მთავარი პოლიტიკა პოლიტიკა _ ფულის კეთების ინსტრუმენტი საქართველოში

პოლიტიკა _ ფულის კეთების ინსტრუმენტი საქართველოში

376
გააზიარეთ
პოლიტიკა _ ფულის კეთების ინსტრუმენტი საქართველოში

ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, შედეგები ევროპაამერიკამ უცბად მოიწონა და აწი ვინ ჰკითხავს რამეს ოპოზიციას?!

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდა და გამარჯვებულიც, ალბათ, გამოვლინდება, მაგრამ იქ ყველაფერი მარტივად არ არის _ კანდიდატები სხვადასხვა ცოდვასა და რუსეთისგან დახმარების მიღებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. ისე, რა საინტერესოა, ყველა ერთმანეთს რუსეთუმეობას რომ აბრალებს და რეალურად ყველას ერთი სული აქვს, ვლადიმერ პუტინს ხელი ჩამოართვას.

ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები კარს იყო მომდგარი და, წესით, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს სწორედ საკუთარ ქვეყანაზე უნდა ეფიქრა, მაგრამ ნურას უკაცრავად _ მოსამართლეების კონფერენცია ახლა რატომ ჩაატარეთ და რატომ არ გადადეთ ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაო, _ უსაყვედურა საქართველოს ხელისუფლებას. ამაზე ოპოზიცია გაიფხორა (ჰო, იფხორებიან ხოლმე), ამერიკის საელჩომ ხელისუფლებას კიდევ ერთი საყვედური უთხრაო. ის კი არ თქვეს, ამერიკის ელჩს ვინ ჰკითხავს, მოსამართლეების კონფერენციას ჩავატარებთ თუ მეფუტკრეებისასო? არა, პირიქით _ ტაში დაუკრეს და მთავრობა გადაწყვეტილების გამო დაამუნათეს. პარალელურად, ევროკავშირი უკრაინას ემუქრება: უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებ, რადგან შენმა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთი კანონი არაკონსტიტუციურად ცნოო. საუბარია იმ მუხლზე, რომლის მიხედვით ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს დაშვებულიშეცდომათანამდებობის პირთათვის სისხლის სამართლის დევნით აღარ დაისჯება.

ცნობისათვის: საქართველოში მნიშვნელობა არ აქვს, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ერთი ლარის ჩაწერა დაგავიწყდება თუ მილიონის _ ჯარიმა ათასი ლარია. უკრაინის პრეზიდენტმაც სიტუაციის გამოსასწორებლად დრო ითხოვა.

კიდევ _ არცთუ იშვიათად მოისმენთ, რომ რუსეთი სომხეთს ფაშინიანის გამო სჯის და ყარაბაღის კონფლიქტში ამიტომაც არ ეხმარება. ფაშინიანი დასავლურ კურსს არ მალავს, ის, რომ “რევოლუცია” ჩვენს მეზობლადაც ბიძია სოროსის დახმარებით მოხდა, ახალი ამბავი არ არის. შესაბამისად, როგორც სააკაშვილსა და მის ბანდას ჰქონდა ვალდებულებები სოროსის მიმართ, ისე აქვს ფაშინიანსაც და, ჩვენი პოლიტიკოსების არ იყოს, მანაც დაიწყო საუბარი ნატოსა და ევროკავშირზე. ჰოდა, აღარ გადააფარა რუსეთმა კალთა სომხეთს და შედეგიც აშკარააო, _ ამბობენ. აი, სოროსს კი ზუსტად ისე აინტერესებს ყარაბაღის კონფლიქტი, როგორც ის, რომ მტკვარში, ძირითადად, დენით თევზაობენ.

ახლა რიგითობით მივყვეთ.

