Home ახალი ამბები საქართველო ევროილუზია

ევროილუზია

გამარჯვებული ხელისუფლება და ბოლომდე გაბითურებული ოპოზიცია

446

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე საქართველოს რეკომენდაცია გაუწია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებ ევროკავშირის წევრი ოცდაშვიდივე  სახელმწიფოს სრული კონსენსუსი სჭირდება. თუმცა, დავანებოთ ამას თავი და ვირწმუნოთ, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად გვექნება. ასეთ შემთხვევაში გასარკვევია, რას ნიშნავს ეს მოვლენა ჩვენთვის, რამე ახალ პერსპექტივებს გვისახავს იგი თუ გვექნება კანდიდატის სტატუსი მომავალი ათი, თვრამეტი, ოცდასამი, ორმოცდაშვიდი წელიწადი. ისე, როგორც, მაგალითად, თურქეთს აქვსერთხელ და სამუდამოდ

ევროკომისიამ რეკომენდაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი პირობები და დათქმები მოაყოლა, რომლებშიც ლაპარაკია პოლიტიკურ დაძაბულობაზე, ღრმა პოლარიზაციაზე, რომლის დაძლევასაც, მათი აზრით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობისა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის არარსებობა აფერხებს“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯების განხორციელება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად“. დოკუმენტში, აგრეთვე, ვკითხულობთ: გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხიდისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე  სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა“.

ევროკომისიას არც საინფორმაციო საშუალებები დარჩენია ყურადღების მიღმა. დოკუმენტში ჩაწერილია: მედიაგარემო, ძირითადად, პლურალისტურია, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან პოლარიზებულია და მედიას მტრულ გარემოში უწევს მუშაობა. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა მედიის დამოუკიდებლობას კვლავ აფერხებს. ადგილი აქვს დაშინებებს, ასევე წინასაარჩევნო აქციებისა და დემონსტრაციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს. მედიის მიმართ მძაფრი განცხადებები ისმის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან. გახშირდა სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში გამოტანილი განაჩენები მედიის კრიტიკულ პათოსზე უარყოფითად მოქმედებს”.

დოკუმენტში შეკრების თავისუფლებაზეც არის ლაპარაკი და ჩაწერილია, რომ “ამ მიმართულებით პრობლემები ისევ არსებობს და ეს ძირითადად მოწყვლად პირებს ეხება”, მათ შორის გამოყოფილია “8 ივლისს ე.წ. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებზე სასტიკი თავდასხმა”.

ევროკომისიის ამ რეკომენდაციაშიც თვალშისაცემია გამაღიზიანებელი მენტორული ტონი და გამეორება თბილისში ყოფნისას ჯოზეფ ბორელის მიერ გამოყენებული თავხედური ალეგორიისა პროფესორსა და ბავშვზე: „ბავშვი, რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი, ამიტომ  ჩვენი შეფასება არის ობიექტური“.

ამ საკითხს ასე ვრცლად იმიტომ ვეხები, რომ ერთია ჩვენთვის გადმოგდებული ეს რეკომენდაცია, რომელიც ცოტა ხანში შეიძლება კანდიდატის სტატუსის აღმნიშვნელ ფარატინა ქაღალდადაც იქცეს, მაგრამ მეორეა,  რას გვაძლევს იგი. დღეს ჩვენ წინაშე მდგარი რომელი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია ევროკავშირს? მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ევროკომისიის მიერ გადმოგდებული ეს სტატუსი ხომ არ გაართულებს ჩვენს მდგომარეობას და წერტილს ხომ არ დაუსვამს რუსეთთან ურთიერთობაში იმ მცირეოდენი დათბობის ტენდენციას, რომელიც ბოლო ხანს  შეიმჩნეოდა? ეს კი, თავის მხრივ, ბოლომდე ხომ არ ჩააქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იმედის ისედაც სუსტად მბჟუტავ სხივს? საკითხის ასე დასმის უფლებას უკრაინის სავალალო მაგალითიც გვაძლევს. რამ შეიწირა უკრაინა, თუ არა დასავლეთისკენ თავაწყვეტილმა სრბოლამ, ომელი რუსეთისთვის საფრთხის შემცველი იყო? ეს მაგალითი არაფერს გვეუბნება? რუსეთის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაშვება ან წარმოდგენა ვის შეუძლია? ალბათ, მხოლოდ იმ კონტინგენტს, რომელიც ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ეგებებოდა – ყოფილ ზვიადისტებსა და მიშისტებს, რომლებიც ახალი კერპის ძიებაში სალომისტებად ყალიბდებიან და აინუნშიც არ მოსდით ის ამბავი, რომ  ეს ჩენჩო, დასავლეთთან ჩვენი ოცდაათწლიანი ფლირტის ეს საფინალო შეფუთვა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, სინამდვილეში იმ სიცარიელის მხოლოდ წარმოსახვითი ამოვსებაა, რომელზეც  მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა  ჩვენი ურთიერთობა, სხვა არაფერი. ესაა საცირკო ნომერი, ევროილუზია ჩვენთვის ახალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საყრდენის შექმნისა, სინამდვილეში კი სიცარიელის სიცარიელედ დატოვებისა.

