Home რუბრიკები პოლიტიკა ადამიანთა უტილიზაცია არაერთხელ ახსენეს ხმამაღლა თუ კულუარულად და…

ადამიანთა უტილიზაცია არაერთხელ ახსენეს ხმამაღლა თუ კულუარულად და…

376
ტედროს ადანომ გებრეისუსი

ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. ვაქცინა მუშაობს!”_ ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

დავიწყოთ იმით, რომ ჯერჯერობით არავინ იცის, მუშაობს თუ არა ვაქცინა. ესეც არ იყოს, საქართველოში 30 ათასამდე ვაქცინა შემოაქვთ და ისიც იმიტომ, რომ მედპერსონალის ნაწილი აიცრას. წორედ ნაწილი, რადგან სრულად მედპერსონალის აცრა ვერ მოხერხდება, რადგან მათი ოდენობა 46 ათასზე მეტია. ამ 30 ათასი ვაქცინით აიცრება სამედიცინო სფეროს 15 ათასი წარმომადგენელი და, რადგან ვაქცინა ორჯერ უნდა გაკეთდეს, მეტს ფიზიკურად ვერ ავცრით. ცოტა სასაცილოა, მაგრამ ამ ეტაპზე არ აცრიან იმ მედმუშაკებს, რომლებაც კოვიდ-19 გადაიტანეს და, შესაბამისად, იმუნიტეტი შენარჩუნებული ექნებათ, სულ ცოტა, 3 თვის განმავლობაში. რაც შეეხება რიგითი ადამიანების საყოველთაო აცრებს, ვაქცინა, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს გვექნება, თუმცა არავინ იცის, რა ეღირება; არც ის იციან, რა ოდენობის იქნება და არც ის, კვლავ Pfizer-ს შემოიტანენ თუ სხვას.

ჯერ ფასით დავიწყოთ და მერე იმით დავინტერესდეთ, რატომ არის ტენდროს ადანო ჩვენი ან, საერთოდ, ვინმეს მეგობარი. როცა ვირუსი მსოფლიოს მოედო და ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო, ბილ გეიტსმა დაუფარავად განაცხადა, რომ ვაქცინის ფასი, სულ ცოტა, ასი დოლარი უნდა ყოფილიყო და, თუ მას მოქალაქეები ვერ შეწვდებოდნენ, ვერც პრობლემას ვერ ხედავდა ამაში. ადამიანთა უტილიზაცია არაერთხელ ახსენეს ხმამაღლა თუ კულუარულად და ციფრებიც ამას ამბობს _ ვირუსის შედეგად, ძირითადად, ხანდაზმული ხალხი იხოცება. სხვათა შორის, დაახლოებით ოთხი წლის წინათ, როცა ვირუსის ხსენებაც არ იყო, ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა თქვა, მეშინია: ესპანეთის მთავრობამ ერთ დღეს არ მოინდომოს და მოხუცები არ დახოცოს, რადგან მათგან სარგებელს ვერ იღებს, ისინი ბანკში შენახული ფულით ცხოვრობენ, არაფერს აწარმოებენ და სამედიცინო დახმარება უფასოდ ეკუთვნითო. ის ქართველი თავის ბებოს გამო ჩიოდა, _ არ მომიკლან, უმუშევარი არ დავრჩეო. სხვათა შორის, ესპანეთის მთავრობას არ დაუმალავს, რომ მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით პენსიონერები ყოველწლიურად 5 ათას ევროზე მეტს ახარჯვინებდნენ სახელმწიფოს. ასე იყო სხვა ქვეყნებშიც და…

