Home რუბრიკები პოლიტიკა ომის ხანძარი, რომელიც შეიძლება ჩვენც მოგვწვდეს

ომის ხანძარი, რომელიც შეიძლება ჩვენც მოგვწვდეს

1550
ომის ხანძარი, რომელიც შეიძლება ჩვენც მოგვწვდეს

განკითხვის დღის ომიუწოდეს შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც ისრაელსა და არაბული სახელმწიფოების კოალიციას შორის გაიმართა 1973 წლის ოქტომბერში. “განკითხვის დღის ომადმოიხსენია ზოგიერთმა ექსპერტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი, რომელიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო. დროებითი ჰუმანიტარული დაზავებით თითქოს შეწყდა. რაღაც ერთი საათით. დაპირისპირებულმა მხარეებმა თითი ერთმანეთისკენ გაიშვირეს. ახლო აღმოსავლეთისგანკითხვის დღის ომში”, როგორც რიგითი მებრძოლი, მონაწილეობდა იაკობ კედმი, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, როგორც აღიარებულ სამხედრო ექსპერტს, ამჯერად მეორე ასეთ ომს მოესწრო. უთუოდ საინტერესო იქნება მისეული შეფასება იმ შეიარაღებული დაპირისპირების, რომელიც საქართველოს საზღვრების ახლოს მიმდინარეობს.

იაკობ კედმი
იაკობ კედმი

იაკობ კედმი მიიჩნევს:

_ უწინარესად, არ მინდა, ჩავუღრმავდე ისტორიულ ექსკურსს. ეს არის კავკასია, აქ ძველთაგანვე არსებობს მტრული განწყობა ხალხებს შორის. თურქებსა და სომხებს შორის მტრობა ისტორიული მოვლენაა და დღეს არავის ძალუძს ამ პრობლემის გადაწყვეტა.

რატომ დაიწყო ეს ომი?

დაიწყო იმიტომ, რომ ის, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ხდება სომხეთში, არის მისი ორიენტაციის შეცვლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომელმაც კიდევ უფრო დაასუსტა ისედაც სუსტი სახელმწიფო.

დასუსტდა კი იმიტომ, რომ ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანის მისვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა სხვა სტადიაში გადავიდა. მას (ფაშინიანს) არ ჰყოფნის სულიერი ძალა და ჯერჯერობით ვერ ბედავს რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას. რუსეთის მიერ სომხეთის მხარდაჭერა, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეფასებით, შემცირდა.

ეს არის მთავარი! სომხეთის ძალა იყო ის, რომ მას ზურგს უმაგრებდა რუსეთი. დღეს ყველა ხედავს და დარწმუნებულია, რომ ასეთმა მხარდაჭერამ იკლო. ეს ერთი.

მეორე. როგორია სომხეთის არმია? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა იგი (სომხეთის არმია) აზერბაიჯანის არმიაზე ძლიერი იყო, გადავიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არა პირიქით. სომხეთის არმიამ დაიპყრო აზერბაიჯანის მიწები და არა პირიქით.

ისეთი რა ასწავლეს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა, გენერლებმა და სხვა მეთაურებმა, რომლებიც სომხეთის არმიას წვრთნიან და ხელმძღვანელობენ, რომ ძალა გამოაცალეს? ისე დააკნინეს, რომ უკვე საეჭვოა მისი უნარი და შესაძლებლობა, დაიცვას ის, რასაც ფლობს.

რუსეთისთვის ეს პრობლემა რთულიც არის და არც არის რთული. რუსეთი არ დაუშვებს, რომ უცხოეთის ჯარები შევიდნენ სომხეთში. რუსეთი სომხეთის სუსტი არმიის ნაცვლად ვერ დაიცავს ყარაბაღს. თუ სომხეთის არმიას ძალა არ ეყოფა, ისინი (სომხები) ყარაბაღს დაკარგავენ. და მადლობა უთხრან საკუთარ თავს და მათ, ვისზეც ლოცულობდნენ, მოსკოვისკენ უკანალით მიბრუნებულები.

მადლობა უნდა უთხრან ამერიკელებს _ ყველას, ვინც დემონსტრაციებში მონაწილეობდა თავისი ლოზუნგებითა და მოთხოვნებით.

სომხეთი დღეს დგას იმ პერსპექტივის წინაშე, რომ აზერბაიჯანი ძალით წაართმევს ყარაბაღს და ხელს ვერავინ შეუშლის. რუსეთი ყარაბაღის გამო ამ კონფლიქტის ყულფში თავს არ გაყოფს.

