Home რუბრიკები პოლიტიკა ოპოზიციის ალტერნატიული მთავრობა

ოპოზიციის ალტერნატიული მთავრობა

1989
ოპოზიციის ალტერნატიული მთავრობა

როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებას არ შეეგუა და ქუჩაში გავიდა. ერთადერთი, რაც ოპოზიციას მოეწონებოდა, “ქართული ოცნებისდამარცხებაა, მაგრამ არ გამოვიდა ეს საქმე და ოპოზიციამაც _ ან ხელისუფლებაში მოვალთ, ან ქუჩაში ვიდგებითო. მე თუ მკითხავთ, ოპოზიციის ადგილი სწორედ ქუჩაშია (და არამხოლოდ ოპოზიციის), მაგრამ რეალურად ისინი ქუჩაში იმიტომ დგანან ცოტა ხნით, რომ მერე დიდი ხნით პარლამენტში მოხვდნენ. რა გამოვა ამ საქმიდან, ერთად ვნახავთ, მანამდე კი

ოპოზიციამ გამოაცხადა: ჩვენ ალტერნატიულ მთავრობას შევქმნით, ძალაუფლებას ხელში ავიღებთ და ცივილიზებულ სამყაროს ვეტყვით, რომ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ და არა მოქმედი მთავრობაო. ერთი შეხედვით, სრული სიგიჟეა, მაგრამ, მეორე მხრივ, შაპიტოდ ქცეული ოპოზიცია გვარიანად გვახალისებს და მოდით, ბევრი რომ არ იშრომონ, ალტერნატიული მთავრობა ჩვენ დავუკომპლექტოთ.

ჩვენი აზრით, ასე უნდა გამოიყურებოდეს ოპოზიციის ალტერნატიული მთავრობა:

* თავდაცვის მინისტრით დავიწყოთ. ჯერ ერთი, ეს ერთ-ერთი საკვანძო პორტფელია მთავრობაში და მეორეც, თავდაცვის მინისტრობა ყველას სურს, იმიტომ, რომ ძალიან ადვილი ჰგონიათ. მერე რა, რომ ადრე თავდაცვის მინისტრად გენერალი უნდა ყოფილიყო, ყველა ეტაპგავლილი, გამოცდილი. ახლა ეს საჭირო აღარ არის, არასამთავრობო სექტორში აქტიური წარსულიც კმარა და აგერ, თინა ხიდაშელიც კი გვყავდა მინისტრად. მოკლედ, თავდაცვის მინისტრად “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, ვნიშნავთ. რატომ მაინდამაინც ის? პირველი _ იმიტომ, რომ მტერს შიშველ უკანალს დაანახვებს და თუ უკან არ აქცია, პირველ დარტყმას თავად მიიღებს (თავად რა, უკანალი მიიღებს მის მიმდევრებთან ერთად) და მეორეც _ “ჯაველინებისყიდვა აღარ დაგვჭირდება, ტანკებს გირჩებით მოვიგერიებთ. მოკლედ, თავდაცვის მინისტრი ჯაფარიძეა;

* საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად აუცილებლად და უპირობოდ უნდა დავნიშნოთ გუბაზ სანიკიძე. შესაძლოა, ამ არჩევანში ბევრი შეგვედავოს, მაგრამ, ნურას უკაცრავად _ ჯერ ერთი, გუბაზს მილიონი სჭირდება და ადვილად იშოვის, სკოლის სახელმძღვანელოებიდან რამდენიმეს ამოარჩევს და ეგაა. თუმცა მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სანიკიძეს განათლებას ვაბარებთ, სხვაა. ამ სფეროში ისეა ყველაფერი მოშლილი და წაშლილი, იმდენი ექსპერიმენტი ატარეს და ისე გაანულეს განათლების დონე, რომ სანიკიძე მეტს ვეღარაფერს გააფუჭებს, გასაფუჭებელი გაფუჭებულია და ამიტომ თამამად მივუშვათ;

* შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უნდა იყოს თეა ახვლედიანი. ვინ არის ქალბატონი თეა? ვინ და მოქმედი მინისტრი. კაცმა არ იცის, მინისტრი რომ არის, არც არაფერს აკეთებს ან აკეთებს და ვერ ვხვდებით, რას; ამიტომ დარჩეს, ისეთივე შეუმჩნეველი იქნება, როგორც ახლაა და… ოღონდ ვინმემ აგვიხსნას, ამ სამინისტროს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით რატომ ვაფინანსებთ;

* შინაგან საქმეთა მინისტრად აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ვანო მერაბიშვილი. აბა, ამოვიდა ყელში ტელეფონზე თამამად საუბარი, დავკარგეთ ადამიანებმა ერთმანეთი. ვანოს მინისტრობის პერიოდში კი სულ სხვა იყო, ტელეფონში ვერ ეუბნებოდი სათქმელს მეგობარს, გადიოდი, ნახულობდი, მისვლა-მოსვლა იყო, ჯიგარი იყო. ახლა კი ისიც არ ვიცით, მოქმედი შს მინისტრის ცოლი ვინ არის, მერაბიშვილის ცოლს კი არათუ ვიცნობდით, არამედ მისი ცხოვრებით ნახევარი თბილისი ცხოვრობდა. დაგვიბრუნეთ ვანო და ნუ იდარდებთ, თუ, როგორც მელიასა და ჩიტის ზღაპარშია, წელიწადში ერთხელ ორი ბარტყის გადმოგდებას მოითხოვს, ორი გვამი რას მიქვია ამხელა თანამდებობისთვის;

