Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროატლანტიზმი თვალსა და ხელს შუა ინგრევა

ევროატლანტიზმი თვალსა და ხელს შუა ინგრევა

1123

კორონავირუსმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც არაერთი ეკონომისტის დასკვნით, უკვე დაიწყო, სახელმწიფოებისა და ხალხების დღის წესრიგში კვლავ დააყენა სოციალურპოლიტიკური მოდელის არჩევის საკითხი. დემოკრატიის დასავლური მოდელი, რომლის პრიმატი 40 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინეთის გარდა სადავოდ არავის გაუხდია, კვლავ დაეჭვების საგანი აღმოჩნდა ამ დემოკრატიის ბურჯის _ აშშის ფართო საზოგადოებრიობაშიც კი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა ამ სტრუქტურის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადანომ გებრეიესუსმა.

“ველოდებით, რომ უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში სიკვდილიანობის და ვირუსით დასნებოვნებული ქვეყნების რაოდენობა მოიმატებს… ჩვენი შეფასებით, Covid-19 შეიძლება დავახასიათოთ როგორც პანდემია”, _ ამის თქმა საკმარისი იყო მსოფლიო ეკონომიკაში დეპრესიის ახალი ფაზის გამოსაწვევად, რომელიც დაუყოვნებლივ აისახა მსოფლიოს ყველა ბირჟის კოტირებაზე. მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს სიახლეთა მხოლოდ დასაწყისი იყო.

12 მარტის ღამეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეაჩერა ევროპიდან შტატებში ადამიანთა შესვლა. ჯერჯერობით 30 დღით.

ამას გარდა, ტრამპმა ევროპის ქვეყნების მთავრობები დაადანაშაულა უსუსურობასა და ქმედუუნარობაში: “ევროკავშირმა ვერ შეძლო (აშშ-ის) ანალოგიურად ღონისძიებების განხორციელება და ჩინეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან მგზავრობის შესაზღუდად”.

გლობალური მსოფლიოს დაშლა ყველაზე გაბედულ პროგნოზებზე გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. კორონავირუსი აქ მხოლოდ იმის საბაბია, რომ მთლიანად შეიცვალოს დიდი თამაშის აბსოლუტურად ყველა წესი.

ტრამპმა საჭიროდ არ ჩათვალა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა და თავისი გადაწყვეტილებები ტრადიციულად Twitter-ით გამოაცხადა.

აშშ ჩინეთს არასოდეს ემიჯნებოდა და ამჟამადაც “წითელ ჩინეთთან” მისი დამოკიდებულება უცვლელი რჩება. ასეა მოწყობილი ამერიკული ელიტის მსოფლმხედველობა: მოწონს ის, რაც მისთვის მომგებიანია. “საერთო ღირებულებებსა” და “ერთიან დასავლეთზე” საუბარი გახვრეტილ გროშადაც არ უღირთ, როცა საშიშროება რეალური ხდება. ტრამპი დაუფარავად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რას ნიშნავს “რეალური პოლიტიკა” XXI საუკუნეში.

ბოლო დღეებამდე ბერლინი და პარიზი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ, რადგან აშშ-ში ჩასვლის აკრძალვა არ შეეხო ლონდონს. მაგრამ ამჟამად ეს პრობლემა მოიხსნა _ დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში დაბრუნება შეუძლიათ მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებს.

მაგრამ ასეთი “გათანაბრება” ვერაფერს შველის კონკურენტებისთვის ძალადაკარგული ბრიტანეთის ავტორიტეტს.

კონკურენტები აქტიურად ამოწმებენ ევროპის მდგრადობას ყველა ფრონტზე. მათ შორის _ არის თურქეთიც.

