Home რუბრიკები საზოგადოება “აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე…”

“აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე…”

1530
“აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე...”

ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!”

1885 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე წერს: “არ ვიცით _ რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა, ხელი გვკრან _ და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო”.

დღეს რომელ თხრილზე შეიძლება ვისაუბაროთ? _ იმაზე, რომელიც ადამიანთა გარკვეული კატეგორიის წინ აღმოჩნდა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის, რომლის ნაწილი თურმეარც მიწისაა, არც ცისა”, ანუ იყო დასაქმებულ და და არც იყო, რადგან ამის დამადასტურებელი საბუთი არ უჭირავს ხელში და, შესაბამისად, ვერც ერთ თეთრს ვერ მიიღებს დახმარების სახით.

ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!

არც ერთი გვიშველის და არც მეორე, ამიტომ ისევ ილიას მოვუსმინოთ: “აზრი ცხოვრებისა იმაშია, რომ შეიტყო, შეიმცნო, ჟამი რას ითხოვს: ტირილსა თუ სიცილსა, გაყრას თუ შეკრებას, თუ მეტყველებას, სიყვარულსა თუ სიძულვილს, ბრძოლას თუ მშვიდობას და სხვათა ამისთანათა. “დროს ჰსჭვრიტე, ჟამთა რა მოაქვს? რას ისხამს, რა მოისთვლების”, _ ქართველთაგან თქმულა. მეც ქართველი ვარ და არა ქართული არ მეუცხოების, ამიტომაც ვამბობ: “თუ ჟამს ხელთ აქვს ისარიო, შენცა ხელთ გქონდეს ფარიო”. კორონამ კი გვესროლა ისარი, მაგრამ ხელისუფლებას აქვს შესაბამისი ფარი ხალხის გადასარჩენად? ჩვენი ექიმები გულმოდგინედ გვიცავენ დაინფიცირებისგან, მაგრამ შიმშილისგან ვინ დაგვიცავს? მთავრობა ტვინს იჭყლეტს, ოპოზიცია კი ჩასაფრებული უცქერის, როდის წაიტეხსოცნებაკისერს. აი ასეთია ჩვენი რეალობა, მწარე სიმართლე.

ილიას წერილშიზოგიერთი რამერის მტკივნეულ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, იმზოგიერთი რამედანკი ბევრი რამ საოცრად მიესადაგება დღევანდელ ჩვენს ყოფას.

“..აბა, მკითხველო, შენ მე ყური მომიგდე: მე გეტყვი და შენ დალაგებით და აუჩქარებლივ მისმინე. მე წინათვე ვიცი, რომ მასზედ, რასაც მე ვიტყვი, გული დაგეთანაღრება, აიტკიცები და შესწუხდები, მაგრამ შენ კი, მკითხველო, იქნება ის არ იცოდე, რომ თითო სიტყვას, რასაც ეს წერილი ქვევით მოგახსენებს, იქნება თითო კოშტი სისხლიც თან ამოჰყოლოდეს. რაზედ გაიჭირე საქმეო, მეტყვი შენ. იმისთვის, ჩემო ძმა, თუ დაო, რომთქმით ჭმუნვა მაინც შემცირდებისა”-, ჩვენის პოეტის არ იყოს”.

