Home ახალი ამბები საქართველო როცა რუსეთის ჯიბრზე საუდის არაბეთს ქომაგობთ, ისტორიას ცალი თვალი მაინც გადაავლეთ!

როცა რუსეთის ჯიბრზე საუდის არაბეთს ქომაგობთ, ისტორიას ცალი თვალი მაინც გადაავლეთ!

3561

 

14 ივნისს რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. როგორც წესი, ამ მასშტაბის ტურნირები არამხოლოდ იმ ქვეყანაში იქცევა ხოლმე სახალხო ზეიმად, რომელშიც ტარდება, არამედ სხვა ქვეყნებშიც ნამდვილი დღესასწაულია. თანაც ფეხბურთი სპორტის ის ერთადერთი სახეობაა, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონის მედალი ოლიმპიურ ოქროს სჯობს. მართალია, ჩოგბურთშიც ნაკლებად ფასობს ოლიმპიური ოქრო და ძირითადი ყურადღება Grand Slam-ის ტურნირებს ეთმობა, მაგრამ იქ მედლები არ არის. სწორედ ამიტომ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს იმაზე არანაკები გულშემატკივარი და მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სპორტის ყველაზე მასშტაბურ ფორუმად აღიარებულ ოლიმპიადას და იმის გათვალისწინებით, როგორ უყვართ საქართველოში სპორტის ეს სახეობა, ადვილი მისახვედრია, რა დღეშია ქართველი გულშემატკივარი.

ბოლო წლებია, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში ყოველთვის მასპინძელი გუნდი თამაშობს და ასე იყო ამჯერადაც. პირველი შეხვედრა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გაიმართა. ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იხილოს და ეს ლოგიკურიცაა _ ჩვენი ფულით დაფინანსებულმა ტელევიზიამ, კეთილი უნდა ინებოს და, ასეთი ტურნირების ტრანსლირების უფლება შეიძინოს. ამის მიუხედავად, ქართველი კომენტატორების ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით, ქართველ გულშემატკივართა უმრავლესობა ტრანსლაციას რუსულ არხებზე უყურებს. რატომ? იმიტომ, რომ რუსი კომენტატორების შედარება ქართველებთან არ შეიძლება. ისინი მომზადებულები არიან, ზუსტად იციან, როდის რა თქვან, საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ისე საინტერესოდ მიჰყავთ რეპორტაჟი, ისეთ დინამიკაში, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. რუსი კომენტატორები არასდროს საუბრობენ საფეხბურთო მატჩის დროს პოლიტიკაზე და არ განიხილავენ არც კონფლიქტებს, არც საგარეო ურთიერთობებსა და ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებას. მათ მიჰყავთ საფეხბურთო მატჩი, რადგან ზუსტად იციან, რომ იმ მომენტში ტელეეკრანთან გულშემატკივარი ზის, ადამიანი, რომელსაც არც პოლიტიკა ახსოვს და არც საკუთარი თავი _ მსოფლიოს ჩემპიონატს უყურებს.

სწორედ ამიტომ რუსეთი-საუდის არაბეთის, ანუ მუნდიალის გახსნის შეხვედრას რუსულ არხზე ვუყურე. ვნახე ხუთი უპასუხო გოლი არაბების კარში; ვნახე არცთუ გამართული ფეხბურთი და ვნახე, როგორ უყვართ რუს გულშემატკივრებს თავისი გუნდი. ჰო, ისიც ვნახე, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წარსულში მოსკოვის “სპარტაკის” მეკარე სტანისლავ ჩერჩესოვი ყოველი გოლის შემდეგ თავის თანაშემწეებს კი არ ეხვეოდა, არამედ ტრიბუნებისკენ შებრუნდებოდა ხოლმე და გულშემატკივარს თავს უკრავდა _ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა. ეს ისე, ქართველების გასაგონად, გოლის (იშვიათად გაგვაქვს, მაგრამ მაინც) შემდეგ ერთმანეთს რომ ეხვევიან, გულშემატკივარს მიუბრუნდით, ბატონებო, იმ გულშემატკივარს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ერთი თამაშიც ვერ მოიგეთ, სტადიონზე მაინც მოდის.

