Home რუბრიკები საზოგადოება ბადრი ვადაჭკორია: ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოს ეძღვნება

ბადრი ვადაჭკორია: ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოს ეძღვნება

1644
ბადრი ვადაჭკორია

ცნობილ ფოტოხელოვანს, ბადრი ვადაჭკორიას, მიანიჭეს ფოტოხელოვნების დარგში პირველი ქართველი ფოტოგრაფის _ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრესტიჟული პრემია: ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

_ ემოცია უსაზღვრო იყო, მადლიერების გრძნობა _ უდიდესი, იწყებს სერიოზულად და იუმორს გაურევს შთაბეჭდილებათა ნაკადში იმ ფაქტის გამო, რომ პრემიის მინიჭების ცერემონიაში ერთი ახალი დეტალი შეიტანეს ლაურეატის დაფნის გვირგვინით შემკობა, პირველად მე დამადგეს ეს გვირგვინი. მიხეილ გიორგაძემ, მინისტრმა, შეასრულა ეს რიტუალი.

გასული მაისი განსაკუთრებული გამოდგა ბადრი ვადაჭკორიასთვის “გვირგვინოსნობას” მისი პერსონალური გამოფენაც დაემატა, სახელწოდებით “ბადრი ვადაჭკორიას მეოცე საუკუნე”.

_ მხოლოდ 65 ფოტოსურათი გამოიფინა, აზუსტებს რესპონდენტი, _ 1983-1993 წლების ნამუშევრები, რომლებიც ასე თუ ისე ასახავს ჩემი საქმიანობის ათწლიან პერიოდს. დამთვალიერებელთა შთაბეჭლილებებით თუ ვიმსჯელებთ, საინტერესო გამოდგა.

_ ესთეტიკა თუ არსი _ ფოტოგრაფისთვის რომელია უპირატესი?

1989 წლის აპრილი
1989 წლის აპრილი

_ ჩემთვის მთავარია მოვლენა. რეპორტაჟის ჟანრში უფრო ვმუშაობ, პირობითად ასე შემიძლია ვთქვა. მაინცდამაინც ლამაზი კადრის გადაღება მთავარი არ ყოფილა ჩემი საქმიანობის პერიოდში, რომელიც გაჯერებული იყო კონტრასტული მოვლენებით ომითა და დაზავებით, დროებითი ამოსუნთქვით თუ სიდუხჭირით. ასეთ ვითარებაში ვერ დაიწყებ ლამაზი კადრის ძებნას და ვერ იქნები ესთეტიკაზე ორიენტირებული.

მაგრამ, როცა საიმიჯო ალბომებზე დავიწყე მუშაობა პირველი ასეთ ალბომი “საქართველო” 2003 წელს გამოვიდა აქცენტები შეიცვალა: საჭირო შეიქნა კარგის ლამაზად ჩვენება, ქანდაკებასავით უნდა შემოუარო და საუკეთესო კუთხიდან აღბეჭდო. მოკლედ, ყველაფრის ერთობლიობაა ჩვენს ხელობაში გასათვალისწინებელი არსი, დინამიკა, ესთეტიკა და ა.შ.

და, საერთოდ, ფოტოგრაფია ისტორიის აღბეჭდვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ფოტოშოპში მუშაობა, ხელოვნური გალამაზება, თუმცა მიღებულია, მაგრამ ლამაზ ქალს ფერუმარილი არ უნდა ეტყობოდეს. ნებისმიერი სიმახინჯის გალამაზება შეიძლება.

ჩვეული მარშრუტით
ჩვეული მარშრუტით

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია დადგმითი ფოტოგრაფია.

_ არადა, საერთაშორისო ფოტოსივრცეში სწორედ ასეთ კადრებს აქვს დიდი გასავალი.

_ სამწუხაროდ, ასეა. მაგრამ სიყალბე საბოლოოდ მაინც მჟღავნდება, ისევე, როგორც “ფეიკები” ინფორმაციულ სივრცეში.