“აიღებს ბეჩავი ქართველი მწერალი ხელში კალამს თუ არა, მაშინვე გულამოსკვნით შედგება ხოლმე და თავის თავსა ჰკითხავს: ვის უნდა ველაპარაკო, და სისხლი ძარღვში გაუშრება ხოლმე. მართლადა, ვის უნდა ელაპარაკოს? მეტყვიან: ყველასაო. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, საყოველთაო რა გვაქვს, რომ მწერალმა ფრთა გაშალოს და იმაზედ განაღვლოს საყოველთაო ნაღვლითა, ანუ გალხინოს საყოველთაო ლხინითა? ქართველობა ხომ არა გგონია საყოველთაო სალხინებელი და სანაღვლებელი? დიაღაც ეგ უნდა იყოს, მაგრამ სად არის ქართველი და ქართველობა? ერთი ეს მინდა გკითხო: ვართღა სადმე? როგორ თუ ვართ-ღაო, შემომიტევ წყრომით. თუ შენ, ჩემო მკითხველო, ადამიანობა, კაცური-კაცობა ხელში მჩვრად არ გადაგიქცევია, ვიცი, რომ ამ კითხვაზედ ძარღვი ჩაგწყდება; ისიც ვიცი, რა ტკივილიც ამოგაკვნესებს; მაგრამ ესეც უნდა იცოდე, რომ ბალღამში ამოვლებულს ჭეშმარიტებასაც ვაჟკაცური მოსმენა უნდა. რით ვერ გაიგე, რომ ჩვენ უბედურნი ვართ!.. ყური მომიგდე”.

ეჭვიც არ მეპარება, რომ დღესაც გამოჩნდებიან ისეთი ქართველები, რომლებიც წყრომით შემოგვიტევენ _ რას ჰქვია, არ ვარსებობთო?! მაგრამ რომ ვერ ვშველით საყოველთაო გაჭირვებას, ხალხს რომ ვერ ვუმსუბუქებთ დუხჭირ ცხოვრებას?!

როგორც ილია ამბობს, პატარა დალაგებით რომ დაუფიქრდე იმ ხავსმოკიდებულს გუბეს, რომელსაც ჩვენ, ქვეყნის სამასხარაოდ, ცხოვრებას ვეძახით, რომელშიაც ჩვენ, რაღაც დაუდეგარის კმაყოფილებით, ვჭყუპალაობთ, და რომლიდამაც ათასი სხვადასხვაფერი ნაკადული იწრიტება ცალცალკე და სხვადასხვა გზით მიდის, დარაოდენადაც ერთმანეთზედ შორსა ვალს, ეგოდენ დაუძლურდების”, _ ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლივ დააკვირდე, მაშინ შენც ჩემთან ამოიკვნესებ და იტყვი: “ვართღაო!”

აჩქარებული კაცი, ის კაცი, რომელსაც უნდა შავი ფიქრები თავიდან მალე მოიშოროს, ადვილად გვიპასუხებს ჩვენ და გვეტყვის: ბრმანი ყოფილხართო”. ისევე, როგორც დღეს ხშირად გვსაყვედურობენ, _ ხელისუფლების ამდენ სიკეთეს, გაკეთებულ საქმეებს როგორ ვერ ხედავთო. ვხედავთ, ბატონებო, ყველაფერს ვხედავთ და იმასაც, რომ ეგ საკმარისი არ არის საიმისოდ, ხალხმა წელგამართული რომ იცხოვროს და ნაგვის ურნაში არ ეძებოს სარჩო.

“ეს ჩვენი დედაქალაქი და ეს შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე გუნდ-გუნდად მორიგებული მისი შვილი _ სოფლები, ქართველები არ არიანო, მაშ ვინ არიანო? ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც იქნება მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა სწოვს.

ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანნი და უჩინონი _ ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის.

თავადს აზნაური სძულს, აზნაურსა _ თავადი, გლეხსა _ ორივე.

ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის, საქართველოს, ოჯახის შვილნი?

თავადის აზრი სათავადოა, აზნაურის _ სააზნაურო, გლეხის _ საგლეხო, ვაჭრის _ სავაჭრო.

ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ აღმოსულნი?

თავადის აზრი აზნაურს არ უხდება, აზნაურისა _ თავადსა, ორივესი _ გლეხსა.

ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის, საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი?

…ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური _ თავადსა, ორივენი _ გლეხსა; ეს ვაჭარი რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს, ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე! ქართველი საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო. ეგ თითო-თითოდ, ერთის გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალ-ცალკე და თავ-თავად დავგორავთ, ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ ეგ თვითეული ქართველი ჰგონია ვისმე!”

