Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება

პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება

116

პოლონეთმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაუგზავნა გამაფრთხილებელი მიმართვა თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ. ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ვარშავამ ბრიუსელიდან მიიღო მითითება, ჩაატაროს სასამართლო რეფორმა ან გადაიხადოს უზარმაზარი ჯარიმა.

ევროკავშირის ამ ბრძანების საპასუხოდ პოლონეთის მმართველი კონსერვატიულ-ნაციონალისტური პარტია “სამართალი და სამართლიანობის” წარმომადგენელმა რიშარდ ტერლეცკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაპირისპირებაში რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მან ხელისუფლებას ურჩია, მაგალითი აეღო დიდი ბრიტანეთისგან, რომელმაც დატოვა ევროპული თანამეგობრობა.

“თუკი საქმეები კვლავაც ამ მიმართულებით წავა, მოგვიწევს რადიკალური გადაწყვეტილებების გამონახვა. ბრიტანელებმა ყველას დაანახვეს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის დიქტატურა მისაღები არ არის, შეტრიალდნენ და წავიდნენ”, _ განაცხადა ტერლეცკიმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა Brexit-ი.

ეს განცხადება ვარშავის საპასუხო რეაქცია იყო ევროკავშირიდან მიღებულ უწყებაზე, რომ მან მიმართა სასამართლოს თხოვნით, ვარშავას დაეკისროს ყოველდღიური ჯარიმა მილიონი ევროს ოდენობით სასამართლო რეფორმის ჩატარებაზე უარის თქმისა და მოსამართლეთა დისციპლინური პალატის შექმნის გამო.

ბრიუსელის აზრით, მსგავსი პრაქტიკა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, აძლიერებს მმართველი პარტიის კონტროლს სასამართლოზე და არღვევს ევროკავშირის კანონებს. ევროკავშირი მოითხოვს, ვარშავამ უარი თქვას სასამართლოს ასეთ რეფორმაზე და შეაჩეროს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის მუშაობა.

ამასთანავე, ევროკომისიამ განიზრახა, შეაჩეროს პოლონეთისთვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვა, რომელიც უნდა მოხმარებოდა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შედეგების აღმოფხვრას (ეს თანხა 36 მლრდ ევროს შეადგენს), სანამ პოლონეთი არ გაატარებს ევროკავშირისთვის მისაღებ სასამართლო რეფორმას.

ტერლეცკის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს პოლონეთის ოპოზიციაში, რომელსაც ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მეთაურობს. მათ მმართველი პარტია დაადანაშაულეს, რომ ის “ევროკავშირში პოლონეთის წევრობას საფრთხეს უქმნის”.

Eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here