შორს ვართ შეთქმულების თეორიისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ვირუსი, პირველ რიგში, სწორედ პენსიონერებს დაერია და, რაც მთავარია, ვაქცინის ფასით უკმაყოფილება არაერთმა ცნობილმა გვამმა გამოთქვა. ვაქცინა, რომლის ფასი 19-დან 26 დოლარამდე მერყეობს, ვერ იძლევა ისეთ შემოსავალს, რომ რამდენიმე მილიარდერს კიდევ არაერთი მილიარდის დამატების შესაძლებლობა მისცეს და, ჰოი საოცრებავ, სწორედ ამ უკმაყოფილების ნიადაგზე გაირკვა, რომ ვაქცინის წარმოების მიმართ პრობლემებია და თანაც როგორი _ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს დაპირებული 80 მილიონი ვაქცინის ნაცვლად მწარმოებელი მხოლოდ 30 მილიონს, ანუ 60%-ით ნაკლებს მიაწვდის. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ წარმოების გასაუმჯობესებლად ვაქცინის ფასის გაზრდაა საჭირო, მაგრამ, სანამ ეს მოხდება, ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება. ევროკომისიის გადაწყვეტილებას სწორედ ზემოხსენებული ჩვენი მეგობარი ტენდროს ადანომი არ დაეთანხმა, _ ასე არ შეიძლებაო, მაგრამ იმავე ადანომს ხმა არ ამოუღია, როცა ითქვა, ჯერ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები აიცრებიან, შემდეგ მეორე და ბოლოს მესამე რიგის ქვეყნებიო. მასობრივ აცრებზეა საუბარი, თორემ მედპერსონალისთვის ასე თუ ისე საკმარის ოდენობას ყველა ქვეყანა მიიღებს.

იმავე ადანომის მითითებით, გასულ კვირას ჩინეთის ქალაქ უჰანში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ იმის შესასწავლად, რა მოხდა წელიწადზე მეტი ხნის წინათ და რა იყო ვირუსის გავრცელების მიზეზი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფი წელიწადზე მეტ ხანს ელოდა იმ კერის შესწავლას, რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო, და როგორ გგონიათ, ჩინელებს რაღაც რომ ჰქონოდათ გაფუჭებული, ერთ წელიწადში კვალის წაშლასა და დაფარვას ვერ მოახერხებდნენ? ჰოდა, ლოგიკური კითხვა გვაქვს _ რისთვის გადადგა ეს ნაბიჯი იმავე ადანომმა და ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობას? ერთ წელიწადში, ჩინური ეკონომიკის ტემპებით, ახალ უჰანს ააშენებდნენ და დაახვედრებდნენ ჯანმოს წარმომადგენლებს. რაც შეეხება ჩვენთან მეგობრობას, მეგობარი მაშინ იქნებოდა ბატონი ადანო, თუ ვაქცინას ყველა სხვა ქვეყნისთვის ლიმიტირებულად გამოყოფილ ოდენობაზე მეტს მოგვაწვდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ასე არ ხდება და მადლობასაც იმიტომ ვეუბნებით, რომ, საერთოდ, არ გადაიფიქრონ და ის 30 ათას ცალამდე ვაქცინაც სახვეწარი არ გაგვიხდეს.

