Home ახალი ამბები საქართველო მწერალ სერგი საჯაიას 75-ე წლისთავისათვის

მწერალ სერგი საჯაიას 75-ე წლისთავისათვის

ცრემლში დანახული მამული

172

(ფიქრები სერგი საჯაიას პუბლიცისტური ხმით ნატირალზე)

სერგი საჯაიას ქართველთა წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მას იცნობენ როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ უზადო პატრიოტს, ეროვნული მოძრაობის მოღვაწესა და სამშობლოს საჭიროებათა შესაბამისად დამაშვრალ კაცს, რომელმაც თავის თავზე იწვნია ის დაუნდობელი რეპრესიები, რომლებიც მტრებმა დაატეხეს თავს საქართველოს

რეპრესიებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ბევრი პატრიოტის სიცოცხლე შეიწირა “ბოთლიდან” გამოშვებულმა ბოროტმა ჯინმა, ბევრი ფიზიკურად და სულიერად დაასახიჩრა… არც სერგი საჯაია იყო გამონაკლისი… იმ ეკლიან გზაზე, რომელიც პატრიოტებს განუმზადა განგებამ, ბატონი სერგი საჯაიას გვერდით იყო და მასთან ერთად ვიდოდა მისი მეუღლე და თანამებრძოლი ქალბატონი ნანა. მათი ურთიერთობა საოცარი სიმბიოზი იყო ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარულისა და პასუხისმგებლობისა. ძალიან ძნელია მეგობრისა და თანამებრძოლის დაკარგვა, მით უფრო, თუ იგი მეუღლეც არის; კიდევ უფრო რთულია, თუ სამშობლოც დაკარგული გაქვს. აი, სერგი საჯაიას დაემართა ეს! მან საკუთარი ოდაბადე და ყებური დე ფაქტოდ დაკარგულ აფხაზეთთან ერთად დაკარგა და, თუმცა დე იურედ დაუკარგავია დანარჩენი მისი სამშობლო, მაგრამ, გალაკტიონისა არ იყოს, ძნელია “მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო!”

აი, ეს განცდაა გადმოცემული (მე ასე დავინახე) მის ახალგამოცემულ პუბლიცისტურ წიგნაკშიმინონგარაფა ჩემი სულიერი ფორიაქის”, რომელსაც მე პუბლიცისტური ხმით ნატირალი ვუწოდე.

სერგი საჯაია ორიგინალური სტილის მწერალია. მე ძალიან მომწონს ეს და იმასაც ვგრძნობ, რომ ყველასთვის მოსაწონი არ იქნება მისი ენა და სტილი, ბევრისთვის _ გაუგებარიც. გარკვეული ცოდნა-გამოცდილებაც სჭირდება მის მკითხველს საიმისოდ, რომ დაინახოს ის განცდა, რომელიც მის ორიგინალურ სტილსა და წერის მანერაშია ბოლომდე საცნაური. განცდის სიმძლავრეა აკუმილირებული სულიერ საუფლოში გადასული მეუღლისადმი მიმართვაში, რომელიც წიგნის ყდაზეა გამოტანილი: ჩემო თოლიგე, ასგზის შურიგე და სულის ყებურო, !..” და იქვე რუსთველის სტრიქონში: “აწ დავკარგე: რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!”

მთელი ეს სულისშემძვრელი სევდით გაჟღენთილი წიგნი დღიურის ფორმით არის დაწერილი. მასში ერთმანეთშია გადაჯაჭვული პიროვნული და საქვეყნო ვარამი, რომელიც ინფორმაციად, ანუ ამბად კი არ შემოდის მკითხველში, არამედ იმ სევდად, რეალურ-საგნობრივად რომ რჩება მასში.

დღიურები იწყება მეუღლის მძიმე სენით გამოწვეული ტრაგიკული რეალობის გაცნობიერებით. “სათავზარო სიცხადის პირისპირ” _ ასე შევყავართ ავტორს უკიდეგანო სევდისა და გულისწყვეტის ოკეანეში. “როგორ ვეიმედებოდი! ვგრძნობდი, მისი დანისლული თვალგახელა თუ როგორ დანდობილად მადგენდა თავისი უმწეობის მაშველ რგოლად: მკლავში ჩამებღაუჭა, ჩაიკრა და ხელისგულზე მაკოცა. ახლა კი, ამ წუთში ვიდექი ხეჭკურე, უმწეო, უღონო და უხვალდღეო” (გვ. 5).

