Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

877
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალმაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

“ბატონი” ბიძინა აცხადებს: “ალადაშვილმა იმაზე კი არ უნდა ილაპარაკოს დღეს, თუ ვინ დააჭერინა ჩემი თავი 1978 წელს, ის უთხრას ქართველ საზოგადოებას, ვინ შეუკვეთა და რისთვის გამომიტანა 15-წლიანი პატიმრობის განაჩენი და მთელი ქონების კონფისკაცია იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენის გამოტანის წინ თავად იძახდა ჩემს გასაგონად: “ვერაფერს ვხედავ გამამტყუნებელს, არ ვიცი, რაზე მოვაწერო ხელი”…

აქედანაც ჩანს ბიძინა ტიტიკოს ძის პიროვნება, რომ იგი ცრუპენტელაა. ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ იგი იყო ქურდი და მას ჰქონდა ჩადენილი მძიმე დანაშაული, რისთვისაც ვცანი დამნაშავედ. ასეთ სისულელეს მხოლოდ აქედან გამომდინარეც არ ვიტყოდი, მით უფრო, ხალხით გადატენილ დარბაზში. დღესაც მიმაჩნია, რომ მის მიმართ სამართლიანი განაჩენი დავადგინე.

ბ. კერატიშვილი საყვედურს გამოთქვამს ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუზე და აცხადებს: გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს დასაწყისშივე ცნობას ავრცელებს, ვითომც ასამდე საეკლესიო ნივთზე მედებოდა ბრალი. მისი ხელმოწერით გამოტანილი განაჩენით კი 74 ნივთზეა საუბარი, რაც დიდი სხვაობაა”. კერატიშვილი იმუქრება, რომ არასწორი ინფორმაციისთვის პასუხს მომთხოვს.

რაც შეეხება იმას, რომ ასამდე ნივთის მოპარვაში ედებოდა ბრალი, ეს ჟურნალისტის ნათქვამია. ამ უზუსტობაში, თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს ბ. კერატიშვილისთვის, სოლიდარობას ვუცხადებ “ბატონ” ბიძინას და არ ვეთანხმები ჟურნალისტის მიერ მითითებული ნივთების რაოდენობას, ვინაიდან მათი რიცხვი აშკარად შემცირებულია.

ამის დადგენა ძალიან მარტივია. საკმარისია, წავიკითხოთ სისხლის სამართლის საქმე და 1979 წლის 27 მარტის განაჩენი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ბ. კერატიშვილის დროებით საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია საქართველოს საპატრიარქოს, სიონის, ქვაშვეთისა და სვეტიცხოვლის ტაძრებიდან, მცხეთის სასულიერო სემინარიიდან, დედათა და შიო მღვიმის მონასტრიდან გატაცებული ნივთები; 108 დასახელების ნივთი, რომლებიც ესქპერტიზის დასკვნით შეფასებულია, როგორც სამუზეუმო, და მათ ჰქონდა ეროვნულ-ისტორიული მნიშვნელობა, გადაეცა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, 200-ზე მეტი საეკლესიო ნივთი, კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის 264 ცალი ბეჭდიანი წიგნი, რომლებიც არ წარმოადგენდა სამუზეუმო ექსპონატს, დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს; ძველი ხელნაწერები, საქმეზე თანდართული სიის მიხედვით გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს.

ამდენად, ვეთანხმები კერატიშვილს, რომ უნდა ვუჩივლოთ გაზეთის ჟურნალისტს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კერატიშვილი თანახმაა 74 ნივთზე, ხოლო მე, ზემოთ ჩამოთვლილი რაოდენობის გარდა, კორესპონდენტს “შევედავები” კიდევ სამჯერ მეტი ნივთის გატაცებაში, რომელიც აღწერილია განაჩენში. ეტყობა, კერატიშვილს აქაც ამნეზია დაემართა, ოღონდ თავის სასარგებლოდ. სასურველია, გამოქვეყნდეს განაჩენი და მაშინ მაინც დაითვალოს კერატიშვილმა, რამდენი ნივთი იქნა გატაცებული მის მიერ.

. კერატიშვილი ამბობს: “მოვითხოვ ალადაშვილისგან მისგან შერჩეულ რედაქციაში ან სადაც უნდა, გამოითხოვოს ეს ნივთები და აჩვენოს ქართველ საზოგადოებას, თუ რის გამო მომისაჯა 15 წელი”.

დიდი სიამოვნებით შემიძლია მხოლოდ ნაწილობრივ დავაკმაყოფილო “ბატონ” ბიძინას მოთხოვნა. რაც შეეხება იმას, რომ გამოვითხოვო და ვაჩვენო საზოგადოებას მის მიერ გატაცებული ნივთები, ამის გაკეთება არ შემიძლია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ნივთები უკლებლივ გადაეცა საპატრიარქოს და მუზეუმს. მე მაქვს ამ ნივთების ნაწილის ფერადი ფოტოსურათები.

