Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკოსების მიერ შექმნილი რეალობა

პოლიტიკოსების მიერ შექმნილი რეალობა

სასაცილოა, როცა ნაციონალების მხარდამჭერი დემოკრატიაზე ლაპარაკობს

4044
პოლიტიკოსების მიერ შექმნილი რეალობა

2020 წელი ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, წესითა და რიგით, გარდამტეხი უნდა იყოს. სწორედ წელს უნდა გამოჩნდეს, 8-წლიანი მმართველობის შემდეგ შეიცვლება ხელისუფლება თუ ისევ იგივე დარჩება. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, პრაქტიკულად, კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს (ვინ ჰკითხავთ, მაგრამ მაინც), ხოლო მმართველი გუნდი წასვლას არ აპირებს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რუსეთი, რომელიც თურმე ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა და პოლიტიკურ ამინდს ქმნის, ჯერჯერობით საერთოდ არ ჩანს და ეჭვი გვაქვს, არც გამოჩნდება, არც კომენტარს გააკეთებენ რუსი მაღალჩინოსნები და ეს წინასაარჩევნო ამბებიც რუსების ჩაურევლად ჩაივლის. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის გარანტია, რომ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, არ გადმოდგებიან და დასავლეთის საამებლად ჩრდილოელი მეზობლის ლანძღვას არ დაიწყებენ: თქვენი მომხრე ვარ, რუსეთს ვლანძღავო.

ყველაზე მეტად საქართველოში ჩანს ის, რომ პოლიტიკა ბინძური საქმე და ტყუილის ხელოვნებაა. აბა, როგორ შეიძლება, 9 წელი მართო ქვეყანა, ხალხი სისხლში ჩაახშო და მერე გაიძახოდე, _ ხელისუფლების სათავეში დაბრუნება მინდაო? ან ის როგორ შეიძლება, 8 წელი იყო ქვეყნის სათავეში და შენი ამომრჩეველი მათხოვრად აქციო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით? მაგრამ არა, ბატონებო, წინასაარჩევნოდ ისევ ეს ადამიანები მოვლენ თქვენთან, ჩვენთან _ ყველასთან და უტიფრად დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მომავალი აწმყოზე უკეთესი იქნება. ახლა კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას ხალხისთვის არ სცალიათ. ისინი იმას არკვევენ, რა სისტემით უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და როგორ უნდა მოახერხონ რაც შეიძლება მარტივად პარლამენტში მოხვედრა.

ოპოზიციის აზრით, პროპორციული სისტემის შემთხვევაში უფრო მეტი შანსი ექნებათ იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ან კოალიციური მთავრობა შექმნან. ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ შერეული სისტემა მათ კვლავ უმრავლესობაში დარჩენის შესაძლებლობას დაუტოვებს და ამიტომ არაფრის დათმობას არ აპირებს. ისიც ვთქვათ, რომ ოპოზიციამ ნაცნობების ძველი წრე აამუშავა და დღეში ერთხელ ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც, ეჭვი გვაქვს, ნაციონალების ზეობის პერიოდში ქართული ფულით იკვებებოდნენ (პიარის საქმეში), წერილს წერილზე გზავნიან და ხელისუფლებას მეტი დემოკრატიისკენ მოუწოდებენ. ცოტა არ იყოს, სასაცილოა, როცა ნაციონალების მხარდამჭერი ხარ და დემოკრატიაზე ლაპარაკობ. სასაცილო ხალხის გადმოსახედიდან, თორემ, ნაცებს რომ ჰკითხოთ, ქუჩაში ხალხის დახვრეტა, ერის კრიმინალად გამოცხადება და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, დემოკრატიასთან მჭიდრო კავშირში იყო და ასეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა.

აი, ხელისუფლებას კი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, რას ფიქრობენ კონგრესმენები, რადგან საქმე მათ კეთილდღეობას ეხება, თორემ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმავე კონგრესმენებმა ჩვენს მთავრობას რომ მოუწოდონ, რუსეთს აგინეთო, რიგი დადგება მიკროფონებთან, ვინ უფრო მეტად გააკრიტიკებს ჩრდილოელ მეზობელს და ამ კონგრესმენებსაც მადლობას მადლობაზე ეტყვიან.

მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა, იმავე კონგრესმენებს რომ დაუჯეროს, ხელისუფლების სავარძელს, შესაძლოა, ერთი ფეხი მოძვრეს, შერყეული სავარძლის შეცვლა კი ადვილი რომ არის, კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ, ოთხმა და ხუთმა კონგრესმენმა კი არა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომ თქვას პირდაპირ ეთერში, _ საქართველოში არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდესო, “ქართული ოცნებაარ მოუსმენს და იმასაც იტყვის: ჩვენს საშინაო საქმეებში რატომ ერევა ამერიკის მილიარდერი პრეზიდენტიო. ანუ, ისე გამოვა, რომ ერთი მილიარდერი მეორე მილიარდერს საკუთრბიზნესშიარ ჩაახედებს. ნუ, ახლა ვისაც ჰგონია, რომ იგივე ტრამპი და ივანიშვილი ბიზნესს არ ეწევიან საკუთარ ქვეყანაში და დამატებით მილიონებს არ შოულობენ, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა.