მოკლედ, მორჩა შეხვედრა და ჯერ სიმამრმა დამირეკა, მერე _ მამამ, მერე _ ბიძამ, მერე… მერე… მერე… ყველას ერთი და იგივე ტექსტი ჰქონდა: “ეგა ხართ ჟურნალისტები, რა იყო ეს, მთვრალებს მიჰყავდათ რეპორტაჟი? ან როდიდან გახდა არაბეთი ჩვენი მოძმე, ისტორია მაინც წაიკითხეთ!”

როგორც გაირკვა, უფროსი თაობის ხალხმა რეპორტაჟს ქართულ არხზე უყურა და მწარედაც ინანა. ქართველმა კომენტატორებმა მთელი 90 წუთის განმავლობაში მიწასთან გაასწორეს რუსეთის ნაკრები, რუსეთის სახელმწიფო, მათი ეკონომიკა, საგარეო კურსი, ახალი სანქციებიც კი მოიფიქრეს და რუსების მიერ გატანილ ყოველ გოლს მწუხარებით ხვდებოდნენ, მაშინ, როცა საუდის არაბეთის შეტევებს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. ჯერ ერთი, ვინ მოგცათ უფლება, რომ მატჩის წაყვანისას ტელემაყურებელი აიძულოთ, რომელიმე გუნდს უგულშემატკივროს? როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, გასაგებია, მაგრამ როცა ორი უცხო ნაკრები ხვდება ერთმანეთს, რატომ ხართ ასე აშკარად ერთ-ერთის მხარეს? თუ გულშემატკივრობა და ტელევიზორთან ღრიალი გინდათ, დასხედით შინ და იქ უყურეთ ფეხბურთს. საქმე ისეთ ქვეყნებთან რომ გვქონდეს, როგორებიცაა ბრაზილია, არგენტინა, იტალია ან სხვა გრანდები, შეიძლება თავი ვერ შეიკავო და ერთი-ორი ფრაზა გაგეპაროს კონკრეტული გუნდის მისამართით, მაგრამ, როცა საუდის არაბეთს გულშემატკივრობ და მაყურებელს აიძულებ, იგივე გააკეთოს, ეს კომენტატორობა აღარაა, ეს პროპაგანდაა! მით უმეტეს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი გქვია, ხელფასს სწორედ მაყურებელი გიხდის, რატომ აძლევთ თავს უფლებას, სპორტული სანახაობა პოლიტიკურ შოუდ გადააქციოთ?! ისტორია თუ არ წაგიკითხავთ, ერთხელ მაინც გაიარეთ აღმაშენებელზე, ნახეთ არაბული ბარები და სცადეთ შესვლა, თუნდაც ფეხბურთის საყურებლად. არ შეგიშვებენ, ბატონებო!