ჩემს ინტერვიუებში აღვნიშნე, რომ . კერატიშვილი ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, ეტყობა, სერიოზულად შევცდი, რადგან ჭკვიანი კაცი დავას არ დამიწყებდა ისეთ რამეზე, რისი დადასტურებაც მე, მის მიერჯოჯოხეთის მსაჯულადწოდებულს, შემიძლია ფაქტებით და არა ცრუპენტელობის დონეზე, ისე, როგორც ამას თავდაცვის მიზნით კერატიშვილი კადრულობს. კიდევ ერთს ვურჩევ, კარგად წაიკითხოს განაჩენი და თავის გასამართლებლად ნუ იყენებს მის მიერ მოგონილ არგუმენტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს. მაგაზეა ნათქვამი: “მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო”.

კერატიშვილმა თავის ინტერვიუში დამისვა შეკითხვა: “ვინ და რა მიზნით გააქრო თუ გაანადგურა ქალაქის სასამართლოს არქივიდან ჩემი ბრალდების 15-ტომიანი საქმე?”

ძნელია პასუხის გაცემა ამ არასერიოზულ შეკითხვაზე. კერატიშვილი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს მკითხველი, როდესაც აცხადებს, რომ დაინტერესებულმა პირებმა გააქრეს მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. კერატიშვილს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს, რომ მისი სისხლის სამართლის საქმე მართლა დაკარგული იყოს. არ გამოვრიცხავ, მან ისევე მოიპარა ეს საქმე, როგორც გაძარცვა საპატრიარქო და ტაძრები. იგი ცდილობს, “სასურველი სინამდვილედ წარმოაჩინოს”. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე არ არის დაკარგული. ვურჩევდი კერატიშვილს, სწორი ადრესატი შეარჩიოს. ამ შეკითხვით კერატიშვილმა უნდა მიმართოს სასამართლოს არქივს, რომელშიც ინახება ეს სისხლის სამართლის საქმე. თუ კარგად წავიკითხავთ განაჩენს, იქ ჩანს, რა ნივთები, წიგნები და მეცნიერული ნამოღვაწარი იქნა ამოღებული ჩხრეკის შედეგად და რა ბედი ეწია ამ ნივთებს. განაჩენით, ამ ამოღებული უნიკალური ნივთების კონფისკაცია უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი დიდი ნაწილი გაიგზავნებოდა მოსკოვში და სამუდამოდ დაიკარგებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, ნივთების დიდი ნაწილი ხელოვნების მუზეუმს გადავეცი, სადაც მათი დაცვა გარანტირებული იყო, ხოლო სხვა ნაწილი საპატრიარქოს. მუზეუმს გადაეცა მათ მიერ მოთხოვნილი ნივთები, რომლებიც წარმოადგენდა ეროვნულ საგანძურს. ეს ჩამონათვალი ასახულია განაჩენში.

კერატიშვილი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: “რა მიზეზითა და მოტივაციით იქნა იგი (ალადაშვილი) გამოძევებული უზენაესი სასამართლოდან, სადაც ჩემი გასამართლების შემდეგ, როგორც შეკვეთილი სასამართლო პროცესების კარგი შემსრულებელი, კი არ დაქვეითდა, დაწინაურდა და უზენაეს სასამართლოში მოკალათდა უზენაესი მსაჯულის მანტიამოსხმული?”

აქაც ცრუობთ, “ბატონობიძინა. მინდა, განგიმარტოთ: თქვენი საქმის განხილვის გამო მე არ დავწინაურებულვარ. განაჩენი დავადგინე 1979 წლის 27 მარტს, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 1991 წლის იანვარში ამირჩიეს, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება აღარ იყო. უზენაესი სასამართლოდან გავედი პენსიაზე 2001 წლის იანვარში. იმედია, ამით თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე.

კერატიშვილი მსაყვედურობს: “აი, რა არის, ბატონო მორიელო ალადაშვილო, ჩვეულებრივ ქურდობაზე უფრო დიდი ქურდობა-ყაჩაღობა, 20 წლის წინათ ციხიდან გათავისუფლებულ, გნებავთ, დანაშაულის ჩამდენ პირს, ღირსებისა და პატივისგან უნამუსოდ რომ მძარცვავ! თქვენ არ შეიძლება არ გცოდნოდათ, რომ სასულიერო პირის დაპატიმრება, მაშინდელი სსრკ მინისტრთა საბჭოს სპეციალური დადგენილებით, ამ სახით, რა სახითაც პატიმრობაში თქვენნაირმა არამზადებმა ამიყვანეს, არ შეიძლებოდა, ვინაიდან კანონი მოითხოვდა, ჯერ გავეფრთხილებინე, თუ რამეს ვაშავებდი, და მხოლოდ ამის შემდეგ, უკეთუ განმეორდებოდა მსგავსი ქმედება რეგისტრაციიდან ჩემი მოხსნის მერე, მივცემულიყავი სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ან, თუკი ეკლესიას ჰქონდა რაიმე პრეტენზია ამ საგნების კუთვნილებაზე, მე ხომ ულაპარაკოდ შემეძლო, ყოველივე ეს მიმერთმია მისთვის ყოველგვარი ციხისა და ტანჯვაწამების გარეშე?! ასე ითხოვდა და ითხოვს საეკლესიო კანონები, მაგრამ შენმა კანონმა, რომელიც, სინდისსა და გონებაზე კი არა, შენს მუცელსა და ჯიბეზე გადიოდა, სხვანაირად გაჭრა”.

