საქართველოს წინააღმდეგ უკრაინაში დაგეგმილი ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა ქართულმა  სპეცსამსახურმა  აღკვეთა

    თუ ამდენი შეეძლო უკრაინელებს, 4 ქვეყნის ქვეყნის საბაჟოს გავლას, ასაფეთქებელი ნივთიერება იქვე, მეზობლად გადაეტანათ - ბელარუსში და იქიდან შეეტანათ რუსეთში, მაგრამ არა, ინტერესი კონკრეტულად საქართველოს მიმართ იყო, აქ უნდა აეფეთქებინათ C-4, შემდეგ - რუსეთში და ეს ყველაფერი საქართველოს დაბრალებოდა

    328

    ტერორისტული აქტი – ეს ის ქმედებაა, რომელსაც  არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან – ქალები, ბავშვები, მოხუცები. ტერორისტული აქტის ჩამდენთ არ აქვთ არანაირი განცდა, ისინი ცივსისხლიანი მკვლელები არიან და მკვლელობას შეგნებულად სჩადიან. ვიღაც იტყვის, ზოგიერთი რელიგიური ფანატიკოსია და ამის  გამო სჩადის საშინელ მკვლელობასო, მაგრამ ფანატიზმი (არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიურია თუ სხვა სახის) დაავადებაა და დაავადებული ხალხის ტვინში იხარშება ის, რომ ბავშვების დახოცვა ვინმეზე ან რამეზე შურისძიებისთვის გამოდგება.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრს თამამად შეგვიძლია ტაში ფეხზე ადგომით დავუკრათ. მათ ჩაატარეს ურთულესი სპეცოპერაცია და ტერორისტული აქტები  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც აღკვეთეს. ჰო, რუსეთში, რადგან მძლავრი  ასაფეთქებელი  ნივთიერება C-4   და მოწყობილობები რუსეთში უნდა გაეტანათ. სავარაუდოდ, ნაწილი იქ  უნდა აეფეთქებინათ, ნაწილი – აქ; ორივე შემთხვევაში კი ეს ყველაფერი, ალბათ, წინასაარჩევნოდ მოხდებოდა. რუსეთის ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისშია, ჩვენ – საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით, ანუ ხალხმრავალი ობიექტების მოძებნას დიდი დრო არ დასჭირდებოდა, ამისთვის დედაქალაქის (გნებავთ თბილისის, გნებავთ მოსკოვის) ნებისმიერი საარჩევნო უბანი გამოდგებოდა.

    კონტრტერორისტულმა ცენტრმა სულ 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, C-4 კი შემთხვევით არ გვიხსენებია. შესაძლოა, ეს სახელწოდება მოსახლეობის დიდ ნაწილს არაფერს ეუბნება, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ C-4 ტროტილზე გაცილებით ძლიერია და მისი აფეთქებით გამოწვეული ნგრევისა და განადგურების მასშტაბიც უფრო შთამბეჭდავია. C-4 -ის აფეთქება არა მხოლოდ სერიოზულ ინფრასტრუქტურულ ზიანს მოიტანდა, არამედ მსხვერპლიც  დიდი იქნებოდა. ქართულმა სპეცსამსახურმა ამ საქმეზე უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე დააკავა. სავარაუდოდ, სწორედ მათ მიერ მიცემული ჩვენების შედეგად გაირკვა, რომ ყვლაფრის ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას  დეპუტატობის კანდიდატი, პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი ანდრეი შარაშიძე იყო. ის წარმოშობით ბათუმიდანაა და უკრაინიდან  ორგანიზებას უწევდა ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანას. როგორც ამბობენ, სწორედ მისი მითითებით ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ ტვირთი შუაზე გაეყოთ და ნაწილი საქართველოში დაეტოვებინათ, მეორე ნაწილი კი რუსეთში გაეტანათ. ვიღაც იტყვის, შეთქმულების თეორიების არ გვჯერაო, მაგრამ შარაშიძე იმ ოლქის დეპუტატობას რომ აპირებდა, რომლის გუბერნატორი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იყო,  ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ  მთავარი არც ეს არის.

