Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა ევროკავშირთან თავისი გაიტანა

ტრამპმა ევროკავშირთან თავისი გაიტანა

1359
დონალდ ტრამპი და ჟან-კლოდ იუნკერი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის მეთაურ ჟანკლოდ იუნკერის მოლაპარაკებები კარგად დასრულდა _ გამოცხადდა სავაჭრო ომის შეწყვეტა, ამასთანავე, თითოეული მხარე დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოიპოვა გამარჯვება და პარტნიორისგან მაქსიმალური დათმობა მიიღო.

შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტრამპი და იუნკერი მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ აშშის პრეზიდენტმა სოციალური ქსელტვიტერშიგამოაქვეყნა ტვიტი.

“აშკარაა, რომ ევროკავშირს, რომელსაც წარმოადგენდა იუნკერი, და თქვენი მონა-მორჩილის მიერ წარმოდგენილ ამერიკის შეერთებულ შტატებს უყვართ ერთმანეთი”, _ დაწერა ტრამპმა.

არადა, ცოტა ხნის წინათ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ერთმანეთი საყვედურებითა და მუქარებით აავსეს.

გაჩაღდა სავაჭრო ომი და ევროპული კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ში შესაძლებელი იყო, დაზარალებულიყვნენ რუსეთისთვის ახალი სანქციის დაწესების გამო. პრევენციის მიზნით ტრამპმა დაიმუქრა, რომ ავტომობილების შეყვანაზე 20%-იან საბაჟო გადასახადს დააწესებდა. ბრიუსელმა საპასუხო ნაბიჯები მოამზადა.

იუნკერთან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე ტრამპმა ძალიან განიცადა კომპანია Google-ს 5 მლრდ დოლარით დაჯარიმება ევროკავშირის მიერ. “ისინი აშშ-ს იყენებდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება”, _ ასეთი იყო ტრამპის მუქარა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე კი “გარიგებების ოსტატმა”, როგორც საკუთარ თავს უწოდებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, იუნკერს მოულოდნელად შესთავაზა, ორივე მხარეს ეთქვა უარი საბაჟო გადასახადებისა და ნებისმიერი სახის სავაჭრო ბარიერების დაწესებაზე.

ამან ბრიუსელის ორჭოფობა გამოიწვია, მაგრამ სწორედ ამერიკის ლიდერის ინიციატივა დაედო საფუძვლად მიღწეულ შეთანხმებას. მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებაში ლაპარაკია 4 ძირითად პუნქტზე: პირველი _ ეს არის თანხმობა ყველა საბაჟო ტარიფისა და ბარიერის გაუქმებაზე, აგრეთვე, სამრეწველო საქონლის (ავტომობილების გარდა) სუბსიდიებზე უარის თქმა.

მეორე _ ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცება, რაც ითვალისწინებს აშშ-დან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის შეტანის მატებას.

მესამე _ სტანდარტების სფეროში დაახლოება.

მეოთხე _ ძალების გაერთიანება გლობალურ ვაჭრობაში არაკეთილსინდისიერი პრაქტიკისგან ამერიკული და ევროპული კომპანიების დასაცავად.

ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტრამპის მიერ დაწესებული საბაჟო ტარიფების გაუქმებაზე ლაპარაკია მხოლოდ ერთობლივი განცხადების ბოლოს: მხარეებს განზრახული აქვთ ამ პრობლემის მოგვარება.

ნათელია ბოლო პუნქტის (საერთაშორისო ვაჭრობაში არაკეთილსინდისიერი პრაქტიკისგან კომპანიების დაცვა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ჩართვით) აზრი. ინტელექტუალური საკუთრების მიმართ თავისუფალი და უცერემონიო დამოკიდებულება, ტექნოლოგიების მითვისება. ამ ცოდვებში ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ დაუდანაშაულებია ჩინეთი. რეალურად ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი ვალდებულებას იღებს, ბარიერები შეუქმნას ჩინურ კომპანიებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მოლაპარაკებების შედეგებს სხვადასხვანაირად აფასებენ. თანხმდებიან, რომ სავაჭრო ომის შეწყვეტა ყველასთვის ხელსაყრელია, მაგრამ ევროპაში გამარჯვებულად ასახელებენ იუნკერს, აშშში _ ტრამპს.

“სავაჭრო კამათში პირველმა შეთანხმებამ წარმატება მოუტანა ევროკავშირის ხელმძღვანელ იუნკერს: აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ მას დიალოგის გამართვა მოუწევს ბრიუსელთან. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჟან-კლოდ იუნკერმა თქვა, რომ სურს, გააფორმოს გარიგება. და მან დადო ეს გარიგება. ეს მოხდა იმის გამო, რომ დღეს დონალდ ტრამპი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც იყო ადრე”, _ წერს გერმანული გამოცემა Tagesshau.

ამ გამოცემის მიმომხილველის აზრით, ევროპამ გაცილებით მეტი მოიგო, ვიდრე ამერიკამ, როდესაც ამერიკა აიძულა, საბაჟო გადასახადების პოლიტიკისთვის გადაეხედა, “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი გამარჯვება მოიპოვა, როცა ევროკავშირთან შეზღუდულ სავაჭრო გარიგებას მიაღწია. სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა ბევრი რამ დაუთმო ამერიკის შეერთებულ შტატებს”, _ წერს ამერიკული გამოცემა Breitbart-ი.

მოლაპარაკებების შედეგების ზედაპირული გაცნობაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ აშშ-მა კონკრეტული და ხელშესახები შედეგები მიიღო. ამერიკული სოიოს ექსპორტის გაზრდა ევროპაში ეს არის სწორედ ის, რაც სურდა ტრამპს. ამით მან უზრუნველყო ამერიკელი ფერმერების მხარდაჭერა.

ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდა ევროკავშირში _ ესეც ძველი ამოცანა იყო, რომლის გადაჭრას ტრამპი ცდილობდა, და ეს მიზანიც ახლოს არის. ევროკავშირში დაიწყო ტერმინალების მშენებლობა აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად.

ევროპას კი აქტივში ჯერჯერობით აქვს მხოლოდ დაპირებები. ამერიკული საბაჟო გადასახადების დაწესება გადაიდო მოლაპარაკებების დასრულებამდე. და, თუ გავითვალისწინებთ, რა სწრაფად იცვლის პოზიციას “გარიგებების ოსტატი”, ამას წარმატებას ვერავინ უწოდებს.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here