Home ახალი ამბები საქართველო რევაზ კილასონია: “სალომე ზურაბიშვილს არც კი ესმის ქართული, არ ტკივა ქართულად”

რევაზ კილასონია: “სალომე ზურაბიშვილს არც კი ესმის ქართული, არ ტკივა ქართულად”

“სრულიად სამარცხვინო, კაპიტულანტური, ბატონისადმი მაამებლური განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, ყველაფერში საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა”

253

ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბევრი, ასე ვთქვათ, საინტერესო რამ განაცხადა: “გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტია, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს ერთგვარად კიდევაც ვიმუქრებით, _ თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ, ფარდა ჩვენზე რომ ნელნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი…   იზოლაცია უფრო დიდი საფრთხეა ჩვენთვის, ვიდრე .. მეორე ფრონტის საქართველოში გახსნის მითი”, _ ბრძანა ქალბატონმა პრეზიდენტმა დაქუდზე კაციიხმო 16 ივნისს.

სალომე ზურაბიშვილს სწრაფად გასცა პასუხი მთავრობაში ყველაზე ენამოსწრებულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა: “ქუდზე კაცი” რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე მეორე თუ არა, რანთა და კახთა ან ქართლის მეფე მაინც უნდა იყო, ან რაღაც უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ დაუგეგმავი კონტრპროდუქტიულია…  თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა თაობის წარმომადგენელი, ის 70 წლის ქალბატონი გახლავთ, ჩვენზე ბევრად გამოცდილი და ჩვენზე წინ მყოფი ბევრი რაღაცის გამო, თუნდაც ასაკით. მე ასეთი ქართული ტრადიცია მახსოვს, რომ “წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო”. მე მოველოდი სულ სხვა რაღაცას წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერმინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო _ პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა, მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ის ცდილობდა ჩვენს გაერთიანებას, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და ამით პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე”.

რა თამაშს თამაშობს საქართველოს პრეზიდენტი? რა არის მისი საქციელი _ ქვეყნის ღალატი თუ ქვეყანაში ვითარების გამოსწორების მცდელობა? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი რევაზ კილასონია გვესაუბრება.

_ არ მომერიდება იმის თქმა, რომ სრულიად სამარცხვინო, კაპიტულანტური, ბატონისადმი მაამებლური განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ფაქტობრივად, ყველაფერში საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა. _ შესაძლოა, დასავლეთს, ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ესეც ჩვენი ბრალიაო, _ განაცხადა. უკრაინის ხელისუფლების მიმართაც იგივე გაიმეორა _ კი, რაღაცები “დაგვაბრალეს”, მაგრამ უნდა მოვითმინოთ, უკრაინა ომში მყოფი ქვეყანააო…

ჩვენც ვიყავით ომში მყოფი ქვეყანა 2008 წელს, მაგრამ, პოპულისტური მორალური მხარდაჭერის გარდა, უკრაინისგან სხვა სახის მხარდაჭერა არ მიგვიღია. არც სანქციები დაუწესებიათ რუსეთისთვის, არც ფინანსურად დაგვხმარებიან და არც ჰუმანიტარული ტვირთები გამოუგზავნიათ, პირიქით, ომის შემდეგ საკმაოდ დინამიკურად თანამშრომლობდნენ რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის სტრატეგიულ საკითხებზე.

ასევე გვახსოვს, როგორ შეიფარა და უმაღლეს თანამდებობებზე დანიშნა უკრაინამ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეება აღიძრა. ეს არის მეგობრული ქვეყანა?! ეს არის სტრატეგიული პარტნიორი?! და ასეთი ქვეყნისგან უნდა ავიტანოთ ის უმძიმესი ბრალდებები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში გაისმა?! არავითარ შემთხვევაში! ამიტომ ვემიჯნები და ვგმობ პრეზიდენტის ყოვლად სამარცხვინო განცხადებებს.

_ აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირიდან მიღებული დავალება შესასრულებელი?

_ რაც შეეხება ამ საკითხს, ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური დასავლეთის მიერ დანიშნულ ადგილობრივ ემისრებში საკმაოდ გამორჩეული პიროვნებაა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას არაფერი აქვს ქართული. სალომე ზურაბიშვილს არც ესმის ქართული, არ ტკივა ქართულად. ის ანგარიშვალდებულია დასავლელი პატრონების წინაშე. მისი კანდიდატად წარდგენა და არჩევაც, დიდი ალბათობით, სწორედ დასავლეთის ზეწოლით მოხდა. აბა, როგორ აიხსნება ის, რომ პრეზიდენტად წარადგინო სრულიად ურეიტინგო პოლიტიკოსი? გვახსოვს, როგორ გაუჭირდა ქართულ ოცნებას მისი გაყვანა პრეზიდენტად. ასე რომ, ვარაუდი _ ზურაბიშვილი აქ დასავლეთის დავალების შესასრულებლად ჩამოვიდა, ლოგიკურია. რა “დავალებაა” ეს, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, ის “ქართული ოცნების” საკმაოდ ხისტი პოზიციის დასაბალანსებლად” ჩამოიყვანეს.

