მთავარი საზოგადოება ოთარ ფაცაცია _ გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე

ოთარ ფაცაცია _ გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე

276
გააზიარეთ
ოთარ ფაცაცია

დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა სასიქადულო მამულიშვილს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, ჩვენი ქვეყნის საინჟინრო ინტელიგენციის ბრწყინვალე წარმომადგენელს, პარტიული და სამეურნეო საქმიანობით გამორჩეულ პიროვნებას, უკეთილშობილეს ადამიანს, ბატონ ოთარ ფაცაციას.

ბატონი ოთარის მიერ განვლილი ცხოვრების გზა მაგალითია ერისა და ქვეყნის წინაშე ერთგულებისა და უანგარო მსახურებისა. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე ხასიათდება საქმის ღრმა ცოდნით, სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვით, ადამიანებისადმი გულთბილი დამოკიდებულებით, რამაც სავსებით დამსახურებული ავტორიტეტი და აღიარება მოუპოვა მას. ბატონი ოთარი ახალგაზრდობის წლებიდანვე აქტიურად ჩაება ქვეყნის აღმშენებლობაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში, მან, როგორც პროფესიონალმა, საზოგადო მოღვაწემ და ხელმძღვანელმა, მუხლჩაუხრელი შრომით ყველა განვლილ იერარქიულ საფეხურზე დიდი სიყვარული და პატივსცემა დაიმსახურა, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელებისგან, ასევე, რიგითი მოქალაქეებისაგან.

ბატონი ოთარი ფაცაცია დაიბადა 1929 წლის 15 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. ბავშვობისა და ყრმობის წლები თავის “ოდაბადეში” გაატარა და დღესაც იქ ცხოვრობს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით წარჩინებით დაამთავრა 1955 წელს. იმავე წელს მუშაობას დაიწყო ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატში, სადაც ამ საწარმოს აქტივთან ერთ-ერთი შეხვედრისას გაიცნო ზუგდიდის რაიკომის იმჟამინდელმა პირველმა მდივანმა, ბატონმა აკაკი ქვარცხავამ, ახალგაზრდა კადრების შერჩევითა და დაწინაურებით ცნობილმა ხელმძღვანელმა და თავისთან გადაიყვანა სამუშაოდ ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო მოკლე ხანში _ მეორე მდივნად. შემდეგ იყო პარტიის სამრეწველო-საწარმოო კომიტეტის პირველი მდივანი.

1965 წელს ბატონი ოთარი დაინიშნა ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატის დირექტორად. სწორედ აქ გამოვლინდა მისი, როგორც ხელმძღვანელის, ორგანიზატორული ნიჭი. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ კომბინატის დირექტორად მისი დანიშვნისას საწარმოო დოტაციაზე იყო და ყოველწლიურად სახელმწიფოსაგან 7 მილიონ მანეთს იღებდა, კომბინატიდან მისი წასვლისას კი მოგებამ 22 მილიონი მანეთი შეადგინა.

როგორც ცნობილია ქაღალდის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული ხე-ტყეა, რომელიც მზადდებოდა სვანეთში, რის ბაზაზეც აშენდა კომბინატი, მაგრამ ეს იწვევდა სვანეთის ტყის გაჩანაგებას. ამაში ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში დარწმუნდა ბატონი ოთარი. დირექტორად დანიშვნის დღიდანვე ინტენსიურად დაიწყო ოპტიმალური გზების ძიება პრობლემის გადასაწყვეტად. როცა უკვე მომზადდა ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთება იმისა, რომ შესაძლებელი იყო რუსეთიდან შემოსული ნედლეულით ჩანაცვლებულიყო ადგილობრივი ხე-ტყე, მიმართა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, გიორგი ჩოგოვაძეს, რომლის აქტიური მხაედაჭერით შეძლო თავისი წინადადების რეალიზაცია.

