მთავარი ეკონომიკა პაატა კოღუაშვილი: ჩვენ, უწინარესად, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ იმაზე, რომ შიმშილი არ დაიწყოს

პაატა კოღუაშვილი: ჩვენ, უწინარესად, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ იმაზე, რომ შიმშილი არ დაიწყოს

1897
გააზიარეთ
პაატა კოღუაშვილი

მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო Covid-19-ის პანდემიამ მოიცვა და გლობალური ეკონომიკა უმოკლეს დროში დაეცა, ერთი რამ ყველასთვის ცხადი შეიქნა: ეკონომიკურმა კრიზისმა უპირველესად იმ ქვეყნებს დაარტყა, რომლებსაც მძლავრი წარმოება არ აქვთ, ანუ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და დიდწილად იმპორტირებულ საქონელზე არიან დამოკიდებულნი. ამ გამოწვევის კვალდაკვალ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე განცხადებებს საქართველოს ხელისუფლებამაც მოუხშირა. მეტიც, დაწყებული პრემიერით, დამთავრებული ეკონომიკის მინისტრითა და სხვებით, “თანხმდებიან”, რომ საშინაო წარმოება პრიორიტეტული უნდა იყოს. მთავრობა უკვე ისეთი დარგების აღორძინებაზეც საუბრობს, რომლებიც ადრეარარენტაბელურობისგამო მივიწყებული იყო. მაგალითად, მარცვლოვანი კულტურების წარმოება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და .. დღეს პრიორიტეტად უკვე არა ტურიზმი და ტურისტული ინდურსტიის განვითარება, არამედ სოფლის მეურნეობა სახელდება. რა შეცვალა საქართველოსთვის პანდემიის პარალელურად დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

_ ბატონო პაატა, პანდემიის კვალდაკვალ მსოფლიოში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის პიკიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს, აჩვენა, რომ განსაკუთრებული სიმწვავით ამ პროცესს ადგილობრივი წარმოების არმქონე და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები განიცდიან. მზად არის დღეს ჩვენი ქვეყანა გლობალური კრიზისისთვის? უზრუნველყოფილნი ვართ თუნდაც სასურსათო მარაგით?

_ სამწუხაროდ, დღეს საქართველო ეკონომიკური გამოწვევებისთვის მზად არ არის, იმიტომ, რომ მისი აგრარული პოლიტიკა აგებულია იმპორტზე. ეს, რა თქმა უნდა, იმთავითვე იყო მცდარი და საზიანო ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა პირველი და უმთავრესი, რაც ხელისუფლებამ არ თუ ვერ გაითვალისწინა ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას, ბიოკლიმატური პირობებია. ის ბიოკლიმატური პირობები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, სანატრელია მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის. ეს. პრაქტიკულად, არის სამოთხე, რომელიც შიდა წარმოების გასაძლიერებლად უდიდეს რესურსს იძლევა და, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოში თავისუფლად შეიძლება 10-12 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად საჭირო სურსათის წარმოება. ვინ იდგა იმ მცდარი ეკონომიკური ხედვების უკან, რომლებმაც ჩვენ, ფაქტობრივად, მომხმარებლებად გვაქცია? ეს პოლიტიკა დაიწყო წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, როცა ეკონომიკური განვითარების სტრატეგია .. თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე აიგო და ითქვა, რომ სახელმწიფოს არ სჭირდებოდადოტაციურიდარგები. ამ მიდგომის თანახმად, საქართველოს არ უნდა ეწარმოებინა სურსათი _ ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვ., იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გარედან შემოტანა გაცილებით იაფი დაჯდებოდა. შედეგად, ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ფუნდამენტად გამოცხადდა ტურიზმი, საქართველოს მოსახლეობა კი იქცა მომსახურე პერსონალად

_ მანამდე რა ვითარება გვქონდა?

