Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ კაპანაძე: ყოველი დაგვიანებული დღით სასურველი შედეგების დადგომის ვადა სულ უფრო შორს...

ნოდარ კაპანაძე: ყოველი დაგვიანებული დღით სასურველი შედეგების დადგომის ვადა სულ უფრო შორს გადაიწევა

4314
ნოდარ კაპანაძე

რუბრიკის პრემიერა

საქართველო და მსოფლიოსწლევანდელ მესამე ნომერში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ სტატისტიკოს ნოდარ კაპანაძესთან მკითხველების ინტერესი გამოიწვია (“შუაგულ ჯოჯოხეთის ერთ, ცალკე აღებულ სანტიმეტრზე სამოთხის ბაღს ვერ გააშენებ”). მათ პრობლემაში უფრო საფუძვლიანად გარკვევის სურვილი გაუჩნდათ და რედაქციას მოგვმართეს, გვეთხოვა რესპონდენტისთვის, გაეგრძელებინა საუბარი, ამჯერად მკითხველების შეკითხვებზე პასუხის გაცემით. ასე დაიბადა ახალი რუბრიკის შემოღების იდეა. დღეს ამ რუბრიკის პრემიერაა: “მკითხველი აგრძელებს საუბარს”. მკითხველების შეკითხვებს უპასუხებს ბატონი ნოდარ კაპანაძე.

_ მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო ნოდარ, თანაბრად არ არის განაწილებული ჩვენს საზოგადოებაზე. რატომ? რა უშლის ამას ხელს? რა უნდა გაკეთდეს ამ უთანაბრობის გამოსასწორებლად?

_ საინტერესო და ამასთანავე ძალიან რთული შეკითხვაა. ამომწურავი პასუხის გაცემაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შევეცდები, ჩემი აზრით, ძირითადი მიზეზები გამოვყო.

უთანაბრობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ეკონომიკის სექტორებს შორის შრომის მწარმოებლურობის კუთხით არსებითი განსხვავებაა. ერთი და იმავე კლასიფიკატორის მიხედვით განაწილებული მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების სტრუქტურა არსებითად განსხვავებულია, რაც ადასტურებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს შორის არსებულ დრამატულ განსხვავებას. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში მთლიანი დასაქმების დაახლოებით 40 პროცენტი იყო თავმოყრილი, ხოლო იმავე სექტორის ხვედრითი წონა მთლიან შიდა პროდუქტში 8 პროცენტზე ოდნავ ნაკლები იყო. სამაგიეროდ, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორის წილი მთლიან დასაქმებაში 1 პროცენტზე ნაკლები იყო (სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში), ხოლო ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 11 პროცენტს აღემატებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების სტრუქტურა ერთმანეთს არსებითად აცილებულია.

ზოგის აზრით, დასაქმებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ასიმეტრიული დარგობრივი სტრუქტურა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. აღნიშნული შეუსაბამობა უსისტემო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც, ბოლო სამი ათეული წელია, გრძელდება. ანუ მიზეზი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის უსისტემობაა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ დამისახელებთ განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის ვერც ერთ მაგალითს. ეკონომიკური პოლიტიკიდან ასეთ მაგალითს ვერ ვიხსენებ. სოციალური პოლიტიკიდან შეიძლება მისამართული სოციალური დახმარების სისტემაზე მიმითითონ, რომელიც მეთოდოლოგიურად უდავოდ გამართული სისტემაა, მაგრამ ეს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა არაა. ასევე, წარმატებულ მაგალითად შეიძლება დასახელდეს საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაც, მაგრამ ეშმაკი აქაც დეტალებშია და, თუ სიღრმეში ჩავხედავთ, ჯანმრთელობის დაცვაზე მისაწვდომობის ფრაგმენტული გაუმჯობესების გარდა, ამ პროგრამის შედეგი გრძელვადიანი პერსპექტივების მქონე არაა, ვინაიდან, საერთოდ, უგულებელყოფილია პროფილაქტიკის ელემენტი.