* საგარეო საქმეთა მინისტრად უპირობიდ უნდა დაინიშნოს ნიკა მაჭუტაძე. ყველაზე დაძაბული სამუშაო სწორედ საგარეო უწყებას აქვს, დიპლომატები მუდმივი სტრესის ქვეშ არიან და, მაჭუტაძე კოლეგებს რომ შეხვდება, ხომ გახალისდებიან, განიტვირთებიან, ტვინს გაანიავებენ. მერე ნახეთ, ყველას რომ ნიკასთან მოუნდება შეხვედრა და დასვენება. ჯერ მხოლოდ ის იქნება საინტერესო, მაგალითად, ფრანგულად როგორ გამოითქმის მაჭუტაძე. სტრატეგიული პარტნიორები რომ არ გავაწვალოთ, ფსევდონიმის მოფიქრებაც შეიძლება _ ნიკა მაჭუ, ან კიდევ რაჭულად მოვუთარმნოთ _ მაჭუნიკა (ადვილად გამოითქმის და იმიტომ);

* ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ელენე ხოშტარია უნდა იყოს. ბევრი კი არაფერი გაეგება ამ საქმეში, მაგრამ, რომ ვუყურებ, რაღაცნაირი მდგრადია და ვვითარდებიო, ამას წინათ თქვა. რას ეძახის განვითარებას ხოშტარია-ჯუნიორი, ვერ გეტყვით, მაგრამ სიტყვაზე მაინც ვენდოთ, სხვაზე მაინც არაფერზე ვენდობით და;

* რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ულაპარაკოდ უნდა იყოს ირაკლი ოქრუაშვილი. ახლა საქმე რაშია? დაიგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტები, დავპირდებით ხალხს რამეს და გამოვა მერე ირაკლი და გადათქვამს. აქამდე არ გადაუთქვამს უფრო დიდი რამ თუ გაწითლდება? რომც გაწითლდეს, ისეთ ფერზეა, არ შეეტყობა და ეს პოსტი მისთვის ზედგამოჭრილია. თანაც, ამას წინათ თქვა, სახლი ვერ დამიმთავრებია სოფლადო, და ამხელა სამინისტროს რომ ჩავაბარებთ, იქ ცემენტს ჩატეხავს, აქ ქვიშას და ეგაა რა;

* ხომ გგონიათ, რომ იუსტიციის მინისტრად გიორგი ვაშაძეს (ნარინი) დავასახელებთ? ნურას უკაცრავად. ამ თანამდებობაზე უნდა დავნიშნოთ ბაჩანა ახალაია. ჯერ ციხიდან გმირად უნდა გამოვიყვანოთ, შემდეგ კი მინისტრის პორტფელი უნდა ვუბოძოთ. აბა, რას ჰგავს, გასულ წელს სასჯელაღსრულების სისტემაში 17 ადამიანი დაიღუპა, შარშანწინ _ 13. ახალაიას შეფობისას კი ასეულს სცდებოდა და, თუ არ სცდებოდა, ბუნტი და მისი ჯანი. ახლა კი მოგვეჭრა თავი. “კრიმინალი ყვავისო”, _ გაჰკივის ოპოზიცია. მოკლედ, ბაჩანა _ იუსტიციაში სასწრაფოდ! ვაშაძე კი მოადგილედ შეიძლება, სტრატეგია აღმაშენებელიო და ეგებ სელჩუკებივით მუსრი გაავლოს კრიმინალებს და არამხოლოდ;

* ფინანსთა მინისტრი ერთერთი საპასუხისმგებლო თანამდებობაა. აღნიშნული პორტფელი გიგი უგულავას უნდა ვუბოძოთ. ჯერ ერთი, მინისტრი არ იყო და 50 მილიონი ისე გააქრო, კაციშვილმა ვერაფერი გაიგო; და მეორეც _ გიგი სულ იმას ამბობს, საოცარი ცურვა ვიციო. ჰოდა, ლარი ხომ ჰყავთ გაშვებული თავისუფალ ცურვაში და ააყოლებს ბრასს და ბატერფლაის გიგი-ბატონი. ჰო, თუ დასჭირდება, ჩაყვინთავს კიდეც, ყვინთვა იცის საოცარიო, ლელა კილაძემ თქვა თავის დროზე;

* ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თამარ ჩერგოლეიშვილი უნდა გახდეს. მის ქცევას რომ ვუყურებთ, სერიოზული ჩარევა ესაჭიროება და, მუდმივად ექიმების გარემოცვაში რომ იქნება, ადვილად გააკონტროლებენ. თანაც, გიგაც არ გამოიყურება მთლად ჯანმრთელად და გიგასაც უმკურნალებს, ანუ ჩერგო და გიგა ამ სფეროში ხანგრძლივი კვლევის გამო გავიმეტეთ, სხვაგვარად არ ეშველებათ;

* გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აუცილებლად შალვა ნათელაშვილი უნდა იყოს. ერთხელ მანდეთ ქვეყანაო, ხომ იძახის და ჯერ ორი ბატი ჩავაბაროთ, ვნახოთ, როგორ მოუვლის, იქნებ ბატის და ხალხის გარჩევა ისწავლოს და ეგებ მერე ქვეყანაც ვანდოთ…

და მთავარი _ პრემიერმინისტრი! პრემიერმინისტრი ნიკა მელია უნდა იყოს, იმიტომ კი არა, რომ იმსახურებს ან რამეს გააკეთებს. არა, ბატონებო, ნიკა რომ პრემიერი იქნება, სააკაშვილის შეშლილი სახის ნახვა ერთ რამედ ეღირება!

ბესო ბარბაქაძე

P.S. ისე, ამას რომ წაიკითხავთ, მერე ორუელისცხოველთა ფერმაგადაიკითხეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here