Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ კაპანაძე: შუაგულ ჯოჯოხეთის ერთ, ცალკე აღებულ სანტიმეტრზე სამოთხის ბაღს ვერ გააშენებ

ნოდარ კაპანაძე: შუაგულ ჯოჯოხეთის ერთ, ცალკე აღებულ სანტიმეტრზე სამოთხის ბაღს ვერ გააშენებ

3843
ნოდარ კაპანაძე

ერთი ფრიად სერიოზული პროგრამის წამყვანმა ტელემაყურებლებს ბატონი ნოდარ კაპანაძე პოლიტოლოგად (თუ არ ვცდები) რომ წარუდგინა, ადრესატმა მორიდებით შეუსწორა:

_ მე სტატისტიკოსი ვარ.

ინტერვიუს ჩამორთმევის წინ ბატონ ნოდარს ეს შემთხვევა გავახსენე და მისი ტიტულატურის სრულად ჩამოთვლა ვთხოვე.

_ სტატისტიკის ანალიტიკოსი, _ მიპასუხა რესპონდენტმა.

მორიდება ადამიანს ხასიათად რომ აქვს ქცეული, მისგან სხვა პასუხს არც უნდა ელოდო, ამიტომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებ და გეტყვით, რომ ნოდარ კაპანაძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომლის ანალიტიკას უნდა ვენდოთ და მივიღოთ. არ შევცდებით.

_ რას ღაღადებს სტატისტიკა, ბატონო ნოდარ, რას გვეუბნებიან ციფრები საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე? გაგვიშიფრეთ, გეთაყვა, ეს მეტაფორები, მადლობელი დაგრჩებათ მკითხველი საზოგადოება.

_ უწინარეს ყოვლისა, დღეს საქართველოში არაერთგვაროვანი მდგომარეობაა. ცალსახა არ არის, მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ჩვენს “განსაცდელისტებსა” და “ვაივიშისტ” მეგობრებს უნდათ. ამ სახელით მოვიხსენიებ მათ, ვისთვისაც აკრძალულია იმის დანახვა, რაც ქვეყანაში კარგი ხდება. მაგრამ არც ისე კარგად არის საქმე, როგორც ვარდისფერი სათვალეებით შეიარაღებულ ადამიანებს სურთ. არის მიმართულებები პოზიტიური დინამიკით. შემოსავლების ზრდის, სიღარიბის შემცირების, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით წინსვლა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ყველაფერი ცალმხრივია.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არც ისე ცუდია, როგორც ერთ მხარეს სურს, რომ იყოს, მაგრამ არც ისე გადასარევია, როგორც მეორე მხარეს უნდა.

მოკლედ, ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, შუაშია.

_ ბატონო ნოდარ, ეს ზოგადი სურათი ერთ ადამიანამდე რომ დავაკონკრეტოთ, რას გვეუბნება სტატისტიკა? რა გვჭირს და რა გვჭირდება?

_ ამ საკითხზე საშუალო ადამიანიდან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ. სწორედ იგი მოიცავს საზოგადოების შიგნით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობებს.

ჩვენ გვჭირს ერთი დიდი პრობლემა, რომელზეც რატომღაც არავინ ლაპარაკობს. ბოლო 30 წელიწადია, ჩვენი პრობლემები სისტემური ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ სისტემის შემადგენელი პრაქტიკულად არც ერთი სტრუქტურული ერთეული გამართულად არ მუშაობს. სისტემური კრიზისის ერთ-ერთი უტყუარი მაჩვენებელი არის ის, როცა ყველა მართალია, მაგრამ საქმე მაინც არ არის კარგად.

ეს არის მთავარი პრობლემა.

საქართველოში არსებული საექსპერტო საზოგადოების პოლიტიკური შეხედულებების მიზანი არის არსებული მდგომარეობის, ანუ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა პასაჟების ნეგატიურად წარმოჩენა, ქუჩურად რომ ვთქვათ, იმის აღწერა, თუ როგორ დაგვერხა. მაგრამ ხვალ და ზეგ რა უნდა იყოს _ შემდგომ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს, ამაზე საუბარი არ მომისმენია არსად და არავისგან.

_ ციფრების ენით რომ ვისაუბროთ?

_ მაგალითად, გადავხედოთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლის ბოლოსთვის იყო 4700 ამერიკული დოლარი გაცვლითი კურსით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით _ თითქმის 12 ათასი დოლარი ერთ სულზე, რაც არ არის მაინცდამაინც ცუდი მაჩვენებელი. პრობლემა ისაა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი თანაბრად არ არის განაწილებული ჩვენს საზოგადოებაზე.