    ეს ძალიან სახიფათო ტვირთი წამოვიდა ოდესის პორტიდან, ჩავიდა რუმინეთში, იქიდან გადაიტანეს ბულგარეთში, ბულგარეთიდან  – თურქეთში, თურქეთიდან კი, სარფის საბაჟოს გავლით, საქართველოში აღმოჩნდა. ანუ, ასაფეთქებელი ნივთიერება გაატარეს უკრაინულმა, რუმინულმა, ბულგარულმა და თურქულმა საბაჟოებმა. ოთხ ქვეყანაში აზრად არავის მოსვლია, გაეჩხრიკა ელექტრომობილების აკუმულატორები და ეპოვა ჩამალული ტვირთი. ქართულმა მხარემ კი  ეს მოახერხა. გასაგებია, რომ „ხალხის მსახურის“ წევრი უკრაინელ მებაჟეებს ხელის ერთი აქნევით გააჩუმებდა, მაგრამ ნატოს წევრების  – რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის საზღვრები ნუთუ გაცილებით დაუცველია, ვიდრე ქართული საზღვარი? ხომ არ იყო ეს ერთგვარი ჯაჭვური პროცესი, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა,  საქართველოს გარდა? და თუ დავაკვირდებით, საბოლოო ჯამში, მთავარი დამნაშავე სწორედ საქართველო გამოვიდოდა. რატომ? იმიტომ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილობები რუსეთის ფედერაციაში სწორედ ჩვენი ქვეყნიდან უნდა მოხვედრილიყო, ზემოხსენებული სახელმწიფოების ხელისუფლებები კი პილატესავით დაიბანდნენ ხელებს; მეტიც, დახმარებას შემოგვთავაზებდნენ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ  ბრძოლაში და თანაც დაგვანამუსებდნენ, –  არაფერი შეგძლებიათო.

    დიახ, ეს იყო ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა საქართველოს წინააღმდეგ და ეს ყველაფერი უკრაინაში დაიგეგმა. თუ ამდენი შეეძლო უკრაინელებს, 4 ქვეყნის   საბაჟოს გავლას,  ასაფეთქებელი ნივთიერება იქვე, მეზობლად გადაეტანათ –  ბელარუსში და იქიდან შეეტანათ რუსეთში,  მაგრამ არა, ინტერესი და სწორება კონკრეტულად საქართველოს მიმართ იყო, აქ უნდა  აეფეთქებინათ  C-4, შემდეგ – რუსეთში და ეს ყველაფერი საქართველოს უნდა დაბრალებოდა. როგორ გგონიათ, რუსეთში, ხალხმრავალ ადგილზე აფეთქება რა მასშტაბის მსხვერპლსა და ნგრევას გამოიწვევდა?  შემდეგ, ცხელ გულზე, რუსეთის ფედერაცია იმის გარკვევას დაიწყებდა, საიდან მოხვდა ასაფეთქებელი ნივთიერება  საქართველოში, თუ მოქმედებაზე გადავიდოდა? სწორედ ეს იყო  გათვლილი, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გამოვიდა.

    ქართული სპეცსამსახურის წარმატებული ოპერაცია მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ იმის შესაძლებლობა კი არის, რომ  ძალოვნების დონეზე რუსეთთან კავშირი დავამყაროთ და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ვიბრძოლოთ. ხომ ცხადზე ცხადია, რომ დასავლეთი არჩევნების გზით ვერც საქართველოში ახერხებს ხელისუფლების შეცვლას და ვერც რუსეთში. რჩება  ერთადერთი რამ – რევოლუცია, რომელიც შეიძლება მაშინ მოაწყო, როცა ქაოსია. აფეთქება და მსხვერპლი კი  ქაოსის შესაქმნელად საუკეთესო საშუალებაა.

    ვერ გეტყვით, რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის  მომავალზე და რა ჰგონია, როგორ შევა ის ისტორიაში, მაგრამ ადეკვატურობასა და რეალობის აღქმასთან სერიოზული პრობლემები რომ გაუჩნდა, ნათელია. აგერ, ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტმა მოიცალა, კიევში მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვა და ვახტანგ კიკაბიძის სახელი უწოდა. კარგია, როცა უცხოეთში ქართველი მომღერლის სახელს  არქმევენ ქუჩას (თუნდაც ეს მომღერალი „ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყოს), მაგრამ ეგებ ვინმემ უთხრას ზელენსკის, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ბულგაკოვი კიევშია დაბადებული და არცთუ იშვიათად  უკრაინელ მწერლადაც მოიხსენიებენ. ესეც არ იყოს, „ძაღლის გული“ ხომ არ უდევს მკერდში, ამ გაგანია ომის დროს, მაშინ, როცა ასობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, ქუჩების სახელების შეცვლისთვის რომ იცლის.  ახლა აბრებიც შესაცვლელი იქნება, საჯარო რეესტრში ქუჩების სახელები გადასარქმევი და მოსახლეობამაც ახალი მისამართები უნდა დაიდგინოს. ჰო, ზუსტად ამის დრო იყო ახლა და ამისთვის უნდა ეცალოს ზელენსკის, მაგრამ… სადაც ასაფეთქებლების ტრანსპორტირებისთვის მოიცალა და საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები  დაგეგმა, დიდი რამე,  კიევში  ქუჩებს სახელები  თუ გადაარქვა.