ღიმილისმომგვრელია ის ფაქტი, რომ მთავრობასა და ოპოზიციას ამ გადაწყვეტილებისთვის ისტორიული გადაწყვეტილების სტატუსის მინიჭებაში შეჯიბრება  აქვთ გამართული (ევროპამ ხომ გადაწყვიტა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, პასუხად ჩვენ მათ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული გადაწყვეტილების სტატუსს ვანიჭებთ პრინციპით – ხელი ხელს ბანს!), მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებაში, ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ისტორიული არაფერია. ამ მოვლენაში თუ რამეა ისტორიული, მხოლოდ ის, რომ მთავრობამ გაიმარჯვა, ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა და გაბითურდა. მათი უკანასკნელი იმედი, რომ ჩვენთვის სტატუსზე უარის თქმა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობას შექმნიდა, საბოლოოდ ჩაფლავდა. მათ უკვე არანაირი საბაბი აღარ დარჩათ იმისთვის, რომ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდონ. თუმცა, რომ მოუწოდონ კიდეც, რა?! სად ჰყავთ ეს მომხრეები? არანაირი მომხრე ამ შეშლილ პროვოკატორებს არ ჰყავთ, ამიტომაც შეცვალეს ტაქტიკა და მთავრობის მიერ ევროპის მიმართულებით გადადგმული ამ (თუნდაც ილუზორული) ნაბიჯისა და მიღწევის თავხედურად მითვისებას შეუდგნენ. ე.წ. ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში დაოთხილი დარბოდნენ იმის სათხოვნელად, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭებინათ, ახლა უსირცხვილოდ გაჰყვირიან, –  ეს წარმატება ჩვენი მოპოვებულიაო.

გიორგი ვაშაძე:

“რომ არა ჩვენი ის შეხვედრები, სადაც ჩაგვქონდა ქართველი ხალხის ნება, შეიძლება ეს შედეგი არ დამდგარიყო ისე, როგორც გასულ წელს არ დადგა”.

ლევან ხაბეიშვილი:

“ქართველმა ხალხმა რუსულ ოცნებასა და რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, პირველი რაუნდი მოუგო. მათი საბოტაჟის მიუხედავად, პირველ რაუნდში გავიმარჯვეთ… მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ. მთავარი ევროპული პარტია არის “ნაციონალური მოძრაობა”.

ევროპის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე თუ ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამ მიმართულებით ყველაზე მეტი იმუშავა და ყველაზე მეტი შედეგიც აჩვენა: სავაჭრო ურთიერთობები, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ის ფაქტებია, რომელთა უარყოფა შეუძლებელია (ამ კონკრეტულ მომენტში აღარ ვეხები იმ თემას, რომ დასავლეთის მიმართულებით საქართველოს სვლამ ჩვენს ქვეყანას უკვე მოუტანა მძიმე შედეგები. მომავალში შედეგები  შეიძლება კიდევ უფრო მძიმე და დამანგრეველი აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე ყოფილა).

მაშ ასე, საქართველო ჯიუტად მიიწევს ევროპულ (დასავლურ) გზაზე. ხელისუფლება და პოლიტიკური წრეები, საზოგადოების ერთ ნაწილთან ერთად, ამას სიხარულის ემოციებით ხვდება, თუმცა არის მეორე ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც ამას გარკვეული შიშითა და, აქედან გამომდინარე, დიდი სიფრთხილით ეკიდება, ვინაიდან უაღრესად მეტყველი მაგალითები აქვს იმისა, თუ რით მთავრდებახოლმე ამგვარი პოლიტიკური წაჯექუკუჯექობანი. როგორც ჩანს, ვერც ერთი მხარე ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ევროილუზია, ანუ დასავლეთის საცირკო ხელოვნებაა და მეტი არაფერი. ჰო, ახლა უკვე მეტი არაფერი, ვინაიდან მსოფლიოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ჩვენსავით მცირე მოცულობისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებს აღარაფერს შეეკითხებიან. მოსახდენი ჩვენ გარეშეც მოხდება, ამიტომ აღვიჭურვოთ სიმშვიდით და დაველოდოთ,  რას მოგვიტანს დარჩენილი დრო.

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here