უმუშევრობის დონე, 2018 წლის მონაცემებით, იყო 12,7 პროცენტი, ხოლო საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი _ 1068 ლარი ერთ დასაქმებულზე, მაგრამ, როცა დასაქმებაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი თითქმის ნახევარი მოდის სოფელში თვითდასაქმებულებზე, რაც უკიდურესად არაეფექტიანი და უკიდურესად დაბალმწარმოებლური დასაქმებაა. და, საერთოდ, სოფლის მეურნეობა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა _ უცხოური ინვესტიციების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (ერთ პროცენტზე ნაკლები) მოდის სოფლის მეურნეობის წილად.

სამაგიეროდ, ერთ სამუშაო ადგილზე დამატებითი ღირებულების მაჩვენებელი ძალიან მაღალია ისეთ არამწარმოებლურ სექტორებში, როგორებიცაა საბანკო სექტორი, საფინანსო შუამავლობა, უძრავი ქონება და ისეთი დარგები, რომლებშიც რეალური პროდუქტი არ იწარმოება. ჩვენი ეკონომიკის რეალური სახე (სოფლის მეურნეობის გარეშე) არის მხოლოდ 10 პროცენტი, რაც მიგვანიშნებს, რომ მომსახურებაზე ვართ ორიენტირებულნი.

_ ეს რას გულისხმობს?

_ გულისხმობს იმას, რომ საქართველოში გენერირებული შემოსავლები მუშაობს სხვა ქვეყნების ეკონომიკების მხარდაჭერაზე, ანუ საქართველოს ეკონომიკა გამტარის ფუნქციას ასრულებს. საქართველოში შემოდის საქონელი, რომელიც ჩვენთან იყიდება, მაშასადამე, ამ პროდუქტების მწარმოებელ ეკონომიკას აფინანსებს ჩვენი მომხმარებელი. არსებითად ვართ იმპორტდამოკიდებული, თუმცა 2019 წლის ბოლოსთვის იმპორტის მოცულობა ცოტა შემცირებულია, ექსპორტის მოცულობა _არსებითად გაზრდილი. ამის ძირითადი მიზეზი კი ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუარესებაა (უბრალო სიტყვებით – ლარის გაუფასურება. რედ.). ექსპორტი გაიაფდა, იმპორტი _ გაძვირდა. ერთი შეხედვით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციაა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მისი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში, ძნელი სათქმელია.

ის, რაც ახლა გითხარით, ზღვაში წვეთია, ზედაპირზე დევს. არსებითი პრობლემებს ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული.

_ ის, რაც ახლა თქვით, შეგიძლიათ, რომელიმე მაგალითით უფრო თვალსაჩინოდ წარმოუდგინოთ ჩვენს მკითხველს?

_ მაგალითად, ჩვენმა რომელიმე ბანკმა მიიღო საკრედიტო ხაზი უცხოური ბანკისგან. თქვენ აიღეთ ამ ბანკისგან სამომხმარებლო სესხი…

_ ღმერთმა დამიფაროს!

_ აიღეთ სესხი და იყიდეთ, მაგალითად, სამხრეთ კორეაში წარმოებული მობილური ტელეფონი. ამ საყიდლისთვის დახარჯულ ფულს ერთხელაც არ ჩაუყვინთავს საქართველოს ეკონომიკაში (უფრო ზუსტად, ერთხელ ჩაყვინთა, როცა მაღაზიაში იყიდეთ ტელეფონი) და სასწრაფოდ წავიდა იმ ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელშიც აწარმოეს. მარტივად ასეა. უფრო ზუსტად კი, საქართველოში რეალური ეკონომიკის ხვედრითი წონა ძალიან დაბალია. ჩვენთან ეკონომიკის რეალური სექტორის საწარმოების სახით არ არის შექმნილი “კაშხალები”, რომლებიც შექმნილ შემოსავლებს ქვეყანაში დააგუბებდა. ამიტომ დაგუბების ნაცვლად ფული საზღვარგარეთ გაედინება. აქ არაფერი არ გვრჩება.

როცა წყალი შემოედინება და გაედინება, ძალიან კარგია, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ დინების უყურადღებოდ დატოვებამ ნიადაგის ეროზია შეიძლება გამოიწვიოს.

_ რაც ჩვენი რეალობაა?

_ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება შემომავალი და გამავალი ნაკადების რეგულირება. არ არსებობს ამის არანაირი მექანიზმი. ქართულად ამას “ნინიას ბაღს”, ხოლო რუსულად ამას “პროხოდნოი დვორს” ეძახიან.

_ აკი ბაზარი ყველაფერს არეგულირებსო?

