Home რუბრიკები ეკონომიკა თავისუფალ ცურვაში მიშვებული ლარი როდის ჩაყვინთავს სამუდამოდ, კაცმა არ იცის

თავისუფალ ცურვაში მიშვებული ლარი როდის ჩაყვინთავს სამუდამოდ, კაცმა არ იცის

თურმე ჩვენ რეგიონში ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ოღონდ ყველაზე ღარიბები ვართ

312
თავისუფალ ცურვაში მიშვებული ლარი როდის ჩაყვინთავს სამუდამოდ, კაცმა არ იცის

კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ნათია თურნავა იქნება მოქმედი მთავრობის ბოლო მინისტრი, რომელიც პარლამენტში მივიდა. ლარის გაუფასურებისა და ეკონომიკის პრაქტიკულად განადგურების ფონზე, მინისტრის მოსმენა საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ქალბატონმა ნათიამ, პრაქტიკულად, არაფერზე ისაუბრა და კონკრეტული არაფერი თქვა, რაც მომავლის იმედს მოგვცემდა. მთავარი თემით, ლარის გაუფასურებით, დავიწყოთ, რადგან ეს ყველას გვეხება და, რაც უნდა მოხდეს, უმთავრესი სწორედ ის არის, რამდენად მსყიდველუნარიანია ვალუტა, რომელსაც ასე წვალებითა და ოფლით შოულობს ერი.

ბოლო კვირის განმავლობაში ლარი ისევ გაიქცა და მისი გამჩერებელი ჯერ არ ჩანს. ნათია თურნავას თუ დავუჯერებთ, თურმე ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, ლარის გაუფასურება გააჩეროს. აი, იმ კანომდებლებს მინდა ვკითხო, რომელთაგან ზოგი ტაშს უკრავდა მინისტრს, ზოგი კი ვითომ აკრიტიკებდა _ რატომ არც ერთმა არ ჰკითხეთ: თუ ეროვნულ ბანკს აქვს ეს ბერკეტი და მშვიდად უნდა ვიყოთ, რატომ არ აამოქმედა, რას ელოდება? ყოველდღიური გაუფასურების რეჟიმში ხომ შეიძლებოდა, ეროვნული ბანკი ჩარეულიყო და შეეჩერებინა? მაგრამ არა, ვალუტის კურსის თამაშისას სხვები ერთ ადგილს ათამაშებენ და დიდ ფულს შოულობენ, შემდეგ საქმეში ერთვება ეროვნული ბანკი, მაგალითად, 10 პუნქტით გაქცეულ ვალუტას, 2-3 პუნქტით ამყარებს და გვიხარია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ ყველაფერს მივეჩვიეთ და მოსახლეობას რეაქციაც აღარ აქვს. გაუფასურდა ლარი? _ მერე რა, ასე ხდება. გაძვირდა პროდუქტი? _ აბა, როგორ გინდათ, ლარი ხომ გაუფასურდა?! რეგიონში მხოლოდ ჩვენთან რომ ხდება ვალუტის ასეთი მკვეთრი რყევა და თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში რომ არ ხდება არაფერი, რისი ბრალია? ეგ იმიტომ, რომ რუსეთში პუტინია, აზერბაიჯანში _ ალიევი, თურქეთში _ ერდოღანი და ხომ იცით, ისინი დიქტატორები არიან და ხალხს აშინებენ. აი, სომხეთში დემოკრატიაა, ფაშინიანს საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან და უჭირავთ დრამი… ჰო, ასეთი ახსნები არცთუ იშვიათია კულუარულად და თან იმასაც ამბობენ, სააკაშვილის პერიოდში იმიტომ არ თამაშობდა ლარი, ისიც დიქტატორი იყოო. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ თურმე ჩვენ რეგიონში ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ოღონდ ყველაზე ღარიბები ვართ.