დასავლელ “პარტნიორებს” არა მხოლოდ ჩვენი კანონებისა და, რაც მთავარია, უზენაესი კანონის, კონსტიტუციის მათებურ თარგზე დაწერა სურთ, არამედ ისიც, რომ სამართალში ჩაერიონ და, სავარაუდოდ, განაჩენიც გამოიტანონ ხოლმე. ჩვენს ქვეყანას კარგა ხნის წინათ რომ გამოუტანეს განაჩენი, ადვილი მისახვედრია, მაგრამ ახლა თითოეული ადამიანი აინტერესებთ. აბა, რა მათი საქმეა, ჩვენთან ნებისმიერი სახის კონფერენცია არჩევნებამდე ჩატარდება, მის მერე თუ არჩევნების მიმდინარეობისას?! აი, 31 ოქტომბერს რომ ჩატარებულიყო ეს კონფერენცია, ვისი რა საქმე იყო? მაგრამ არა, როგორც ჩანს, ამერიკის საელჩოს გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რა პოზიცია უნდა გამოეხატა ამ კონფერენციაზე, არ ეცალა ამისთვის და ამიტომ გააპროტესტა.

უკრაინაზე გადავიდეთ. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ერთერთი კანონის რომელიღაც მუხლი და ევროკავშირი კივის, როგორ გაბედეთ და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს დაუჯერეთო? .., ევროკავშირი აპროტესტებს იმ ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში უმაღლესია და რომლის იქით აღარაფერია. არის თუ არა ეს პირდაპირი მითითება და მოთხოვნა, რომ ქვეყანა მოიქცეს ისე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც სურს ევროკავშირს? რა თქმა უნდა, არის და, როცა ამხელა უკრაინას არ უწევენ ანგარიშს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება მაშინ, როცა საუბარი საქართველოზეა? სამწუხაროდ, ვლადიმერ ზელენსკიც ძალიან მარტივად უქნევს დასავლეთს თავს ყველაფერზე და შედეგიც აშკარაა _ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სანქციებით ემუქრებიან. ჰოდა, რაოდენ პარადოქსულია, როცა სანქციებით ემუქრებიან ქვეყანას, რომლის გამოც რუსეთს სანქციები გაუმკაცრეს? რა გამოდის? თუ მთელი მსოფლიო არ მოიქცევა ისე, როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკას სურთ, გამოდის, დაღუპული ხარ და სანქციები გამოწერილი გაქვს. ეს აღარ არის მინიშნება, აღარ არის ფარული ზრახვა ან ცივი ომი _ ეს არის პირდაპირი კოლონიზაცია და მოთხოვნა იმისა, რომ მონა იყო. როცა შენი არაფერი არ გაქვს და ყველაფერს სხვას უჯერებ, როცა პრეზიდენტი გქვია და თანაც 40 მილიონზე მეტი მოსახლეობის პრეზიდენტი, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებ, მონა ხარ.

სწორედ საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნების ბრალია, დასავლეთს მადა ჭამაში რომ მოუვიდა და უკვე არაფერს და არავის რომ აღარ ერიდება. სასაცილოდ ჩანს ისიც, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევას რუსეთს ყველა უშლიდა და პირდაპირი მოწოდებები და მუქარაც იყო. არ ჩაერია რუსეთი და ახლა კონფლიქტს ვეღარ აგვარებენ. ცეცხლის შეწყვეტის სამდღიანი ზავიც მხოლოდ რუსეთის მეშვეობით გახდა შესაძლებელი და ახლა, როცა ჩრდილოელი მეზობელი კვლავ განზე გადგა, ყოველდღიურად ახალი სიცოცხლე მიაქვს ომს; ომს, რომელიც რეალურად არავის სჭირდება და მაინც მიმდინარეობს. შედეგად, სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე იმას ამბობს, რომ ფაშინიანი აღარ უნდა ქვეყნის პრეზიდენტად, ანუ არ დასჭირდათ ჩვენს მეზობლებს იმის დასანახავად რვა წელი, სოროსი სიკეთეს არავის რომ არ მოუტანს. ამ ლოგიკით, ჩვენ 30-წლიანი კარზე კაკუნ-ბრახუნი რომ დავასრულოთ და ვთქვათ, ნეიტრალიტეტი გვსურს, არ გვინდა არც ნატო და არც ევროკავშირი, უბრალოდ, მშვიდი ცხოვრება გვწყურია, შესაძლოა, უდიდესი ნაბიჯი იყოს ტერიტორიების დაბრუნებისკენ გადადგმული. თუნდაც იმ ფორმატში, როგორც, მაგალითად, ავსტრიასა და იტალიას ტიროლის მიმართ აქვს. საბუთებით ტიროლი იტალიისაა, რეალურად კი ავსტრიის ფედერაციული მიწაა თავისი ქალაქებითა და ინფრასტრუქტურით.

