მთავარი ეკონომიკა ეკონომიკურად “გაბრწყინებულ” საქართველოში 48 390 ბავშვი მშიერია, თითოეული დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი კი...

ეკონომიკურად “გაბრწყინებულ” საქართველოში 48 390 ბავშვი მშიერია, თითოეული დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი კი 5 ათას ლარს აჭარბებს

2405
გააზიარეთ

მიმდინარე პოლიტიკური ტაშ-ფანდურასა და “ნაც-ქოცური” ბაკქანალიის ფონზე, რომელსაც, როგორც ჩანს, დასასრული კიდევ კარგა ხანს არ ექნება, წინა კვირას, 12 მაისს, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდმა (უნიცეფ) მორიგი გულის განმგმირავი და, რომ იტყვიან, სისხლის გამყინავი შედეგი გამოგვიქვეყნა _ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 6,8% შიმშილობსო. იმავე კვლევაში აღნიშნულია, რომ უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია დღეში 1,25 აშშ დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ამ ოდენობის შემოსავლის პირობებში ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, ანუ ერთ ზრდასრულ მოქალაქეზე თვეში 82,8 ლარი მოდის, რაც არანაირ სტანდარტს, საარსებო მინიმუმის თუნდაც ყველაზე შეზღუდულ და უკიდურეს ზღვრამდე დაყვანილ მაჩვენებლებსაც არ შეესაბამება.

 ახლა _ რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს ჩვენთვის ეს კვლევა (გარდა უბრალოდ ციფრებისა და სტატისტიკისა): ცხადია, ერთი მხრივ, სიახლე არავისთვისაა ის, რომ საქართველოში ეკონომიკურად უკიდურესად მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობაა, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც კონკრეტული ორგანიზაცია (მით უმეტეს, ჩვენი პროდასავლური პოლიტელიტისთვის უაღრესად ავტორიტეტული გაერო) ციფრებით გეუბნება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილით გიკვდებაო, არც მეტი, არც ნაკლები, საქმე სოციალურ აპოკალიფსთან გაქვს. რატომ? მოდი, მარტივად გამოვთვალოთ ეს ყველაფერი. მოსახლეობის ბოლო აღწერის (2014 წლის) თანახმად, საქართველოში 691 329 ბავშვია (საუბარია 14 წლამდე მოზარდზე), ამ რაოდენობის 6,8 პროცენტი კი დაახლოებით 48 390 ბავშვია. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ყოველი X-XII ბავშვი მშიერი დადის (არათუ საარსებო მინიმუმის პირობებში ცხოვრობს). შესაბამისად, ეს ბავშვები მოკლებულნი არიან ყველანაირ ადამიანურ პერსპექტივას და შესაძლებლობას, დაწყებული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით, დამთავრებული სხვა სიკეთეებით, რომლებიც მოქალაქეს რაიმე მომავალს შეიძლება უქმნიდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბავშვები ხელისუფლების მხრიდან განწირულნი არიან (და როგორც სახელმწიფო არ არსებობს მათთვის, სახელმწიფოსთვისაც არ არსებობენ ისინი). ყოველ შემთხვევაში მმართველი გუნდი (როგორც წინა, ისე მოქმედი) ამ საკითხზე ყურს არ იბერტყავს და რამდენჯერაც გაერომ მსგავსი საგანგაშო მონაცემი გამოაქვეყნა, პოლიტელიტამ სირაქლემასავით თავი ქვიშაში დურთა, _ თითქოს არაფერი მომხდარა. არადა, ამ სიჩუმის მიღმა უმოქმედობის მეტი არაფერი იმალება, თორემ, რამე რომ კეთდებოდეს და, უბრალოდ, პიარში მოიკოჭლებდნენ, ვინ ჩივის. სხვათა შორის, ხელისუფლება ზუსტად ასე გაიტრუნა მაშინაც, როცა იმავე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გვითხრა, რომ 2050 წლისთვის, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ, ანუ სიჩუმე და გასუსვა იმ დროს, როცა კატასტროფა (დემოგრაფიული ან რამე სხვა სახის) აშკარაა, ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პოლიტიკური მდგომარეობაა. მათთვის ეს უკვე კარგად ნაცადი ხერხი და “გამოსავალია” არასასურველ ვითარებაში…

