მთავარი პოლიტიკა რუსეთთან პირისპირ საუბარი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია

რუსეთთან პირისპირ საუბარი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია

395
გააზიარეთ

2008 წლის 8 აგვისტოდან 13 წელი გავიდა. დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში სისხლით დაიწერა და ეს სისხლი იმჟამინდელი ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისყველა წევრისა და მათი ლიდერების კისერზეა. კარგად გემახსოვრებათ, როგორ აჩვენა ამაყად მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ცხინვალის დაბომბვა, როგორ გამოაცხადა, რომ სამაჩაბლოში კონსტიტუციური წესრიგი აღადგინა და ტერიტორიები დაიბრუნა

მერე კი იყო გრძელი რიგი წითელ ხიდთან, სამაჩაბლოდან გამოქცეული “ნაცმოძრაობის” ლიდერები, გორის შესასვლელთან მიტოვებული დროშებით დატვირთული ავტობუსები… იმ დროშებით, რომლებიც სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას უნდა გამოეფინათ, სიტყვით გამოსვლა კი ცხინვალში, მთავრობის სახლთან იგეგმებოდა. ამერიკელების მიერ კარგად დაგებულ ხაფანგში სააკაშვილი თაგვივით გაება და კურდღელივით გაიქცა, როცა მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ეს მაშინ, როცა რიგითი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ დამთავარსარდლად დანიშნულ გიგი უგულავას მითითებებს ასრულებდნენ. ჰო, დედაქალაქის მერს ტაქტიკასტრატეგია ჩააბარეს და ათასობით სამხედროს ბედი მიანდეს, კაცს, რომლისთვისაც ორი ბატის ნდობა არ შეიძლებოდა.

მას შემდეგ ასეა: ყოველ 8 აგვისტოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში შავ ლენტებს გამოფენენ ხოლმე, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მონოტონური ხმით გვამცნობს, რომ იმ დღეს რუსეთმა განახორციელა აგრესია და ისე საუბრობს, თითქოს წითელი ხიდისკენ მე გავრბოდი და მე მოვუწოდებდი ხალხს, _ დანებითა და ჩანგლებით დაიცავით ოჯახებიო. 9 აგვისტოს შავი ლენტები გაქრება და ცხოვრებაც ჩვეულებრივად გაგრძელდება მომდევნო 8 აგვისტომდე და ასე იქნება წლიდან წლამდე. ასე იქნება იმიტომ, რომ არც წინა ხელისუფლება და არც ამჟამინდელი არაფერს არ აკეთებს ამ შავი ლენტების გასაქრობად. ყველა წელი ერთმანეთს ჰგავს და ჩვენ წლევანდელზე ვთქვათ.

ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, გვიან ღამით, ყველა ევროპული ქვეყნის და, რაღა თქმა უნდა, ამერიკის ელჩმაც განცხადება გაავრცელა. განცხადებები ერთი კაცის ნაწერს ჰგავდა, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყნის ელჩი აწერდა ხელს და ყველა მათგანი რუსეთს მოუწოდებდა: ტერიტორია დატოვეთ, ჯარი გაიყვანეთ და მიწები საქართველოს დაუბრუნეთო. და ეს ხომ მოხდა 7 აგვისტოს? 9 აგვისტოს კი ელჩებს აღარ ემახსოვრებათ თავიანთი განცხადებები, მათ შეინახავენ, თარიღს შეცვლიან და გაისად კვლავ გამოაქვეყნებენ. არც ერთ დასავლელ დიპლომატს არ წამოსცდენია ის, რომ პრობლემის მოსაგვარებლად 13 წლის განმავლობაში არათუ თითი თითზე არ დაუდვიათ, არამედ ჯერნაცმოძრაობას”, შემდეგქართულ ოცნებასყველა დონეზე აუკრძალეს რუსეთთან პირისპირ საუბარი. თუ რაიმეს განხილვა გვინდა, თუ რაიმეს გაგება გვინდა, მხოლოდ შუამავლების მეშვეობით და დასავლეთი დღემდე ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო რუსეთთან პირისპირ არ დაჯდეს.

ევროპამ და ამერიკამ, ერთი შეხედვით, საუცხოოდ მოირგეს საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი. ეს ერთი შეხედვით, თორემ სწორედ ევროპაამერიკის შუამავლობის შემდეგ ყველა პროცესი გაიყინა, ყველა, გარდა ეკონომიკური ურთიერთობებისა. ამასაც თავისი ახსნა აქვს _ ეკონომიკურად რუსეთზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, ამისათვის ქართულ პროდუქციას კარი დასავლეთმა უნდა გაუღოს, მაგრამ, როგორც ევროკავშირისა და ნატოს კარია მჭიდროდ დახურული, ზუსტად ასეა დასავლეთის ბაზრის კარიც. დიდ დასავლურ კომპანიებს არანაირი სურვილი არ აქვთ, თავიანთი მრავალმილიარდიანი მოგებიდან რამდენიმე მილიონი საქართველოს უწილადონ. ამიტომ დასავლეთი ხმას არ იღებს იმაზე, რომ ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი რუსულ ბაზარზე იყიდება და რომ არა რუსული ბაზარი, ქართველი გლეხების მიერ მოყვანილი მოსავალი, უბრალოდ, დალპებოდა, ქართული ღვინოები კი მარნებში დაძმარდებოდა. ეს ყველაზე კარგად სწორედ ევროპამ იცის და ამიტომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტების გატანის გამო ხმას არ იღებს.