_ წამში აღბეჭდილ მოვლენას თავი დავანებოთბუნების რეალობა და ფოტოხელოვნება იდეალში როგორ უკავშირდება ერთმანეთს? როგორ ახერხებთ ისე გადაიღოთ ლანდშაფტის კადრი, რომ მაყურებელს სული აუფორიაქოს?

_ ეს ქვეცნობიერად ხდება. ვერ აგიხსნით, თითქოს ბუნება თვითონ მიკარნახებს ხელიდან არ გავუშვა შესაძლებლობა, რომელიც გაელვებასავითაა: წამში აკუმულირებული განუმეორებელი ვარიანტი.

დღე არ გავა, ასეთი კადრები რომ არ გადავიღო, თუნდაც ჩემი ქუჩა სოლოლაკში, ხოლო საქართველოში ამ თემას ვერასოდეს ამოწურავ.

_ ეს ზღვა კოვზით არ დაილევა.

_ ზუსტად ასეა. თანაც ბუნების ერთგვარ სტატიკაში მისი შევსებისა და დინამიკის მუდმივობა საოცრად არის შერწყმული. განსაკუთრებით სასიამოვნოა, ჩემს ინტერნეტგვერდზე სტუმრობის შემდეგ დამთვალიერებლები, უწინარეს ყოვლისა, საქართველოდან გადახვეწილები მწერენ, რომ თქვენი გადაღებული ფოტოსურათები არის ერთადერთი სინათლე ჩვენი ემიგრანტული ცხოვრების სინამდვილეშიო. მაგალითად, ქალბატონი თამარ ფანცულაია მწერს: “გმადლობთ, ბატონო ბადრი, ყოველ დილით ასე რომ გვათბობთ და გვატკბობთ თქვენი ფოტოებით, გვახსენებთ, “ვისი გორისა ვართ”. ნატო ხუნდაძე კი მადლობას მიხდის იმის გამო, “რომ საზოგადოებას აცნობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასო”. ვარძიაში ნახანძრალი ფრესკების ფოტოებს მოუხდენია მასზე ასეთი შთაბეჭდილება.

ესეც საინტერესოა _ სოსანების მინდვრის ფოტოზე: “ბატონო ბადრი, ეს ფოტო ჩემს ბავშვობას და უტკბილეს დედიკოს მახსენებს. იმ დროს ჩვენს ლარნაკში არ ილეოდა ნაკვეთში დედიკოს ხელით დაკრეფილი სოსანები. აქამდე არც კი ვიცოდი, რა ერქვა ამ ყვავილებს”. ხელს აწერს ანა სიმონიშვილი.

ეს რეაქცია სულ ახალია.

ასეთი გამოხმაურებები მომდის ამერიკიდან, იტალიიდან, ნოვოსიბირსკიდან, ესპანეთიდან _ მსოფლიოს ქვეყნებში გაფანტული თანამემამულეებიდან.

ქუჩაშიც მხვდებიან, მაჩერებენ და თბილ სიტყვებს არ იშურებენ. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის. მეც ვიფერებ, როგორც “ვარსკვლავი” (ეცინება), ხან ერთი ანგელოზივით გოგო ჩამეხვევა, ხან _ მეორე და არის ერთი წიოკი.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, საქართველოს ეძღვნება, ახალი ალბომიც, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ; უკვე გამოცემული ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი გადაირიცხება ნიკუშა ნატროშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

საქართველოს საიმიჯო ალბომებში არც ერთი კადრი არ მეორდება. გამოცემა არასოდეს გამიმეორებია, დიდი წარმატებისა და მოთხოვნის მიუხედავად.

ერთ ამბავს მოგიყვებით: სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჩამოიყვანეს 10 (შეიძლება, თორმეტიც, ზუსტად არ ვიცი) ფოტოგრაფი, თითოეულს 50 ათასი ევრო გადაუხადეს, ალბომის გამოცემა კი, საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, 4 მილიონი ევრო დაჯდა. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გეტყვით, რომ საქართველომ მიიღო ფოტოპროდუქცია, რომელიც არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს საიმიჯო ალბომი.