მოდი ჩვენც დავსვათ იგივე კითხვა:

არიან დღეს ქართველები საქართველოში?

პასუხიც არ დააყოვნებს: როგორ არ არიან?! არიან პოზიცია, ოპოზიცია, ბიზნესმენები, არასამთავრობოები, სოროსსმიყიდულები, ლიბერასტები, ბანკირები, ჩინიანნი და უჩინონი _ ყველანი არიან და ქართველი კი მაინც არსად არის. ეს როგორ?! როგორ და აი ასე: მთავრობის წარმომადგენელს ოპოზიცია სძულს, ოპოზიციონერს კი _ ხელისუფლებაში მყოფი, მშიერ და უპატრონოდ მიგდებულ ხალხს _ ორივე…

სულმნათი ილიაც აუცილებლად იკითხავდა: ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის _ საქართველოს ოჯახის შვილნი? ნუთუ ესენი ქართველები არიან, ერთს თესლზე აღმოსულნი?

ხელისუფალთა აზრი ოპოზიციას არ მოსწონს, ოპოზიციისა _ ხელისუფალთ, მათი ურთიერთმტრობა თუ კოაბიტაცია _ ხალხს.

ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის, საქართველოს, ძუძუთი გაზრდილნი?

ეს ბანკირები რომ სიხარბით სისხლს სწოვენ ხალხს, ნუთუ ესენითვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთადქართველი ჰგონია ვისმე?! ქართველი ხომ საყოველთაო სახელია და ამათში რა არის საყოველთაო?! ეგ თითოთითოდ, ერთი გაწყვეტილის ჯაჭვის რგოლებივით რომ ცალცალკე დავაგროვოთ ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ნუთუ თითოეული მათგანი ქართველი ჰგონია ვისმეს?!

მართლაც, არ არის ადვილი ამის თქმა და აღიარება, რომ ხავსმოკიდებულს გუბეში, რომელსაც ჩვენ ქვეყნის სამასხარაოდ ცხოვრებას ვეძახით, სათავისოდ ირჯება ყველა:

“თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითეულის გზები ერთად იყრება საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითეულის ჩვენგანის ჭკვა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ იქ არის-მეთქი. საერთო ლხინი მიჩვენეთ, საერთო ჭირი მაინცა, მაგრამ სად არის: ჩემი ლხინი შენი ლხინი არ არის, შენი ჭირი ჩემი ჭირი არ არის. ქართველი საყოველთაო სახელია და კიდევ ამას გკითხავ: საყოველთაო რა გვაქვს? ჩვენში არის: “მე თუ შენ, შენ თუ მე”, და ორივენი ერთად კი არაო”.

“ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში _ ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” _ იშვიათი!”

დღეს ქართველებმა გათითოკაცებით, მტრულად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფით (და არა კუთხური კარჩაკეტილობის გამო, რომელზეც ილია საუბრობს მოცემულ წერილში) სწორედ ის შედეგი მიიღეს, რაზეც წუხს დიდი მამულიშვილი:

“განვთვითეულდით, ცალ-ცალკე დავიშალენით, ასო-ასოდ დავიჭერით, და მაგ განთვითეულებამ, ცალ-ცალკეობამ ყოველგან და ყოველს-ფერში ის საქმე გვიყო, რაც ეზოპეს ზღაპარში თვითეულს წკეპლას მოუვიდა, ერთად ძნელად გადასამტვრევს. ამის შემდეგ, რასაკვირველია, საერთო სახელი აღარ შეგვრჩებოდა, და აკი აღარ შეგვრჩა.