_ სოფელში თვითდასაქმებულებზე ბრძანეთ, რომ მათი შრომა უკიდურესად არაეფექტიანი და დაბალმწარმოებლურია. და, საერთოდ, სოფლის მეურნეობა საქართველოში ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამ დარგში ინვესტიციები არ იდება. იქნებ, განგვიმარტოთ, თუ რატომაა ასე იმ ფონზე, როცა, მთავრობის განცხადებით, ამ დარგში ორ მილიარდ ლარზე მეტი არის ინვესტირებული? სად წავიდა და რაში დაიხარჯა ეს ფული? და, საერთოდ, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში? რა უნდა გაკეთდეს, რომ სოფლად თვითდასაქმებულთა შრომა უფრო მწარმოებლური გახდეს?

_ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ეს საუბარი, როგორც წესი, ზედაპირულია და ემოციების დონეს არ სცილდება. სწორედ საინფორმაციო ფონის შესაბამისია სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განხორციელებული სახელმწიფო თუ საერთაშორისო მხარდაჭერით განხროციელებული პროგრამებისა და პროექტების ჯამური ეფექტიც. სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ საქართველოში პერსპექტივა უდავოდ არის, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი უპირატესად ორი დიამეტრულად საპირისპირო ფორმულირების ირგვლივ იყრის თავს:

მიწა - ჩვენი მარჩენალი
მიწა – ჩვენი მარჩენალი

1.“ქართველმა გლეხმა ყველაფერი იცის და მას მხოლოდ ფინანსური დახმარება სჭირდება, დანარჩენს ყველაფერს თვითონ მიხედავს”. ამ ურაპატრიოტული მოსაზრების ირგვლივ თავმოყრილ “განსაცდელისტებს” ავიწყდებათ, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები ოჯახების სარგებლობაში არსებული საშუალოდ 0,8 ჰექტარი ფართობის მიწა საშუალოდ 2,2 ნაკვეთად არის განაწილებული და მიწის ასეთ მცირე ფართობზე ვერანაირი ფინანსური დახმარება გრძელვადიანი ეფექტის მქონე ვერ იქნება.

მიწის რესურსების კონსოლიდაციის გარეშე მეურნეობა ეფექტიანი ვერ იქნება. მაგალითად თუნდაც 2013 და 2014 წლებში განხორციელებული მასშტაბური პროგრამები გამოდგება, როდესაც სოფლებში მასობრივად დაუმუშავეს მიწები, რასაც გარკვეული და საკმაოდ სერიოზული ეფექტი ჰქონდა ამ წლებში (თუმცა დანახარჯებთან შედარებით ეფექტი საკმაოდ დაბალი იყო), მაგრამ შემდგომ წლებში წინსვლა აღარ გაგრძელებულა. ასევე კარგი მაგალითია გურჯაანისა და თელავის რაიონებში 2012 წელს დასეტყვილი ვენახების ანაზღაურება, რომელიც ტექნიკური თვასაზრისით ძალიან მაღალ დონეზე, ორგანიზებულად გაიცა, მაგრამ დაუყოვნებლივ კონვერტირდა სატრანსპორტო საშუალებებში. ამის კვალზე ანეკდოტიც კი გაჩნდა: “გურჯაანში რომ მოიღრუბლება, მოსახლეობა “მაი ავტოს” საიტზე შედის და მანქანებს არჩევსო”;

2.“ქართველმა გლეხმა არაფერი იცის და მას არაფერი ეშველება”, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას პერსპექტივა არ გააჩნია და, საერთოდ, “მომეცით პისტოლეტი ერთი ტყვიით”. ეს მოსაზრება უფრო მეორე ტიპის “განსაცდელისტებს” ახასიათებთ, რომლებსაც გულწრფელად სწამთ, რომ “ბაზრის უჩინარი ხელი” ყველაფერს დაარეგულირებს, ხოლო საქართველოს სოფლის მოსახლეობა თუ ფრჩხილებს გარეთ იქნება გატანილი, ეს მისი პრობლემაა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხზე მსჯელობა, ძირითადად, ამ ორი პოლუსის ირგვლივ იყრის თავს და არც იფიქროთ, რომ ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების კამათში “ჭეშმარიტება დაიბადება”. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო თუ საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს, ისინი თავისი გზით მიდის და მათი ჯამური ეფექტი თითქმის შეუმჩნეველია, ვინაიდან:

