Home ახალი ამბები საქართველო თუ ლარის 2-3 პუნქტით გაუფასურება  2-3 საათში  აისახება საკვები პროდუქტების ფასებზე, 60...

თუ ლარის 2-3 პუნქტით გაუფასურება  2-3 საათში  აისახება საკვები პროდუქტების ფასებზე, 60 პუნქტზე მეტით გამყარების ასახვას 2-3 კვირა რატომ სჭირდება?

ბენზინი და დიზელი ლამის ერთი ლარით გააძვირეთ და ახლა 10-თეთრიანი კლებისთვის მადლობა უნდა გითხრათ?!

171

არც ისე დიდი ხნის წინათ მედიაში გამოქვეყნდა,  ეროვნული კურსის ის მონაცემები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის მომენტისთვის იყო და რომელიც ახლაა. სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია – ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ლარი 60-ზე მეტი პუნქტით გამყარდა. მმართველი გუნდის მხარდამჭერები ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამდნენ ხაზს და იმასაც ამბობდნენ, რომ პრემიერმა სიტყვა შეასრულა და ლარი გაამყარაო.

ვაღიაროთ – ეროვნული ვალუტის სიმყარე ძალიან კარგი და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დაასახელეთ ერთი, ერთადერთი შვება ან პლუსი, რომელიც ლარის გამყარებით ხალხმა მიიღო. ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ არ აქვს. სამაგიეროდ, მე გეტყვით ერთ უდიდეს მინუსს – უცხოეთში წასული ადამიანები საქართველოში ოჯახის წევრებს უცხოურ ვალუტას რომ უგზავნიდნენ, ახლა ამ ვალუტით გაცილებით ნაკლები ლარის და, შესაბამისად, ნაკლები პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. ას დოლარსა თუ ევროში სხვაობა 60 ლარზე მეტია. ურიგო არ იქნებოდა, თუ ~ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში პროდუქტების ფასების სკალასაც გამოვაქვეყნებდით და ვნახავდით, რამდენად გაძვირდა ყველაფერი.

არ ვდაობთ, რომ მსფლიოში სასურსათო პროდუქტებზე ფასები რეკორდულად მაღალია, ინფლაციას  ჩვენზე გაცილებით წინ მყოფი ქვეყნები ებრძვიან, მაგრამ როგორც კი ამ ბრძოლის შედეგს იღებენ, ჩვენგან განსხვავებით, ეს ყველაფერი  საკვები პროდუქტების ფასზე აისახება. ჩვენთან კი ასახვას ვინ ჩივის, სეზონური პროდუქტი (ხილსა და ბოსტნეულს ვგულისხმობთ) მაშინ ძვირდება, როცა მოსავლის პიკია. ისე, ვაღიაროთ, რომ გასულ კვირას საქსტატმა დაგვიდასტურა, გასულ თვესთან შედარებით, ჭარხალი 220%-ით გაიაფდაო. გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით, ბოლოს როდის ჭამეთ ჭარხალი და კიდევ როდის შეჭამთ?! არ არის ჭარხალი არათუ ყოველდღიური, ყოველკვირეული მოხმარების პროდუქტიც კი. ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, ზამთარში კილო ალუჩა 200 ლარი რომ ღირს და ზაფხულში 2 ლარად ყრია, ვის აინტერესებს ჭარხლის ფასი, ვის?! თქვენ ის გვითხარით, ბურღულეულზე, თევზზე, ხორცზე, რძის პროდუქტებზე როდის შემცირდება ფასი, თორემ ჭარხალი და შაშკვლავი შეიძლება წლობით არ მოიკითხოს მყიდველმა.

მთავარ საკვებ პროდუქტზე, პურზე, ვთქვათ: ფასმა ხომ მოიმატა, წონამ ხომ დაიკლო და ახლა კიდევ წყლით ამძიმებენ. თუ არ გჯერათ, ჩადეთ ტოსტერში ორი ნაჭერი პური და 20 წამში ისეთი ორთქლი აუვა, გეგონებათ ხაშლამის მდუღარე ქვაბს თავი მოხადესო. ან რად გინდათ ექსპერიმენტი, პურის საცხობების ნებისმიერ თანამშრომელს ჰკითხეთ და დაგიდასტურებენ, რომ პურის წონა 120-დან 150 გრამამდე შემცირდა, გაძვირდა, თანამშრომლების ხელფასები კი არ გაზრდილა, კრიზისიაო. ისინი თავიანთ ხელფასებს ჩივიან, ჩვენ კი ჩვენი ვიჩივლოთ, რეალურად 50%-ით გაძვირებულ პურს რომ ვყიდულობთ და გვიმტკიცებენ, მხოლოდ 20 თეთრით მოიმატაო. სავარაუდოდ, წონა რომ შემცირდა, ეს ფასნამატად არ განიხილება. არაერთხელ დაგვიწერია, რომ პურის ფასის დარეგულირება და დაწევა შესაძლებელია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციით, მაგრამ ოპოზიცია ამას სამშობლოს ღალატად განიხილავს, დასავლეთი – საგარეო კურსის ცვლილებად და ხელისუფლებაც ვერ რისკავს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ეს პრობლემა სამუდამოდ მოაგვაროს.