რაკი ის დიდებული ქართველობის აზრი, ის საყოველთაო სახელი გონებიდამ გამოგვეცალა, ჩვენი გონება დაიფუყა, სულით და ხორცით დავკუწმაწდით. გონება ჩვენი, როგორც ყოველივე საგანი, რომელიც დაიფუყება, შეგვივიწროვდა, დაგვისუსტდა და, რასაკვირველია, ვეღარაფერს ფართოსა და დიდს აზრს ვეღარ დაიტევდა, და ვერ ზიდავდა… ამ მიზეზით ყოველივე აზრი, ფიქრი, სურვილი, გრძნობა დაგვინამცეცდა, გონებითად, ზნეობითად დავპატარავდით. მას აქეთ, რასაც კი ხელი მოვკიდეთ, ვეღარ მოვერივენით, რასაც კი გონების თვალით დავაკვირდით, გონებაში ვერ დავიტიეთ; ავიღეთ ყოველი იგი და დავანაკუწეთ, იმოდენა ნამცეცებად ვაქციეთ, რამოდენის ზიდვასაც თვითეულის ჩვენგანის ღონე შესძლებდა, რადგანაც მთელის ზიდვისათვის საერთო მხარი აღარა გვქონდა. ზემოთ ვსთქვი, რომ ერთიანი სახელი მთელის ჩვენის ხალხობისა ხუთ თუ ექვს ნაჭრად დავყავით-მეთქი! გონებამ ჩვენმა ერთიანი, მთლიანი აზრი იმ სახელისა ვეღარ დაიტივა, ვერ ზიდა, აიღო და ის სახელი და მისი აზრი ხალხის მცირე ნაწილს დაარქვა. ამრიგად სიტყვას: ქართველს, რომელსაც საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოობითი მნიშვნელობა მიეცა. სიტყვას: მამულსაც ეგ საქმე დაემართა”.

და რა არის მამული?

“მამული!.. ამ სიტყვის ყოვლად-მპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება _ ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა _ მთელის ხალხისა და მთელს ხალხს _ თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღველითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა _ დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია, და ყოველში ყველა არის”.

“ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი “მე” და შენი “მე” ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა. ახლაო, მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვა-ღა უნდა? განა შენ თვითონ არ იცი, რომ ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს, _ ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია”.

“სადღაა მამული? ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მოსდევს: განვთვითეულდით, და რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო, ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა? მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისათვის ძლევამოსილობა _ მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე _ ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი _ ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-შვილობა _ მხვნელისა და მთესველის სახელიღაა”.

აი მწარე სიმართლე, რომელიც, შენც ლახვარივით მოგხვდა, ალბათ, გულში, ჩემო მკითხველო, რადგან გენიშნა სულმნათი ილიას სიტყვები, უცებ გაგახსენდა, ქართული მიწის უზარმაზარი ნაკვეთები როგორ ჩაიგდეს ხელში უცხოელებმა, ჩვენდა სამარცხვინოდ.

“ზღვა კოვზით არ დაილევაო, ნათქვამია, აი თუ არ დაილევა, სად არის მამულის ყოვლად-მპყრობელი, ვრცელი, ფრთაგასაშლელი მნიშვნელობა? განვიმეორებ, განვთვითეულდით და თვითეულის ზურგმა ვეღარ ზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასათვის ადვილად საზიდია. თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთა. რაღა უნდა გვექნა ამის შემდეგ? ავიღეთ და მთელი მამული, ერთიანი ჩვენი ბინა დავყავით, გავინამცეცეთ თვითეულის დონის კვალობაზედ ასე, რომ ზიდვაც შესაძლო ყოფილიყო ჩვენის ქონდრისკაცობისათვის და დაპატარავებულს ტვინშიაც მოთავსებულიყო. დავაქციეთ ჩვენი დიდი ერთიანი სამშობლო ოჯახი, რომლის ბოძად იყო ერთიანი მხარი მთელის ქართველობისა, და მის ნაშთის ნამტვრევებისაგან პატარ-პატარა ხუხულები ავაშენეთ, რომელსაც საზოგადო სახელი “მამული” დავარქვით და რომელშიაც ჩვენც დავეტივენით, და ჩვენი ამომშრალის ტვინის და გონების აზრიც დავტივეთ; დავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი; დიდი “მამული” დავშალეთ, პატარები გავიკეთეთ, და აქაც გავამართლეთ ჩვენის რუსთაველის სიტყვა: ყოველი მსგავსი მსგავსსა შობსო”.

