Home რუბრიკები საზოგადოება “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

4844
“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

Забытый  светом и молвою

Далече от брегов Невы

Теперь я вижу пред собою

Кавказа гордые главы.

(Руслан и Людмила)

6 ივნისს მსოფლიომ აღნიშნა ალექსანდრე პუშკინის დაბადების 221 წლისთავი. მისი შემოქმედება მსოფლიო მოვლენაა, კლასიკაა, ხოლო ლიტერატურული შედევრები, საერთოდ, _ ერის სახე, მისი ნიჭისა და გონიერების დახვეწილობის, სულიერი სიმაღლის უტყუარი მაჩვენებელი, “ღმერთთან ლაპარაკის” უფლება და შესაძლებლობის დასტური.

ამიტომ ერების სულიერი ნათესაობის პრიორიტეტულ საკითხებზე საუბრის დაწყების უფლება მხოლოდ მაშინ მოგვენიჭება, როცა განვიწმინდებით მედროვეობის ჩენჩოსა და ღვარძლისგან.

ამ პრინციპით აღვიჭურვე, იოტისოდენა პრეტენზიისგან გათავისუფლებული.

თემა, რომელსაც დღეს ჩვენს განათლებულ მკითხველს შევთავაზებ, ლიტერატურათმცოდნეობის სივრცეს ისე დასტრიალებდა, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი დანიის პრინცის ცხოვრებას: იყო და არც იყო.

ეგებ იმიტომ, რომ იმთავითვე იგულისხმებოდა, როგორც ბუნებრივი მოვლენა.

შოთა რუსთაველი და ალექსანდრე პუშკინი, უფრო ზუსტად, “ვეფხისტყაოსანი” და “რუსლანი და ლუდმილა” _ გმირული ეპოსი და ჯადოსნური ზღაპარი.

უფრო დავაკონკრეტებ: მათი მთავარი იდეა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც მსოფლიოს პერსპექტივა, როგორც მომავლის იდეა.

რომელიც ორივეგან ერთი და იგივეა _ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, რომელიც პირველის გამარჯვებით გვირგვინდება.

აქვე ვუპასუხებ შეკითხვას, რატომ “ვეფხისტყაოსანი” მაინცადამაინც პუშკინის ფონზე?

პუშკინის იუბილე საინფორმაციო საბაბია: თუ ამ დღეებში არა, მაშ, როდის?! თუნდაც იმიტომ, რომ ამ გაზაფხულზე ზუსტად 200 წელიწადი შესრულდა, რაც “რუსლან და ლუდმილას” ბეჭდვა დაიწყო ჟურნალმა “სინ ოტეჩესტვამ”.

რუსი ლიტერატურათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ეს ნაწარმოები ერთგვარი მიბაძვაა რაინდული რომანების და მაშინ პოპულარული ჟუკოვსკის რომანტიკული ბალადების.

“მაშინ” XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის დასაწყისია. ამ ჟანრის გავლენა ეტყობა მეტ-ნაკლებად ამ პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ისეთ მიმდინარეობებზე აღმოცენდა, როგორებიცაა კლასიციზმი, სემენტალიზმი და რაინდული რომანტიკა.

პოემის პირველი ვარიანტები ვრცელდება მხოლოდ ხელნაწერების სახით. სწორედ “რუსლანმა და ლუდმილამ” დაუმკვიდრა პუშკინს თავისუფალი პოეტის სახელი, რომელიც არც ხელისუფლებას ემსახურებოდა და არც საეკლესიო ისტებლიშმენტს. მართლმადიდებლობა ამ საოცარ პოემას მტრის თვალით შეხვდა, თუმცა ოფიციალური დევნისთვის არავითარი მიზეზი არ ჰქონია. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ მხოლოდ სანახევროდ მეფის კარის პოეტმა ჟუკოვსკიმ შეძლო პუშკინის დახსნა ციმბირში გადასახლებიდან, რაც ხელისუფლებას, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჰქონდა. პოეტს მოლდოვაში გადასახლება აკმარეს.

მკვლევართა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოემის სიუჟეტური ამოცანა _ “ბრძოლა ლუდმილასთვის” _ ნიშნავდა რელიგიასთან შეჭიდებას პირველობის მოსაპოვებლად.

