეთთან, სომხეთთან, შირვანთან, ბიზანტიასა და ჯვაროსნებთან.

დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკა აქტიური იყო და ფეოდალური საქართველოს პროგრესის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის საქმეს ემსახურებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here