Home ახალი ამბები საქართველო “ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ვერანაირი სიკეთე, სიხარული და ბედნიერება საბჭოთა...

“ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ვერანაირი სიკეთე, სიხარული და ბედნიერება საბჭოთა კავშირის დაშლით ვერ მიიღო”

1161

ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი იყო, ხოლო 42 პროცენტი აღნიშნულ მოვლენას უარყოფითად აფასებს. იმავე შეკითხვაზე გამოკითხულთა 10 პროცენტს პასუხი არ აქვს, თუმცა როგორც NDI-ში აცხადებენ, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს, მაინც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა…


რამდენად ზუსტია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რაზე მიანიშნებს ამ კვლევაში მოცემული ციფრები და რატომ აფასებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად, „საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის ექსპერტ ვალერი კვარაცხელიას დაუკავშირდა.

ვალერი კვარაცხელია: მე, როგორც სოციოლოგიის პროფესორმა, დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს გამოკვლევები და არა მარტო ენდიაის, არამედ საერთოდ, ემპირიული სოციოლოგია რასაც ქვია, (გამოყენებითი სოციოლოგია), დიდი ხანია, ჩამდგარია გარკვეული პროპაგანდის სამსახურში; და ამას ახლა კი არ აკეთებენ, დასავლური სოციოლოგია, მთელი თავის არსებობის მანძილზე ამ მიმართულებით მუშაობდა.

რაც შეხეება კონკრეტულად იმ 42 პროცენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფითი მოვლენა იყო, თუნდაც ვენდოთ ამ ციფრებს და ვთქვათ, არ იყოს უფრო მაღალი პროცენტულად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ასე ფიქრობს, 42 პროცენტი ხომ თითქმის ნახევარია?! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ვერანაირი სიკეთე, ვერანაირი სიხარული და ბედნიერება საბჭოთა კავშირის დაშლით ვერ მიიღო. და ვერ მიიღო ვერცერთი მიმართულებით, ვერც ეკონომიკურად, ვერც მატერიალურად, ვერც სოციალურად, ვერც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისითაც. დღეს ხომ თითქოს არის სიტყვის თავისუფლება, სინამდვილეში ყველაფერი უზურპირებული აქვს დასავლეთს, დასავლურ მედიას და პროპაგანდას. ყველა წამყვანი მედიასაშუალება მათ ემსახურება. ამ დროს გაჰყვირიან, წალეკა ქვეყანა რუსულმა პროპაგანდამო. რუსული პროპაგანდა კი არა, რუსეთის ხსენების ეშინია ხალხს. ტერორია პირდაპირ. განსხავებული აზრისადმი პატივისცემას ქადაგებენ და რეალურად ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ლამის ჩაქოლონ. გზას არ გიტოვებენ, ან მათი ყურმოჭრილი მონა უნდა იყო და მათ იდეოლოგიას, მათ პროპაგანდას ემსახურო, ან ქვეყნის მტერი ხარ და „ბნელ საბჭოთა“ წარსულს მისტირი. აი, ეს არის მათი დემოკრატია და თანასწორობა; და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ვიღაცას შეიძლება უკვირდეს, თუ რატომ მიაჩნია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფით მოვლენად. ამაში გასაკვირი არაფერია. რა პროპაგანდაც არ უნდა მუშაობდეს, საზოგადოება ყოველთვის გრძნობს, რა არის კარგი და რა ცუდი, რა ჯობია ან ჯობდა და რა არა…

– თქვენი აზრით, დღევანდელ ვითარებაში რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ნატოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რა შედეგს მივიღებთ.

– კონკრეტულ ციფრს ასე ბუნებრივია, ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, ალიანსში შესვლის მომხრეთა რიცხვი წლების წინ გაცილებით მეტი იყო. ეს იმიტომ რომ დასავლური პროპაგანდა მას ხატავდა ერთადერთ გარანტად ჩვენი უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების, თუმცა ეს მითები ნელ-ნელა დაიმსხვრა. დღეს რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანების რიცხვი და რეალური, ობიექტური რეფერენდუმი თუ ჩატარდება, ჩვენ დავინახავთ, რომ სინამდვილეში ქართველ ხალხს არა თუ შესვლა არ სურს ნატოში, მას გაცნობიერებული აქვს ის უმძიმესი შედეგები, რაც არც თუ ისე შორეულ მომავალში შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორგანიზაციისკენ სწრაფვის უპერსპექტივო პოლიტიკას. კიდევ ვიმეორებ, ეს კურსი არის საქართველოს სრული განადგურების, გაჩანაგებისა და უპერსპექტივობის კურსი, ამიტომ, ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძირეულად თუ არ შეცვალა მიდგომები საგარეო პოლიტიკური ორიენტირების თვალსაზრისით, საქართველოს საბოლოოდ მოსპობისა და განადგურების დღე არის მოახლოებული, დაწყებული დემოგრაფიით, დამთავრებული მისი ტერიტორიული მთლიანობით…

                                                                                                                   ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here