Home რუბრიკები ისტორია იაკობ გოგებაშვილი: ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ, სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის...

იაკობ გოგებაშვილი: ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ, სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება…

1450
იაკობ გოგებაშვილი

 XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი ხალხის ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწე, პუბლიცისტი, მწერალი და პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ჩაგრული ერების ცხოვრებას, იყო სოციალური და ეროვნული უსამართლობის წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი. იაკობ გოგებაშვილისთვის სამშობლო, მისი ბედი და იღბალი, წარსული, აწმყო და მომავალი ყოველთვის სათუთი ზრუნვის საგანი იყო. პატრიოტიზმი მას ისე ესმოდა, როგორც მის ღირსეულ თანამედროვეებსა და თანამებრძოლებს _ ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს; მასაც პატრიოტიზმი გააზრებული ჰქონდა, როგორცძლიერი სიყვარული სამშობლოსადმი”, რომელიცჰბადებს ძლიერ სიყვარულს კაცობრიობისას”.

ეს დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი ყოველთვის მედგრად იბრძოდა ერთი ერის მიერ მეორის ჩაგვრის წინააღმდეგ. მისი გაგებით, ყოველ ერს, დიდსა თუ პატარას, აქვს უფლება თვითგამორკვევის, საკუთარი ეროვნული კულტურის შექმნისა და განვითარების; ყოველ ერს, ბოლოს და ბოლოს აქვს უფლება არსებობისა, ეს კი ნიშნავს მისი ეროვნული თავისებურების: ენის, სულიერი წყობის, ხალხური კულტურის, ტრადიციებისა და ტერიტორიის აღიარებას. ადამიანის სიყვარულისა და პატივისცემის გარეშე არ არსებობს არც სამშობლოს სიყვარულის ჯანსაღი გრძნობა და არც მეგობრობის განცდაო. ვინც გამსჭვალულია ადამიანისადმი სიყვარულით, ის ამ კეთილშობილურ გრძნობას ანხორციელებს, პირველ ყოვლისა, თავის სამშობლოსა და თვისტომთა მიმართ, როგორც კაცობრიობის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც უფრო ახლოა მასთან და, მაშასადამე, არის ჭეშმარიტი პატრიოტი, მაგრამ ამავე დროს ის სიყვარულითა და სამართლიანობით ეპყრობა სხვა ერებსაც და, ამგვარად, ემსახურება საყოველთაო ძმობის მაღალი ცნების განხორციელებას”.

იაკობ გოგებაშვილი ხალხთა მეგობრობის დაუცხრომელი მქადაგებელი იყო. მას კავკასიელი ხალხები, მიუხედავად თითოეული მათგანის ეროვნული თავისებურებისა, მაინც ერთ დიდ ოჯახად ჰქონდა წარმოდგენილი. . გოგებაშვილი სასტიკად იბრძოდა, პირველ რიგში, ქართული ნაციონალური ყოყოჩობის, სომხური ბურჟუაზიული ნაციონალიზმის, ველიკორუსული შოვინიზმის გამოვლენის წინააღმდეგ. სტატიაშიქართლიიგი აღნიშნავდა:

ქართველებსა და სომხებს შორის რომ ანტაგონიზმი არსებობდეს, სომხებს ადვილად შეეძლოთ განცალკევება, გამიჯვნა; შეეძლოთ შეექმნათ ცალკეული, კარჩაკეტილი ჯგუფები და დარჩენილიყვნენ ქართველი ხალხისათვის უცხო ელემენტებად (აქ საუბარია ქართლში მცხოვრებ სომხებზე _ რედ.)… მათ უარყვეს მექანიკური თანაცხოვრება ქართველ ხალხთან, გააბეს უმჭიდროესი ზნეობრივი კავშირი და შექმნეს მათთან ერთი ორგანული მთლიანობა. ქართლელი სომხებისათვის ძნელი არ იქნებოდა, სრულიად ხელუხლებლად შეენარჩუნებინათ ყველა თავიანთი ნაციონალური თავისებურებანი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ქართველ ეროვნებასთან ნათესაობისა და ძმობის შეგნება, რომ მათ არა მარტო სოფლად, არამედ სამაზრო ქალაქებშიც ქართული ენა გახადეს სიტყვიერ იარაღად, თავიანთ ყოველდღიურ ურთიერთობაში სომხები და ქართველები ერთმანეთისაგან თავს არაფრით ანსხვავებენ. ქართველი ისევე ადვილად და სიამოვნებით უწევს სამსახურს სომეხს, აბამს მასთან მეგობრულ ურთიერთობას, როგორც თავის თვისტომთან”.

მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ მათ ამავე დროს ჰქონდეთ თავიანთი ეროვნული და რელიგიური რწმენა. ქართველთა და სომეხთა ერთ ორგანულ მთელად შეერთებას ყველაზე მკაფიოდ ცხადყოფს მათი რელიგიური ცხოვრების გამოხატულებანი. უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველებიც და სომხებიც მეტისმეტად ერთგულნი არიან თავიანთი სარწმუნოებისა და დიდი წარმოდგენა აქვთ მის სრულყოფასა და ღირსებებზე”, _ აღნიშნავს გოგებაშვილი. აქ იაკობ გოგებაშვილი ერთა გათქვეფასა და ასიმილაციაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ მეგობრულ ურთიერთობაზე თავიანთი მშობლიური თვისებების შენარჩუნებითა და განმტკიცებით. სწორედ ასეთი კულტურული, ლიტერატურული და მეგობრული ურთიერთობა მიაჩნდა მას ხალხთა მომავალი ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლად. ქართველი, რუსი და სომეხი ხალხების მაგალითზე იგი წერდა:

“ძმობა ქართველებსა და სომხებს შორის და უმჭიდროესი ერთიანობა რუსეთთან _ აი, ორკეცი დევიზი, რომელიც მოისმის ხალხის ცხოვრების სიღრმიდან და რომლისადმი მტკიცე ერთგულება, გონებრივი, ზნეობრივი და მატერიალური წარმატების პირობებში ჩვენს განაპირა მხარეს გადააქცევს ერთ-ერთ მადლიან კუთხედ და ბრწყინვალე მომავალს შეუქმნის მას”.

ასეთია ხალხთა ურთიერთობის იაკობ გოგებაშვილისეული გაგება, რაც იმ დროს მტკივნეული საკითხის ყველაზე სწორ, რეალურ, ობიექტურ და ჰუმანურ გადაჭრას იყო მიჩნეული. ი. გოგებაშვილი ამ საზომით უდგებოდა ყველა ერისა და ეროვნებისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას, მისი ეროვნული პოზიციების გარკვევას; თავგამოდებით იცავდა ყველა ერის ეროვნულ უფლებებს.

ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევია-რა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო.

ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისა. წარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავი. ამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან”… (რჩეული თხზულებანი, ტ. 1, თბ. 1989, გვ. 235-236).

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here