ქაღალდის მრეწველობაში ცელულოზა ერთ-ერთ მავნე ნივთიერებადაა აღიარებული, რომელიც გარემოს აბინძურებს და უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიაზე. ბატონი ოთარის ძალისხმევით პირველად საქართველოში “ენგურქაღალდკომბინატში” დაინერგა დაბინძურებული სადინარების მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდი, რითაც კომბინატისგან ჰაერის, მდინარე ენგურის და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემა მოიხსნა. სვანეთში ხე-ტყის ჭრის შეწყვეტით კი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა.

საწარმოს ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვდა სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ კომბინატის დირექტორად მისი მუშაობის პერიოდში აშენდა ორი საშუალო სკოლის, ორი საბავშვო ბაღის შენობები, ამოქმედდა სამედიცინოსანიტარული და დიაგნოსტიკური ცენტრი, აშენდა კულტურის სასახლე (600 ადგილით), საცურაო სპორტული კომპლექსი, სასტუმრიეგრისი”, ექსპლუატაციაში შევიდა მრავალი საცხოვრებელი ბინა და 300 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის. ასევე ამოქმედდა ერგეტის აგრარული სექტორი: სასათბურე მეურნეობა, შეიქმნა მეცხოველეობის მექანიზირებული ფერმა, გაფართოვდა მაღაზიათა და საზოგადოებრივი კვების ქსელი. ღამის ცვლაში მუშებისათვის ყველა საამქროში გახსნილი იყო ბუფეტები, სადაც კვება იყო უფასო. აღსანიშნავია ისიც, რომ კომბინატში მუშაობდა სასადილო 300 ადგილზე შვედური მაგიდის პრინციპით. ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე მოქმედებდა კურორტი “თოლია” 500 მოზარდზე და კურორტი “იუჟნი” 300 დამსვენებელზე. დაიწყო ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა. აღნიშნული საწარმოს სახით საქართველოში შეიქმნა მეურნეობრიობის ისეთი ფორმა, რომელიც საწარმოო-ეკონომიკური ეფექტიანობისა და სოციალური პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტის თავისებურად ახალი მეთოდი იყო. ამიტომაც ამბობდნენ კიდეც, ბატონმა ოთარმა ქალაქში ქალაქი ააშენაო.

ბატონი ოთარ ფაცაცია “ენგურქაღალდკომბინატის” ისტორიაში ბერმუხას სახელით შევიდა. დღესაც ფესვმაგარ ხეს ჰგავს, რომელიც ვერც წლებმა წააქცია და ვერც ქარიშხალმა. “ენგურქაღალდკომბინატის” 4,5-ათასიანმა კოლექტივმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უდიდეს წარმატებებს მიაღწია. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომისა და მეურნის არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით კომბინატი ერთ-ერთი მოწინავე გახდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქაღალდის მრეწველობაში. ბატონმა ოთარმა დიდი წვლილი შეიტანა არა მოლოდ ქართული ქაღალდის წარმოებისა და განვითარების, არამედ საინჟინრო კადრების, მექაღალდეთა თაობების აღზრდის საქმეშიც. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ განათლების მაშინდელ საკავშირო მინისტრ . ელიუტინთან შეთანხმებით ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისათვის მისაღები გამოცდები ტარდებოდა ადგილზე, კომბინატში, ლენინგრადიდან ჩამოსული საგამოცდო კომისიის მიერ. ინსტიტუტში ჩარიცხულ სტუდენტებს, რა თქმა უნდა საწარმო უხდიდა სტიპენდიას.

ბატონ ოთარს გააჩნია საწარმოო პროცესში მრავალათასიანი კოლექტივის ორგანიზების ფენომენალური უნარი, მაღალი შრომითი მაჩვენებლების მისაღწევად იგი შეუვალი იყო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. მაღალი მომთხოვნელობითა და პრინციპულობით თითქმის შეუძლებელს აღწევდა. მექაღალდეთა ათასობით ოჯახი მას უმადლოდა შრომისა და ყოფის სანიმუშო პირობების შექმნას, საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების ამოქმედებას. ბატონი ოთარი მუდამ გრძნობდა დიდ პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობისადმი. იყო მომთხოვნი, ამავე დროს შრომის დამფასებელი. მუშაობის პერიოდში ყოველთვის იქ იდგა, სადაც აუცილებელი იყო მისი ყოფნა, საქმის კურსში იყო დღე-ღამის განმავლობაში კომბინატის მაჯისცემისა.