არადა, პარლამენტში თურნავას მისვლამდე “ვისოლი ჯგუფის” ხელმძღვანელმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა: მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ლარს ვერ დაიჭერს, დროებითი მოვლენაა და გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველიაო. ფხაკაძემ ისიც თქვა, თუ უცხოური ინვესტიციები არ შემოვა, თუ რაღაცის წარმოებას არ დავიწყებთ, იმპორტისა და ექსპორტის სალდო თუ არ გათანაბრდება, ვალუტას არაფერი ეშველებაო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცნობილი ბიზნესმენის ფრთხილ, მაგრამ აშკარად რეალისტურ განცხადებას ლამის ყველა ექსპერტი და ეკონომიკის მინისტრიც კი დაეთანხმა, მაგრამ ეს ერთი კვირის წინათ იყო. ერთი კვირის შემდეგ კი აქცენტი ისევ იმაზე გაკეთდა, რომ ეროვნული ბანკის ხელშია ლარის სიმყარე. სასაცილო თუ სატირალი, იცით, რა არის? სულ რაღაც 20-30 მილიონი დოლარია თურმე საჭირო, რომ ლარი არ გაუფასურდეს. სახელმწიფოს ეკონომიკა 20-30 მილიონ დოლარზეა ჩამოკიდებული; თანხაზე, რომელიც, სახელმწიფოს მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ისეთი უმნიშვნელოა, სხვა ქვეყანას რომ ვუთხრათ, შეიძლება არც დაგვიჯეროს. მიახლოებით მაინც თუ ხვდებით, ბატონებო, რომ ერი ისეა გაღარიბებული, ეს 30 მილიონი დოლარი (მაქსიმუმი ავიღოთ) მოსახლეობაზე რომ გადაანაწილოთ, თითო ადამიანს 8 დოლარი უწევს. თითო მოსახლეს 8 დოლარი რომ ჰქონდეს (ოჯახს დაახლოებით 30 დოლარი, ანუ 100 ლარიც არა), ლარის კურსი სტაბილური იქნება, მაგრამ ეს 30 დოლარია სწორედ პრობლემა და აუხდენელი ოცნება.

აბა, როგორ არ უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთის სურვილების ასრულების სანაცვლოდ, ქვეყანა ყოველდღიურად ვითომ დემოკრატიის განვითარებისთვის სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციიდან ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ დოლარს იღებს სუფთა დახმარების სახით. რეგიონში ყველაზე დემოკრატიულები რომ ვართ, უკვე დამტკიცებული გვქონია და არ შეიძლება, ეს თანხა რამე პროექტის განხორციელებისთვის მოგვცენ? წელიწადში 4-5 აფეთქება რომ აქვს ლარს, ჰყოფნის ეს ფული 30-30 მილიონად დანაწევრებული. მაგრამ არა, ასეთ შემთხვევაში, სტაბილურობის განცდა გაჩნდება, ასეთ შემთხვევაში ხომ შეიძლება ლარის კურსის თამაში დაგვავიწყდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა, შესაძლოა, რაღაც გათვლები გააკეთონ, ცოტა ფული გადადონ და, რაც მთავარია, გადადონ ეროვნული ვალუტა. ეს ცუდია, რადგან მერე ხომ აღარ ვიქნებით მათხოვრები და, როცა ცოტა სიძლიერეს ვიგრძნობთ, სხვა რაღაცებიც მოგვინდება _ ნამდვილი დემოკრატია, უკეთესი ცხოვრება. ასე კი, ყოველდღიურად მხოლოდ საშოვარზე ვართ გადაგებულნი და ყოველდღიურ პურის ფულზე გვიწევს ზრუნვა.

სხვა საკითხია, რატომ გვიმტკიცებს ეკონომიკის მინისტრი, რომ ეროვნული ბანკია ყველაფრის წამალი, მაშინ, როცა ზუსტად იცის, რომ ეს არის დროებითი და, რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანოც კი. არადა, ბოლო წლებია, ყოველთვის ამას ვაკეთებთ _ უფასურდება ლარი, ეროვნულ ბანკს გამოაქვს გასაყიდად დოლარი და შემდეგ ყველას ერთად გვიხარია. გვიხარია ის, რაც რეალურად, სასიხარულო კი არა, საქართველოს ეკონომიკისთვის მომაკვდინებელია.

