Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინმა მოსახლეობისთვის ახალი შეღავათები დააწესა

პუტინმა მოსახლეობისთვის ახალი შეღავათები დააწესა

5 ათასი _ ბავშვიან ოჯახებს, სპეცდახმარებები _ სამედიცინო პერსონალს და შეღავათები _ ბიზნესს

1739
პუტინმა მოსახლეობისთვის ახალი შეღავათები დააწესა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის 8 აპრილს კიდევ ერთხელ მიმართა რუს ერს რუსეთში კორონავირუსის გავრცელების გამო. ეს იყო მიმართვა იმ თათბირის ჩარჩოებში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა ვიდეოფორმატში გამართა გუბერნატორებთან. 8 აპრილის მონაცემებით, დაავადება უკვე გავრცელებულია ქვეყნის 81 რეგიონში, ინფიცირებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა _ 700-ზე მეტი, გარდაიცვალა _ 76.

ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის მესამე მიმართვა ერისადმი პანდემიის გამო. უფრო ადრე ვლადიმერ პუტინმა არასამუშაოდ გამოაცხადა მთლიანად აპრილი. ამასთანავე, მუშაობის ნება დართო სოციალურად მნიშვნელოვან კომპანიებს. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა მედიკოსებს და გამოვიდა მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი იდეებით. მან რეგიონებს უფლება მისცა, დააწესონ იზოლაციის რეჟიმის წესები. პუტინის წინა მიმართვების შემდეგ რუსეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ რეგიონებიდან ყოველდღიურად იღებენ ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ზომების ანგარიშებსა და ინფორმაციას საავადმყოფოებში მძიმე პაციენტებისთვის ადგილების რაოდენობის შესახებ.

8 აპრილის მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა, როგორ შეებრძოლება ხელისუფლება ეპიდემიას და დაეხმარება ადამიანებსა და ბიზნესს.

33 მილიარდი დამატებითი საწოლებისთვის

ლაპარაკია სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებულ მზადყოფნაზე, მათი რესურსებისა და შესაძლებლობების მნიშვნელოვნად მომატებაზე. ამ მიზნებისთვის ფედერალური ფინანსური მხარდაჭერა უკვე მიიღეს რეგიონებმა. მათ შორის 33 მლრდ რუბლი (1,4 მლრდ ლარი) მიმართულია საავადმყოფოებისა და ინფექციური განყოფილებების სპეციალიზებული საწოლებით დამატებით აღჭურვის შესახებ. კიდევ 13 მლრდ რუბლი (552 მლნ ლარი) დაიხარჯება სამედიცინო ტექნიკის, მათ შორის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების, აგრეთვე, რეანომობილებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად, რომლებსაც რეგიონები რამდენიმე დღეში მიიღებენ. “იმედი ვიქონიოთ, რომ ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი დამატებითი სიმძლავრეების სრულად გამოყენება არ დაგვჭირდება, მაგრამ ამჟამად მზად უნდა ვიყოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად”, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

დანამატები ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის

“ჩვენ გავითვალისწინეთ დამატებითი თანხების გადახდა ექიმებისთვის, მედდებისთვის _ მედპერსონალისთვის შრომის განსაკუთრებული პირობებისა და მომატებული დატვირთვის გამო. ამ მიზნებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია თანხა _ 10 მლრდ რუბლი (425 მლნ ლარი), რომელსაც ადამიანები შეუფერხებლად მიიღებენ.

აუცილებელია კიდევ ერთი ზომის განხორციელება _ სამი თვის განმავლობაში, აპრილიდან დაწყებული, დაწესდეს სპეციალური ფედერალური გადახდა იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კორონავირუსით დაავადებულებთან და ყოველწამიერად რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას. ექიმებისთვის, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, დამატებითი თანხა იქნება 80 ათასი რუბლი (3,4 ათასი ლარი) თვეში; საშუალო სამედიცინო პერსონალისთვის _ ფელდშერებისთვის, მედდებისთვის _ 25 ათასი რუბლი (1062 ლარი); რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ექიმებსა და საეკიპაჟო მანქანების მძღოლებს, მათი დამატებითი ანაზღაურება თვეში 25 ათასი რუბლი (1062 ლარი) იქნება. სამართლიანი იქნება მათთვის კიდევ ერთი გადაწყვეტილება: მიეცეთ მათ მაღალი სადაზღვევო გარანტიები ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე. ისევე, როგორც ეს გაკეთდა რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის”.

რეგიონებმა თვითონ უნდა დააბალანსონ ვითარება

“რეგიონების ხელმძღვანელებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემისას ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ამჟამად რაღაც ერთი შაბლონით მოქმედება არა მხოლოდ უეფექტო, არამედ გარკვეულწილად საზიანოც იქნებოდა. ახლა თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა, იმუშაოთ გულდასმით, ვითარების გათვალისწინებით თითოეულ დასახლებულ პუნქტში.

ამასთანავე, არ შეიძლება ეკონომიკის გაჩერება, სატრანსპორტო-სატვირთო და სამგზავრო-მიმოსვლის შეწყვეტა რეგიონებს შორის, საწარმოების მუშაობის შეწყვეტა, მაშინაც კი, როდესაც რეგიონში აღრიცხული იქნება ინფიცირების ერთეული შემთხვევები.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება ეს.

ყველა პირობა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მეწარმეები დაუბრუნდნენ ნორმალური მუშაობის გრაფის”, _ განუცხადა ვლადიმერ პუტინმა რეგიონის ხელმძღვანელებს.