1.პროექტები უსისტემოდ არის გაფანტული და ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. არაა გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების სრული ციკლი, .. ღირებულებათა ჯაჭვი. ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის თუნდაც საუკეთესო მხარდაჭერა არ ნიშნავს მთლიანი ჯაჭვის მხარდაჭერას. მაგალითად, მხოლოდ ჩაის პლანტაციების აღდგენის მხარდაჭერა არ ნიშნავს ჩაის წარმოების სრულ მხარდაჭერას და ა. შ.;

2.საინტერესოა თვით ფინანსური მხარდაჭერის სტრუქტურა, როდესაც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად გამიზნული კრედიტი საერთო წესით გაიცემა გაზაფხულზე და დაუყოვნებლივ ირთვება მრიცხველი, მაშინ, როდესაც ამ კრედიტით შემოსავლების მიღება შემოდგომამდე ვერ მოხერხდება. ეს, უბრალოდ, მაგალითისთვის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებს, აქ მნიშვნელოვანია თვით ცნებაგრანტისშინაარსი, რომელიც ნიშნავს, ჭკვიანი, მაგრამ უფულო ადამიანების მოძებნას. უფულო ბევრია, ხოლო ჭკვიანი _ ნაკლები. ამდენად, საჭიროა სელექციის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც გრანტის მრავალ მსურველთა შორის ყველაზე ღირსეულის გამორჩევას უზრუნველყოფს. განაცხადის ფორმები, რომლებიც მე მინახავს, ამ გამოწვევას ნაკლებად უპასუხებს;

3.თითქმის არც ერთ პროგრამას არ გააჩნია ზომვად მაჩვენებლებში ასახული მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც პროექტის (პროგრამის) დაწყებამდე უნდა შემუშავდეს, სადაც უნდა იყოს დროსა და სივრცეში გაწერილი პროექტის (პროგრამის) მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგის და პროექტის (პროგრამის) შედეგად მიღებული შედეგების შეფასების მაჩვენებლები დასაბუთებით, მაჩვენებელთა “საპასპორტო” მეტა მონაცემებით და ა.შ. პირადად მე ასეთი რამ არც სოფლის მეურნეობის და არც სხვა პროგრამების შემთხვევაში არ მინახავს;

4.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უაღრესად მწირი საკომუნიკაციო სტრატეგიაც არის, რომელიც პროექტების (პროგრამების) უშუალო სამიზნე ჯგუფთან, სოფლის მოსახლეობასთან ნაკლებად ინტერაქტიურ ურთიერთობაში გამოიხატება. ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს და თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უშუალოდ სოფლის მეურნეობის გრანტების ბენეფიციართა საკმაოდ დიდი ნაწილი სულაც არაა სოფლად მცხოვრები, რაც სწორედ კომუნიკაციის სიმწირის შედეგია და, შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია.

ჩემი აზრით, ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისა და პროექტების დაბალი წარმატების ძირითადი მიზეზები. მგონია, რომ იგივე მიზეზები მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების მახასიათებელი არაა. ეს საერთო სენია.

_ იმპორტის მოცულობის შემცირება და ექსპორტის გაზრდა ფიზიკური მოცულობების მიხედვითაა ასახული თუ მხოლოდ ფასებისა და ციფრების მიხედვითაა დათვლილი? ამ შემცირებაგაზრდაზე, სახელდობრ, როგორ იმოქმედა ლარის კურსის ცვლილებამ?

