Home ახალი ამბები საქართველო კახა კალაძე: ძველი ჰიბრიდული ავტომობილები გარემოსთვის უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე დიზელსა...

კახა კალაძე: ძველი ჰიბრიდული ავტომობილები გარემოსთვის უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანები

1458
კახა კალაძე

საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანაზე გარკვეული შეღავათებია დაწესებული. მაგრამ ნაკლებად ფიქრობს ვინმე, უქმნის თუ არა ელექტრო ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს პრობლემას. ახლახან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამ თემაზე შემდეგი ბრძანა:

“უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. იცით, რომ ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც, მე მგონია, ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის იმიტომ, რომ ძირითადად ეს არის ავტომობილები, რომლის გაყიდვას ახდენენ ქვეყნები, არის მოძველებული და თვითონ ის ბატარეა, რაზეც მუშაობს ჰიბრიდული ავტომობილი, საქართველოში არ არის მისი უტილიზაცია _ თვითონ აკუმულატორების უტილიზაცია თუ როგორ უნდა მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება მისი გადაყრა და ეს კიდევ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემა არის, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და მოხდეს პარკის განახლება ჩვენს ქვეყანაში”, _ განაცხადა კახა კალაძემ (“ინტერპრესნიუსი”).

ბატონო კახა! როცა ელექტროავტომობილებს დაუწყებთ რეკლამირებას, არ დაგავიწყდეთ, რომ ელექტროავტომობილების ეკოლოგიურობაზე და მრავალწილად, ბენზინის გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზეც მსოფლიოში აგორებული პიარ-კამპანია ხელოვნურია და თაღლითობის ზღვარზე მოთამაშე ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის შემოქმედებაა. მასკი ამერიკაში აშენებს რამდენიმე მილიარდად ღირებულ აკუმულატორების ქარხანას და პარალელურად ელექტრომანქანებსაც უშვებს. მისი გათვლა მარტივია: რადგან აკუმულატორებს მე ვაწარმოებ, ჩემი წარმოების ელექტრომანქანა უფრო იაფი იქნება და კონკურენტი არ მეყოლება. თავისი ელექტრომანქანები რომ უფრო მოთხოვნადი გახადოს, პარალელურად ეწევა ბენზინზე მომუშავე მანქანების ანტი-პიარს. სწორედ მისი და მის უკან მდგომი ბანკირების მეცადინეობის შედეგია “დიზელგეიტად” წოდებული სკანდალი და ბენზინისა და დიზელის მავნებლობაზე აგორებული კამპანია

მსოფლიოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების აკუმულატორების უტილიზაციის ტექნოლოგია და არც მისი შექმნის პერსპექტივა არ ჩანს. როცა ეს აკუმულატორი მწყობრიდან გამოვა (მისი “სიცოცხლის ხანგრძლივობა” სამი-ოთხი წელია), ნაგავსაყრელზე უნდა გადააგდო. ეს გაფუჭებული აკუმულატორები კი ტოქსიკურად გარემოსთვის იმაზე მავნეა, ვიდრე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვი ერთად. გარდა ამისა, ელექტრომობილს აქვს კიდევ ორი სერიოზული ნაკლი, რომლების გამოსწორებაც ჯერჯერობით შეუძლებელია _ დამუხტვას დიდი დრო _ 7-8 საათი და გარბენის მცირე მანძილი, განსაკუთრებით ზამთარში. ამასთან, ის შიდაწვის ძრავიან მანქანასთან შედარებით ბევრად ძვირი ღირს. ავტორიტეტული გათვლებით, უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში შიდაწვის ძრავას ალტერნატივა არ ექნება.

და საერთოდაც: სანამ ბრმად და მორჩილად დაიწყებთ ევროკავშირის “სასიკეთო” რეკომენდაციების (სინამდვილეში _ კატეგორიული მოთხოვნების) შესრულებას, ჯერ დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ, რას მოიმოქმედებთ.

კიდევ იმას დავამეტებთ, ბატონმა კახამ რომ გამართული ქართულით ისაუბროს, უკეთესი იქნება. თბილისის მერს, წესით, კარგი ქართული მოეთხოვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here