_ რწმენის დონეზე არის ეს. ჩვენი მთავრობა იმავე ლიბერალური მოდელის მომხრეა, რომელსაც წინა და იმის წინა მთავრობები ერთგულებდნენ, ანუ ბაზრის “უჩინარი ხელი” მათთვის რელიგიური რწმენის დონეზეა. არანაირი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენი ეკონომიკური და სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასეთი სტრატეგიის არარსებობაა: არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, რას უნდა მივაღწიოთ და ა.შ.

_ ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ თითოეულ საწარმოს, სოფელს თუ ქალაქს, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს განვითარების გეგმა და ვინმე უნდა ზრუნავდეს ამ გეგმის განხორციელებაზე. გეგმიური ეკონომიკისკენ ხომ არ სურთ შებრუნება?

_ გეგმურ ეკონომიკაზე საუბარი ჩვენთან შეურაცხყოფად ითვლება. არადა, არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა გეგმის გარეშე არ ცხოვრობს. ყველა მოქმედებს საშუალო თუ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით. რაც უფრო მაღალი დეტალიზაციისაა ეს გეგმები გეოგრაფიული, დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ასპექტებით, მით უფრო პატივსაცემია ქვეყანა. მაღალი დეტალიზაციის ეს გეგმები არსად არ ქვეყნდება, არ არის საჯარო მოხმარების, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პრობლემა, ჩვენთან ასეთი გეგმები საერთოდ არ არსებობს, მცდელობაც არ არის, რომ შეიქმნას, ერთ ენაზე, ერთიან სისტემაში მოქცეული, სხვადასხვა დარგობრივი და რეგიონული განვითარების სტრატეგია რომ იყოს შემუშავებული. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასეთი სტრატეგია არსებობს, მაგრამ იგი საჯარო მოხმარების არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სტრატეგიულად გააზრების ნიშანს არ ატარებს.

_ საარსებო მინიმუმი და სახელფასო მინიმუმი. იქნებ ამ თემაზეც თქვათ ორიოდ სიტყვა? როგორია მათი თანაფარდობა ჩვენს რეალობაში?

_ 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, ერთ ეკვივალენტურ სულზე, ანუ შრომისუნარიანი მამაკაცისთვის გათვლილი საარსებო მინიმუმი თვეში 195 ლარი იყო.

_ ერთ ადამიანზე ერთ თვეში?

_ დიახ. რა არის ეს მაჩვენებელი, რომელზეც შემდეგ იგება მთელი მითოლოგია? განაწყენება, ასე ცოტას რატომ გვითვლიანო. ვთქვათ, ბევრი დაგვითვალეს, მერე რა?! დავუშვათ, გავამრავლეთ ათზე და ვთქვათ, რომ 195 ლარი კი არა, 1950 ლარია. რეალურად რა შეიცვლება?

_ რეალურად არაფერი.

_ მოდით, ჯერ ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ რა არის საარსებო მინიმუმი.

თუ საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, მაშინ მას დათვლის ერთი მეთოდი აქვს. თუ საარსებო მინიმუმი არის სიღარიბის ზღვარი, მაშინ მას სხვა მეთოდით ითვლიან. თუ ერთდროულად უნდა იყოს სოციალური ორიენტირიც და სიღარიბის ზღვარიც, მაშინ სულ სხვა მეთოდია გამოსაყენებელი.

საარსებო მინიმუმი ჩვენთან ერთდროულად ემყარება ქვეყანაში სურსათის მოხმარების ფაქტობრივ სტრუქტურას (რაც მოსახლეობის საშუალო დიეტაა), რომელსაც ემატება მინიმალური სოციალური სტანდარტის სახით არასასურსათო ხარჯები. 195 ლარი თვეში ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ამაზე სახელფასო მინიმუმის მიბმა, უბრალოდ, არ ივარგებს, ვინაიდან სახელფასო მინიმუმი უნდა ითვალისწინებდეს იდეალურ დიეტას, არასასურსათო ხარჯებსაც უნდა ერქვას კონკრეტული სახელი და მინიმალური სოციალური სტანდარტის კოეფიციენტის მეშვეობით არ უნდა ისაზღვრებოდეს.

195 ლარი თვეში რაღაც მაჩვენებელი მაინც არის. აქ ყველაზე საინტერესოა არა ის, თუ რამდენი ლარია იგი ნომინალურ განზომილებაში, არამედ ის, რომ წლების განმავლობაში ერთი და იმავე მეთოდით იანგარიშებოდა.

მკითხველი რომ არ დავაბნიო, მარტივად ვიტყვი: 2004 წელს ზუსტად იგივე საარსებო მინიმუმი შეფასებული იყო 84 ლარად(!). დღეისთვის 195 ლარია. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად გაძვირდა საქართველოში უღარიბესი ცხოვრება.