_ ამ შემთხვევაში საუბარია ფინანსურ განზომილებაზე. იმპორტიც და ექსპორტიც ერთსა და იმავე ვალუტაშია შეფასებული. ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ ფიზიკური მოცულობების ცვლილების ვექტორი ისეთივეა, როგორიც ფინანსური მოცულობების, ანუ ექსპორტის ფიზიკური მოცულობებიც გაიზარდა.

_ ინტერვიუში ამოვიკითხე: “სიღარიბის დონის შემცირება მოსახლეობაში ავტრომატურად უკმაყოფილების შემცირებას არ ნიშნავს”, .. მოსახლების უკმაყოფილება მრავალკომპონენტიანია? როგორია ეს კომპონენტები, რითაა ხალხი უკმაყოფილო?

_ ეს ურთულესი კითხვაა და ერთი საგაზეთო ინტერვიუს ფარგლებში ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია. შევეცდები ძირითადი ვექტორების აღწერას. უნდა შევთანხმდეთ, რომ სიღარიბე არის კეთილდღეობის ნაკლებობა, ხოლო კეთილდღეობა ძალზე რთული და მრავალგანზომილებიანი ცნებაა. სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კეთილდღეობას განსხვავებულად აღიქვამს. უფრო მეტიც: ერთი და იმავე ადამიანისთვის თავისი ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობის ცვლილების შესაბამისად კეთილდღეობის ცნების შინაარსიც იცვლება. ჩემი კონცეფცია განიხილავს სიღარიბის ევოლუციის ხუთ საფეხურს:

1.ფიზიოლოგიური სიღარიბე;

2.საშემოსავლო სიღარიბე;

3.არამონეტარული სიღარიბე;

4.სტრუქტურული სიღარიბე;

5.მენტალური სიღარიბე.

ნოსტალგია: „იქ სადაც გუშინ კიოდა ტურა“
ნოსტალგია: „იქ სადაც გუშინ კიოდა ტურა…“

ფიზიოლოგიურ სიღარიბეში მყოფი ადამიანისთვის კეთილდღეობა საკმარისი საკვებია. საშემოსავლო სიღარიბეში მყოფი ადამიანისთვის კეთილდღეობა შემოსავლების ისეთი დონეა, რომელიც მისი სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. არამონეტარულ სიღარიბეში მყოფი ადამიანისთვის კეთილდღეობა, შემოსავლებს გარდა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო და სერვისებია. სტრუქტურულ სიღარიბეში მყოფი ადამიანისთვის საკმარის შემოსავლებთან და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებთან ერთად სხვა დამატებით ინფრასტრუქტურაზე მისაწვდომობა და კომფორტული საკანონმდებლო სივრცეა, ხოლო მენტალურ სიღარიბეში მყოფი ადამიანისთვის კეთილდღეობა საკუთარი მდგომარეობის სუბიექტური შეფასებაა, ანუ თავის მდგომარეობას თვითონ როგორ აღიქვამს.

აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანისთვის სიღარიბის თითოეული გამოვლენის დაძლევის შემდეგ კეთილდღეობის ახალი ორიენტირები ჩნდება, რომელთა ნაკლებობაც უკმაყოფილების საფუძველია. ამდენად, სიღარიბის რომელიმე გამოვლინების შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს უკმაყოფილების შემცირებას. მეტიც: სიღარიბის შემცირებას, შესაძლოა, უკმაყოფილების ზრდაც კი მოჰყვეს და ეს გამოწვეული იქნება არა სიღარიბის შემცირებით, არამედ რომელიღაც სიღარიბის დაძლევის შემდეგ გამოჩენილი კეთილდღეობის ახალ ზღვრამდე დიდი დაშორებით. აქვე უნდა ითქვას, რომ სიღარიბის ხუთივე ფორმა ერთსა და იმავე საზოგადოებაში ერთდროულად არსებობს.