ახლა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ საქართველო ღატაკი ქვეყანაა, ბიუჯეტში ფული არ არის და ხელისუფლება უხერხულობის გამო ხმას ვერ იღებს. ამის დაჯერება გულუბრყვილო ადამიანისთვის, ალბათ, ადვილია, მაგრამ საკმარისია, მინისტრების, დეპუტატებისა და სხვადასხვა დეპარტამენტში მომუშავე სახელმწიფო მოხელეების შემოსავლებს გადავხედოთ, გულუბრყვილობა და მიამიტობა სასაცილოდ მოგვეჩვენება. მაშ ასე, დავიწყოთ პარლამენტის დეპუტატებით, ჯერ უმრავლესობის წარმომადგენლების ჯამაგირები ვნახოთ: ზვიად ძიძიგური _ წლიური შემოსავალი 76 065 ლარი, ყოველთვიური _ 6 338,75 ლარი; გიორგი ვოლსკი _ წლიური შემოსავალი 66 826,43 ლარი, ყოველთვიური _ 5 568,86 ლარი; ზვიად კვაჭანტირაძე _ წლიური შემოსავალი 66 465 ლარი, ყოველთვიური _ 5 538,75 ლარი; ერეკლე ტრიპოლსკი _ წლიური შემოსავალი 65 441,42 ლარი, ყოველთვიური – 5 453 ლარი; მამუკა მდინარაძე _ წლიური შემოსავალი 65 625 ლარი, ყოველთვიური – 5 468,75 ლარი; ირაკლი სესიაშვილი _ წლიური შემოსავალი 66 465 ლარი, ყოველთვიური – 5 538,75 ლარი; კარლო კოპალიანი _ წლიური შემოსავალი 60 285 ლარი, ყოველთვიური – 5 023,75 ლარი; ალექსანდრე ქანთარია _ წლიური შემოსავალი 57 753 ლარი, ყოველთვიური _ 4 812,75 ლარი; დიმიტრი ხუნდაძე _ წლიური შემოსავალი 56 360 ლარი, ყოველთვიური _ 4 696 ლარი; ლევან კობერიძე _ წლიური შემოსავალი 56 865 ლარი, ყოველთვიური _ 4 738,75 ლარი; გუგული მაღრაძე _ წლიური შემოსავალი 56 102,95 ლარი, ყოველთვიური _ 6 675 ლარი; სალომე ზურაბიშვილი (მაჟორიტარი) _ წლიური შემოსავალი 57 645 ლარი, ყოველთვიური _ 4 803,75 ლარი; ედიშერ თოლორაია _ წლიური შემოსავალი 43 200 ლარი, ყოველთვიური _ 3600 ლარი; ზაზა გაბუნია _ წლიური შემოსავალი 41 620 ლარი, ყოველთვიური _ 3468 ლარი; აკაკი ზოიძე _ პარლამენტის წევრობასთან ერთად, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მკვლევარიცაა. ორივეგან მისი ყოველთვიური გასამრჯელო 9 131,25 ლარია.

რაც შეეხება “ქოცელიტასთან” პოლიტიკურ ქორწინებაში, ანუ კოაბიტაციაში მყოფ მოქმედ თუ აწ უკვე ყოფილ ნაციონალებს პარლამენტში (რომლებსაც მოგვწონს თუ არა, დიდი ხანია, ქართველი ხალხის გულის გასახეთქად, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი აქვთ მიკერებული), მათი ხელფასებიც არანაკლებ შთამბეჭდავია. მაგალითად, სააკაშვილის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წელიწადში 83 361 ლარს იღებს, რაც თვეში 6 946,75 ლარს შეადგენს; ხათუნა გოგორიშვილის, ამომრჩეველთა ხმების მთავარი ქურდის, შენახვა ბიუჯეტს წელიწადში 71 259,52 ლარი უჯდება (თვეში _ 5938 ლარი). ახლა სხვებისას გადავხედოთ: თინათინ ბოკუჩავა წელიწადში 60 285 ლარს იღებს, თვეში _ 5 023,75 ლარს; გიორგი კანდელაკი წელიწადში _ 61 659 ლარს, თვეში _ 5 138,25 ლარს; აკაკი ბობოხიძე წელიწადში _ 60 630 ლარს, თვეში _ 5 052,5 ლარს; ირმა ნადირაშვილი წელიწადში _ 59 732,62 ლარს, თვეში _ 4 477 ლარს; სერგო რატიანი წელიწადში _ 62 176 ლარს, თვეში _ 5 181 ლარს; გიორგი წერეთელი წელიწადში _ 61 506 ლარს, თვეში _ 5 125,5 ლარს; გიორგი ღვინიაშვილი წელიწადში _ 65 039,5 ლარს, თვეში _ 5 419 ლარს…

