Home რუბრიკები პოლიტიკა დავით სონღულაშვილი: ვიყავი და ვარ ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომლის სურვილიც ქვეყნის...

დავით სონღულაშვილი: ვიყავი და ვარ ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომლის სურვილიც ქვეყნის წარმატება და წინსვლაა

1385
მორიგი შეხვედრა ამომრჩევლებთან

დავით სონღულაშვილს, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, კახეთის მხარეში კარგად იცნობენ. აქაური მკვიდრია. ესეც იყო ამოსავალი (არა ერთადერთი) წერტილი, როცა გურჯაანელებმა ოთხი წლის წინათ მეცხრე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს: წარმატებული ბიზნესმენი უმაღლესი განათლებით (საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უცხოეთში გაღრმავებული ცოდნით), მდიდარი გამოცდილების მქონე და საკუთარი კუთხის პატრიოტი, მშრომელი ხალხისთვის თავგადადებული ახალგაზრდა კაცი.

და, რა თქმა უნდა, სონღულაანთ გვარის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი.

_ ცხონებული პაპაჩემი დილის 6 საათიდან დაგვრაზმავდა ბიჭებს და ვენახსა თუ ბოსტანში ყველგან გვამუშავებდა. ვაზის მოვლა გვასწავლა, ღვინის დაყენება, ძირითადად, რქაწითელი ჯიშის ყურძნის. ჩვენი ვენახი ჩემი და ჩემი ძმის _ სოსოს ჩაყრილია. შრომის ფასი პაპამ გვასწავლა.

საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს სახელს ასეთი გულმხურვალე ახალგარდები განამტკიცებენ. ისევე (და უმთავრესად), როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთი სატიტულო ერის დამსახურებას გლობალიზაციის ყოვლის წამლეკავ დღევანდელობაში.

ბევრი სიძნელე ჰქონდა გადასალახავი დავით სონღულაშვილს ამ მიმართულებით ევროპულ სარბიელზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველსა და მოდარაჯეს.

შეძლო, დაძლია, განამტკიცა.

რადგან ჰქონდა საამისო ინტელექტი, ცოდნა, გამოცდილება და მოწოდებული იყო საქვეყნო საქმეებისთვის.

რადგან მისაბაძად ჰქონდა მამის _ ბიძინა სონღულაშვილის მაგალითი, რომელმაც (მაშინ მხარის გუბერნატორმა) ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად მშვიდობა შეუნარჩუნა კახეთს უდროობის ჟამს.

ღირსეული მამის ღირსეული შვილიაო.

რადგან იგი “აქტიურად ზრუნავდა, როგორც საკუთარი მხარის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, ისე ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციაზე”, _ ასე ახასიათებენ მას პარლამენტში.

ოთხ დღეში დავით სონღულაშვილი კვლავ კენჭს იყრის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქში. უეჭველად აირჩევენ, რადგან საქმემან მისმა მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტისკენ გაუკვალა გზა.

შენ ხარ ვენახი _ რთველი დაუსრულებელი

მაინც რა გაკეთდა გურჯაანის რაიონში ისეთი, რაც მისი სადეპუტატო საქმიანობის სავიზიტო ბარათად არის მიჩნეული?

ადგილობრივი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა:

_ ამ ოთხი წლის განმავლობაში უწყვეტ კონტაქტზე ვარ მოსახლეობასთან. არ ყოფილა დღე, გურჯაანის ცხოვრებით არ მეცხოვრა. სადაც კი ვყოფილვარ _ პარლამენტის სესიებზე, საკომიტეტო მოსმენებზე თუ ევროპარლამენტის დარბაზებში, პირველი რიგის ამოცანად ჩემი გურჯაანელების საჭიროების, მათი მოთხოვნებისა და მოსაზრებების, მათი პრობლემებისა და გამოწვევების სწორი გადაწყვეტა მქონდა დასახული. ჩემი უმთავრესი სურვილი იყო და არის, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი ევროპული ტიპის აგროტექნოლოგიურ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდეს. ამ მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. ბევრი რამ გაკეთდა. შეიცვალა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, მიდგომები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე მოსახლეობის მხრიდან. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოვახერხეთ, მაგრამ გურჯაანელები დამეთანხმებიან, რომ შრომა, გარჯა, მონდომება და ძალისხმევა არ დაგვიკლია ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