საინტერესო კიდევ ის არის, რომ არც ამერიკული მხარე, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ ახსენებენ ამომრჩეველს. ანუ, არც ერთი არ ამბობს: მოდი, ჯერ ხალხს ვკითხოთ, რა და როგორ უნდა და გადაწყვეტილებაც მერე მივიღოთო. არა, ბატონებო, მათ საკუთარ სურვილებზე სურთ კანონის მორგება და შემდეგ უკვე ამომრჩეველი ვალდებული იქნება, სწორედ ისე აირჩიოს ძლიერნი ამა ქვეყნისანი, როგორც მათ დაადგინეს. ოპოზიცია აუცილებლად იტყვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში კვირების განმავლობაში იდგნენო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ 50 კაცი არ არის საქართველოს მოსახლეობა. “ოცნებისგასაგონად ვიტყვი: არც 70 ათასი დასაქმებული ადამიანია სრულიად საქართველო. საქართველო იმ სოფლებშია, წინა ხელისუფლებას რომ არ ახსოვდა და არც ამჟამინდელს რომ არ ახსოვს; იმ რეგიონებში, რომლებშიც ნორმალური ნაგვის ურნებიც კი არ დგას, დამშეულმა ხალხმა საარსებო სარჩო იქ რომ იპოვოს. საქართველო იმ მშიერი ადამიანების გულებშია, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თავად იტანენ შიმშილს იმის გამო, რომ შვილებს საჭმელი შეხვდეთ. ეგ არის საქართველო, მაგრამ თქვენ ეს საქართველო არ გინდათ. წინასაარჩევნოდ არ გინდათ, თორემ მერე, იცოცხლე, შემდეგ არჩევნებამდე სულიც გაძრობიათ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მგონი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ხალხს ჰკითხეს აზრი და რეფერენდუმი ჩაატარეს. მას შემდეგ თავის თარგზე ჭრიდა ხელისუფლება კანონსაც და მოქმედების გეგმასაც. როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტი დემოკრატია, დემოკრატია ხალხისთვის, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო.

სააკაშვილმა ნამდვილი დიქტატურა დაამყარა _ ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა ყველას, ვინც მის მხარეს არ იყო. დღევანდელი ხელისუფლება კი, უბრალოდ, სისხლს არ ღვრის, თორემ დიდად არ განსხვავდება “ნაციონალური მოძრაობისაგან”. სხვათა შორის, ნაცების არაერთი “მამალი” წევრი დღემდე თანამდებობაზეა, დღემდე “ხალხისთვის იღვწის”. ადრინდელი ჩადენილი ხომ ეპატია, რასაც ახლა ჩაიდენს _ ისიც ეპატიება. ეს იმიტომ, რომ ასეთებს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, კარგად იციან, როგორ იმოქმედონ მასებზე, როგორ დაუდონ ხელისუფალთ სასურველი შედეგი, ამიტომაც ხელისუფლებას ისინი ყველაზე მეტად მოსწონს.

ამომრჩეველს რომ ჰკითხონ ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე ოპოზიციამ, რომელი სისტემა გირჩევნია ან რომელი ხელისუფალიო, ორივეზე უარს უტყვის _ არც “ოცნებას” დაუკრავს კვერს და ნაციონალებს ხომ, საერთოდ, კატეგორიულ უარს შეუთვლის. “ევროპული საქართველო” ნუ იქნება ამ დასკვნით ბედნიერი, “ჩინური ნაციონალური” მოძრაობაა ეგ და მასაც არ უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერის იმედი. ანუ, რეალურად, ამომრჩეველს არც ერთი უნდა, არც მეორე და არც მესამე. ახალი, ხალხსა და ქვეყანაზე მზრუნველი პარტია უნდა, მაგრამ… უამრავ პარტიაში ასეთის ამორჩევა თითქმის შეუძლებელი რომ იქნება, ეს მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი აღარ არის, ჩვენი ბრალიცაა. მოთხოვნები შეგვიმცირდა ქართველებს და კუჭამდე დავედით, მხოლოდ კუჭამდე. ისე გააუბედურეს ერი, რომ ადამიანს მხოლოდ ის ადარდებს, დილით შინიდან რომ გავა, საღამოს დაბრუნებულმა იმ დღის სამყოფი სარჩო მაინც მიუტანოს მშიერ შვილებს. ეს არის მწარე რეალობა და… პოლიტიკოსებს სწორედ ეს რეალობა აძლევთ ხელს. ხალხი მატერიალურად რომ მოძლიერდეს, აქციაზე გასაყვანად ფულის გადახდა კი არ დასჭირდება, თავისით გავა და არამატერიალური მოთხოვნები გაუჩნდება. ეს კი სახიფათოა, თანაც ძალიან სახიფათო, საჭმლის გარდა ხელისუფლებას სხვა რამ რომ მოსთხოვო, უკვე ქართული რეალობის პარადოქსია, პარადოქსები კი ხელისუფალთ არ უყვართ.

სხვა, აბა, რა გითხრათ _ მოვა რამდენიმე თვეში არჩევნები, ისე, რომ არავინ არაფერს შეგვეკითხება, მივალთ საარჩევნო ყუთთან და გავაკეთებთ არჩევანს, რომელსაც შემდეგ აუცილებლად ვინანებთ, რადგან კიდევ ვიმეორებ: დღეს არ არსებობს ძალა, რომელიც სამშობლოსა და ხალხზე იზრუნებს. ჰო, ზოგი თავისით მივა, ზოგს აიძულებენ მისვლას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი მაინც ერთი იქნება. და მომდევნო ოთხ წელს ტყუილში ცხოვრებას გავაგრძელებთ, იმ ტყუილში, რომელსაც არჩევნების დღეს თვითონვე ავირჩევთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here