ილიას გული სტკივა, რომ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა, “თვითეულმან ჩვენგანმან თავისი ხვედრი, დიდის “მამულის” ნაშთი, თავთავად შემოიღობა; იმ შემოღობილში თვითეულმან ჩვენგანმან თავისი საკუთარი ქვეყანა აიშენა და საზოგადო სახელი “მამული” თავის კერძო მამულს დაარქვა და თქვა: თუ მე არ ვიქნებიო, ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო. ამ სახით თვითეული ჩვენგანი თავის შემოღობილში შეიკეტა, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აიჩინა; და რომ თვითეულმან ჩვენგანმან საერთო საქმეს თვალი მოაშორა და გონება თავისი საერთო საგანზედ აღარ ავარჯიშა. ის გონებაც ისე დაუბრმავდა, რომ იგი თავის ქონების ღობის იქით ვეღარ გადაუცილებია, რომ თავის მოძმეს გაეხმაუროს მაინცა.

ეხლა, ჩემო მკითხველო, შენ შენს კერძო მამულზედ სწუხარ და სტირი, მე ჩემს კერძო მამულზედა, ყველას გაცალკევებული, საკუთარი და კერძო ნაღველი გვაქვს, როგორღა მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა? რადგანაც ვიცით, რომ ვეღარ მივუყენებთ ერთმანეთს აზრსა, ამიტომაც სალაპარაკოდაც აღარ შევყრილვართ. ან სალაპარაკოდ რიღასთვის უნდა შევყრილიყავით? ლაპარაკი აზრის აღებ-მიცემობაა. მე რა მაქვს შენთან საერთო, რომ ერთად გვეაზრნა, საერთო აზრის აღებ-მიცემობა გაგვეწივა… რაკი შენ იმერლობა დაირქვი და მე კახელობა, მე შენთან სალაპარაკო აღარა მაქვს-რა და შენ _ ჩემთან; რაკი შენ შენს სახნავს მიწას და ერთობ შენს უძრავს ქონებას შენი მამული დაარქვი და მე ჩემსას _ ჩემი, მე შენთან საერთო მოსაფიქრებელი აღარა მაქვს-რა, და შენ _ ჩემთანა. ამიტომაც დავშორდით ჩვენ ერთმანეთსა, შენ იქით წახველ და მე აქეთ წამოვედი, და მას აქეთ მე და შენ ერთად აღარ გვილაპარაკნია”.

საბედნიეროდ, დღეს კუთხური კარჩაკეტილობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს შაგრენის ტყავივით დაპატარავებული სამშობლო, რომელიც ჩვენი პოზიციაოპოზიციის ბრძოლის ველადაა გადაქცეული, ერთს მეორისა არ ესმის და, თუ ესმის, თავისებურად. “ამიტომაც ქართველი ვეღარავის გვიცვნია, თუმცა კი ყველანი ქართულად ვლაპარაკობთ. რათ მოხდა ესე? იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ყოველსფერში გავთავთავდით, აზრი და ყოველი საგანი გავითავთავეთ და სიტყვაც, რომელიც მარტო აზრისა და საგნის ნიშანია, გათავთავდა”.

იქვე ილია ქართული ენის პრობლემას უსვამს ხაზს: “სადღა არის ეხლა ქართული ენა? ან გვინდაღა ქართული, როცა ჩვენ თითონ ჩვენდა დასაღუპავად ქართველობაზედ ხელი ავიღეთ? გონებით რომ აღარ ვსცხოვრობთ, ქართულს ენას აზრს როგორღა გამოათქმევინებთ? ერთობისათვის რომ აღარა ვართ, ერთნაირს სიტყვის მნიშვნელობას როგორ მოვსთხოვთ ჩვენს ენასა? თუნდ რომ ჩვენს ენას და სიტყვას აზრიც გამოათქმევინოთ, ვის რად გინდათ, ენას აზრს ვინღა სთხოვს? ჩვენ თითონ დავცალიერდით გუდაფშუტასავით, ცალიერი სიტყვებიღა გვინდა, ცალიერი ხმები, რომ ენამ პირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს. სხვა რისთვის გვინდა ენა? საერთო სახელი ქართველი კერძოობითად გავხადეთ, მამული დანეხვილ ნაფუძვრად გარდავაქციეთ, პატივი _ ნეხვად, თავი _ გოგრად, და ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარ ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ, და მის შემდეგ კიდევ გინდათ, რომ ენა გვქონდეს?”