მუნიციპალიტეტში ამუშავდა არაერთი საწარმო, ტექნოპარკი, სავაჭრო ობიექტი. გვაქვს ახალი სკვერები, სკოლები, საბავშვო ბაღები… ეს ყველაფერი გურჯაანის გაზრდილი ბიუჯეტისა და რეგიონული თუ მუნიციპალური ფონდების 4-ჯერ გაზრდილი სახსრების, ასევე, კერძო ინვესტიციების არნახული რაოდენობით მოზიდვის შედეგია. მალე გვექნება საშუალება, გავაუმჯობესოთ და საბოლოოდ მოვაწესრიგოთ წყლით უზრუნველყოფის საკითხი, დავასრულოთ საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტები და მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს.

გურჯაანელები მშრომელი ხალხია. მათ ბუნებრივ ნიჭსა და უნარს უწინ უიმედობა და უპერსპექტივობა აბრკოლებდა. ერთობლივად მოვახერხეთ და დავძლიეთ. ბევრი ადგილობრივი მკვიდრი დაბრუნდა და ბევრიც დაბრუნდება საქმიანობის აქ გასაგრძელებლად. პროფესიული განათლების გაძლიერებით, ღვინისა და კულინარიის კოლეჯების გახსნით შევძლებთ მათ მხარში ამოდგომას.

გურჯაანელები ამაყობენ, რომ უკვე საუკეთესო ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო ფესტივალებს მასპინძლობენ.

რთველი გურჯაანში აღარ არის მარტო ყურძნის მოსავლის მოწევა მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში. ნაყოფიერების დიდი დღესასწაულია, რომელიც იწყება მარწყვისა და კიტრი-პომიდვრის “რთველით” მაისში, გრძელდება ზაფხულში ატმისა და ვაშლატამას მოსავლით, კენკროვანებისა და ბაღჩეულის მოყვანით, ადრე შემოდგომაზე ესტაფეტას გადასცემს ყურძენს და გვიან შემოდგომაზე სრულდება ხურმისა და კარალიოკის მოსავლის აღებით.

მევენახეობა და მეღვინეობა კახეთის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი რომ არის, ცნობილია. დამატებით იმას გეტყვით, რომ თუ 2012 წელს კახეთში 52 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს, 2019 წელს _ 278 ათასი ტონა, წლეულს ეს ნიშნული 300 ათას ტონას გადასცდა. ექვსჯერადი ზრდა, ალბათ, არც ერთ სფეროსა თუ დარგში არ ყოფილა.

ხშირად მეკითხებიან: რამდენად კარგი ფასია რქაწითელზე დაწესებული? ჩემი პასუხი ერთმნიშვნელოვანია _ ფასი მცირეა, მაგრამ სახელმწიფოს შესაძლებლობების ადეკვატურია. ტრადიციული დარგები უფრო უნდა განვითარდეს. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერებსა და კოოპერატივებს, კომპანიებსა თუ ცალკეულ მეურნეებს, მაგრამ ბიზნესმაც უნდა გამოიღოს ხელი და მოიძიოს ის ცენტრები, რომლებთანაც შეძლებს ორმხრივი სასარგებლო პარტნიორობის დამყარებას.

ოთხ მუნიციპალიტეტში კანდიდატად დასახელება ჩემ მიმართ გამოხატული ნდობაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს. გურჯაანის მოდელი ახლა მთელ რეგიონზე უნდა გავავრცელოთ.

ვიყავი და ვარ ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი, რომლის სურვილიც ქვეყნის წარმატება და წინსვლაა. ნდობის გამოცხადება კი, ჩემი თვალსაზრისით, სამმა ფაქტორმა უნდა განაპირობოს: ჩემმა, როგორც დეპუტატის განვლილმა საქმიანობამ; გამოცდილებამ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე და ოთხივე მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხარდაჭერამ.