“ბატონო” ბიძინა, როდესაც ზოგიერთ ადამიანს მსჯელობისა და დავის დროს არგუმენტები შემოაკლდება, გადადის ლანძღვაზე. ამ შემთხვევაში თქვენ გავხართ იმ ქუჩის ქალს, რომელსაც ჰგონია, რაც მეტს იყვირებს თავის პატიოსნებაზე და გალანძღავს ოპონენტს, მით უფრო დამაჯერებელი იქნება მისი მსჯელობა.

მაშინ, როდესაც თავს თვლით განათლებულ და მწიგნობარ პიროვნებად, გთხოვთ, მიუთითოთ მინისტრთა საბჭოს იმ დადგენილებაზე ან კანონზე, რომლითაც სასულიერო პირის დაპატიმრება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არ შეიძლებოდა, თუ იგი წინასწარ არ იქნებოდა გაფრთხილებული, არ ჩაედინა სამართალდარღვევა და მხოლოდ ამის შემდეგ, უკეთუ განმეორდებოდა მსგავსი ქმედება, რეგისტრაციიდან მისი მოხსნის მერე მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. თქვენი ლოგიკით, გამოდის, რომ თქვენ მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პოლიციას უნდა გაეფრთხილებინეთ, შეგეწყვიტათ ტაძრების ძარცვა და ნაძარცვი შეგრჩებოდათ, თუ ასე არ გააგრძელებდით, იქნებოდით მიცემული პასუხისგებაში. მე ასეთი დადგენილების ან კანონის შესახებ არ მსმენია, ასეთი ბუნებაში არ არსებობდა არც ერთი ფორმაციის დროს და არც ამჟამად არის. თქვენი მოკლე ჭკუითა და დემაგოგიით, ცდილობთ, შეცდომაში შეიყვანოთ მკითხველი და გგონიათ, რომ ქართველი ხალხი ისეთი უწიგნურია, რომ ვერ გაარჩევს თქვენნაირ ქურდს პატიოსანი სასულიერო პირისგან. თუ ვცდები, დამისახელეთ მთავრობის ის დადგენილება ან კანონი, რომელზეც თქვენ აპელირებთ. სხვათა შორის, გამოქვეყნდა საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის შეხედულება და შეფასება თქვენ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულობებზე, რომელიც გააჟღერა 1979 წლის 14 მარტს სასამართლო სხდომაზე საზოგადოებრივმა ბრალმდებელმა, ცხუმაფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.

თავის ინტერვიუში კერატიშვილი ასევე ლაპარაკობს ზვიად გამსახურდიაზე და კგბ-ს აგენტებზე. “მართლია, მე ინაურის აგენტი ვყოფილვარ თურმე, მაგრამ გამსახურდიაზე მიმაგრებული ინფორმატორი ვერ ვიქნებოდი, ვინაიდან ყველანაირი კავშირი გვქონდა გაწყვეტილი მის მერე, რაც საჩივრების წერა დაიწყო ჩემზე და რასაც ძალიან დიდხანს არ ვპასუხობდი”.

ბ. კერატიშვილი აქაც წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან. იგი ვერ იქნებოდა უშუალოდ ზვიადთან მიმაგრებული, ვინაიდან მათ, არათუ ახლო, არამედ საერთოდ არ ჰქონიათ არანაირი ურთიერთობა. იგი უსინდისოდ აცხადებს, რომ მას ზვიად გამსახურდიასთან თავდაპირველად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც სიცრუეა. ზვიად გამსახურდიამ იცოდა, რას წარმოადგენდა . კერატიშვილი და ოფიციალურ საჩივრებშიც ამხელდა მას, როგორც ქურდს, და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პიროვნებას. თუ იგი არ იყო სწორი და ცილს სწამებდა, მაშინვე რატომ არ გამოეხმაურა მის საჩივრებს, არ უარყო ბრალდებები და არ დააყენა პასუხისმგებლობის საკითხი ცილისწამებისთვის? მოხდა პირიქით _ ზვიად გამსახურდიას საჩივრების საფუძველზე მხილებული იქნა . კერატიშვილი ქურდობაში და ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. ახლა, როდესაც ზვიადი ცოცხალი არ არის, მან ისარგებლა ამ მდგომარეობით და ცდილობს თავის მართლებას.

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here