Home რუბრიკები საზოგადოება ვემშვიდობებით ბეჭდაუდებელ ფალავანს

ვემშვიდობებით ბეჭდაუდებელ ფალავანს

3511
ვემშვიდობებით ბეჭდაუდებელ ფალავანს

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე _ საქართველოს, საბჭოთა კავშირის, ევროპის, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ზარბეგ ბერიაშვილი.

ფალავანი!

კაცი მართალი _ საქმითა და სიტყვით, კრისტალური პიროვნება, მამულიშვილი, გაბედული და პირშიმთქმელი.

“საქართველო და მსოფლიოს” ერთგული მკითხველი და აქტიური რესპონდენტი.

მისი ყველა გამოსვლა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე კვლავ და კვლავ ამტკიცებდა, რომ ნამდვილი პატრიოტი იყო _ სისხლითა და ხორცით სანიმუშო ქართველი, მოაზროვნე და სამშობლოს ბედზე დაფიქრებული.

მისი უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც მან, უკვე მძიმედ დაავადებულმა, ჩვენს გაზეთს მისცა, ერთგვარი ანდერძია მომავალი თაობისთვის დატოვებული.

ასეთი აღელვებული, დაძაბული და უარყოფითად დამუხტული ზარბეგ ბერიაშვილი არასოდეს მენახა _ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ, რასაც დღევანდელ ვითარებაზე ვფიქრობ, პირდაპირ უნდა ვთქვაო.

თქვა კიდეც.

“ისე აირია ქვეყანა, რომ კაცს ვეღარ გაურკვევია, ვინ არის კარგი, ვინ _ ცუდი; ვინ არის ერისა და ქვეყნის პატრიოტი, ვინ _ მტერი.

ძალიან არ მომწონს ეს ამბავი.

ჩემი თავი ჯანდაბას, ჩვენი თაობა წამსვლელია, მაგრამ რა ქნან ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა? იმ პატარა ბავშვებმა რა ქნან, რომლებსაც სწორი აზრი ვერ მოუსმენიათ, რა უნდა ისწავლონ, ვის უნდა მიემხრონ? გამოდის ვიღაც ვიგინდარა, ბოდიშს ვიხდი, უსაქმური, თავის სიცოცხლეში არაფერი რომ არ გაუკეთებია, ზოგი ნარკომანია, ზოგი _ იმნაირი, ზოგი _ ამნაირი და საქართველო ჩემი ქვეყანააო, აცხადებს, კაცო! მე უნდა დამიჯეროთო, აბა! ჩვენ, დანარჩენები, კი ისე შევცქერით და ვუსმენთ ამ მოლაყბეს, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია.

ამას როგორ უნდა ბედავდეს?! მაგრამ ბედავს და მოიწევს, გვემუქრება კიდეც… ამაში ხალხი ვართ დამნაშავე. უწინ რომ იტყოდნენ, თბილისელი ვარო, რამეს ნიშნავდა, დღეს რაღა არის?”

ამას რომ ამბობდა, გულიდან აღმოხდა: “არ რცხვენია თბილისს, ამდენის უფლებას რომ აძლევს ვიგინდარებს!”

განსაკუთრებით აწუხებდა ეროვნულობის შენარჩუნების პრობლემა, მიმბაძველობა, ძალადგაამერიკელება. პრინციპული იყო: “გთხოვთ, აუცილებლად ჩაწეროთ ის, რასაც ახლა გეუბნებით: თითქმის ოცდაათი წელიწადია, გავიძახით _ “ამერიკა, დასავლეთი!”, სულ მაგათ ჭკუაზე დავდივართ. მაშ, ვის რას ვედავებით?! ცხოვრებას მათი წესით ვმართავთ… დასავლეთი მისაბაძია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მეცნიერული მიღწევებით, ცხოვრების მაღალი დონით. ამაში მივბაძოთ”.

და იქვე:

“ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ რომ არის ამხედრებული, ცნობილია, მაგრამ რატომ გვითრევს ჩვენ იმ მორევში, რომელსაც, თუ ჩავყვებით, გადარჩენა არ გვიწერია?!”

დაბოლოს:

“სად, რომელ ოჯახში გაიზარდნენ თქვენი კოლეგები? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს უზრდელი, გარეწარი, ოღონდ მასალა მოიპოვოს, დაამციროს, ღირსება შეულახოს რესპონდენტს?!”

ესეც აწუხებდა.

ბევრი დარდი გაიყოლა და უფრო მეტი ტკივილი ზარბეგ ბერიაშვილმა, ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ასე ლაპარაკის უფლება, რადგან სწორედ მან, ბეჭდაუდებელმა ფალავანმა, მთელ მსოფლიოში გაიტანა საქართველოს სახელი, ქართველთა სიჩაუქე და ვაჟკაცობა დაანახვა ქვეყნიერებას.

ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გამო.

ასეთი დროც დაგვიდგა.

საქართველო და მსოფლიოს

ჟურნალისტთა სახელით,

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. მსუბუქი იყოს ქართული მიწა შესანიშნავი სპორტსმენისა და მოქალაქის ზორბეგ ბერიაშვილისათვის. იქნებ ეხლა მაინც გაიღვიძონ ჩვენმა “ძაან პატრიოტმა” პარლამენტარებმა და განსახილველად გამოიტანონ ზარბეგის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებსაც გულმხურვალედ იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here