მაგარი ბიჭია ჩვენი დავითი

მაშ, მოვუსმინოთ რიგით ამომრჩეველს, 65 წლის გურჯაანელ ქალბატონს _ ნაზი ნინიძეს:

_ მაგარი ბიჭია ჩვენი დეპუტატი. გურჯაანს შეხედეთ, რა იყო 4 წლის წინათ და ახლა როგორი ფუსფუსი და მოძრაობაა ყველა მიმართულებით. ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ ზრუნავს გურჯაანელ ახალგაზრდებზე. თავადაც ახალგაზრდა კაცია და მაგიტომაც უფრო კარგად ესმის მათი მოთხოვნებიც და გასაჭირიც.

სოფლის ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენმა გოგო-ბიჭებმა შესჩივლეს: ვერსად ვიკრიბებით, რომ იდეები გავცვალოთო, პროექტებზე ვიმუშაოთო. მაშინ 1 წლის არჩეული გვყავდა დეპუტატად და ახლა, 25 ოქტომბერს უკვე გაიხსნა ტექნოპარკი. მე დიდად ვერ ვერკვევი მაგათ ინოვაციებში, მაგრამ ახალგაზრდები რომ გახარებული არიან, ეგ კი ნამდვილად ვიცი და დიდი იმედიც მაქვს, რომ ბევრ ახალგაზრდას ეს ცენტრი განვითარებაში ნამდვილად დაეხმარება. ბატონი დავითის დამსახურებაა, რომ გურჯაანი მეღვინეობის მუნიციპალიტეტად გადაიქცა და ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდა, და კიდევ რამდენი გეგმა აქვს წინ. დარწმუნებული ვარ, მომავალი 4 წელი უფრო მეტი წინსვლისა და წარმატების იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ბატონი დავითის თაოსნობით, რა თქმა უნდა.

დავით სონღულაშვილს პირადად ვუთხარი და თქვენც გეტყვით: ხომ შეეძლო, რომ, მაგალითად, ფასადების გალამაზებით დაეწყო და ისეთი რაღაცები გაეკეთებინა, რაც უეჭველად მოგხვდებოდა თვალში, ასე _ ერთჯერადად, მაგრამ ძირიდან დაიწყო, სახლს რომ აშენებ, ისე. თუ კარგი და მყარი საძირკველი არ ჩაუყარე, მალევე ჩამოგენგრევა. ახალგაზრდა კაცმა ჯერ საფუძველი მოუმზადა და შემდეგ დაიწყო ნელ-ნელა კედლების ამოყვანა. ამის მაგალითია თუნდაც თბილისიბაკურციხეთელავის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და იქნება უფრო უსაფრთხო. ველისციხის რეაბილიტაციის პროექტია კიდე ძაან მნიშვნელოვანი თავისი თბილისიკაკაბეთიჭერემიველისციხის დამაკავშირებელი და ზიარიგურჯაანის გზების რეკონსტრუქციით, თავისი 50-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის სახლის რეაბილიტაციით, მარნებისა და თეატრის განახლებით, სკვერებისა და გზების მშენებლობით, გამწვანებითა და საკვირაო ბაზრობების კეთილმოწყობით. ყველაზე მეტად მახარებს და მჯერა, რომ დავით სონღულაშვილი მომავალი 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.

* * *

თითქოს გუშინ იყო: კახეთში სადმე ერთი პატარა საწარმოც რომ ამუშავებულიყო, მხედრიონელები თავზე დაადგებოდნენ და იმხელა ღალას დაუწესებდნენ, რომ მეურნე წამოწყებულ საქმეზე ხელს ჩაიქნევდა _ არ ღირდა მათ მიერ დადებული უღლის ნიშა ხარის ერთგულებით თრევა _ “შემწერლების” საკეთილდღეოდ დღე და ღამის გასწორება და წელში გაწყვეტა.

დღეს სხვა დრო მეფობს, “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული” _ სიახლეთა დამკვიდრებისთვის მოღვაწე ახალი თაობის. რომლის ერთერთ გამორჩეულ წარმომადგენელს _ დავით სონღულაშვილს, მოდი, ვუსურვოთ გამარჯვება!

არმაზ სანებლიძე

თბილისი _ გურჯაანი _თბილისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here