ეს ყველაფერი დეპუტატების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში მათივე ხელით მითითებული ციფრებია, მაგრამ ცხადია, ყველა ვხვდებით, რომ სინამდვილეში მათი ქონება გაცილებით მეტია. არაფერს ვამბობ ყოფილი თუ მოქმედი მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ საკუთარი თავისთვის გამოწერილ კოლოსალურ პრემიებზე, რომელსაც მოგვიანებით, როცა საზოგადოებაში ხმაური და მითქმა-მოთქმა ატყდა, ჯერ სახელფასო დანამატი დაარქვეს, მერე კი _ ჯილდოები.

რაც შეეხება გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემს, “ქართული ოცნების” მთავარი პოლიტიკური ბურჯი და შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი ხალხს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰპირდებოდა, რომ მისი მმართველობის 3 წლის თავზე ქვეყანას ნამდვილი ეკონომიკური ბუმი ექნებოდა, მეოთხე და მეხუთე წლებში კი ოქროს ხანა დაუდგებოდა. ექვსი წლის თავზე კი რეალობა არის ის, რომ ბავშვების 6,8% (ანუ დაახლოებით 50 ათასამდე ბავშვი), პენსიონერების 3,7% და და მთლიანად მოსახლეობის 5,0% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ცხადია, ამ ღატაკი და დამშეული მოსახლეობის მიერ არჩეული დეპუტატები, მინისტრებზე რომ არაფერი ვთქვათ, ხელფასებისა თუ პრემია-დანამატების სახით თვეში ათასებს არ უნდა იღებდნენ, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებაში მოკალათებულ მედროვეებს ამას ვერ მოსთხოვ; ვერ მოსთხოვ იმიტომ, რომ პოლიტიკა და ძალაუფლება მათთვის იმთავითვე ჯიბის გასქელების საშუალება იყო. ამისთვის იბრძოდნენ და აკვდებოდნენ “ნაცრეჟიმსაც” თავის დროზე, თორემ რეალურად რისი გამკეთებლებიც იყვნენ, ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ნათლად გამოჩნდა.

ისე, ღარიბ და ღატაკ ქვეყანაში პოლიტელიტა, წესით, ჩემოდანზე უნდა იჯდეს და დიდი სოციალური აფეთქების მოლოდინში შიშისგან ცახცახებდეს, მაგრამ “ნაც-ქოცურ” დუეტს დღეს საზოგადოების ელემენტარული რიდიც არ აქვს (შიშზე საუბარიც ზედმეტია). პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენლები თვალისდაუხამხამებლად აცხადებენ, რომ ათასობით სამუშაო ადგილი შექმნეს (გაიხსენეთ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მიერ რამდენიმე თვის წინათ გაკეთებული განცხადება 40 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნაზე), რომ ეკონომიკა ელვისებურად ვითარდება და ცხოვრების დონე დღითიდღე უმჯობესდება…

საერთოდ, როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ცინიზმსა და თავზე ლაფის დასხმას დასასრული მანამ არ ექნება, სანამ საზოგადოება მიამიტობიდან არ გამოვა და მის მიერვე არჩეული “ქოცელიტის” ბოგინს საბოლოო წერტილს არ დაუსვამს. იქამდე კი დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, უბრალოდ, ძველი ხალხური შეგონებით შეიძლება შეფასდეს: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”…

ერთ პოლიტიკურ თაღლითს ყოველთვის შეცვლის მეორე, მეორეს _ მესამე და ა.შ.

ჯაბა ჟვანია

P.S.ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ხუთი, შვიდი ან თუნდაც ათი ათასი ლარი დეპუტატისთვის თვეში კატასტროფულად მაღალი ხელფასი არ არის. გარკვეულწილად, ალბათ, ასეცაა, კატასტროფას ამას ვერ დავარქმევთ, მაგრამ მედალს, როგორც წესი, ორი მხარე აქვს. დემოგრაფიულად სულთმობრძავ სამმილიონიან ქვეყანაში 50 ათასი ბავშვი რომ შიმშილით კვდება, ნამდვილად ტრაგედიაა, მით უფრო, როცა ხელისუფლება არათუ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს, არც აღიარებს, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს…

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here