დიდად სარისკო საქმე იყო, მაგრამ პუშკინმა გაბედა.

ლაო ძის მიხედვით, ყველაზე მაგარი ხის გადატეხვა უფრო იოლია, ვიდრე ბამბუკის ახალი ამონაყრის. სიმკვრივე ტყდება, სირბილე იცვლის ფორმას და მხოლოდ ბამბუკსა და ტირიფს შეუძლია, გაუძლოს გარეგან შემოტევას ისე, რომ არც გადატყდეს და არც ფორმა შეიცვალოს.

რამდენად სწორი იქნება ლაო ძის დებულების პუშკინის შემოქმედებაზე გადატანა, ძნელი სათქმელია.

უფრო _ შეუთავსებელია, რადგან არსებობს ისეთი ფენომენი, რომელსაც ვერავითარი ქარიშხალი ვერ მოერევა.

ნიჭიერებაა ეს _ ტალანტი!

ეს ლირიკული წიაღსვლა მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ მკითხველისთვის შემეხსენებინა, როგორ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა პუშკინსა და მის პოემაზე ვლაპარაკობთ.

აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის განმარტებით, “ვეფხისტყაოსანი” უცხოურ ლიტერატურაში პირველად ნახსენებია XIX საუკუნის დასაწყისში: 1802 წელს რუსეთში, პეტერბურგში გამოიცა კიევის მიტროპოლიტ ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნი საქართველოს შესახებ, რომელშიც არის ნახსენები რუსთაველი, გადმოცემულია “ვეფხისტყაოსნის” შინაარსი და პირველი სტროფიც არის თარგმნილი. მანამდე არ გვაქვს სხვა ფაქტი, სიტყვა რუსთაველიც კი, რომელიმე სხვა ენაზე რომ იყო დაწერილი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ ჩანს”, _ ასკვნის მეცნიერი (იხ. “საქართველო და მსოფლიო” 2018 წლის #47, “ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა”).

ეს საკითხი ბატონ ელგუჯას კვლევის საგანი არ არის, სხვა აღმოჩენაზეა იქ ლაპარაკი _ რუსთაველის გავლენაზე უილიამ შექსპირის შემოქმედებაზე. აქ კი ამ ფაქტს იმიტომ მოვუხმე, რომ საქართველო-რუსეთის ისტორიულ ურთიერთობაზე ბევრის მიმანიშნებელია და რადიკალებისთვის დიდად დამაფიქრებელიც.

ზოგი რამ ქვეტექსტებშიც ამოსაკითხია.

ჩვენს მკითხველს, ალბათ, არ დასჭირდება ამ ორი ნაწარმოების ფაბულის მოყოლა, წაკითხულიც აქვს და სკოლაშიც უსწავლია, ამიტომ დამეთანხმება, რომ გადმოცემული ამბავი აგებულია გარკვეული შაბლონით: გმირი-რაინდები ეძებენ თავიანთ შეყვარებულებს, რომლებიც გატაცებულები ჰყავთ ქაჯებს, ბოროტ ძალებს. ბევრი ბრძოლა და გასაჭირის დაძლევა მოუწევთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს სძლევენ ბნელეთის მოციქულებს, გამოიხსნიან მიჯნურებს, შეუღლდებიან და ბედნიერ ცხოვრებას იწყებენ.

არის, რა თქმა უნდა, ნიუანსური განსხვავებები: თუ ერთგან “მათ სამთა გმირთა სჭირთ ერთმანერთის მონება”, მეორეგან _ მეგობრებს ვერ დაარქმევ, მოწინააღმდეგეები არიან. ერთმანეთს მოსაკლავადაც იმეტებენ, მაგრამ ბოლოს ყველა მიიღებს იმას, რისი ღირსიც არის.

ეს სიუჟეტური ქარგა, რომლის გადმოღება, გამეორება, გადმოწერა პლაგიატად, ლიტერატურულ ქურდობად კი არ ითვლებოდა, არამედ ნორმად მიაჩნდათ, მოდად.