სერგი საჯაია წარბშეუხრელად იდგა ყველა საფრთხის წინაშე, რომელიც არასოდეს დაჰკლებია საქართველოს; სიკვდილისთვისაც ჩაუხედავს თვალებში, მაგრამ სასოწარკვეთა არ გამოხატვია არც სახეზე, არც სიტყვაში. ახლა კი, სიბერეში ფეხშედგმულ ბერიკაცს, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მეუღლეს რომ დასცქერის (23. 12. 2019, “დრო მხოლოდ ორისათვის”), ბზარი გასჩენია ხმაში: “ვეგდე გაუნძრევლად, ყურს ვუგდებდი მის მოფორიაქე სუნთქვას და ვგრძნობდი კი არა, მესმოდა, თუ როგორ მომბღაოდა გულსმოგლეჯილი ოდაბადე ჩემი: დიდოუ ნანა, ჭყოლირ გურსუ ვამიჭუა!”

ცოლიც და ქმარიც ერთმანეთის სიყვარულს სამშობლოს სიყვარულთან აიგივებდნენ, რაც კარგად ჩანს ამ დღიურებში, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, როდესაც ქმარი მძინარე ან უგონოდ მყოფ მეუღლეს ესაუბრება და სჯერა, ალბათ, რომ თვალდახუჭულ თანამეცხედრეს ესმის ყველაფერი, რასაც ფხიზელი და ფეხზემდგომი ეუბნება: “შენ იცი, მე ვტიროდი და ვიბრძოდი სამშობლოს გამო. ის მე (მეტი საქმე არა აქვს) არ დამიტირებს, სამაგიეროდ შენ დაიცრემლები ჩემს საფლავზე, ნანა!” (გვ. 7).

საოცარია, როგორ არის ამ სიტყვებში ერთდროულად გადმოცემული გულგატეხილობა, სამდურავი და ოპტიმისმ _ გულგატეხილობა და სამდურავი იმის გამო, რომ სამშობლო არ აფასებს და არც დაიტირებს მისთვის თავდადებულ მოღვაწეს, ოპტიმიზმი კი იმის რწმენით, რომ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მეუღლე მოახერხებს და დაიცრემლება მის საფლავთან.

საქართველოში, ჩემო ძმაო სერგი, გმირებსა და ბრძენკაცებს აღიარებისთვის ყოველთვის აკლიათ ერთი რამ _ სიკვდილი. ეს მუდამ ასე იყო და ასეა ახლაც. შენ ჯვარი გწერია, დიდხანს იცოცხლე, გული კი არ გაიტეხო არასოდეს! ის, რაც შენს მეუღლეს უთხარი 2014 წლის 14 იანვარს, შენზეც ასევე ითქმის: “ამ ცისქვეშეთში ეროვნული ბედნიერება იყავი შენს პირად სამყაროში საკუთარი ბედნიერების გარეშე” (გვ. 7).

ამ მომცრო წიგნში, პირადი ტრაგედიის ფონზე და გულიდან წამოსულ ცრემლში საქართველოს ტრაგიკული უახლესი ისტორიაა დანახული. ბოლო ოთხი ავბედითი ათწლეულის განმავლობაში ბევრი ცოდვის კალო გაილეწა საქართველოში. ღალატი, სიცრუე, ორპირობა ცხოვრების წესად იქცა ჩვენში. ფარისევლობამ შეცვალა გულწრფელობა, ლაჩრობამ _ სიმამაცე, სიყვარული _ ბოღმამ და შურმა, დაუნდობლობამ _ გულმოწყალება. სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს წიგნის ავტორის კალამი: “რა გაახარებს ამხელა ცოდვაში ჩაფლულ ქვეყანას? ვავა, ჩქინ ცოდა!”

რაც უფრო შორს მივდივარ დღიურში, მით უფრო ნათლად ჩანს, როგორ არის გადახლართული ერთმანეთთან ბედის დაუნდობლობა და კაცთა უპირობა ჩვენს ცოდვილ ქვეყანაში. გამოსავალიც არ ჩანს და ამ პუბლიცისტური ხმით ნატირალის ავტორს ვერაფრით ვანუგეშებ, მხოლოდ მოკრძალებით ვურჩევ, უფალთან ეძიოს ნუგეში და იმედი, იმის რწმენა, რომ ადამიანის სული უკვდავია, მით უფრო ისეთებისა, როგორიც მისი მეუღლე და თანამებრძოლი მეგობარი იყო.

შენი მეგობარი, დარდით გულგასენილი

ზურაბ ცუცქირიძე,

პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here