თუმცა, აქამდე რომ მივიდეთ, სულ ცოტა, ერთ მაგიდასთან არის საჭირო დასხდომა, ამის შესაძლებლობას კი არავინ გვაძლევს. არაერთხელ ყოფილა მცდელობა, რომ მხარეები პირისპირ დამსხდარიყვნენ, მაგრამ ყველა ჯერზე ამაში ხელი სწორედ დასავლეთმა შეგვიშალა. პრინციპში, პოლიტიკური ნება თქვი, თორემ ამის მოგვარებაც არ იქნებოდა რთული საქმე, უბრალოდ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთხელ აწყობილის დაშლა არ სურთ, ზუსტად იციან, საიდან რა და როდის უნდა მიიღონ, ვის რამდენი ერგება და .. სწორედ ამ “მისაღების” გადასანაწილებლად იყო ბრძოლა 31 ოქტომბერს, თორემ არჩევნებზე მისული ადამიანების 90%-ზე მეტს ხვალიდან ისევ პურის ფულის პრობლემა რომ ექნება, ადვილი მისახვედრია.

“თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა, ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არაა დაწესებული, ეს საფრთხეს ქმნის”, _ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის ხელმძღვანელმა ტინი კოქსმა.

რა საოცარია, ხომ? ევროპის წარმომადგენელსაც კი უკვირს, ის ფული საიდან მოდის, რომელსაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ ხარჯავენ. საიდან, ბატონო ტინი, და, აი, წინა ოთხი წლის განმავლობაში რომ აგროვეს, კიდევ იმის წინა ოთხ წელს და კიდევ იმის წინ, იმ თანხებს აჭრიან ხოლმე ცოტცოტას (ბევრი საჭირო არაა, ცოტაც კი ბევრია ამ შემთხვევაში) და ხარჯავენ იმისთვის, რომ შემდგომ კვლავ შეავსონ დანაკარგი და ქონება გაიორმაგონ. პრაქტიკულად, ამ ერთ წინადადებაში გამოჩნდა ის, რასაც ამდენი ხანი ვამბობთ _ საქართველოში პოლიტიკა ფულის კეთების ინსტრუმენტია და ამიტომაც არის, მამები (დედებიც) შვილებს რომ ექაჩებიან ამ სფეროში, არ სურთ, ადგილი სხვას დაუთმონ და შვილებს მემკვიდრეობით უნდათ, რომ გადასცენ. შესაბამისად, ბატონი კოქსი რომ ამბობს, ამ ფულის წარმომავლობა ხალხმა უნდა იცოდესო, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია. გვერწმუნეთ, ხალხმა ზუსტად იცის, საიდან მოდის ეს ფული არჩევნებზე, რომელი ტენდერიდან რამდენი მოიჭრა, რომელი საერთაშორისო დახმარებაკრედიტიდან რამდენი გადაიკეცა და შემდეგ ეს ყველაფერი ოთხ წელიწადში ერთხელ გვიბრუნდება ხან საპარლამენტო, ხან ადგილობრივი და ხანაც საპრეზიდენტო არჩევნების სახით.

გეტყოდით, მომავალ არჩევნებამდე-მეთქი, მაგრამ ჯერ მეორე ტური გველოდება წინ და ოპოზიციაც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, _ შედეგები არ მოგვეწონაო და თავის მოსაწონს ითხოვს. კი ვიცი მე, რა არის მაგათი მოსაწონი, მაგრამ ვინაა პატრონი?! კიდევ ისაა, რომ, ჰოი საოცრებავ, შედეგები ევროპაამერიკამ უცბად მოიწონა და აწი ვინ ჰკითხავს რამეს ოპოზიციას?!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here