    ტერაქტის ორგანიზატორი ანდრეი შარაშიძე

    ისევ ამოღებულ ასაფეთქებელ ნივთიერებას დავუბრუნდეთ. გახსოვთ, ქვეყანაში არაჟანთან ერთად  ექსპრეზიდენტის შემოსვლის შემდეგ ევროპამაც და ამერიკამაც როგორ დაგვცინეს, საზღვრებს ვერ აკონტროლებთო? რეალურად, სააკაშვილიც ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი იყო და ის ნამდვილად არ ელოდა, რომ დაიჭერდნენ და ციხეში ჩასვამდნენ. ვიღაცამ რაღაც გარანტიები მისცა და ამ გარანტიებმა არ იმუშავა. ახლაც ვიღაცას გარანტიები ჰქონდა მიცემული უკრაინული მხარისთვის, რომ საქართველოში ტვირთი უპრობლემოდ გაივლიდა. კიდევ გავიმეორებთ: სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ევროკავშირისა თუ ნატოს წევრმა ქვეყნებმა  14 კგ  ასაფეთებელი ნივთიერება შეგნებულად გაატარეს და შემოუშვეს საქართველოში. ეს უკვე მეორე მცდელობა იყო, რომ უკრაინიდან წამოსულ ტვირთს ჩვენთან ვითარება  რადიკალურად შეეცვალა, მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, დასავლეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. იქნება მესამე მცდელობა? აუცილებლად და მხოლოდ მესამე კი არა, მეოთხე, მეხუთე და… მეათე, სანამ დასავლეთი დასახულ მიზანს არ მიაღწევს და ქვეყანას პროვოკაციაზე  წამოაგებს. იმასაც ამბობენ კულუარებში, ირაკლი ღარიბაშვილის ასე სასწრაფოდ მოხსნის მიზეზი სწორედ ის არის, რომ დასავლეთისთვის მისნაირი ხისტი პოლიტიკოსი მიუღებელი იყოო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ღარიბაშვილი პოსტზე უნდა დარჩენილიყო. არ შეიძლება რაღაცების კეთება ქვეყნის საზიანოდ და ევროპა-ამერიკის საამებლად. მათ  არასდროს გაუკეთებიათ მცირედიც კი თავიანთი  ქვეყნის საზიანოდ და ჩვენს საამებლად. ახლაც ზუსტად ასეა, მათ საკუთარი ნიტერესის გატარება სურთ და სულ არ აინტერესებთ, ეს საქართველოს დააზიანებს თუ არა.

    არჩევნებამდე  რვა თვე დარჩა – ეს პოლიტიკურად ძალიან მცირე დროა, სამაგიეროდ, ბევრია იმისთვის, რომ დასავლეთმა მორიგი პროვოკაცია დაგეგმოს და განახორციელოს, შემსრულებელი და ყველაფერზე ხელის მომწერი კი ორივე ყურით დაჭერილი ზელენსკი ჰყავს,  ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. საქართველოს  სათავეში ამჟამინდელი ხელისუფლების  კიდევ 4 წლით  დარჩენა დასავლეთისთვის მომგებიანი ნამდვილად არ არის, რადგან რუსეთთან ორ თვეში დასამთავრებელი ომი ისე გაუჭიანურდა, თავადაც აღარ იცის, როდის დასრულდება. ამასთანავე, რუსეთს რეალურად ვერაფერი დააკლეს,  ხელში კი გაპარტახებული უკრაინა შერჩათ, რომელიც თითქოს  უნდა ააღორძინონ, მაგრამ ვალებში ჩამხრჩვალ ქვეყანაზე  გადაყოლა  ზის  თუ არა დასავლელთა გეგმაში, თვითონ განსაჯეთ.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                         

    1 COMMENT

    1. თუ დავაკვირდებით, ხალხის პოლიტიკურ ან სოციალურ „აფეთქებასა” და ატომური ბომბის აფეთქებას შორის გარკვეულ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ვერავითარი ატომური აფეთქება ვერ მოხდება, ურანში ან პლუტონიუმში უზარმაზარი ენერგიის გამოყოფის თეორიული პოტენციალი რომ არ არსებობდეს, მაგრამ, ამასთანავე, არანაირი აფეთქება არ მოხდება, თუკი მეცნიერულად არ დამუშავდება დასახელებულ ელემენტებში არსებული თეორიული პოტენციალის ამოქმედებისთვის აუცილებელი რეაქციები და პროცესები. პირველ რიგში, ეს არის ურანის გამდიდრების ურთულესი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მისი უზარმაზარი მასიდან იზოტოპ U235-ის გამოყოფას ნიშნავს. თვითონ რეაქცია მიმდინარეობს ჯაჭვური (ზვავის ეფექტი) პრინციპით. ურანის ბირთვი დაშლისას გამოასხივებს ნეიტრონებს, რომლებიც ეჯახება ურანის სხვა ბირთვებს და ხლეჩს მას. ისინი, თავის მხრივ, გამოასხივებს ნეიტრონებს და ა.შ. სწორი დაგეგმარების პირობებში რეაქცია მიმდინარეობს დიდი სიჩქარით და იძენს უწყვეტი (სერიული) აფეთქებების ხასიათს.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here