ენა, რომელიც ბარბარიზმებით ავავსეთ.

მეტყველების წყარო აზრია და აზრის წყარო გონებითი ცხოვრებაა. ჩვენ განკერძოვების შემდეგ გონებითად აღარ გვიცხოვრია და რადგანაც ენას მაინც პირში ტოკვა უნდოდა ჩვეულებისამებრ, ავიღეთ და უაზრო ხმები, რომელიც ჩვენი ხუხულაების გარეშემო პირუტყვის ბუნებაში ისმოდა, ენის სალაქლაქო ქართულ სიტყვებად ვაქციეთ, და მადლობა ღმერთსა, დღევანდლამდე ამ-გვარის სიტყვებით იოლად მივდივართ. ამიტომაც პირუტყვ-ბუნების ხმის მსგავსის სიტყვებით აივსო ჩვენი ენა. და დახე, თუ ერთი გონებითი აზრის მცველი სიტყვა ემატნა. მაგალითები ათასია: ფრიალი, კრიალი, ბრიალი, პრიალი, გრიალი, ქრიალი, ღრიალი, ჭრიალი, ხრუტუნი, ღრუტუნი, სრუტუნი, წრუტუნი, ჟრუტუნი, ფრუტუნი და ათასი ამისთანით აივსო აზრმოკლებული, უნიადაგო ჩვენი უბედური ენა. სადღაა ქართული ენა? ქართველობა გათავ-თავდა, მამული _ აგრეთვე, სადღა გაიბას ქართულმა ენამ თავისი ფესვი საერთო აზრიანობისათვის?”

მაშ, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, როცა აზრს “ვაფიქსირებთ” და კიდევ ათას სისულელეს ვამკვიდრებთ ენაში?! ახლა კლასტერი აკერია პირზე ყველას (ამ სიტყვას ვერ იპოვით მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში (1989წ.), ვერც ქართულ ვიკიპედიაში. სამოქალაქო განათლების ქართული ლექსიკონი კი მას ასე განმარტავს: კლასტერი _ ეს არის საერთო საკითხებზე მომუშავე მასწავლებლების ან სკოლების 4-5 წევრიანი დაჯგუფება; რუსული ვიკიპედიის მიხედვით, კლასტერი რამდენიმე ერთგვარი ელემენტის გაერთიანებაა, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გარკვეული თვისებების მქონე დამოუკიდებელი ერთეული) “ლაივ-რეჟიმში” მომზადებულ გადაცემებში. ან ნეტავ, ვის მოუვიდა პირველად თავში “ლაივ-რეჟიმი”?! ამას ვერც დავადგენთ და არც ვეცდებით, მაგრამ რისი ბრალია, ამგვარი ქართულით რომ საუბრობენ, ძნელი მისახვედრი არ არის… და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ ასეთ “მარგალიტს” ითმენს ჩვენი საბრალო დედაენა. ნუთუ ენა იმისთვის გვინდა მხოლოდ, რომპირში იშტვინოს და ყურმა ძარღვი იფხანოს”?!

მშობლიურ ენას აგრერიგად ნუ გაუთამამდებით, ბატონებო და ქალბატონებო! თითოეულ სიტყვას თავისი შინაარსი და დანიშნულება, აგრეთვე, თავისი ადგილი აქვს; იგი ადამიანი კი არ არის, უადგილო ადგილას რომ დასვა და მაინც “ი-მუ-შა-ოს”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here