მაგრამ ჩვენ მთავარ იდეაზე დავიწყეთ ლაპარაკი. ქართველი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ “ვეფხისტყაოსნის” არსებითი იდეა, ანუ იდეათა გამაერთიანებელი იდეა არის ის, რის აღსრულებისკენაც მიისწრაფვის მისი შინაარსი”. პოემის დასასრულს აშკარა ხდება, რომ მიღწეულია ყოვლისმომცველი იდეური მიზნობრიობაც, რომელიც “გამაერთიანებელია ყველა უმნიშვნელოვანესი იდეური მოტივის: ქვეყნიერების ღვთიური სრულყოფისკენ სწრაფვის მიზნობრიობა”.

ამ საინტერესო დასკვნამდე რუსთაველოლოგია სხვადასხვა შენაკადური დასკვნების გაერთიანებით მივიდა. სპეციალურ ლიტერატურაში აზრთა ეს სხვადასხვაობა ასეა წარმოდგენილი:

ნიკო მარი “ვეფხისტყაოსნის” მთავარ იდეად ძმობას (მეგობრობას) აღნიშნავდა. მისი მოსაზრებით, თუ სიყვარულს ვაღიარებდით “ვეფხისტყაოსნის” მთავარ იდეად, მაშინ სრულიად განზე რჩებოდა, როგორც შემთხვევითი ეპიზოდი, ფრიდონ მეფის მშვენიერი სამყარო და, საერთოდ, ირღვეოდა შინაარსობრივი მთლიანობაც “ვეფხისტყაოსნისა”. ივანე ჯავახიშვილის აზრითაც, “იდეა ძმობისა წარმოადგენს ძირითად იდეას, რომლის გულისთვისაც დაიწერა შოთა რუსთაველის ეს გენიალური პოემა”. მეგობრობისა და ძმადნაფიცობის მოტივს მიიჩნევდა “ვეფხისტყაოსნის” ძირითად იდეურ მოტივად კორნელი კეკელიძეც. შალვა ნუცუბიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას “ვეფხისტყაოსანში” კეთილის მიერ ბოროტის ძლევის იდეას ანიჭებდა და სწორედ ამ იდეის საფუძველზე აღნიშნავდა არეოპაგიკული ქრისტოლოგიის გავლენის დიდ კვალსაც რუსთველის მსოფლმხედველობაზე. ალექსანდრე ბარამიძის თვალსაზრისითაც, “ვეფხისტყაოსნის” დედა-იდეა გამოთქმულია განაცხადში _ “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”; “ვეფხისტყაოსნის” სხვა მთავარ იდეურ-თემატიკურ მოტივებად კი იგი წარმოაჩენდა სიყვარულსა და ქალის თაყვანისცემას, ძმობა-მეგობრობასა და პატრიოტიზმს. სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების იდეას “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთ ძირითად იდეად წარმოაჩენდა შალვა ხიდაშელიც.

პუშკინის “რუსლანი და ლუდმილა”, რომელიც დაწერილია ძველი რუსული ზღაპრებისა და თქმულებების სულისკვეთებით, წარმოგვიდგება, როგორც ცბიერებაზე სიმართლის გამარჯვების ღრმად ჰუმანური საგა. მას თავიდან ბოლომდე გასდევს გმირების სიმამაცის, სიმტკიცისა და თავდადების ტონალობა, რომელიც ერთობლიობაში გამარჯვების აუცილებელი პირობაა.

პუშკინის პოემის მთავარი იდეაც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა. სიყვარულის ნათელი გრძნობის ზეიმია, რომელსაც ვერავითარი ბნელი ძალა წინ ვერ აღუდგება. რუსლანი მის წინაშე აღმართულ ყველა დაბრკოლებას დაძლევს, მას არ აშინებს ქაჯების ხრიკები, იგი ამარცხებს ჩერნომორს პატიოსან ბრძოლაში. ლუდმილას გადარჩენით იგი ბოროტების კლანჭებიდან იხსნის სიყვარულს, როგორც სიკეთის უზენაეს გამოვლინებას. ავტორის ხედვით სიყვარული ყველა ბოროტების დამძლევია, ანუ “ბოროტსა სძლევს კეთილი”.

დასასრულ _ იდეათა იდენტურობა ფაქტია და, როგორც ამ ესეს დასაწყისში შეგახსენეთ, ერების სულიერი ნათესაობის მაჩვენებელია.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here