ძნელი სათქმელია, გაბედავდა თუ არა ერდოღანი სამი-ოთხი წლის წინათ ისეთი ფინტების დატრიალებას, რომლებსაც იყენებს ლტოლვილებთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ასეთმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო 2015-ში, რატომ არ შეიძლება, კიდევ ერთხელ რომ გაიმეოროს?! მით უფრო, რომ ევროპის დასაჩოქებლად წლეულს საგრძნობლად მეტი შანსი გაუჩნდა.

ტრამპის გადაწყვეტილება, კარი ჩაუკეტოს ევროპის ქვეყნებს, ურტყამს არა მარტო ძველ ევროპას ან, ფართო გაგებით, _ ევროკავშირს, არამედ გამანადგურებელი დარტყმაა საერთოდ ევროატლანტიზმზე. ევროკავშირი, რომელიც ბრექსიტის შემდეგ ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსულა, გაცილებით მეტად დაზარალდა.

ყველა ამ პოლიტიკური, სამედიცინო და ჰუმანიტარული გადაწყვეტილების უკან დგას ეკონომიკური ინტერესები. ძალაგამოცლილ გლობალურ ბაზარზე თითოეული კვლავინდებურად საკუთარი ინტერესების დასაცავად იღვწის. კავშირები სიტუაციური ხდება, ალიანსები ერთი “სამხედრო კამპანიის” ვადით იქმნება და მონაწილეთა გაუთავებელი სეპარატული მოლაპარაკებებით ხასიათდება. ასე რომ, ბატონებო ჩვენი ქვეყნისა, დაანებეთ თავი “საერთაშორისო მეგობრების” და “სტრატეგიული პარტნიორების” ძახილს. ხალხს ნუ ატყუებთ! ჩვენ არც ერთი გვყავს, არც მეორე. ყველა ცდილობს მხოლოდ სათავისოდ გამოგვიყენოს.

პრაქტიკულად, მსოფლიოსთან სავაჭრო ომების დაწყებით, აშშ რეალურად ამოწმებს, ვინ რად ღირს, ბრძოლით დაზვერვას აწარმოებს.

კორონავირუსული ეპიდემია (ახლა უკვე პანდემია) მოგვევლინა იდეალურ მარკერად, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზმის მდგომარეობას. სურათი განსაცვიფრებელი იხატება.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სრულიად მსოფლიოს დაანახვა მობილიზაციისა და უსერიოზულესი გამოწვევების დაძლევის ისეთი წარმოუდგენელი დონე და უნარი, რომ ყველას გაუქარწყლა ეჭვი, რომელი ქვეყანა არის დღეს ახალი ზესახელმწიფო. ჩინეთმა წარმატებით გამოიყენა თავისი კოლოსალური სამრეწველო, სამეცნიერო, ორგანიზაციული მარაგი, აგრეთვე, ის პოლიტიკური შესაძლებლობანი, რომლებიც, როგორც გაირკვა, აქვს სოციალისტური სახალხო ხელისუფლების ქვეყანას.

ამასთანავე, იტალია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ათეულში შედის, და სადაც “წარმატებული დასავლური დემოკრატია” არის დამკვიდრებული, პრაქტიკულად კოლაფსში აღმოჩნდა, იძულებული შეიქნა, თხოვნით მიემართა ჩინეთისთვის, მიეწოდებინა რამდენიმე მილიონი ცალი სამედიცინო ნიღაბი და ფილტვების ვენტილაციის 1000 აპარატი.

გაირკვა, რომ ეკონომიკურად განვითარებულ იტალიას არ ძალუძს დამოუკიდებლად და სწრაფად სამედიცინო ნიღბების დამზადება, არაფერი რომ არ ვთქვათ სამედიცინო ტექნიკაზე. ყოველწლიური საპარლამენტო არჩევნები ასევე ხელს უშლის მთავრობის საქმიანობას საგანგებო ვითარებაში.

ამიტომ დღის წესრიგში დგება სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური მოდელის არჩევის საკითხი.

მომზადებულია vz.ruზე გამოქვეყნებული სერგეი მარდანის წერილის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here