Home ახალი ამბები საქართველო XX საუკუნის რუსული ფილოსოფია და საერთო ფასეულობები. ნიკოლაი ლოსკის ნაშრომის ქართული თარგმანი

XX საუკუნის რუსული ფილოსოფია და საერთო ფასეულობები. ნიკოლაი ლოსკის ნაშრომის ქართული თარგმანი

XX საუკუნის რუსული ფილოსოფია და საერთო ფასეულობები. ნიკოლაი ლოსკის ნაშრომის ქართული თარგმანი

გამოიცა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი ფილოსოფოსის, ნიკოლაი ლოსკის ფუნდამენტური ნაშრომის, „აბსოლუტური სიკეთის პირობების“ ქართული თარგმანი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ფილოსოფიის მკვლევარმა და მთარგმნელმა ვიქტორ რცხილაძემ მოამზადა.

ამასთან დაკავშირებით, თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ნიკოლაი ლოსკის ამ ნაშრომის განხილვასა და, ზოგადად, XX საუკუნის რუსულ ფილოსოფიურ აზრს მიეძღვნა.

XX საუკუნის რუსული ფილოსოფია და საერთო ფასეულობები

გულბაათ რცხილაძე (პოლიტოლოგი): „დასავლეთს ყოველთვის გამოსდის, გააპიაროს არც თუ ისე ხარისხიანი პროდუქტი, ამ შემთხვევაში, „პროდუქტი“ – გადატანითი მნიშვნელობით. ვგულისხმობ მე-20 საუკუნის, განსაკუთრებით, ომისშემდგომ დასავლურ ფილოსოფიას, რომელშიც, ჩაღრმავების შემდეგ, სიცარიელეს ვიგრძნობთ (გარკვეული გამონაკლისების გარდა). ყოველ შემთხვევაში, ადამიანი აქედან სულიერ სარგებელს ვერ მიიღებს და ვერც რაიმე ყოფითი დონის სიკეთეს. ეს იმიტომ, რომ დასავლური ფილოსოფია მოწყდა ღვთის ცნებას და გახდა სათავე იმ დოქტრინისა, რასაც დღეს ნეოლიბერალურ დოქტრინას ვეძახით. ნეოლიბერალური იდეოლოგია ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა, მისი წინამძღვრები არის XX საუკუნის დასავლურ ფილოსოფიაში, რომელიც, მე-18 საუკუნის ფრანგულ ე. წ. განმანათლებლობაზე მეტად იყო ანტირელიგიური. აქ მარტო რელიგიაზე და პიროვნულ რწმენაზე არ არის საუბარი: ზოგი თქვენგანი, შეიძლება, ნაკლებად რელიგიურია და არავის მოეთხოვება, რომ ყველამ დაინახოს ის, რაც არის ამ სამყაროს მიღმა; მაგრამ ყველა ჩვენგანი ვჯერდებით გარკვეულ ფასეულობებზე და ვიცით, რომ მსოფლიოში არის ფასეულობების კრიზისი და მიდის დარტყმა ჩვენს ფასეულობებზე, ტრადიციებზე, ჩვენს სულიერ საფუძვლებსა და ერის ერთობაზე.

ახლა კი, კონკრეტულად რომ ვთქვათ, რუსეთთან მიმართებით, ჩვენ და რუსები ვართ ერთი ეკლესიის შვილები, გვაქვს ერთი ნათლობა და ზიარება; თუმცა, ამას მთლიანად ჩვენი ფასეულობების დამცველად, რწმენისა და ფასეულობებისა, რომლებიც, კოდიფიცირებული სახით, საზოგადოების ქცევის ნორმებში გადადის, გვევლინება რუსული ფილოსოფია მე-20 საუკუნისა. ამ ფილოსოფიის წარმომადგენლები გახლდნენ ემიგრანტი რუსი მოაზროვნეები, რომელთა შორისაა ნიკოლაი ლოსკი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მარქსიზმს, როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოძღვრებას, არ შევეხები, მაგრამ მარქსიზმი, როგორც ფილოსოფიური წარმოდგენა ყოფიერების შესახებ, ათეისტური იყო. შესაბამისად, საბჭოთა კავშირიც ათეისტური სახელმწიფო იყო. თუმცა, იოსებ სტალინის მეოხებით, ბევრი რამ თავის ადგილზე დადგა. შეიძლება ისე და იმგვარად არა, როგორც უნდა ყოფილიყო და გვინდა, მაგრამ სტალინმა დიდწილად იხსნა ეკლესია პრობლემებისგან. /…/ მე ამ თემას იმიტომ ვეხები, რომ გავიგოთ, რატომ ჰქონდათ ემიგრანტ რუს ფილოსოფოსებს თავიანთი კრიტიკული ხედვა საბჭოთა კავშირის, კომუნისტირი სისტემის მიმართ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმჟამად დასავლეთი შეუდარებლად უფრო კონსერვატული იყო, ვიდრე დღეს არის და ბევრი რამ მაშინ სხვაგვარად ჩანდა, მიუხედავად ამ კონსერვატიზმის პარალელურად მიმდინარე დეკადენსის პროცესისა. თუმცა ჩვენ ამ ფილოსოფოსების, კერძოდ კი, ნიკოლაი ლოსკის პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, შეგვიძლია, ჩავღრმავდეთ მის ნაშრომებში და მივიღებთ დიდად სასარგებლო ცოდნას. /…/

ჩემი აზრით, მთავარი, რაც მოახერხა ლოსკიმ, არის ის, რომ მან, ფილოსოფიურად და, ამავე დროს, სოციოლოგიურად, გააბათილა XIX-XX საუკუნეების სოციოლოგიაში არსებული მოდა, რომ მორალი და მორალური კატეგორიები განხილულ იქნას, როგორც სოციალური მოვლენა. ლოსკიმ დაამტკიცა, რომ მორალი, სიკეთე, ვერ იქნება ცალკე ახსნილი, ვერ იქნება რელიგიის კონტექსტიდან ამოღებული და, მით უმეტეს, ვერ იქნება ბილოგიური მოვლენა, ადამიანის ორგანიზმში რაიმე ნივთიერების მოცულობაზე დამოკიდებული ან ტვინში ელექტრონების რაღაც თამაშის შედეგი“.