მწარე რეალობაა, მაგრამ ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, რომ მოგვანიჭეს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, ამ იარლიყს ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი. არადა, სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ წინ ვერ მივდივართ. განვითარებად ქვეყნებს აკრძალული აქვთ კონკრეტულ კვოტაზე მეტი პროდუქციის წარმოება და გატანა, ანუ მუდმივად ერთ წრეზე უნდა იტრიალონ, სანამ ან ისე არ დაიწყებენ წარმოებას, რომ ჭარბი ოდენობის პროდუქტი, უბრალოდ, ვეღარსად დაეტევა, ან სანამ დასავლელი პარტნიორები არ გამოიჩენენ კეთილ ნებას და არ იტყვიან, რომ განვითარებადი ქვეყანა განვითარდა და მათ გვერდით ტოლ-სწორად უნდა იდგეს. შესაბამისად, მხოლოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვებია, რომ თურმე ევროპული ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, მათი ტოლი და სწორი ვართ. აქამდეც გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ დასავლეთს საქართველო სტრატეგიული მდებარეობის გამო აინტერესებს, თორემ ჩვენზე კარგად იციან, რას წარმოადგენს ქვეყანა, რომლის ფულის სტაბილურობა 30 მლნ დოლარის ბაზარზე ჩაშვებაზე რომ არის დამოკიდებული. დასავლეთმა კარგად იცის, რომ ჩვენს ეკონომიკაში დომინანტის როლის სათამაშოდ, ეროვნულ ვალუტაზე გავლენის მოსახდენად, სულ რაღაც, 30 მილიონია საჭირო და ამაზე მეტ თანხას თუ გაიმეტებს, საერთოდ, თავდაყირა დააყენებენ ყველაფერს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ 2003 წელს, “ვარდების რევოლუციისშემდეგ ყველაფერი გვიკვირდა და გვიხაროდა, რადგან ამ მცირე თანხით მოახერხეს ეკონომიკის ამოყირავება, ილუზიის შექმნა, რომ წინ მივდიოდით და, როგორ მივდიოდით, წლების შემდეგ გამოჩნდა. ზუსტად ისე გამოჩნდა, როგორც წლების შემდეგ გამოჩნდება, რომ თურმე ახლაც ერთ ადგილს ვტკეპნით. სხვა საკითხია, ვტკეპნით თუ გვატკეპნინებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, არ ეშველა და შველის პერსპექტივა არც სამომავლოდ ჩანს.

წესითა და რიგით, რამდენიმე თვეში ახალი მთავრობა გვეყოლება, თუმცა, ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ აზრი არ აქვს, ვინ იქნებიან ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების მინისტრები, იმიტომ, რომ ამ სამ სფეროს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ და ვქმნით. განათლების ყველა მინისტრმა დაიწყო რეფორმები და ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან ჩანასახშივე გამოჩნდა, რომ არ გაამართლებდა. ფინანსთა ყველა მინისტრი ცდილობდა, ლარის ავადმყოფობის რამე გაეგო და, ვინც გაიგო, ხმამაღლა ვერ თქვა, იმიტომ, რომ თანამდებობას დაკარგავდა, აი, ეკონომიკას კი დასავლეთი გვისაზღვრავს _ რომელ წელს რამდენპროცენტიანი ზრდა უნდა გვქონდეს და მერე რა, რომ ეს პროცენტები ხალხზე არ აისახება. მთავარია, ფურცელზე ეწეროს; მთავარია, დანარჩენ მსოფლიოს ეს ფურცელი ვუფრიალოთ და ვიძახოთ, რომ წინ მივიწევთ და, რეალურად რა ხდება, ვის აინტერესებს. ამიტომაცაა, განათლების დონემ რომ იკლო ჩვენთან, ეკონომიკა, უბრალოდ, აღარ გვაქვს, ეროვნული ვალუტა კი… თავისუფალ ცურვაშია ლარი და, როდის ჩაყვინთავს სამუდამოდ, კაცმა არ იცის.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here