გადაფურცლავ ამ ალბომს და შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო არის მეძავების, ალკოჰოლიკების, სოციალურად დეგრადირებული ადამიანების ქვეყანა. უცხოელებმა ჩაიდეს ფული და კარგად იყავითო. “თავისუფალი შემოქმედებისწარმომადგენლები იყვნენ, ჩემო ბატონო.

_ საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში თუ მონაწილეობთ?

_ გუშინ მითხრეს, რომ მალაიზიაში უნდა გაიმართოს ჩემი ფოტონამუშევრების გამოფენა. საერთოდ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩემი გამოფენა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაიმართა.

როგორც ჩანს, კარგ საქმეს ვაკეთებთ, რადგან ყველა ასეთი ღონისძიების მთავარი თემა საქართველოა. მის ღირსეულად წარმოსაჩენად ძალა და უნარი არასოდეს დამიშურებია.

_ ვთქვათ, დაგიკვეთეს ერთი კადრით საქართველოს საიმიჯო ფოტოსურათის შექმნა, რას გადაიღებდით?

_ ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ერთი კადრით, ერთჯერადი ფოტოთი ამის გაკეთება სრულიად შეუძლებელია. მერწმუნეთ, ასეა. ძალიან ძნელია. შეიძლება, კიდეც მაქვს ასეთი ფოტო გადაღებული, მაგრამ არ მიძებნია.

_ ფოტოგრაფების ახალ თაობაში ხედავთ პერსპექტიულ ოსტატებს?

_ რატომაც არა! ჯერ ჩემი თაობის კოლეგებზე ვიტყვი: შახვალდ აივაზოვი, სერგო ედიშერაშვილი ხომ არის და არის! ჩემი მოწაფეებიდან (პირობითად) ყველაზე კარგი პეიზაჟისტები არიან რომან თოლორდავა და გიორგი ნიკოლავა. საერთოდ, ბევრნი არიან კარგები, ძალიან კარგები. ძველებიდან კოტორას ვახსენებდი განსაკუთრებით, ფანტასტიკურ კოტორაშვილს, ჯემალ კასრაძესაც, ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, ვინმე გამომრჩება, ამიტომ გავჩერდები. მაგრამ, როგორც ყველა გურული, მეც ტრაბახისგან შორს არ ვარ და ვიტყვი: ყველაზე ტიტულოვანი ფოტოგრაფებს შორის მაინც მე ვარ (იცინის). ყველაფერს არ ჩამოგითვლით, ვიტყვი მხოლოდ, რომ პირველი სახელმწიფო პრემია ჩვენს დარგში მე მივიღე 2003 წელს ფოტოალბომისთვის “საქართველო”.

იცინის, რადგან საკუთარი თავისადმი იუმორისტული დამოკიდებულებითაც ცნობილი არიან გურულები.

ვიცი მე ეს. ისიც ვიცი, რომ, თუ დროზე არ გამოეცლები, ვეღარ შეაჩერებ, ამ ტალღის ქოჩორს, როგორც უბელო ცხენს, თუ ჩააფრინდება ენამახვილი გურული.

ამიტომ სასწრაფოდ ვსვამ წერტილს და ვადასტურებ, რომ ბადრი ვადაჭკორიას ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. როინაშვილის პრემიით დაჯილდოების ცერემონიას ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და ასე მიმართა ბადრის:

_ მივულოცავ ბადრი ვადაჭკორიას, რომელიც არის გენიოსი პიროვნება და გენიოსი ფოტოგრაფი. ერთადერთი კაცია მსოფლიოში, რომლის ვალიც მაქვს და დღემდე ვერ გავისტუმრე. ბადრი კიდევ იზრდება და მინდა, ვუსურვო, რომ ეს იყოს შუადღე მისი შემოქმედების

რა ვალი აქვს ივანიშვილს ვადაჭკორიასი, ვეცადე, მაგრამ ვერ გავარკვიე.

ბადრის რომ ვკითხე, გურულებისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით (თანაც ამ დარგში ოფიციალური მოღვაწეობის გამოცდილებაც საკმარისად აქვს) მიპასუხა:

_ ასე ხუმრობს ხოლმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here