XX საუკუნის რუსული ფილოსოფია და საერთო ფასეულობები

გიგა ქურციკიძე (პოლიტოლოგი): „ბატონ ვიქტორ რცხილაძის თარგმანები, მათ შორის, ლოსკის აქამდე უკვე ნათარგმნი ნაშრომები, მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა და ძალიან დასაფასებელია. გარდა თარგმანებისა, აღმაფრთოვანებელია, რომ ბ-ნი ვიქტორის ორიგინალური ნაშრომები პირდაპირ იდეური ბრძოლისკენ გიბიძგებს. რაც შეეხება განსახილველ საკითხს, მინდა, ერთი თვისება აღვნიშნო რუსული ემიგრაციისა და ვთქვა, თუ რა განასხვავებს რუსულ ემიგრაციას ქართული ინტელექტუალური ემიგრაციისგან. განსხვავებით ჩვენი ემიგრაციისგან, რუსული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები ცდილობენ, გაიგონ საბჭოთა კავშირის არსი. არა უბრალოდ გათათხონ საბჭოთა კავშირი, არამედ, ცივილიზაციურ საფუძვლებზე შეისწავლონ იგი. მათი ინტელექტუალური კეთილსინდისიერება მაღალ დონეზე იდგა. ამით განსხვავდებიან რუსი ემიგრანტები ჩვენი ემიგრანტებისაგან, რომლებიც ძირითადად რევანშისტული განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ და საბჭოთა კავშირს მიიჩნევდნენ რაღაც ისტორიიდან ამოვარდნად, ანომალიად“.

გიორგი ხარიბეგაშვილი (პოლიტოლოგი): მეც განვაგრძობ ამ აზრს და გავიხსენებ რუსი ინტელექტუალების „პრაღის ლინგვისტურ წრეს“ – სავიცკი, ტრუბეცკოი და სხვები… ფაქტობრივად, ევრაზიული სკოლა. თავდაპირველი ანტისაბჭოთა განწყობიდან ისინი თანდათან გადავიდნენ პროსაბჭოთა პოზიციებზე. ჩვენს შემთხვევაში დღეს რა ჭირიც ჭირს საქართველოს, არის არა რაიმე კოსმპოლიტიზმი, არამედ პატრიოტიზმის ლიბერალური გაგება, რომელიც დაეყრდნო აქედან წასული ჟორდანიას გარშემო მყოფი ვითომ ინტელექტუალების მხრიდან რუსეთის და რუსების ლანძღვას. ვთქვათ ისიც, რაც იყო ორი წლის წინ: ქუჩაში გამოფენილი აკაცუკები, ხომ არ ამბობდნენ, რომ საქართველო არ უყვართ, გამოდიოდნენ მკერდში მჯიღს ცემით. მაგრამ ეს იყო არა პოზიტიური პატრიოტიზმი, არა ის, რომ საქართველო უყვართ, არამედ ის, რომ რუსეთი, რუსები სძულთ. სწორედ იმ ემიგრანტულ ნარატივებს დაეყრდნო თანამედროვე პატრიოტიზმის ლიბერალური გაგება საქართველოში და ესაა პრობლემა. რუსული ემიგრანტული და ზოგადად, რუსული რელიგიური ფილოსოფია იმით არის საინტერესო, რომ ვიღაცის/რაღაცის სიძულვილზე კი არ აგებს რუსულ პატრიოტიზმს ან ზოგადად, მორალს და, სწორედ ამით არის მიმზიდველი“.

ნიკოლაი ლოსკის ნაშრომსა და მისი ქართული თარგმანის გამოჩენას მიესალმნენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები. ჟურნალისტ ზაზა დავითაიას თქმით, მადლობა ეკუთვნის ნიკოლაი ლოსკის ამ უდიდესი მნიშვნელობის ნაშრომის დაწერისათვის და ამ ნაშრომის ქართულად მთარგმნელს, ვიქტორ რცხილაძეს. მე, როგორც სააკაშვილის დროის პოლიტპატიმარი, ვისურვებდი, რომ ასეთი წიგნი მაშინ, ციხეში მქონოდა“ – აღნიშნა ზაზა დავითაიამ. ნოველისტი, რეჟისორი მერაბ ჩხაიძე გამოეხმაურა ქართული და რუსული ემიგრაციის ურთიერთშედარებას და აღნიშნა: „მე არ მჯერა ნოე ჟორდანიას სიღრმისეული მიდგომის, მას ვერ შევადარებ იმ რუსული ფილოსოფიური ოცეულის დონეს, რომელთა შორის იყო ნიკოლაი ლოსკი და, სხვათა შორის, კიდევ, ალეკსეი ლოსევი“. ბ-მა მერაბმა ჩამოაყალიბა რუსული ემიგრაციული ფილოსოფიური სკოლის დანატოვრის მნიშვნელობა დღევანდელობისთვის და ჩვენი საერთო ფასეულობების დაცვის აუცილებლობა, რომელშიც ცენტრალური ადგილი, მისი თქმით, ისევ და ისევ რუსეთს მიუძღვის.

წყარო: პოლიტფორუმი – ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი

XX საუკუნის რუსული ფილოსოფია და საერთო ფასეულობები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here