საუბარი მხოლოდ ფეხბურთზე არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბოლო რამდენიმე თვეა, აშკარა აგრესიაზე გადავიდა და გამალებული ეწევა ანტირუსულ პროპაგანდას. რაც მთავარია, ტყუილებით გაჯერებულ გადაცემებს აკეთებს, ანგაჟირებული წამყვანები იმის მტკიცებას იწყებენ, რომ დაბალი პენსია, უმუშევრობა, კრიმინალი, საზოგადოდ, ყველაფერი ცუდი რაც ხდება, სწორედ რუსეთის ბრალია, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ არის რუსეთის ბრალი თუნდაც დაბალი პენსია, იმიტომ, რომ ამას ახსნა, უბრალოდ, არ აქვს; უბრალოდ, მოდურია რუსეთის გინება და ესენიც აგინებენ. ზუსტად ისევეა მოდური, როგორც 90-იან წლებში ნარკომანობა იყო პრესტიჟული. ჰო, ნარკომანობა და ამით უნიკალური ქვეყანა ვართ მსოფლიოში _ მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ წამლის კეთება “კაი ტიპობად” ითვლებოდა და მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მოვაწყვეთ და, რაც მთავარია, ამ აქციაზე მისულ შს მინისტრს ბოდიშიც მოვახდევინეთ. ეს მაშინ, როცა არათუ ნარკომანია, არამედ ლგბტ თემისა და სექტების არსებობა აკრძალეს რუსეთში, იმიტომ, რომ მომავალს უფრთხილდებიან და სულ არ აინტერესებთ, რას იტყვიან ამერიკისა და ევროპის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. იქ მთავარი ქვეყნის მომავალია, ბავშვების სწორად აღზრდა. იქ თავიდანვე უნერგავენ მომავალ თაობას, რომ ნარკოტიკი ცუდია, რომ არატრადიციული ორიენტაცია ცუდია, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში სექტები არ უნდა იყოს. ჩვენ კი ტოლერანტები ვართ, ყველას ვუღიმით, ყველას ყველაფრის უფლებას ვაძლევთ, ოღონდ არა რუსეთს, იმიტომ, რომ რუსეთის გინება ევროპულ-ამერიკული დღის წესრიგია და ჩვენი მედიის უმეტესობა ხომ ამ დღის წესრიგით ცხოვრობს.

თავიდან ბოლომდე მეორედ ვუყურე თამაშს და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი კომენტატორების მარგალიტები მომესმინა. თუ არ იცოდით, გეტყვით, რომ თურმე საუდის არაბეთი სპეციალურად შეახვედრეს რუსეთს, იმიტომ, რომ სუსტი გუნდია და მოუგებდა. დიახ, სწორედ ასე ახსნეს ქართველმა კომენტატორებმა ეს ფაქტი და ის კი აღარ გახსენებიათ, რომ საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს, საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, იმ ნაკრებისგან, რომელსაც ორიოდე კვირის წინათ არანაკლებ სუსტმა ლუქსემბურგმა ბურთი თავზე გადაახია. აი, იმ შეხვედრაში იმავე კომენტატორებმა დადებითი ძვრები დაინახეს, თურმე ნაკრების თამაშს მწვრთნელის ხელი ეტყობა და მერე რა, რომ ლუქსემბურგთან წავაგეთ, მეთევზეებთან და “ტაქსის” მძღოლებთან, არაპროფესიონალ ფეხბურთელებთან, ჩვენ მაინც მაგრები ვართ… თუნდაც რუსეთზე მაგრები და ისიც არა უშავს, ყველა ქართული საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტი იმაზე ნაკლები რომ არის, ვიდრე “ზენიტი”, “ცსკა” და “სპარტაკი” იხდიან თითო ფეხბურთელში.

სპორტი ადამიანებს აერთიანებს. და რომ თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობთ, ხელფასს სწორედ გულშემატკივარი გიხდით, კეთილი ინებეთ და სპორტულ სანახაობას უადგილო პოლიტიკური სანელებლებით გემოს ნუ დაუკარგავთ. თავადაც ნახავდით, თქვენს წაყვანილ მატჩს რა კომენტარები მოჰყვა და ზოგმა ივარაუდა, მთვრალები იყვნენო, ზოგმა _ ეძინებოდათ და ბოდავდნენო, ზოგი კი ნარკომანობას გაბრალებთ (ან არ გაბრალებთ). შეეგუეთ იმ აზრს, რომ რუსეთის გინება მოდური ევროპა-ამერიკისთვის არის, მათი გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობოებისთვის, თორემ საზოგადოებრივი აზრი რადიკალურად არის შეცვლილი. თუ არ გჯერათ, რეფერენდუმი ჩაატარეთ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად და შეიტყობთ, მაგრამ არა, ვერ გარისკავთ, მერე ხომ ძია სემი დაფინანსებას შეწყვეტს, მერე ხომ ევროპა მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს აღარ ახსენებს…

ისე, როცა რუსეთის ჯიბრზე საუდის არაბეთს ქომაგობთ, ისტორიას ცალი თვალი მაინც გადაავლეთ!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here