ბატონი ოთარი თითქმის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა “ენგურქაღალდკომბინატის” დირექტორად, სანამ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში, 1992 წელს, ზუგდიდის რაიონის გამგებლად არ დაინიშნა. ეს იყო დრო, როცა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება პიკს აღწევდა, ღვთის წყალობით, სიკვდილს რამდენიმეჯერ გადაურჩა და გადაარჩინა ამ კუთსის მოსახლეობაც. ასე გალია დაძაბული მუშაობის ორი წელი და 1994 წელს დანიშნეს საქართველოს პრემიერმინისტრად, მთავრობის წინაშე დადგა ქვეყნის სტაბილიზაციის, ეკონომიკის აღორძინების, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების ამოცანები. სწორედ ამიტომ ბატონი ოთარი მთელი ძალისხმევით მუშაობდა ენერგეტიკის, მოსახლეობის მარცვლეულითა და საწვავით მომარაგების პრობლემების გადასაწყვეტად.

ბატონი ოთარი უაღრესად კეთილშობილი, მაღალი ზნეობისა და მოქალაქეობრივი პრინციპების მქონე პიროვნებაა, რომლის მიერ განვლილი ცხოვრებისგზა, მაღალი პროფესიონალური ავტორიტეტი და საყოველთაო საზოგადოებრივი საქმიანობა ქვეყნისა და ხალხისათვის გაწეული დიდი ღვაწლის ჭეშმარიტი მაგალითია. აღსანიშნავია მისი უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმისადმი, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა. ამ თვისებების გამო ის სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით, მის მოსაზრებებსა და წინადადებებს ყურადღებით უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ საზოგადოებაში და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებში. ადამიანებთან პირადი ურთიერთობა, თანადგომა, სიხარულისა და ჭირვარამის გაზიარება ბატონ ოთარის ცხოვრების წესია. მისი მოღვაწეობის გზაზე იყო სირთულეები, პრობლემები, მაგრამ ყოველთვის დაუძლევია ისინი. ის არის პიროვნება, რომელსაც ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. საკუთარ დამსახურებაზე საუბარი არ უყვარს, სხვისგან მოსმენილი ეუხერხულება, იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყოველგვარი ხმაურის, პომპეზურობისა და რეკლამირების გარეშე აკეთებენ საქვეყნო საქმეს.

მისი დაუღალავი შრომისა და აღიარებული ავტორიტეტის დასტურია ის ჯილდოები და წოდებები, რომლებიც დამსახურებულად აქვს მიღებული: ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო _ წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, საბჭოთა კავშირის პერიოდში დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი. ბოლო წლებში ბატონი ოთარი სათავეში ჩაუდგა საზოგადოება “ზუგდიდელს” და ღირსეულად უძღვება ამ საპატიო საქმეს.

ასეთი გახლავთ ბატონი ოთარ ფაცაცია, მაგალითი სწორად ცხოვრებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისა. წლებსა და რთულ ცხოვრებას ოდნავაც არ შეუცვლია ის. იგი დარჩა ერთგულ, უღალატო და ყურადღებიან მეგობრად.

ღმერთმა ჯანმრთელად, სიკეთითა და სიყვარულით ატაროს ცხოვრების დარჩენილ დროში ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილი პიროვნება, რომლის წინაშე თავს ვხრით მადლიერებით აღვსილი მისი მეგობრები.

ჭეშმარიტ კოლხს, ღირსეულ მამას, ბაბუას, მაღალი ზნეობის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ოთარ ფაცაციას ვულოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

საზოგადოებაზუგდიდელისსახელით:

ნოდარ ჭითანავა, ბონდო ჯიქია,

თამაზ ცანავა, იური გუგუჩია,

მურმან ნაჭყებია, კარლო ვეკუა,

ვაჟა ფიფია, ზურაბ გოგოხია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here