Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს აშშ-ის ბატონობას მსოფლიო ოკეანეზე

რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს აშშ-ის ბატონობას მსოფლიო ოკეანეზე

129

რუსეთის სამხედროსაზღვაო ფლოტის დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. წინა დოკუმენტი 7 წლის განმავლობაში მოქმედებდა და, როგორც ექსპერტები ამბობენ, აქტუალურობა დაკარგა, – წერს vz.ru.

ახალი დოქტრინის რომელ დებულებებს უნდა მივაპყროთ ყურადღება? როგორ აისახება მისი მიღება ფლოტის განვითარებაზე და რას ნიშნავს მსოფლიოსთვის რუსეთის ახალი საზღვაო პოლიტიკა?

პრეზიდენტმა პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა 31 ივლისს დაამტკიცა. საზღვაო დოქტრინასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების წესდებაზე ხელის მოწერის ცერემონია სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში, პეტროპავლოვსკის ციხესიმაგრეში გაიმართა მთავარი სამხედრო-საზღვაო აღლუმის დაწყების წინ.

აღლუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა: ახალ საზღვაო დოქტრინაში რუსეთმა მონიშნა საზღვრები თავისი ეროვნული ინტერესებისა _ ეკონომიკურის, სასიცოცხლოდ აუცილებლის, სტრატეგიულის. უწინარესად, ეს არის ჩვენი არქტიკული აკვატორიები, შავი, ოხოტისა და ბერინგის ზღვის წყლები, ბალტიისა და კურილიის სრუტეები. მათ დაცვას უზრუნველვყოფთ მტკიცედ და ყველა საშუალებით”.

ამ საკითხში საკვანძო ფაქტორად რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაძლებლობები დაასახელა. მას შეუძლია ელვისებურად უპასუხოს ყველას, ვინც გადაწყვეტს, ხელყოს ჩვენი სუვერენიტეტი და თავისუფლება”, _ აღნიშნა პუტინმა.

ახალ საზღვაო დოქტრინაში განსაზღვრულია რუსეთის უსაფრთხოების ძირითადი საფრთხეები; მათ შორის _ აშშ-ის მიზანი, იყოს დომინანტი მსოფლიო ოკეანეში და ჰქონდეს გლობალური გავლენა საერთაშორისო პროცესების განვითარებაზე. გარდა ამისა, საფრთხედ დასახელდა ნატოს გადაადგილება რუსეთის საზღვრებთან და რუსეთთან ახლოს მდებარე ზღვებში საზღვაო სწავლებების გააქტიურება.

საზღვაო რისკებს შორის დასახელებულია რუსეთის დამოკიდებულება საზღვაო გადაზიდვებზე, სამეცნიერო-კვლევითი ფლოტის შემადგენლობის შეუსაბამობა თანამედროვე მოთხოვნებთან და ამოცანების მასშტაბებთან, აგრეთვე, სანქციები, რომლებიც ეხება გემთმშენებელ საწარმოებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საზღვაო დოქტრინის ახალი ვერსია კარგად დამუშავებული დოკუმენტია, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. ამას გარდა, დოკუმენტი ასახავს დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობას.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელ ილია კრამნიკის აზრით, “რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა _ ეს არის პასუხი იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ქმნიან აშშ და ნატო ყველა მიმართულებით, მათ შორის, არქტიკაში, ხმელთაშუა ზღვაზე, ბალტიის ზღვაზე.

დოკუმენტში მითითებულია, რომ რუსეთს შეუძლია, თავისი ბაზები შექმნას ქვეყნებში, სადაც ეს მიზანშეწონილი იქნება _ აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში”.

რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა გამოწვევაა აშშ-ისთვის. ეს არის რუსეთის თავისებური განაცხადი, რომ აშშ მსოფლიო ოკეანეზე ვერ გაბატონდება.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://vz.ru/politics/2022/7/31/1170279.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here