Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის ინოვაციები ინფორმაციული ომის სფეროში

აშშ-ის ინოვაციები ინფორმაციული ომის სფეროში

1475
აშშ-ის ინოვაციები ინფორმაციული ომის სფეროში

საზოგადოების ცნობიერების მანიპულირების ბევრ მეთოდოლოგიას საფუძვლად უდევს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. თუ აშშში სილიკონის ველის გიგანტებმა სოციალური ქსელების, ბოტებისა და სხვადასხვა ალგორითმის მეშვეობით, ფაქტობრივად, დაამყარეს მონოპოლია სოციალურპოლიტიკურ ინჟინირინგზე, აშშის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც იმავე მიმართულებით მოძრაობენ, გაცილებით აგრესიულ მიზნებს ისახავენ.

ამ სფეროში ლიდერია თავდაცვის პერსპექტიული ტექნოლოგიების სააგენტო (DARPA). მომდევნო 5 წლისთვის სააგენტომ უკვე გამოყო 2 მლრდ დოლარი ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროექტებისთვის. მათგან ერთ-ერთი, 2018 წლის ივლისში ამუშავებული პროექტი სახელწოდებით Artificial Inteligence Exploration-ი, მიმართულია ე.წ. მესამე ტალღის ინსტრუმენტების შემუშავებისკენ. ამ ინსტრუმენტებს შეუძლია “კონტექსტური საქმის ვითარების ცოდნის” ჩართვა იმ ტექნოლოგიებში, რომლებსაც არაფერი ესმის მათ მიერვე აღწერილი სამყაროსი. ეს DARPA-ს ძირითადი პროექტია.

კიდევ ერთი პროექტი მიმართულია მიღებული სამეცნიერო ცოდნის ავტომატიზაციისკენ _ Autimating Knowlegge Extractio. ეს ინსტრუმენტი ავტომატურად განსაზღვრავს ახალი მონაცემებისა და სამეცნიერო რესურსების ადგილმდებარეობას, გააანალიზებს მათ სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად, შეადარებს შედეგებს არსებულ გამოკვლევებთან, შემდეგ კი დაიწყებს ახალი მოდელების გენერაციას.

არის პროგრამებიც, რომლებიც მიეკუთვნება ნეიროტექნოლოგიების ახალ თაობას. მათი ძირითადი იდეა მდგომარეობს ნეიროინტერფეისის შექმნაში, რომლის დახმარებითაც შეიძლება აზრის გადაყვანა ტექსტურ ფორმატში, აგრეთვე, რობოტების ტელეპათიურად მართვა, მაგალითად, დრონების და ..

სულ კი DARPA-ს აქვს ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილი 20-ზე მეტი პროგრამა, ხოლო 60-ზე მეტი _ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული.

ხელოვნურ ინტელექტს, განსაკუთრებით _ სამანქანო სწავლებას, სააგენტო განიხილავს, როგორც პარტნიორს, რომელიც კონსტრუქტორებს დაეხმარება შეცდომების გამოვლენაში.

2019 წლის 11 მარტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ტექნოლოგიების საკითხებით დაკავებულმა ფედერალურმა სააგენტოებმა 2-ჯერ უნდა დააჩქარონ ხელოვნური ინტელექტის სფეროს პროექტების რეალიზაცია. განკარგულებას ეწოდება “ამერიკული ინიციატივა ხელოვნური ინტელექტის თაობაზე”. დოკუმენტი 5-პუნქტიანია:

1.ინვესტიციები და კვლევები;

2.ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რესურსების ამოქმედება;

3.ხელოვნური ინტელექტის სამთავრობო სტანდარტების დამტკიცება;

4.ხელოვნურ ინტელექტთან მომუშავე კადრების მომზადება;

5.საერთაშორისო ბაზარზე ამერიკული ტექნოლოგიების წინ წაწევა აშშის უპირატესობების შენარჩუნებით.

ტრამპის განკარგულება ორიენტირებულია აშშ-ის მონოპოლიური ლიდერობის დამყარებასა და დანარჩენი ქვეყნების გადაქცევაზე ამერიკული პროდუქციის მომხმარებლად.