ამასთანავე, რუსეთი არავის მისცემს უფლებას, დაემუქროს სომხეთის დამოუკიდებლობას. ის, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლები ერევნის თავზე დაფრინავდნენ, პირდაპირ მიანიშნებდა ვისაც ჯერ არს, რომ სომხეთი მათი მისწრაფებების მიღმა დარჩება.

მაგრამ, თუ მათ (სომხებს) არ ძალუძთ, უწინდებურად სამხედრო ძალით დაიცვან თავიანთი მონაპოვარი, ეს მათი პრობლემაა.

თურქეთის მიმართ ყველაფერი ნათელია და გარკვეული. ის ტიპი, რომელიც ანკარაში ზის, გაუწონასწორებელი ადამიანია.

მთელი შუა აზია თურქულად ლაპარაკობს. საიდან მოვიდნენ სელჩუკები? _ შუა აზიიდან. ისინი “დიდი თურანის” წარმომადგენლები არიან. უწინ მათ არ ჰყოფნიდა ჭკუა, შესაძლებლობა, გამბედაობა, რომ შემოეტიათ. ახლა გვიტევენ.

ვინ აღუდგა წინ?

არავინ.

შეიძლება, სადღაც _ ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის დონეზე.

რუსეთი იქ არ არის. რუსეთს თავისი მეზობლების მიერ შექმნილი პრობლემები ამოუვიდა ყელში _ კიევიდან მინსკამდე.

შუა აზიას რას ერჩით!

წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება.

საბჭოთა კავშირში უწინ არასოდეს ყოფილა ისეთი კონფლიქტები, როგორებიც მოხდა სუმგაითში, ფერგანის დაბლობზე, აფხაზეთში, დნესტრისპირეთში. აღარაფერს ვამბობ ვილნიუსზე. ყველაფერი დაიწყო საბჭოთა კავშირის პერიოდში (მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში).

ჰოდა, მადლობა ვუთხრათ ნობელის პრემიის ლაურეატს, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო მაშინ, როცა თავის ქვეყანაში ყველა ხანძარი გააჩინა.

მაგრამ ეს წარსულია.

დღეს სხვა პრობლემები გაჩნდა. რუსეთმა ორი რამ უნდა გადაწყვიტოს: სომხეთმა რომ არ დაკარგოს თავისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილი, თურქეთმა ბაზები აზერბაიჯანში რომ არ განალაგოს.

აზერბაიჯანელები თურქები არიან. თურქი ხალხია. ისევე, როგორც ბელორუსები _ რუსი ხალხი, თითქმის ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობენ.

ყველაზე ახლობელი ქვეყანა თურქეთისთვის აზერბაიჯანია, ყველა გაგებით ასეა, მაგრამ მათ (აზერბაიჯანელებს) არ სურთ თურქეთის ნაწილად ყოფნა, მათ აქვთ პრობლემები ირანთან. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მომავალი ელის ირანის აზერბაიჯანს. ილჰამ ალიევს თუ ჰკითხავთ, იგი (მომავალი) დღევანდელისგან განსხვავებული იქნება.

რუსეთის მიზანია, შეეცადოს, შეაწყვეტინოს კონფლიქტში ჩათრეულ მხარეებს ომი. არა მგონია, ეს იოლი საქმე იყოს, რადგან თურქეთი, პირადად ერდოღანი, აგულიანებს აზერბაიჯანელებს. ასევე _ შეურაცხყოფის განცდა, რომელიც ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ არ განელებიათ. თუ ძალა შესწევთ, დაიბრუნებენ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი არმია იომებს უკეთესად. ის, რომ აზერბაიჯანის არმია უკეთ არის შეიარაღებული, ვიცით, მაგრამ, სომხეთის არმია უკეთესად რომ იბრძოდა, ესეც ყველამ იცის. თუ ისე იომებენ, როგორც უწინ, შეინარჩუნებენ ყარაბაღს, თუ ვერ შეინარჩუნებენ, რუსეთის ბრალი არ იქნება. მათ თვითონ დაუშვეს შეცდომები, რომლებიც აშკარაა.

იაკობ კედმის ეს ტელეგამოსვლა ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც მკაცრი, მტკივნეული, ზუსტი და, რაც მთავარია, სამართლიანი.

ამრიგად, პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ რუსეთის შუამავლობით გადაიდგა. წინ მძიმედ დასაძლევი გზაა, ეჭვებით გადახერგილი და მაინც იმედიანი.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here