ამას მე ვუწოდებ უკიდურესი სიღარიბის ზღვარს. ამ დონეზე ცხოვრება ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შეიძლება ფიზიკურად გადარჩე.

სიღარიბის განმარტება მარტივია: სიღარიბე არის კეთილდღეობის ნაკლებობა. კეთილდღეობა კი მრავალგანზომილებიანი და ურთულესი ცნებაა, ყველა ინდივიდისთვის განსხვავებული _ მონეტარული, არამონეტარული, მატერიალური, არამატერიალური, მენტალური, ტრადიციული და ა.შ. მდგენელობით. კეთილდღეობის მინიმალური სტანდარტის განსაზღვრა ძალიან რთული საქმეა.

ჩემი აზრით, ყველა საზოგადოებაში დროის ყველა მონაკვეთში სიღარიბის ხუთსაფეხურიანი ევოლუციაა წარმოდგენილი: ფიზიოლოგიური სიღარიბე, ანუ შიმშილი, რომელიც უპირველესია; საშემოსავლო სიღარიბე, არამონეტარული სიღარიბე, სტრუქტურული სიღარიბე; დაბოლოს, მენტალური სიღარიბე, რომელიც არის თავში, რასაც ადამიანი თავისი მდგომარენობიდან გამომდინარე განსაზღვრავს.

ამ ყველაფრის ცალ-ცალკე განმარტება ძალიან შორს წაგვიყვანს. ერთი ინტერვიუს ფარგლებში ამ საკითხის ამოწურვა შეუძლებელია.

დასკვნისთვის ვიტყვი: სიღარიბის დონის შემცირება მოსახლეობაში ავტომატურად უკმაყოფილების შემცირებას არ ნიშნავს.

_ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებაც მინდა გკითხოთ. გახსოვთ, რა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ლარის კურსის გაიაფებას?

_ შევისწავლე და გავაანალიზე ეს მოვლენა და აღმოჩნდა ერთი საინტერესო რამ. ქართული ლარის დევალვაციის ხარისხი მეზობელ ქვეყნებს შორის (სომხეთის ჩაუთვლელად) ყველაზე დაბალი იყო. ყველაზე მეტად თურქული ლირა გაუფასურდა და უკრაინული გრივნა, რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი და ა.შ. სომხური დრამი ყველაზე ნაკლებად გაუფასურდა და ყველაზე უფრო მყარი ვალუტა გამოდგა.

_ რა მიზეზით?

_ მთავარი მიზეზი სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულებაა უცხოეთიდან შემოსულ გზავნილებზე. ჩვენც ვართ დამოკიდებული, მაგრამ უფრო მეტად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთზე. სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზეა დივერსიფიცირებული. ამიტომ იყო, რომ სომხური დრამი შედარებით ნაკლებად გაუფასურდა.

_ რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ამ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად? თუ სახელმწიფოს როლი ნულის ტოლია?

_ განვითარების მიღწევა სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე შეუძლებელია. უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია განვითარების დეტალური სტრატეგიის შემუშავება, უნდა გაკეთდეს განვითარების დეტალური მოდელი, რომლის გარეშეც ქვეყანა ჰგავს მართვადაკარგულ ხომალდს, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მეჩეჩზე “დაჯდეს”; უარეს შემთხვევაში _ კლდეს დაეჯახოს და დაიმსხვრეს.

სტრატეგიის გარეშე განვითარებაზე საუბარი არასერიოზულია. თუ რაიმე წინსვლა მაინც შეგვეტყობა, შემთხვევითობის წყალობით მოხდება, სპონტანური და ეპიზოდური იქნება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი განვითარების სტრატეგია უნდა დავწეროთ ჩვენ. განვითარების სტრატეგიას სხვა ვერავინ დაგვიწერს.

ან თუ დაგვიწერს, ეს ჩვენი განვითარების სტრატეგია არ იქნება.

არმაზ სანებლიძე

P.S. ინტერვიუს ბოლოს ბატონმა ნოდარ კაპანაძემ ჩვენი საუბარი ერთი ფრთიანი ფრაზით გაახალისა: მომავლის მოდელის გარეშე სისტემური კრიზისის დაძლევა შემთხვევითი ღონისძიებებით ისევე შეუძლებელია, როგორც ერთ, ცალკე აღებულ სანტიმეტრზე შუაგულ ჯოჯოხეთში სამოთხის ბაღის გაშენება. ხოლო სააკაშვილის ნაქები სინგაპურის კეთილდღეობის სისტემის საქართველოში გადმონერგვის შესახებ თქვა: ეს იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე სიტყვის დახარჯვაც კი მენანებაო.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here