 _ რისთვის დაიბარა პრეზიდენტმა 16 ივნისს სრულიად პოლიტიკური სპექტრი და მოსახლეობა?

_ გაუგებარია, რატომ დანიშნა ზურაბიშვილმა ეს აქცია 16-ში. თანაც დაიბარა ყველა, მათ შორის ე.წ. ოპოზიციაც, რომელიც ოცნებობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭოს და მერე ეს ყველაფერი გამოიყენოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ამ ჟესტით ზურაბიშვილი, ალბათ, ცდილობს თავისი სტატუსის წინ წამოწევას ევრო-ჩინოვნიკების თვალში. თანაც ცოტა პროვოკაციულად ჩანს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ხელისუფლების მიმართ. მან ხელისუფლებასც მოუწოდა მისვლა ამ აქციაზე და თანაც ამავე ბრიფინგზე ლანძღა და თათხა ეს ხელისუფლება, რაც ხელისუფლებისთვის წარმოადგენს დილემას _ ან მივიდეს იქ, სადაც აქციის ორგანიზატორი ლანძღავდა, ან არ მივიდეს და მერე ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოიყენონ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ანტიდასავლური ქმედება. ყველა შემთხვევაში ეს აქცია გაუგებარია და თანაც პროვოკაციული.

_ ნატოში გაწევრებაზე  2008 წელს პლებისციტი ჩატარდა, გაყალბებული იყო ის თუ არა, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, იმხანად მოსახლების გარკვეულმა, არც ისე დიდმა პროცენტმა ამ ორგანიზაციაში გაწევრებას მხარი დაუჭირა, მაგრამსაქართველოს მოსახლეობისთვის არავის უკითხავს, გვინდა თუ არა ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ევროკავშირში გაწევრება.

_ დიახ, 2008 წელს ჩატარდა პლებისციტი ნატოში გაწევრების შესახებ. აქ რამდენიმე ასპექტია საინტერესო.

პირველი ის, რომ დასავლურ კონტროლს დაქვემდებარებული მედია ცდილობს, პლებისციტი წარმოაჩინოს ისე, თითქოს ეს შესასრულებლად სავალდებულო აქტია. არადა, პლებისციტს, კანონის მიხედვით, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. სავალდებულოა რეფერენდუმი, რომელიც ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა.

მეორე საკითხია, რა გარემოსა და რა ვითარებაში ჩატარა ნახსენები პლებისციტი _ ეს ის პერიოდია, როცა 2007 წლის 7 ნომებრის მერე წინა ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავტორიტარულ ხელისუფლებად _ დაარბია მიტინგები, დახურა და დაარბია ტელევიზიები, გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამ ტოტალური კონტროლის ფონზე ჩაატარა პლებისციტი, ამიტომ, თუ ყველა ამ ასპექტს სიღრმისეულად გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვით დაჟინებით და მტკიცებით ფორმაში, რომ “ნატოში გაწევრება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა”. ამ საკითხს აუცილებლად უნდა მივუბრუნდეთ და უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, განსხვავებული ინტერესჯგუფების ჩართულობის ფონზე, რომ მეტ-ნაკლებად სარწმუნო შედეგი დაიდოს და არა ისე, როგორც პლებისციტი ჩაატარეს 2008 წელს. ის იყო სრული ფარსი!

_ დასასრულ, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ფრთხილად იყოს, რა შეიძლება მოხდეს? საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ,,კონსერვატიული პარტიაცგეგმავს ალტერნატიულ აქციას.

_ რაც შეეხება 20 ივნისს დანიშნულ აქციას, რა თქმა უნდა, არსებობს ესკალაციის საშიშროება, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქციის ორგანაზატორების უმრავლესობა, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელია, რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ და ამის ფონზე თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, მოსახლეობის თვალში ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ადგილობრივი ემისრები მორალურად და პოლიტიკურად ისე გაკოტრებული არიან, რომ არა მგონია, რამე გამოუვიდეთ. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ “ალტერნატიულ” აქციას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here