წლევანდელი 8 აგვისტო იმითაც იყო საინტერესო, რომ ოპოზიციაში წასულმა გიორგი გახარიამ განაცხადა: “დეოკუპაციის გარეშე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება”-ო. მისმა მომხრეებმა ხბოს აღტაცებით დაუკრეს ტაში, რა მაგარი რაღაც თქვაო, ჟურნალისტებმაც თავი დაუქნიეს, მაგრამ არავინ ჰკითხა: პრემიერმინისტრი რომ იყავი, პირველი კაცი რომ გერქვა, რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო, რამდენჯერ სცადე რუსეთთან დალაპარაკებამოლაპარაკებაო? ამ კითხვას ქართველ პოლიტიკოსთაგან არავის არ უსვამენ და სწორედ ეს არის ჩვენი ტრაგედია _ მთავარ კითხვას გავურბივართ. ვინმე გაგვცემს პასუხს, რა გავაკეთეთ ამ 13 წლის განმავლობაში ისეთი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რუსეთთან ურთიერთობები გადაგვეტვირთა და გვესაუბრა ყველაფერზე, დეოკუპაციით დაწყებული, ავიამიმოსვლის აღდგენით დამთავრებული? სასიკეთო არაფერი, აი ისეთი კი, რაც რუსეთს გააღიზიანებდა, ნერვებს მოუშლიდა, ჩვენ დანის პირზე გაგვატარებდა, ბევრი რამ ჩავიდინეთ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველო ვალდებულია, რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ დაჯდეს, მაგრამ არსებობს შანსი იმისა, რომ რუსულმა მხარემ, მაგალითად, ნატოში ინტეგრაციაზე უარის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შემოგვთავაზოსმერე ისე გამოვა, რომ საქართველოს მოსახლეობის, სულ ცოტა, 99% იტყვის, _ არ გვინდა ნატოო და მანდ დასრულდება ის 30-წლიანი პროექტი, რომელსაც ამერიკა და ევროპა თურქეთთან ერთად ჯიუტად რომ გვახვევს თავს და ჯერაც რომ ვერ გავიდნენ ბოლოში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთთან პირისპირ სასაუბროდ არ გვიშვებენ. ყველა ხვდება, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა, ჩრდილოელი მეზობლისგან მივიღოთ შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით. ახლა აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები (მოსახლეობის 1%), რომლებიც ბოლო ხმაზე იყვირებენ: ნატო ჩვენი ხსნა არისო. თავის დროზე, ალბათ, ასე ეგონა თურქეთსაც, მაგრამ სამი კვირაა, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული და ნატოს არ გამოუთქვამს სურვილი, მის წევრს დაეხმაროს. არადა, ჯარისკაცების მობილიზება ასეთ შემთხვევაში ძალიან ეფექტიანია, რადგან ისინი მოსახლეობის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ევაკუაციაში უდიდეს როლს ასრულებენ. ნატოს წევრი ქვეყნები მშვიდად უყურებენ ხანძარს და ამ მომენტში აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით, სახანძრო მანქანებსა და მეხანძრეებს გზავნის თურქეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთს დახმარება სჭირდება, თანაც როგორი _ სახანძრო მანქანებიც კი არ ჰყოფნის, არათუ ცოცხალი ძალა და ნატოს თავისი მძლავრი რესურსით თვალი აქვს დახუჭული. სამაგიეროდ, იმავე ნატოს ეგიდით საქართველოში მრავალათასიანი სამხედრო წვრთნები იმართება და ამ ყველაფერსაც ერთი მიზანი აქვს _ რუსეთს ნერვები უნდა მოეშალოს. სურვილის შემთხვევაში, 3-4 საათში იქნებიან ეს ჯარისკაცები თურქეთში და ბევრ პრობლემასაც მოაგვარებენ, ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენენ, მაგრამ დღეს ნატოს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე მეტად რუსეთის გაბრაზება სჭირდება. მიზანიც მიღწეულია _ რუსულმა მხარემ ეს სამხედრო წვრთნები უკვე შეაფასა პროვოკაციად და ისიც თქვა, მშვიდად ვერ ვუყურებთ ამ ყველაფერსო, რაზეც… ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები კი არა, საქართველო აჭიჭყინდა, .., დასავლეთმა არ ჩაიგდო თავი სასაცილო მდგომარეობაში და მასხარებად ქართველი პოლიტიკოსები გამოიყვანა.

სადღაც იმედის ნაპერწკალი მაინც კიაფობს… იმედი იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს დამოუკიდებლად მოქმედებას. ამას თუნდაც 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა მოწმობს და კიდევ ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა:

ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, ჩვენ უპრინციპობას ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს აღარ მოვაწერთ ხელს”.

სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ დასავლეთის მიერ დადგენილ წესებსა და თავსმოხვეულ პირობებზე უარის თქმას ნელ-ნელა მივეჩვევით. მერე იქნებ იმასაც მივეჩვიოთ, რომ დამოუკიდებლად გადავწყვიტოთ, ვის ვესაუბროთ, ვის _ არა და საგარეო თუ საშინაო კურსი ფურცელზე კი არ დაგვიწერონ, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ჭკუით ჩვენვე დავწეროთ.

ისევ მოვა 8 აგვისტო, ისევ დავიწყებთ შავი ლენტების ფრიალს სოციალურ ქსელებში, ისევ ძველ ტექსტებს გაიმეორებენ ევროპელი თუ ამერიკელი დიპლომატები, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩება და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწევთ. კიდევ გავიმეორებ: ბოლო 13 წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ ისეთი, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარებულიყო? არაფერი და, თუ ვინმეს სჯერა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ელჩებისა და კონგრესმენების წერილების შემდეგ აღდგება, ძალიან ცდება…

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here