სიღარიბის დიაგნოსტიკისა და ანალიზის თვალსაზრისით, ქრესტომათიული ნაწარმოებია ლავრენტი არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, რომელშიც ჩემ მიერ ხსენებული სიღარიბის ხუთივე გამოვლინება თვალნათლივ არის წარმოჩენილი. თავიდან სოლომონ ისაკიჩი შემოსავლების მიხედვით ძალიან მდიდარი, მაგრამ მოხმარების დონითა და ცხოვრების წესით უკიდურესად ღარიბი იყო. სოლომონ ისაკიჩმა ნორმალური ცხოვრების დაწყება რომ გადაწყვიტა (სხვათა შორის, მეჯღანუაშვილს რეალური პროტოტიპი ჰყავდა), უწინარესად, შიმშილის სიღარიბე დაძლია _ ოჯახში საკვები მიიტანა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ შვილებსა და მეუღლეს, თვითონაც დაფლეთილი ტანსაცმელი ეცვათ და საშემოსავლო სიღარიბე დაძლია. ამის შემდეგ უკვე არამონეტარული სიღარიბის დაძლევის ჯერი მოვიდა და, უბრალოდ, მრთელი კი არა, მოდური ტანსაცმელი შეიძინა. მართალია, მისმა ქალიშვილმა ბეჭდები ხელთათმანზე გარედან წამოიცვა, რაც ინტელექტუალური სიღარიბითაა გამოწვეული, მაგრამ არამონეტარული სიღარიბე წარმატებით იქნა დაძლეული. მომდევნო ეტაპზე სოლომონ ისაკიჩმა უკვე სტრუქტურული სიღარიბის დაძლევა დაიწყო: წავიდა ოპერაში (მართალია, შუა წარმოდგენისას ტაში დაუკრა, მაგრამ “ხდება ხოლმე”); გადაწყვიტა, ალექსანდრე რაინდიძესთან დამოყვრება და საზოგადოებაში გამოსვლა და ა.შ. ბოლო ეტაპზე კი გაახსენდა, რომ მის გვარში ძალიან ცუდად ერია “ჯღანი” და გვარის გაკეთილშობილებაც სცადა, რაც მენტალური სიღარიბის შემადგენელი ელემენტია. და, თუ დავაკვირდებით, სიღარიბის სხვადასხვა გამოვლინების დაძლევის არც ერთ ეტაპზე სოლომონ ისაკიჩი კმაყოფილი არ ყოფილა, არა იმიტომ, რომ უკან მოტოვებული დუხჭირი ცხოვრების წესი მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ გამოჩენილი ახალი ორიენტირები იყო მისაღწევი. კლასიკა კი კლასიკა იმიტომაა, რომ ყველა დროში ერთაირად მოქმედებს. ლიტერატურული პარალელების კიდევ ბევრი შესაძლებლობაა, მაგალითად, “დათა თუთაშხია”, ასევე, ძუნწი რაინდი _ გობსეკი და მრავალი სხვა.

ეს _ რაც შეეხება სიღარიბის შემცირებისა და უკმაყოფილების ხარისხის შეუსაბამობის განმსაზღვრელ ობიექტურ გარემოებებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კმაყოფილებისა და უკმაყოფილების დონეებს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საზოგადოებაში არსებული საინფორმაციო ველი. ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებაში სრული კატასტროფაა. ქართულ საინფორმაციო სივრცეში, უბრალოდ, აკრძალულია რაიმე კარგის აღნიშვნა, თუ დადებითი მოვლენა ისეთი თვალში საცემი არაა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, რომელიც იმდენად უდავოა, რომ კონტრარგუმენტი არ არსებობს. მაგალითად, ლაშა ტალახაძემ დაივიწყა გრავიტაციის კანონი და ასწია უსაშველოდ მძიმე წონა. ამას ვერაფერს მოუხერხებ და, გინდა თუ არა, უნდა თქვა, მაგრამ არა უმეტეს. ასეთი ნეგატიური საინფორმაციო გარემო პირდაპირ მოითხოვს უკმაყოფილების მიზეზების ძებნას, რომელთა პოვნაც ყოველთვის და ყველა საზოგადოებაში სავსებით შესაძლებელია. ჩვენთან საინფორმაციო დღის წესრიგი ცალსახად ნეგატივზეა მიმართული.

