Home რუბრიკები ისტორია როდის ინგრევა მომავალი თაობის ფსიქიკა?

როდის ინგრევა მომავალი თაობის ფსიქიკა?

1418
ილია 2

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?” _ ეს არ არის პოეტის რიტორიკული შეძახილი, დღეს ეს ჩვენი ერისთვის ყოფნაარყოფნის საკითხია _ როგორი მომავალი თაობა გვეზრდება, რა პრინციპებითა და იდეალებით ნასაზრდოები.

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე ეკლესიას ანიჭებს, ჯერ კიდევ 1997 წელს თავის საშობაო ეპისტოლეში მან თქვა: “სამწუხაროდ, ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი.

იმის გამო, რომ დედმამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს”.

რაც შეეხება მოვალეობის გრძნობას სამშობლოს წინაშე, “ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა ამ მიმართულებითაც უნდა გაძლიერდეს. ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას”; “მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისთვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართსამართლიანობა და სიყვარული მთავარი პირობაა ადამიანებს შორის მშვიდობისა”.

საიტზე ორტჰოდოხყ.გე გამოაქვეყნებულია დარიგებანი მართლმადიდებლური ოჯახის შესახებ, რომელსაც ჩვენს მკითხველებს დღეს ვთავაზობთ, რადგან ეს დარიგებანი ყურად უნდა იღოს, უპირველესად, ყველა ქართველმა და აქციოს ისინი თავისი ცხოვრების გზამკვლევად.

“პრობლემა, რომელსაც ჰქვია გაუცხოება მშობლებსა და შვილებს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას შორის, სათავეს ოჯახის ტრადიციის რღვევიდან იღებს. როდესაც ოჯახი ირღვევა, ინგრევა მომავალი თაობის ფსიქიკა, სულიერება, შესაბამისად, ინგრევა მომავალი თაობაც, ამიტომ ოჯახზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული”, _ გვმოძღვრავენ სულიერი მამები.

ეკლესია გვეუბნება, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს. ქრისტე ვერ შეიცნეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რადგან მისგან ამქვეყნიურ თავისუფლებას მოელოდნენ. რომაელების ბატონობის ქვეშ მყოფ ებრაელებს ქრისტე ასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა, სულიერი განწმენდისთვის უნდა ეზრუნათ. ეს კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოს პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთ მაგალითზეც. მარტო გარეგნული პირობებით ადამიანი ვერასდროს გახდება თავისუფალი და ვერც სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს. ღვთის შვილობა თუ გინდა, უნდა გძულდეს ბოროტება, ბოროტების ჩამდენი ადამიანი კი უნდა გებრალებოდეს, მისი გამოსწორებისათვის უნდა ლოცულობდე, ევედრებოდე ღმერთს.

გახსოვდეს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას ღმერთი არ შეისმენს!

როდესაც შეიგნებ, რომ ყოველი წამი შენი ცხოვრებისა ღვთის ხელშია, გახდები მადლიერებით მლოცველი; გაჭირვებისას _ მდაბლად ითხოვ, დალხინებისას _ აქებ და ადიდებ ღმერთს. გახსოვდეს, სანამ მხოლოდ ღმერთზე არ დაამყარებ იმედს და სავსებით არ მიენდობი მის ნებას, ვერასოდეს გახდები თავისუფალი! იკითხე წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა), წმინდანთა ცხოვრება და მათი დარიგებანი, რათა მოგემატოს რწმენა და სიყვარული ღვთისა… ღმერთი გუშინ და დღეს ერთი და იგივეა. ჭეშმარიტება არ იცვლება დროის ან მატერიალური პირობების მიხედვით.

მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უცვლელად ქრისტეს მიერ მოციქულებზე გადმოცემულ და ქრისტიანთა შვიდ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას. გახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვებისაგან და დედამიწაზე დაამყარა ეკლესია, რომლის გარეშეც სულის გამოხსნა შეუძლებელია!

ოჯახი არის ის გარემო, რომელშიც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ეზიარება იგი რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა იგი პიროვნებად. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს; თანდათან უფრო შემაშფოთებელია მისი რღვევის ნიშნები.

მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი: დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ ლექსს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს მის სულიერსა და ხორციელ სატკივარს. როცა შვილი განსაცდელშია, დედა ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს. წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული!.. ქალმა დაიწყო ადგილის ძიება ოჯახის გარეთ. ცივი გონებით განსჯამ, პრაქტიციზმმა გააუხეშა და დაარღვია მისი ფაქიზი ქალური ბუნება. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება, სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა; იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან.

…როცა ოჯახში ასეთი სიყვარულია, ამას აუცილებლად ხედავენ შვილები. ისინი გრძნობენ მშობლიურ სიყვარულს, ხედავენ მათ ურთიერთ სიყვარულს და მათში ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის, უჩნდებათ სურვილი, რომ თვითონაც ასეთივენი იყვნენ მშობლების, ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ. მართლმადიდებლური ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ; აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველწლიურად სახლის კურთხევა. აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის ლოცვა, ეკლესიის მიერ სპეციალურად მიცვალებულთა მოხსენიებისათვის განკუთვნილ დღეებში… წმიდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ასეთი ოჯახი გადაიქცევა “სახლის ეკლესიად”, იქ დაივანებს უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით. ზოგიერთი მშობელი წუხს, ტირის შვილების უდიერი საქციელის გამო და ვერ შეუგნია, რომ უმეტესწილად თვითონ არის ამაში დამნაშავე, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდა ისინი. მშობლებო, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაწყველოთ თქვენი შვილები, არამედ დალოცეთ, აკურთხეთ ისინი! გებრალებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს დიდი ძალა აქვს და აუცილებლად აუხდება თქვენს შვილებს! ბიბლია გვასწავლის, რომ მშობლის კურთხევა და ლოცვა განამტკიცებს შვილებს, მათ სახლსა და ოჯახს, წყევლა კი საძირკვლამდე ანგრევს მათ. შვილებს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ უფლის მეხუთე მცნება: “პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ხანდაზმულ, ავადმყოფ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა. დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახებში არ არის სიმშვიდე და სიყვარული. …არ შეიძლება ქრისტიანენი ვიყოთ მხოლოდ ეკლესიაში და მის კარიბჭეზე გადმობიჯებისთანავე დავინთქმებოდეთ ხოლმე მიწიერი მიზნებისა და საზრუნავების მორევში. ეკლესიიდან შინ, ოჯახში, უნდა წამოვიღოთ ქრისტიანული სულისკვეთება, მცნებათა აღსრულება და ყოველდღიური ცხოვრების წესად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, სიმტკიცე, ღვთის შეწევნა და წყალობა, ქვეყანას კი ეყოლება ქრისტეს მცნებით ნასაზრდოები ჯანსაღი მომავალი თაობა.

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი _ შენი პირადი მეგობარი.

ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის.

შენ მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი _ შრომა, მეორე _ შრომა და მესამე _ შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

შენი მოსიყვარულე მამამიხეილ ჯავახიშვილი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here