შორიდან ისე ჩანს (ჰო, საქართველო შორსაა, ახლოს არავინ უშვებს და იმიტომ ვამბობ შორიდან-მეთქი), რომ მსოფლიო შეიშალა ვაქცინაციაზე და, რაც დრო გავა, მით უფრო მოიმატებს ვაქცინის ფასი. შთაბეჭდილებაც ისეთია, რომ ყველაფერი, რაც ხდება, სწორედ ვაქცინის გასაძვირებლად კეთდება, რათა მწარმოებლებმა მთელი მსოფლიოსგან ფული იშოვონ. ამ პირობებში თითქოს უცნაურია რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება. რუსმა მეცინერებმა უკვე შექმნეს ვაქცინა და მასიური აცრები დაიწყეს. ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ციფრებით, რუსული ვაქცინის გამოყენების შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, ანუ რუსული ვაქცინა, უბრალოდ, კარგი კი არა, ძალიან კარგია. მიმდინარე აცრების პარალელურად, რუსეთში ორი სხვა ვაქცინაც შექმნეს და უახლოეს მომავალში მათ წარმოებასაც დაიწყებენ. საინტერესოა, რომ საშინაო მოხმარებისთვის ვაქცინის ფასი 10 დოლარია, ხოლო სხვა სახელმწიფოს დაახლოებით 26 დოლარის გადახდა უწევს. რუსული ვაქცინის შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა მსოფლიოს 39 ქვეყანამ და რუსეთი მზად არის, არა მხოლოდ ვაქცინა მიჰყიდოს მსურველს, არამედ წარმოებაც აუწყოს და მსურველმა ქვეყანამ შეძლოს როგორც ვაქცინის შეძენა, ისე მისი წარმოება. რუსული ვაქცინის წარმოება უკვე იწყება ბრაზილიაში, თურქეთში, ყაზახეთში, უნგრეთში და ბელორუსში. ასეთ პირობებში საქართველოსთვის იდეალური ვარიანტი სწორედ აღნიშნული ვაქცინის წარმოების დაწყება იქნებოდა _ პუტინს ოფიციალურად აქვს გამოცხადებული, რომ განურჩევლად ყველას დაეხმარება, ვინც რუსეთს მიმართავს. ბოლო ხმაზე რომ გაჰკივიან, _ 2023 წლამდე ცხოვრების ძველ კალაპოტს ვერ დაუბრუნდება მსოფლიოო, ხომ ნიშნავს იმას, რომ 2023 წლამდე ვაქცინაციის თემა აქტუალური იქნება. ჰოდა, თუ რუსეთისგან ვაქცინასა და მისი წარმოების უფლებას მივიღებთ, კარდაკარ კი არ ვივლით და ხელს კი არ გავიშვერთ, ვაქცინა მოგვყიდეთო, არამედ ვაქცინის გაყიდვის შესაძლებლობა გვექნება და პარალელურად საქართველოშიც მასობრივ აცრას უპრობლემოდ ჩავატარებთ. თანაც, სახელმწიფოს ადგილზე ნაწარმოები ვაქცინით აცრა გაცილებით იაფი დაუჯდება, ხოლო ვაქცინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ეკონომიკას წელში გამართავს. მაგრამ ამისთვის საჭიროა რუსეთთან დალაპარაკება, რომლის უფლებასაც დასავლეთი არ გვაძლევს. ჩვენც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ გვაქვს, თორემ აგერ, თურქეთი მშვენივრად დაელაპარაკა და შეთანხმებასაც მიაღწია. იგივე გააკეთა მოლდოვამ, რომლის მოსახლეობა ცოტა ხნის წინათ რევოლუციური შემართებით ცხოვრობდა, გადატრიალებაც მოაწყვეს და მერე მიხვდნენ, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის.

საზოგადოდ, პატრიოტი ხელისუფლება მოქმედებს ისე, რაც წაადგება, უწინარესად, მის ქვეყანას. წარმატებული ევროპული ქვეყნების ლიდერები თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ჩვენს დასამოძღვრად რომ მუდმივად საუბრობენ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, პირველ ადგილზე ყოველთვის თავიანთი ქვეყნის ინტერესებს აყენებენ. ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ მალე რომელიმე ევროპული ქვეყანა რუსეთს ვაქცინის მიყიდვასა და წარმოების აწყობას სთხოვს. ჩვენ კი იმავეს გაკეთების უფლებას არ მოგვცემენ და თითს დაგვიქნევენ. საქართველოს ხელისუფლება ამ თითის დაქნევას ვერ შეეწინააღმდეგება და ქვეყნის ინტერესზე წინ დასავლეთის ინტერესს დააყენებს.

ვაღიაროთ, რომ ასეთი მიდგომები, ამგვარი ბუნდოვანი გადაწყვეტილებებია იმის მიზეზი, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის არსებობის, უბრალოდ, არ სჯერა და ეს ყველაფერი ხელოვნური ჰგონია. ეჭვები ტედროს ადანოს მიერ გასულ კვირას მიღებულმა გადაწყვეტილებამ უფრო გააძლიერა, როცა უჰანში დელეგაცია ახლა გაგზავნა და არაფრისმომცემი ნაბიჯი გადადგა. ამასთანავე, შექმნილია ვაქცინა, რომელსაც შეუძლია, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას, მაგრამ არც თავად ეკარებიან და არც სხვებს აკარებენ. არადა, მაშინ, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო, მაგრამ ზესახელმწიფოების ინტერესი ადამიანების სიცოცხლეზე მეტად ფასობს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here