_ თურქეთი საქართველოსთვის სამომხმარებლო საქონლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. თურქული ვალუტის გაუფასურებამ პროპორციულად გააიაფა თურქული საქონელიც; რა თქმა უნდა, ისიც, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს. ერდოღანმა სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა ლირის გაუფასურების თაობაზე და თურქ მწარმოებლებს მოუწოდა (მისი მმართველობის სპეციფიკიდან გამომდინარე _ მოსთხოვა), ფასები არ გაეძვირებინათ. ლოგიკა ისაა, რომ თურქულ საქონელზე ჩვენთან ფასები უნდა შემცირებულიყო. პირიქით კი მოხდა: ფასები მუდმივად იმატებს. რატომ ხდება ასე?

_ უწინარეს ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სამომხმარებლო ფასების ცვლილება (ინფლაცია) და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება (დევალვაცია). საქართველოში ბოლო წლებში ლარის გაუფასურებისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი განსხვავებული იყო. მაგალითად, ის, რომ თურქეთიდან იმპორტიც გაიაფდა, ამიტომაც სამოხმარებლო ფასების ზრდა არ ყოფილა ისეთი მკვეთრი, როგორც ლარის კურსის გაუარესება. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდას, ეს გლობალური ტენდენციაა და საქართველო, როგორც გლობალური სისტემის არცთუ გადამწყვეტი ნაწილი, ამ ტენდენციას გვერდს ვერ აუვლის.

_ და მთავარი შეკითხვა: გეთანხმებით, რომაუცილებელია განვითარების დეტალური სტრატეგიის შემუშავება, უნდა გაკეთდეს განვითარების დეტალური მოდელი, რომლის გარეშეც ქვეყანა ჰგავს მართვადაკარგულ ხომალდს”. რატომ არ შეიმუშავებს ჩვენი მთავრობა ამ სტრატეგიას? კვალიფიკაციის ნაკლებობის მიზეზია თუ შეგნებულად გვერდს უვლის? თქვენეული ხედვით, როგორი უნდა იყოს ეს სტრატეგია?

_ ეს კითხვა მთავრობას უნდა დაუსვათ. იგივე კითხვა შეიძლება დაუსვათ პოლიტიკური ამბიციების მქონე თითოეულ გაერთიანებას. მე ვერ გეტყვით, რატომ არ აკეთებენ ამას მთავრობა ან სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მთავრობის შეცვლის ამბიცია აქვთ. მე შემიძლია გითხრათ ჩემი მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყოს ეს დოკუმენტი. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი ან ორი დღის საქმე. ძალიან სერიოზული სამუშაოა, რომელიც ძალიან მაღალ კვალიფიკაციასა და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამას შეიძლება დავარქვათ სიმეტრიული განვითარების სტრატეგია, შეიძლება დავარქვათ ინკლუზიური განვითარების სტრატეგია. მთავარია, რომ ეს იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ჩვენი ქვეყნის მომავლის მოდელი, რომელშიც თითოეული მოქალაქე საკუთარ თავს დაინახავს. ჩემი აზრით, სტრატეგიის ძირითადი ვექტორები ასეთი უნდა იყოს:

1.ძირითადი პრინციპები:

1.1. ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და შეუქცევადი ზრდა;

1.2. ეკონომიკურ ზრდაში მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართვა;

1.3. ქვეყნის სიმეტრიული განვითარება და განვითარების პროცესში პერიფერიების აქტიური ჩართვა;

1.4. ეკონომიკური ზრდის მკვეთრად დადებითი სოციალური ზეგავლენა;

1.5. შიდა სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების პრიორიტეტულობა;

1.6. ორიენტირი გრძელვადიან პერსპექტივებზე.

