მთავარი პოლიტიკა თამარ კიკნაძე: თუკი მართლა მოხდება 6 ქვეყნის ინტეგრაცია და ამ ყველაფერში საქართველომ...

თამარ კიკნაძე: თუკი მართლა მოხდება 6 ქვეყნის ინტეგრაცია და ამ ყველაფერში საქართველომ ბალანსის პოლიტიკა უნდა აწარმოოს რუსეთსა და თურქეთს შორის, მაშინ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით

1026
გააზიარეთ
თამარ კიკნაძე

11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის საჭიროებაზე ისაუბრა: “ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავე დროს არ ვეძებთ გზებს აფხაზებსა და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შესამცირებლად და ერთობის აღსადგენად; თუ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ; ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით! ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, გაჩერება დამღუპველია. გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობით ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებასა და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოვიდა “კავკასიური მშვიდობის პლატფორმის” შექმნის ინიციატივით: “შეიძლება ვიფიქროთ “კავკასიური მშვიდობის პლატფორმის” იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა. ჩვენ თუ ამას არ ვითავებთ, ამისთვის ბევრი სხვა კანდიდატი უკვე მზად არის”, _ განაცხადა მან.

კავკასიაში 6 ქვეყნის ინტეგრაციის ინიციატივა წამოაყენა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა.

კავკასიაში მოსალოდნელ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე:

_ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვაში, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნისას წარმოთქვა, აქცენტები სწორად იყო დასმული…

_ როგორც ცნობილია, პრეზიდენტს არ სჩვევია აქცენტების სწორად დასმა, ის ხშირად უშვებს შეცდომას

_ მისი რიტორიკის შეცვლა შეიძლება პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებამ განაპირობა. თანამედროვე პოლიტიკაში საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მას ანგარიშს უწევენ. ღოგორც ჩანს, შექმნილ ვითარებას ითვალისწინებს პრეზიდენტიც. მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი, რეგიონული ინტეგრაციის ცვლილება და როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არავინ იცის. თურქეთის მმართველმა ერდოღანმა “6 ქვეყნის ინტეგრაციის” შესახებ განაცხადა. ყველას აინტერესებს, რას გულისხმობს ერდოღანი ან ინიციატივაში, არის თუ არა საქართველოსთვის ეს საშიში ან პირიქით… ვიტყვი, რომ ერდოღანის ინიციატივის პირობები შესასწავლია. ახალშექმნილი ვითარებებიდან გამომდინარე, საქართველომ რეგიონულ ინტეგრაციაზე უნდა იფიქროს, ევროკავშირი ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს იქ არ ელოდებიან, თანაც თვით ევროკავშირშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა.

ამერიკა ერთადერთი ზესახელმწიფო იყო და აკონტროლებდა დანარჩენ მსოფლიოს, დოლარი იყო ერთადერთი ვალუტა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, ამერიკის ჰეგემონია სრულდება, ამიტომ რეგიონული გაერთიანებები, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე საჭიროც არის და აუცილებელიც.

_ ამერიკის ჰეგემონია მაინც დასრულდება, თუკი ბაიდენი იქნება პრეზიდენტი?

_ ბაიდენს, შესაძლოა, უნდა ისეთივე გლობალური პოლიტიკის წარმოება, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ ამერიკას ამის რესურსი აღარ აქვს. ჩვენ ახალ წესრიგამდე მივალთ, თუმცა, ალბათ, უფრო მტკივნეულად, ვიდრე დონალდ ტრამპის პირობებში მოგვიწევდა.

_ რას გულისხმობთმტკივნეულ პროცესებში”?

_ მტკივნეული იქნება გაერთიანება ძველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სპექტრში, ისეთივეში, როგორიც იყო ამერიკის ჰეგემონიამდე, გაგვიჭირდება, რადგან რესურსები არ გვეყოფა, საქართველო კარგად უნდა გაერკვეს მიმდინარე პროცესებში, უნდა გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები…

საქართველოს ხელისუფლება დიდად არ გამოირჩევა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებისთვის ფეხის აყოლით, მაგრამ ამ შემთხევაში, როგორც ჩანს, რაღაც გეგემები და მოსაზრებები აქვს, ამას პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა მალაპარაკებს.

_ რომელ ქვეყნებს გულისხმობს ერდოღანი, როდესაც 6 ქვეყნის ინტეგრაციაზე საუბრობს?

_ 6 ქვეყანაში შედის რუსეთი, თურქეთი, ირანი და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, თუკი სომხეთი იქნება თანახმა, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ მოგვარდეს თურქეთაზერბაიჯანისა და სომხეთის პრობლემა. მშვიდობა თუ არ იქნა, თუ არ მოხდა ერდოღანის შემოთავაზების რეალიზება, სხვა რეგიონული ფორმატის მოგონება მაინც იქნება საჭირო. საქართველომ უნდა გამოხატოს თავისი ინტერესები და ამაზე ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად უნდა იმუშაოს. აუცილებელია გათვალისწინება ჩვენი ეთნოკონფლიქტების მოგვარების საკითხისა, აგრეთვე, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ეკონომიკური ინტერესები.