ახალი შეღავათები ბიზნესისთვის

“საჭიროა კრიზისული მოვლენების მინიმიზება, დარტყმის შემსუბუქება ბიზნესისთვის, რომლის დანაკარგებიც უკვე საკმაოდ სერიოზულია და შეიძლება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნეს.

ჩვენ უკვე 2-ჯერ შევამცირეთ სოციალური შენატანების ზომები საშუალო და მცირე ბიზნესისთვის _ 30-დან 15 პროცენტამდე. სასწრაფო დამატებითი დახმარებისთვის გთავაზობთ ყველა დაზარალებული საშუალო და მცირე ბიზნესისთვის სოციალურ ფონდებში სადაზღვევო შენატანების 6 თვით გადავადებას _ ისევე, როგორც უკვე გავაკეთეთ მიკროსაწარმოებისთვის. საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, აგრეთვე, გავითვალისწინეთ ყველა გადასახადის 6 თვით გადავადება, გარდა დამატებითი ღირებულების გადასახადისა, მაგრამ არ უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ 6 თვის შემდეგ კომპანიებს ერთბაშად მოუწიოთ დაგროვებული ვალების გადახდა, ამიტომ მოხდება ვალის რესტრუქტურიზაცია. მისი დაფარვა შეიძლება ნელ-ნელა, ყოველთვიურად გადავადების დასრულებიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში”, _ ასე განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა ბიზნესისთვის დაწესებული შეღავათები.

პუტინმა მოსახლეობისთვის ახალი შეღავათები დააწესა

ოჯახებს _ ყოველთვიურად 5 ათასი თითოეულ ბავშვზე

“მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებას დამატებითი თანხების გაცემის შესახებ, ოჯახებისთვის ყოველთვიურად 5 ათასი რუბლის (202 ლარი) გაცემის შესახებ ერთიდან 3 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე.

ეს თანხები გაიცემა აპრილში, მაისსა და ივნისში. ივლისში, ვადამდე ერთი თვით ადრე, დაიწყება იმ ოჯახებისთვის დამატებითი თანხის გაცემა, რომლებსაც ჰყავთ 3-დან 7 წლის ჩათვლით ბავშვები.

მათთვის, ვინც დროებით უმუშევარია, 3-დან 7 წლამდე ბავშვების დაფინანსებისას არ უნდა გავითვალისწინოთ ადრე მიღებული შემოსავლები. ასე ჩვენ გავაფართოვებთ ფინანსური მხარდაჭერის მიმღებთა არეალს.

ყველას, ვინც დაკარგა სამუშაო და მიმართა დასაქმების სამსახურს ამა წლის 1 მარტის შემდეგ, აპრილში, მაისსა და ივნისში მიეცემათ უმუშევრობის დახმარება ზედა ზღვრის მიხედვით _ 12 130 რუბლი (515 ლარი). განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ იმ ბავშვებიან ოჯახებს, რომლებშიც მშობლები დროებით უმუშევრები არიან. ასეთ შემთხვევაში უმუშევრობისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ დახმარებებთან ერთად ისინი მიიღებენ კიდევ 3000-3000 რუბლს (127-127 ლარს) ყოველთვიურად ყოველ არასრულწლოვან შვილზე”.

მართვის მოწმობისა და პასპორტების ვადა გაგრძელდება ავტომატურად

“ახლა ადამიანებს ბიუროკრატიული ფორმალობებისა და ინსტანციებში სიარულის თავი არ აქვთ, ამიტომ მთავრობას ვთხოვ, შეიმუშავოს პასპორტების, მართვის მოწმობებისა და სხვა დოკუმენტების ავტომატურად გაგრძელების მექანიზმი სამი თვის ვადით”, _ მიმართა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებს.

ყველაფერი გადაწყდება უახლოეს კვირებში

“ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც, აგრეთვე, შეეჯახნენ კორონავირუსის საფრთხეს. ეს გამოცდილება კი მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე რთულია ეპიდემიის დაწყებიდან პირველი 4-5 კვირა.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ვითარების განვითარების განმსაზღვრელი იქნება უახლოესი 2-3 კვირა. ეს ის პერიოდია, როცა დაგვჭირდება ყველა რესურსის კონცენტრაცია, ექიმების რეკომენდაციებისა და იმ პროფილაქტიკური ზომების მკაცრად შესრულება, რომლებიც დაწესდა თითოეულ რეგიონში.

ცხადია, რომ გარკვეული დანაკარგების გარეშე, ვერ ვიქნებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს დანაკარგები და შევქმნათ პირობები სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ ეკონომიკის კრიზისისგან დაზარულებულ დარგებს, შრომის ბაზარს, ჯანდაცვის სისტემას და ყველაფერს გავაკეთებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს დახმარება სჭირდებათ”.

შინ ჯდომა მოსაწყენია, მაგრამ არჩევანი არ არის

“მესმის, რომ დაგღალათ ფინანსურმა, საყოფაცხოვრებო და სხვა პრობლემების ტვირთმა. დარღვეულია ჩვენი ცხოვრების რიტმი. ბევრისთვის ოთხ კედელში ყოფნა საშინელებაა, მაგრამ ახლა არჩევანი არ არის. თვითიზოლაციის რეჟიმი _ ამ გამოცდას აუცილებლად უნდა გავუძლოთ. ჩვენ დისციპლინასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ინფექციასთან ბრძოლაში გარდატეხის შეტანა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ…

ძვირფასო მეგობრებო! ყველაფერი გაივლის. ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია ასეთი სერიოზული გამოცდა: რუსეთს ბევრი მტერი დასხმია თავს, მაგრამ ყველას გაუმკლავდა. კორონავირუსის სენსაც დავამარცხებთ. ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ ამ სენს”, _ მიმართა მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინმა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here