2.პრობლემა: არ არსებობს განვითარების სისტემურად გააზრებული სტრატეგია. კერძოდ:

2.1. პროგრამული დოკუმენტების უმეტესობა დეკლარაციული ხასიათისაა;

2.2. პროგრამები ერთმანეთთან თანხევდრაში არაა;

2.3. პროგრამებს არ გააჩნია მონიტორინგისა და შეფასების ზომვად ინდიკატორთა ბადე;

2.4. აქედან გამომდინარე, პროგრამების შესრულების ხარისხი ბუნდოვანია და პროგრამების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა გაურკვეველი;

3.მიზანი: განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც იქნება:

3.1. მაღალი დეტალიზაციის:

3.1.1. გეოგრაფიული ნიშნით: რეგიონების, მუნიციპალიტეტების და ცალკეული მიმართულებებით საკრებულოების დონეზე;

3.1.2. ეკონომიკური საქმიანობის ნიშნით _ NAჩE2 კლასიფიკატორის ორნიშნა, სამნიშნა და ცალკეული მიმართულებებით შეიძლება ოთხნიშნა დონეზე;

3.1.3. ღონისძიებების მიხედვით, შემუშავებული იქნება გრძელვადიანი სამთავრობო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც მაქსიმალურად დეტალიზებული და პროგნოზირებადი იქნება;

3.2. თეორიულად გამართული:

3.2.1. დეტალურად აღწერილი და დასაბუთებული იქნება მიდგომები;

3.2.2. მოცემული იქნება მონიტორინგისა და შეფასების ზომვად ინდიკატორთა ბადე, რომელშიც აღწერილი და კლასიფიცირებული იქნება თითოეული მაჩვენებელი;

3.2.3. მოცემული იქნება საპროგნოზო გათვლები და შემუშავებული იქნება პროგნოზირების სისტემა;

4.ამოცანები: სტრატეგიის შემუშავების ეტაპები:

4.1. დიაგნოსტიკა და არსებული მდგომარეობის შეფასება, რომელზეც განისაზღვრება სიღარიბისა და უთანაბრობის შეფასების ძირითადი მიდგომები, ჩატარდება არსებული ინფორმაციული მასივების ანალიზი, აიგება სიღარიბის პროფილი;

4.2. მოდელის შემუშავება _ არსებული მდგომარეობის შეფასების ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, მომზადდება შემდგომი განვითარების მოდელი, რომელიც ასევე მაღალ დონეზე იქნება დეტალიზებული;

4.3. მოდელის რეალიზაციის მექანიზმების შემუშავება _ შემუშავებული იქნებ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამთავრობო პროგრამების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შემუშავებული მოდელის პრაქტიკაში რეალიზაციას;

4.4. მონიტორინგისა და შეფასების სისტემა _ მონიტორინგისა შეფასების სისტემის შემუშავება მთელი პროექტის მიმდინარეობისას გაგრძელდება, მაგრამ მოდელის რეალიზაციის მექანიზმის შემუშავების შემდეგ მომზადებული იქნება მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ალგორითმი, კლასიფიცირებული იქნება მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორები თავისი განმარტებით, გაანგარიშების მეთოდითა და ინფორმაციის წყაროების მითითებით;

5.შედეგები: შემუშავებული იქნება განვითარების სისტემურად გააზრებული და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია, რომელშიც განვითარების პროცესი მკაფიოდ იქნება გააზრებული.

5.1. დროში _ შესაბამისი მაჩვენებლების დღემდე არსებული და საპროგნოზო მაჩვენებლების დროითი მწკრივი;

5.2. სივრცეში _ გეოგრაფიული, ეკონომიკური საქმიანობებისა და სხვა ჭრილებში ჩაშლილი დღემდე არსებული და საპროგნოზო მაჩვენებლები.

მე თუ მკითხავთ, ასეთი სტრატეგია, სულ ცოტა, 30 წლის წინათ უნდა შემუშავებულიყო. მას შემდეგ ყოველი წელიწადი დაგვიანებაა და მომავალშიც, რამდენი დღითაც გადაიდება ეს სამუშაო, ზუსტად იმდენი დღე იქნება დაგვიანება. ეს ბანალური არითმეტიკა იმიტომ მოვიხმე, რომ ყოველი დაგვიანებული დღით სასურველი შედეგების დადგომის ვადა სულ უფრო შორს გადაიწევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here