_ გააჩნია, რომელ პერიოდს გულისხმობთ? თუ მხედველობაში გაქვთ საბჭოთა პერიოდი, ყველამ ვიცით, რომ მაშინ საქართველოს მძლავრი წარმოება ჰქონდა. თუმცა მერე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყველაფერი მოშლილიყო. მაგალითად, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მოსპო და გაანადგურა ადგილობრივი მეფრინველეობა. წარმოიდგინეთ, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში მეფრინველეობის 75 ფაბრიკა იყო. დღეს თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. სხვათა შორის, მეფრინველეობა კონკრეტული მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს იმიტომ, რომ დღეს, როდესაც სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქცია, _ პირველად წარმოებაზეა საუბარი, _ გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ქათმის ნედლი ხორცის წარმოება ერთადერთია, რომელიც 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადით იბეგრება. აი, ეს არის ამათი ეკონომიკური პოლიტიკა და წარმატებები, რომელთა შედეგადაც მივიღეთ ის, რომ გაყინული ქათმის წლიურმა იმპორტმა ქვეყანაში 75 000 ტონას გადააჭარბა… აქვე ხაზს გავუსვამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც დღევანდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ დიდ ნაკლოვანებად მიმაჩნია. შეცდომაა, რომ გადასახადისგან გათავისუფლებულია 5 ჰექტრამდე სასოფლოსამეურნეო მიწის მფლობელი. ამ მიდგომის შედეგად სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა თავი დაანებეს მიწის დამუშავებას და ურჩევნიათ, არაფერი აკეთონ, ისე მიიღონ 300 ლარი

_ მიწის გადასახადის შემოღება რას შეცვლიდა?

_ ადამიანმა უნდა დაამუშაოს ის მიწა, რომელიც აქვს, და აწარმოოს სურსათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ეს მიწა სახელმწიფოსთვის არ არსებობს. რაც შეეხება მსოფლიოში დღეს არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ჩვენთვისაც უდიდესი გამოწვევაა, ეს არის გლობალური გარდაქმნა, რომლის გადატანაც საქართველოს და ყველა ჩვენისთანა მცირე სახელმწიფოს, სადაც ადგილობრივი წარმოება სუსტია, ძალიან გაუჭირდება.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს: დაამუშვეთ რაც შეიძლება მეტი მიწა. გაამრავლეთ მსხვილფეხა ცხოველი და გაამრავლეთ ფრინველი; მოიწიეთ ბოსტნეული, გააშენეთ ხეხილი და სხვა კულტურები, თავიდან რომ ავიცილოთ უმძიმესი კრიზისი. და მერწმუნეთ, იმ ეკონომიკური პოლიტიკის უუნარობა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს, თვალნათლივ გამოჩნდება. ჩვენ დავინახავთ, რომ ეს სისტემა თავიდან ბოლომდე ჩამოიშლება.

_ თავის დროზექართულმა ოცნებამორი მილიარდი ლარი ჩადო სოფლის მეურნეობის განვითარებაში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მას შემდეგ დარგმა პროგრესი განიცადა. პირიქით, რამდენიმე მიმართულებით წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, 2016 წელს 126,6 ათასი ტონა ხორბალი ვაწარმოეთ, მომდევნო წელს კი ეს მაჩვენებელი 97,9 ათას ტონამდე შემცირდარატომ აღმოჩნდა ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები უეფექტო?

_ სოფლის მეურნეობას რეგულირება სჭირდება და ამ დარგის მინდობა ღია ბაზრისთვის წარმოუდგენელია. არ არსებობს მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა და ვერც იარსებებს, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უნდა იყოს მისი მარეგულირებელი. აი, ამით არის ზუსტად ნაკარნახევი ის აუცილებლობა, რომ უნდა მოხდეს აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ამ დარგის განვითარების ხელშეწყობა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს ხედვა ახალ სიმაღლეზე აიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, რომელმაც შეცვალა დარგისადმი დამოკიდებულება და დაიწყო მისი ფინანსური მხარდაჭერა. რაც შეეხება იმ ორ მილიარდ ლარს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს თანხა თავიდანვე იქნა გამოყენებული არარაციონალურად. მე დღესაც ვხედავ საფრთხეებს სოფლის მეურნეობისთვის იმ ორმილიარდიანი ფონდიდან გამოყოფილი თანხებით…

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღევანდელი ხედვა მახინჯი ხედვაა და ამ ყველაფერს საფუძველი დაედო ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში, ხოლო განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, როცა გაცხადდა, რომ არანაირი სახელმწიფო მხარდაჭერა აგრარულ სექტორს არ სჭირდებოდა. სხვათა შორის, იგი კოოპერაციის პროცესის დაუძინებელი მტერი იყო და ამ პროცესის შეჩერება ქვეყანას კატასტროფას მოუტანს. რაც შეეხება გამოსავალს, ფული ჩვენ გვჭირდება არა იმისთვის, რომ ვაწარმოოთ, ვთქვათ, სოსისი ან კონსერვი, არამედ იმისთვის, რომ საბაზისო ნედლეულის, ხორცის წარმოება დავიწყოთ. რისთვის აშენებ საკონსერვო ქარხანას, როდესაც ხორცი არ გაქვს?! იმისთვის, რომ ხორცი სხვისგან იყიდო, აქ შემოიტანო და იმისგან გააკეთო სოსისი? და იმ სხვამ ხორცი რომ აღარ მოგყიდოს, _ ამის მაგალითები უკვე არის და აწი კიდევ უფრო გახშირდება, _ მერე რას შვრები? აი, ეს ვერ გაიგეს ამათ და ბუნებრივია, ამ პირობებში არანაირი აზრი თუნდაც მილიარდიან დახმარებას არ ჰქონდა.

_ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ცალკეულ ქვეყნებს მოუწოდებს, არ შემოიღონ სავაჭრო შეზღუდვები, რათასასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა შენარჩუნებული იყოს”. ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს ადგილობრივ წარმოებაზე?

_ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა და მათ შორის თქვენ მიერ ნახსენები გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წევრობაც არაერთ ვალდებულებას გულისხმობს, თუმცა ისეთი კრიზისების დროს, როგორიც დღესაა, არც ერთ ქვეყანას ეს ვალდებულებები არ ახსენდება. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ არა იმაზე, რას ითხოვს ჩვენგან ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაცია, არამედ იმაზე, რომ საკუთარი _ მინიმალური მაინც _ რესურსი გვქონდეს, კრიზისული ვითარებისას შიმშილი არ დაიწყოს. რომელ ვალდებულებებზეა საუბარი, როცა მსოფლიო პანდემიამ მოიცვა და სულ მალე შეიძლება საჭმელი აღარ იშოვებოდეს. კიდევ ვიმეორებ: საქართველოს თუ რამე ვალუტა გააჩნია დღეს, ყველაფერი უნდა მიმართოს აგრარული წარმოების განვითარებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი არსებული კრიზისიდან, თუ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ორ-სამ ან ოთხ წელიწადში გვქონდეს დადებითი სავაჭრო ბალანსი და გადავლახოთ ეს 70%-იანი უარყოფითი სალდო. სხვათა შორის, ხორბალზე უკვე არის სერიოზული პრობლემები, იმიტომ, რომ კანადამ უარი განაცხადა ექსპორტზე და რუსეთმაც კვოტები დააწესა ამ ყველაფრის ფონზე რას ფიქრობს ეს ჩვენი კამკამახმიანი ეკონომიკის მინისტრი, რის იმედი აქვს, როცა აცხადებს, რომ ქვეყანას საკმარისი მარაგი აქვსო?

_ ეკონომიკის მინისტრმა კი განაცხადა, ალტერნატიული წყაროები არსებობსო, თუმცა მსოფლიოში ხორბლის მსხვილი ექსპორტიორი სულ რამდენიმე ქვეყანაა: კანადა, რომელიც ძალიან შორსაა, რუსეთი, ყაზახეთი და ნაწილობრივ, უკრაინა. ამიტომ გაუგებარია, სად არის ესალტერნატიული წყარო”.

_ არ შეიძლება, ასეთ კრიზისულ ვითარებაში ქვეყანა ვიღაცის იმედად იყოს, იმიტომ, რომ ასეთ დროს ყველა სახელმწიფო ცდილობს, პირველ რიგში, თავისი მოთხოვნები დაიკმაყოფილოს. საქართველოს არავინ არ დაეხმარება, ამიტომ ჩვენი ხსნა ადგილობრივი წარმოებაა. ამას სჭირდება, კიდევ ვიმეორებ, სუბსიდიები და ჯანსაღი, მიზანმიმართული ხელშეწყობა, რომელიც რეალურად მისცემს სტიმულს თითოეულ მწარმოებელს, და არა ისეთი, როგორიც აქამდე იყო. აქამდე რაც ვნახეთ, თუნდაც ე.წ. შეღავათიანი აგროკრედიტები და სხვა მსგავსი პროგრამები, ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარი იყო, რომლითაც ვიღაცამ ჩაიწერა ქულები, ვიღაცამ აითვისა ფული, რეალობა კი დარჩა უცვლელი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ყველაფერში ვეთანხმები ბ-ნ პაატას. იმაშიც, რომ საჭიროა სოფლად კოოპერაციის პროცესი (რადგან ამბობს, კვირიკაშვილი „კოოპერაციის პროცესის დაუძინებელი მტერი იყო“). იმაშიც, რომ საბჭოთა პერიოდში „საქართველოს მძლავრი წარმოება ჰქონდა“. ერთადერთი, რაშიც არ ვეთანხმები, რამეთუ იგი იქ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, სხვა სტატიებში სტალინისა და მის მიერ შექმნილი კოლმეურნეობის პროცესის უარყოფით შეფასებაში.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here