ტრამპის განკარგულების გამოსვლიდან მეორე დღეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტომ გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი სტრატეგია, რომელშიც აქცეტი გადაიტანა გაერთიანებულ ცენტრში (JAIC) ცოტა ხნის წინათ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე. 2019 წლის ცენტრის ბიუჯეტი 90 მლნ დოლარს შეადგენს. ამერიკული მასმედიის ვარაუდით, აშშში ხელოვნური ინტელექტის პროგრამების განვითარების ტემპების დაჩქარება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთმა გადაუსწრო აშშ ხელოვნური ინტელექტის დამუშავების სფეროში.

ხშირად ახსენებენ რუსეთსაც, რომელიც მიილტვის უპირატესობის მოპოვებისკენ ამ სფეროში, თუმცა აშშ-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთი დასავლურ ტექნოლოგიებს იყენებს. ამ ორი დოკუმენტის (ტრამპის განკარგულება “ამერიკული ინიციატივა ხელოვნური ინტელექტის შესახებ” და პენტაგონის სტრატეგია) გამოქვეყნების შემდეგ, 27 თებერვალს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია (უფრო სწორად, დეზინფორმაცია) სულ უფრო პოპულარული იარაღი ხდება ამერიკის სტრატეგიულ კონკურენტებს შორის”, მკვიდრდება ცნება “საინფორმაციო ომის მიხედვით გაერთიანება” და აღნიშნულია, რომ ამ გაერთიანების ყველა ელემენტმა, მათ შორის, მზვერავებმა, კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა, კრიპტოლოგებმა და კიბერომების სფეროს ინჟინრებმა უნდა იმოქმედონ არა ცალ-ცალკე, არამედ, როგორც სრულიად ინტეგრირებულმა სტრუქტურამ.

ნატოშიც ალაპარაკდნენ კიბეროპერაციებზე ხარჯების მომატების აუცილებლობის შესახებ. ნატოს სარდლობის წინაშე საკითხი დაისვა 14 თებერვალს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში პენტაგონის შეფის ვიზიტის შემდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის კიბერსარდლობა და ინოვაციებისა და უსაფრთხოების მერილენდის ინსტიტუტი ახორციელებენ ერთობლივ პროექტს სახელწოდებით Dream Post. ეს ინსტიტუტი წარმოადგენს ჰაბს (ქსელურ კვანძს _ ნ.კ.), რომელშიც სხვადასხვა კომპანია გადის სატენდერო შერჩევას, მონაწილეობს კონკურსებში, წარმოადგენს თავისი პროდუქტების პროტოტიპებს რეალურ დროში. ცოტა ხნის წინათ გამართულ “ცუდი ბიჭების” გამოსავლენ ონლაინთამაშში მონაწილეობდნენ ისეთი IT-ფირმები, როგორიც არის Booz Allen Hamilton, IBM, Crowdstrire, Spune, LogiscHub, Jazz Networks. სხვათა შორის Crowdstrire ცნობილია იმით, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ატლანტიკური საბჭოს წევრი და სსრკ-ის ყოფილი მოქალაქე დიმიტრი ალპეროვიჩი ამერიკული მედიისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი წყაროა, რომელიც ჟურნალისტებს უყვება “რუს ჰაკერებსა და ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც კრემლი აწარმოებს მსოფლიოს წინააღმდეგ”.

ამერიკელების კიბერშეტევები, მოყოლილი ამბავი კი არა, რეალობაა. მაგალითად, “ამერიკული კიბერჯარის შეტევა რუსული კიბერგამოძიების სააგენტოს წინააღმდეგ, _ წერდა “ვაშინგტონ პოსტი”, _ მტკიცებულებად იქცა აშშ-ის კიბერჩარევისა სხვა სახელმწიფოების საქმეებში”. ასეთ ჩარევას წარმოადგენს, აგრეთვე, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოთან ერთად სპეციალური ჯგუფის შექმნა აშშ-ში არჩევნებზე რუსეთის გავლენის დასადგენად. ამ ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

ცოტა ხნის წინათ კი ამერიკულმა სამხედრო კოალიციამ, რომელიც შედგება 32 სამხედრო და ვეტერანების ორგანიზაციისგან და მილიონ წევრს აერთიანებს, მიმართვა გაგზავნა კონგრესსა და ფედერალურ სააგენტოებში და მათგან მოითხოვა, “დაედასტურებინათ, რომ ამერიკელ საზოგადოებას თავს ესხმიან უცხოელი მოწინააღმდეგეები”. სამხედრო კოალიცია მიმართვაში ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამერიკის დასაცავად.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here