Home ახალი ამბები საქართველო ვინ არის “რუხი მგელი” სერქან ქურტულუში, რომელმაც რუსი მფრინავი დაცხრილა?

ვინ არის “რუხი მგელი” სერქან ქურტულუში, რომელმაც რუსი მფრინავი დაცხრილა?

თურქეთი მის გადაცემას მოითხოვს

2161

29 ივნისს საქართველოს პოლიციამ თბილისში ინტერპოლით ძებნილი სერქან ქურტულუში დააკავა. იგი ამჟამად რუსთავის საპატიმროში იმყოფება, თურქული მხარე კი მის გადაცემას მოითხოვს. 

თურქული სააგენტო Hurriyet-ის ცნობით, ქურტულუში თურქეთის მოქალაქეა და მას ბრალად ედება თურქეთის რამდენიმე პროვინციაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება, თუმცა თურქული სააგენტოები მას რუსი მფრინავის, ოლეგ პეშკოვის, მკვლელობაში ეჭვმიტანილ 18 პირს შორის ასახელებენ.

2015 წლის ნოემბერში თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი Су-24. ერთი პილოტი დაიღუპა, მეორემ კატაპულტირება შეძლო, მაგრამ, მიწას რომ მიუახლოვდა, დაშვება არ აცალეს, ქურტულუშმა და მისმა ბანდამ, სახელად “რუხმა მგლებმა”, ის ჰაერშივე დაცხრილეს. ამ ფაქტმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა კინაღამ სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანა.

თურქული მედიის ცნობით, 2016 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ თურქეთში დააკავეს ის ორი მფრინავი, რომლებმაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, თუმცა მათ ბრალად დასდეს არა Су-24-ის ჩამოგდება, არამედ კავშირი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. აღსანიშნავია, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიაწერდნენ თურქეთის მაშინდელ პრემიერმინისტრს _ ახმედ დავუთოღლუს, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ ერდოღანმა მალევე გადააყენა და თურქეთის პოლიტიკურ არენაზე ჯერჯერობით არ ჩანს.

აღნიშნულ საქმეზე ქურტულუში 2017 წლის მაისში გაასამართლეს და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის თურქეთში დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში იყო ეჭვმიტანილი, რომელიც სტამბოლში, ანკარაში, ბურსასა და იზმირში მოქმედებდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ქ.-ს საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 27 ივნისს ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ქ. 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ხსენებულ პირს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

თურქული მხარის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ს.ქ.-ს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა. მითითებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრების მიერ სისტემატურად ხორციელდებოდა შეირაღებული თავდასხმები სხვადასხვა პირზე ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით (განხორციელდა 26 შეიარაღებული თავდასხმა), ხდებოდა მუქარით ფულის გამოძალვა, დაშინება, ადამიანების გატაცება, აგრეთვე მათი ორგანიზაციის წევრების ან ორგანიზაციასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება”, _ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თურქული მხარის მიერ მოწოდებულ საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს ეპიზოდი, რომელიც მასობრივი საჰინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა და ეხება ს.ქ.-ს მიერ 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობას. შესაბამისად, ქართული მხარე საექსტრადიციო პროცედურებს აწარმოებს მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლისთვისაც ს.ქ.-ს ექსტრადიცია მოეთხოვება თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ.

დაჯგუფება რუხი მგლები” 1960-იანი წლების დასაწყისში, თურქეთის ულტრამემარჯვენე პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ქარიზმატული ლიდერის, პოლკოვნიკ ალფარსლან თურქეშის დაარსებულია, რომელიც ჰიტლერის დიდი თაყვანისმცემელი და ფაშისტური იდეების გამტარებელი იყო. მალე მათ “რუხი მგლები” (თურქულად _ “ბოზკურტლარი”) დაირქვეს.

“მგლების” ოცნება სეკულარული თურქეთის იმპერიის დაარსება იყო, რომელიც თურქებთან მონათესავე ხალხებს მუსლიმური რწმენით გაართიანებდა. ამ იდეამ მათ წევრებად უამრავი ადამიანი აქცია, რომლებიც ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში უმცირესობაში ცხოვრობდნენ. “ბოზკურტლარი” აცხადებდა, რომ ათათურქის იდეებისთვის იბრძოდნენ და თავიანთ თავს “იდეალისტებს” უწოდებდნენ. მათ რიგებში ერთიანდებოდნენ ახალგაზრდა უმუშევრები და სტუდენტები, რომელთაც სპეციალურ ბანაკებში წვრთნიდნენ და რომლებიც მზად იყვნენ, თავიანთი ქვეყნისთვის თავი გაეწირათ. ორგანიზაციაში ათიათასობით წევრი ირიცხებოდა, თუმცა მის რიგებში გაჩნდნენ აგენტებიც, რომლებიც ამერიკის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ.

მგლების” იდეოლოგიისთვის ამერიკაც ისევე მიუღებელი იყო მაშინდელი თურქეთისთვის, როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებოდნენ, “რუხი მგლები” რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. კერძოდ, მემარჯვენე და ლიბერალ აქტივისტებს კლავდნენ, ასევე არ ინდობდნენ ინტელექტუალებს, პროფკავშირის ლიდერებს, ეთნიკურ ქურთებს, გავლენიან ჟურნალისტებსა და მაღალჩინოსნებს. მათ სინდისზეა სასტიკი ხოცვა მარაშში, რა დროსაც ასობით ალაფიტი დაიღუპა, ასევე, პირველი მაისის დემონსტრაციები ტაქსიმის მოედანზე 1977 წელს, რომელსაც 42 ადამიანი შეეწირა…

“რუხი მგლების” სახელს უკავშირდება 1981 წელს რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე იოანე პავლე II-ზე თავდასხმა, რომელიც მათმა ერთ-ერთმა წევრმა მეჰმედ ალი აღჯამ ჩაიდინა _ იმხანად ის ციხიდან იყო გამოქცეული. მას შემდეგ, რაც პაპს ესროლა, გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი თურქეთში გაუკეთეს დეპორტაცია.

წლების განმავლობაში დაჯგუფებამ არაერთი ლიდერი გამოიცვალა და მსოფლიოს ბევრი “საქმით” გააცნო თავი, ბოლო წლებში ევროპაშიც გააქტიურდნენ. საქმე ის არის, რომ, თუ ევროპაში ისინი თურქების დიასპორის უფლებებისთვის იბრძოდნენ, სირიაში პირიქით _ ცდილობდნენ, მათი დიასპორის განათლება მაქსიმალურად შეეზღუდათ. “რუხი მგლების” წევრები სირიაში ახლაც არიან.

თურქული მედიის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში თურქეთის ყველა ხელისუფლება ამ ორგანიზაციას პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის თავისი საქმისთვის იყენებდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here