Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: შეერთებული შტატებისთვის გაცილებით კომფორტულია, საქართველო განიხილებოდეს მუდმივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: შეერთებული შტატებისთვის გაცილებით კომფორტულია, საქართველო განიხილებოდეს მუდმივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის ზონად, ვიდრე რეალური კონსტრუქციული დიალოგი წარმოებდეს რუსეთთან

166

რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომ კრემლი მზად არის, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აღადგინოს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, სანამ ქართველები არ დაინახავენ კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გადადგმულს, დიალოგის თაობაზე კრემლიდან წამოსულ განცხადებებს დიდი წონა არ ექნება. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები რუსი მაღალჩინოსნებისგან ადრეც მოუსმენია, მაგრამ მათ შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა და ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების შეწყვეტა მოჰყვებოდა.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მწვავედ უპასუხეს პოლიტიკურ სპექტრშიც, კერძოდ, ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლავროვს პროვოკატორი უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საფრთხედ და დესტრუქციის მორიგ მცდელობად შეფასდა უცხოეთიდან დაფინანსებული “მესამე სექტორის” მხრიდანაც; ხოლო ხელისუფლებამ, რომელიც, როგორც ჩანს, მოცემულ ეტაპზე არ არის მზად კრემლთან პირდაპირი დიალოგისთვის, დუმილი ამჯობინა…

ცნობისთვის: რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებები ადრეც გაკეთდა, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხრიდანაც, მაგრამ არც ერთ ამ განცხადებას საქართველოში შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია და არაფერი გაკეთებულა დიალოგისკენ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

რა გზავნილია დღეს ლავროვის განცხადება საქართველოსთვის და რატომ გააღიზიანა ყველაზე მეტად ამერიკის ელჩი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ნათქვამმა, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ერთერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ, თუ საქართველოს სურს ნორმალური ცხოვრება, რუსეთი ამისთვის მზადაა. ცხადია, მან ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და ნორმალიზება იგულისხმა. ამ განცხადებას მალე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში _ კელი დეგნანი, რომელმაც განაცხადა, სანამ ქართველები კონკრეტულ ნაბიჯებს არ დაინახავენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გადადგმულს, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებსო. როგორ შეაფასებთ, უწინარესად, ლავროვის განცხადებას და შემდეგ დეგნანის რეაქციას?

_ პირველ რიგში, მადლობა თქვენ, რომ დაინეტერესდით ამ თემით და საზოგადოებას აწვდით ზუსტ ინფორმაციას, იმიტომ, რომ ლიბერალური მედიაჰეგემონიის პირობებში მსგავსი საკითხების გაშუქება ან საერთოდ არ ხდება, ან, თუ ხდება, აბსოლუტურად არაობიექტური და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციით.

ახლა _ რა თქვა სერგეი ლავროვმა და რა გზავნილებს შეიცავდა ჩვენთვის მისი განცხადება. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი განცხადება, ვიდრე ეს ზედაპირულად ჩანს, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება, რაც ორივე ქვეყნის ინტერესშია და უნდა იყოს კიდეც, ცხადია, არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ საქართველომ შეწყვიტოს ურთიერთობა დასავლეთთან. ლავროვმა თქვა, რომ საქართველოს შეუძლია, გააღრმავოს და განავითაროს თანამშრომლობა დასავლეთთან და, ამასთანავე, აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთანაც, რისთვისაც კრემლი მზადაა. აი, ეს უკვე, ვფიქრობ, უპრეცედენტოდ კონსტრუქციული გზავნილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კი ოდესმე ამ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაუკეთებია საქართველოს მისამართით.

რაც შეეხება ამერიკის ელჩის მყისიერ რეაქციას ამ განცხადებაზე, მოგეხსენებათ, სერგეი ლავროვის ყველა გამოსვლაზე კომენტარს არ აკეთებს ხოლმე ქალბატონი დეგნანი, მაგრამ ეს ის კონკრეტული შემთხვევა იყო, როცა შეშფოთებულმა შეერთებულმა შტატებმა ვერ მოითმინა და თავის ელჩს გააკეთებინა ღია განცხადება. ამით ამერიკელებმა, პრაქტიკულად, ჩვენ მაგივრად გასცეს მოსკოვს პასუხი და უთხრეს, რომ საქართველო არ არის და ვერც იქნება მზად თქვენთან პირდაპირი დიალოგისთვისო. თანაც ნახეთ, ფორმულირება როგორია: სანამ რამე კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს… შეუძლებელია, ქალბატონ დეგნანს არ ესმოდეს, რომ დეოკუპაციის კონცეფციის განსაზღვრას, უწინარესად, სწორედ პირდაპირი დიალოგი სჭირდება; ხოლო ლავროვის განცხადება ზუსტად  მზადყოფნის გამოთქმა იყო მსგავსი დიალოგისთვის, რომელიც საქართველოსთვის, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს

_ გამოდის, ამერიკის შეერთებული შტატები დღეს რუსულქართული ურთიერთობების ჩაშლას ცდილობს?

_ რა თქმა უნდა, და დეგნანის განცხადება, რომელიც, ცხადია, არ არის მხოლოდ მისი პირადი პოზიცია, ამის კიდევ ერთი აშკარა დემონსტრაციაა. ისე, ვინ, თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც დღეს მზადაა, თვითთალიბანთანაცკი მოლაპარაკებები აწარმოოს, იცის, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ყველაზე მწვავე დაძაბულობის მომენტშიც კი, სახელმწიფოებს შორის პირდაპირ დიალოგსა და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

რაც შეეხება ისევ საქართველოს და იმ გაღიზიანებას, რომელიც ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან მოჰყვება ხოლმე რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებს, კელი დეგნანის გაღიზიანება ჩემთვის გასაგებია, მაგრამ გაუგებარია ჩვენი ხელისუფლების პაუზა

_ რას გულისხმობთ, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ლავროვის განცხადების შემდეგ?

_ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ლავროვის ამ კონკრეტულ განცხადებას, ვგულისხმობ პაუზას, რომელიც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე. მოგეხსენებათ, თავის დროზე ამ ხელისუფლების ერთერთი უმთავრესი დაპირება სამართლიანობის აღდგენასთან ერთად იყო რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის დაწყება, ურთიერთობების ნორმალიზებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ მიმართულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ყოფილიყო მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ. არაფერს ვამბობ დაპირებებზე თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის შესახებ როგორც ერგნეთში, ისე აფხაზეთთან, რომელიც ასევე შეუსრულებელი დარჩა და დარჩა იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ამ შემთხვევაშიც ამერიკის წნეხი. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაცილებით კომფორტულია, საქართველო განიხილებოდეს მუდმივი დაძაბულობის, კონფრონტაციისა და მავთულხლართების გავლების ზონად, სადაც ქართველი ხალხისთვის პირობითი გამაღიზიანებელი იქნება ეს მავთულხლართები, ვიდრე რეალური კონსტრუქციული დიალოგი წარმოებდეს რუსეთთან და ამ დიალოგის საფუძველზე გარკვეული სტატუსკვოს განსაზღრა მოხდეს ურთიერთობაში. აი, ამით არის  ხოლმე განპირობებული ამერიკელების აგრესია, როცა ოფიციალური მოსკოვი დიალოგისთვის მზადყოფნაზე იწყებს ლაპარაკს. თუმცა ეს არ არის ხელისუფლების უმოქმედობის გამართლება და გამართლება იმის, რომ ცხრა წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთდა. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენ არ უნდა ავყვეთ დასავლეთის დესტრუქციულჭკუის დარიგებას” _ ჯერ დეოკუპაცია და მერე დიალოგი. არა, დიალოგი იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და პირიქით ვინც გვეუბნება, მას, უბრალოდ, არ სურს, რომ ეს მოხდეს

_ დავუბრუნდეთ ისევ დასავლეთის წნეხს. დასაწყისში თქვით, რომ ხელისუფლება წნეხს ვერ უძლებდა და ამიტომ ვერ შეძლო დაპირების შესრულება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. მოდი, რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს: რა ბერკეტები ჰქონდა და აქვს დღეს დასავლეთს საქართველოზე ზემოქმედებისთვის, რით აფრთხობს ის ხელისუფლებას და რა სადამსჯელო მოქმედებებს შეიძლება, ელოდებოდეს მმართველი გუნდი, თუ შეეცდება, მეტნაკლებად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატაროს?

_ ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არსებობს. ყველაფერს თავი დავანებოთ და ვნახოთ, რამდენია საქართველოს საგარეო ვალი. ჩვენი საგარეო ვალი უკვე 30 მილიარდი ლარია, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 60%-ზე მეტია. ვინც ეკონომიკის საკითხებში მეტ-ნაკლებად ერკვევა, დამეთანხმება, რომ ეს დეფოლტის საფთხის წინაშე გვაყენებს, ე.ი., ქვეყანა შეიძლება გაკოტრდეს და მისთვის კრედიტების მიმცემი სახელმწიფოებისგან თუ ორგანიზაციებისგან, პარიზის კლუბი იქნება თუ სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შეიძლება დაგვეკისროს სანქციები…

_ კონკრეტულად რა სანქციები?

_ ეს შეიძლება იყოს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები და, რაც მთავარია, შეიძლება იყოს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი _ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის პირდაპირი ვალდებულება. აი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის დამაბრკოლებელ პირობას, რომ საკუთარი პოლიტიკა ვერ გაატარო… ამიტომაა მათთვის დღეს გამაღიზიანებელი საქართველოს მხრიდან უარი დამატებით სესხსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ერთგვარი შოკი აღმოჩნდა გლობალისტური დასავლეთისთვის. ისინი გაკვირვებული ხელებს ასავსავებდნენ და კითხულობდნენ: კი მაგრამ, თქვენ ამას როგორ ბედავთ?! მათ ვერ წარმოუდგენიათ და არც უნდათ იმის დაშვება, რომ რომელიმე მარიონეტმა ქვეყანამ შეიძლება უარი თქვას ვალის აღებაზე.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ვფიქრობ, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა და მასში დაბრუნებაზე უარი, მიუხედავად იმისა, რომნაციონალურმა მოძრაობამუკვე მოაწერა მას ხელი, პრემიერის პრინციპული პოზიცია 5-6 ივლისის მოვლენების მიმართ და ახლა უკვე სესხზე უარი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია. ჩემთვის ეს ყველაფერი იყო სასიამოვნო მოულოდნელობა, ვინაიდან გვიან, მაგრამ მაინც, “ქართულმა ოცნებამ”  განახორციელა გარკვეული პოლიტიკური რეიდი დასავლური ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანამ მომავალში მაინც აწარმოოს დაბალანსებული პოლიტიკა

_ თუ, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო აფერა არ არის ეს ყველაფერი

_ გეთანხმებით, მაგრამ ნათქვამია, “აღდგომა და ხვალეო”.  ძალიან მალე გამოჩნდება, ეს ყველაფერი მხოლოდ წინასაარჩევნო აფერაა თუ არა. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს წინ ვერაფერი დაუდგება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here