_ ბევრი ექსპერტი წერს, რომ ერდოღანის ეს ინიციატივა კავკასიაზე გავლენის მოპოვების მცდელობაა და შესაძლოა, საქართველო თურქეთის ვილაიეთი გახდეს

_ თურქეთის სახელმწიფოსა და მისი ეკონომიკის გავლენა საქართველოში, კერძოდ, აჭარაში უკვე არის და ეს თვალსაჩინოა, მაგრამ, თუკი, მართლა მოხდება 6 ქვეყნის ინტეგრაცია, ამ ყველაფერში საქართველომ ბალანსის პოლიტიკა უნდა აწარმოოს რუსეთსა და თურქეთს შორის, მაშინ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მთავარია, საქართველომ ივაჟკაცოს და თავისი ინტერესები ჩადოს, ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მოგება ამ ინტეგრაციისგან. უპირველესია ეთნოკონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა, თუ მას სივცრე არ ექნება, არ ეცოდინება რა აწარმოოს, რა გაიტანოს ბაზარზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი გაუსაძლისი ყოფის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება, ამიტომ გამოსავალი მოსაძებნია და ვთვლი, რომ რეგიონული პროექტი ჩვენთვისაც კარგი გამოსავალი იქნება, მომგებიანი იმაზე მეტად, ვიდრე ევროკავშირში ინტეგრაციაა. აუცილებელია, მოვახდინოთ იმ პროექტის რეალიზება, რომელიც ჩვენს ხალხს ეკონომიკურად უფრო წაადგება და წელში გამართავს. მთავრობამ ხალხის კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. ევროპის ბაზარზე საქართველოს შეღწევა ძალიან ძნელია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ალტერნატივაზე, ვიფიქროთ ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებიც ჩვენთვის იქნება ხელმისაწვდომი. მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოს წაადგება.

ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა კარგი ნიშანი იყო. ცხადია, ჩვენი ხელისუფლება მიხვდა, რომ რუსეთი, ყველაზე დიდი მეზობელი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორია, რუსეთი ოკუპანტია თუ რაც არის, მაინც ვერსად წავუვალთ მის როლსა და ფაქტორს კავკასიაში. რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

_ აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკვე მეორედ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, მათ მოლაპარაკებები აქვთ რკინიგზის აღდგენაზე. “მოსალოდნელია, რომ საქართველოზე გეოპოლიტიკური შანტაჟი იქნება მოტივით _ ჩვენ აფხაზეთი ჩავრთეთ ასეთ დიდ პროექტში და ახლა ჯერი თქვენზეა”. რკინიგზის გახსნის ერთერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის კრემლის მანიპულაცია, გეოპოლიტიკური შანტაჟი და შესაბამისად, იმის წარმოჩენა, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების ჩიხშია”, _ მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

_ პირადად მე ასე კატეგორიულად არ ვილაპარაკებდი. რუსეთის გინებამ კარგი არაფერი მოგვიტანა. აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კონსტრუქციულია და, საერთოდ, საუბრები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ყველაფერი კონსტრუქციულობაზეა დაფუძნებული. საქართველოს აქვს პრეტენზიები რუსეთის მიმართ, რადგან მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია და მისი პოლიტიკის შედეგები დროის გასვლის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე, რომელიც ხშირად ჩვენთვის წარმოუდგენელია. ეს გამოწვეულია ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მსოფლიოში ვექტორები შეიცვალა, საქართველოს მაინც არ ძლევს ხელს რუსეთის როლის გაუთვალისწინებლობა, განსაკუთრებით კავკასიაში. რაც შეეხება რუსეთის მანიპულაციას, ის დიდი ქვეყანაა, დიდი ქვეყნები კი ყოველთვის მანიპულირებენ და ეს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მთავარია, ქვეყანა კარგად დახვდეს ნებისმიერ მანიპულაციას და გაატაროს თავისი ინტერესები. ყოველთვის ვერიდები რომელიმე ქვეყნის გინებას, პოლიტოლოგი ვარ და მესმის, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს და, თუკი ის თავის ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმეს აკეთებს, წარმატებულია. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება ჩვენს სასარგებლო ქმედებად უნდა ვაქციოთ. ჩვენ პატარა ქვეყნის შვილები ვართ და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, სწორი დიპლომატია ვაწარმოოთ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოგვდიოდა კიდეც.

აფხაზეთი და რუსეთი რკინიგზის აღდგენაზე საუბრობენ და ეს კარგია, მივესალმები ნებისმიერ ინტეგრაციას, რომელშიც საქართველოს ინტერესები იქნება გატარებული. საქართველომ ამ შემთხვევაშიც საკუთარი პირობები უნდა წამოაყენოს. დრო გადის და ეს დრო ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ არ მუშაობს.

პრეზიდენტის გამოსვლა შემთხვევითი არ იყო, დიალოგი აუცილებელია რუსეთთან და მინდა, ვიფიქრო, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა იყო აწონილი, გაზომილი, რომ მისი პირით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ გამოთქვა თავისი აზრი, რომელიც მისასალმებელია. საქართველომ დაკარგა თავისი პოზიცია ყველანაირი მიმართულებით კავკასიაში და ეს აღსადგენია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. სალომე ზურაბიშვილის სახით ჩვენ გვყავს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი, რაც ასეც უნდა ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ მის წარმატებულ კარიერას საფრანგეთის საგარეო უწყებაში. ის რომ სააკაშვილი, გვარამია, გოცირიძე და მათი ამფსონები ამას ვერ ხედავენ და ხულიგნურ გამოთქმებს აკეთებენ მისი მისამართით, მხოლოდ ამ ვაჟბატონების დაბალ ინტელექტზე მიუთითებს. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებთან – რუსეთთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობას, ეს ქნ-მა სალომემ უკვე თავის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა. მართლაც ძალზე უმეცარი უნდა იყო, რომ ამას ვერ ხედავდე და იმის იმედზე იყო, რომ ამერიკა და ევროკავშირი დაიწყებენ მათთან დიალოგს შენს მაგივრად.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here