ეროვნულ ვალუტას დავუბრუნდეთ. იცით, რომ რეგიონში ყველაზე სერიოზული ინფლაცია თურქულმა ლირამ განიცადა და ფასებიც ყველაზე მეტად იქ გაიქცა? ამის მიუხედავად, საკმარისია 3-4 პუნქტით გაიაფდეს ეროვნული ვალუტა, რომ თურქეთის პრეზიდენტი პირადად დადის მაღაზიებში და ამოწმებს, დაიკლო თუ არა სურსათზე ფასებმა ლირის სიმყარის შესაბამისად. ჰო, 3-4 პუნქტზეა საუბარი და ჩვენთან 60-ზე მეტი პუნქტით გაიაფდა და პატრონი არ გვყავს. პირიქით, ლარის გამყარების პარალელურად, პროდუქტის ფასი  იმატებს და, სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან ერთად, ამ ყველაფერს მოსახლეობაც ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.

არადა, ჩვეულებრივი მოვლენა კი არა, მაროდიორობაა. ჰო, სხვა სიტყვის მოძებნა ძნელია იმ  ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ძარცვავენ. როცა ეროვნული ვალუტა 3.00-იან ნიშნულს ჩამოსცდა, დაგვპირდნენ, პროდუქტის ფასი აუცილებლად დაიკლებს, ასახვას 2-3 კვირა სჭირდებაო და აგვისტოს დასაწყისი დაგვიანონსეს. აგვისტო დადგა და გვითხრეს, რაღაც ისე არ მოხდა, აგვისტოს ბოლოს გაიაფდებაო და ახლა პირობას დებენ, რომ გაიაფება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. მარტივი კითხვის დასმა გვსურს და, ვისაც კომპეტენცია აქვს, გვიპასუხოს: თუ ლარის 2-3 პუნქტით გაუფასურება პროდუქტის ფასებზე 2-3 საათში (და არა დღეში ან კვირაში) აისახება, 60 პუნქტზე მეტით გამყარების ასახვას 2-3 კვირა რატომ სჭირდება? პირიქით რომ გააკეთოთ, არ გიცდიათ? ხომ ცოცხალი ტყუილია ის, რასაც წლებია, გვიმტკიცებთ და ფინანსური ტერმინებით, რომლებიც საგანგებოდ დაიზეპირეთ, ცდილობთ, ისეთი სურათი დახატოთ, თითქოს აქეთ გვქონდეს თქვენი ვალი და სიკეთეს ვერ ვხედავდეთ.

გასულ კვირას საწვავის ფასი 10 თეთრით შემცირდა და ნავთობიმპორტიორები მაშინვე ყველა ტელევიზიაში გამოჩდნენ: აგერ, გავაიაფეთ და თვის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გავაიაფებთ. ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომამდე იყო, და გაიაფებაც ამან გამოიწვიაო. უსინდისოდ და უნამუსოდ იტყუებით, ბატონებო. ჯერ ერთი, ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე „იმ ნიშნულს“ კი არ დაუბრუნდა, უფრო დაბლაა და მეორეც, ბენზინი და დიზელი ლამის ერთი ლარით გააძვირეთ და ახლა 10-თეთრიანი კლებისთვის მადლობა უნდა გითხრათ? სექტემბერში კი არა, 10 თეთრი ყოველ კვირას რომ დააკლოთ, ორ თვეზე მეტი დაგჭირდებათ, ძველ ფასს რომ დაუბრუნდეთ და ეს ყველაზე კარგად თავად იცით. ამის მიუხედავად, გვამადლით იმას, რაც რეალურად მაროდიორობა, საკუთარი მოსახლეობის ძარცვაა და ყველაფერი ისე გამოგყავთ, თითქოს სიკეთეს აკეთებთ და ჩვენ ვერ ვხედავთ.

კარგია, ღარიბაშვილის პერიოდში ლარი რომ გამყარდა, მაგრამ გაცილებით კარგი იქნება, თუ პროდუქტი გაიაფდება. მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ფასები ჩვენთან მაინც არარეალურია. თურქეთისკენ რომ იშვერთ ხელს, რეგიონში ყველაზე მეტად იქ გაძვირდა პროდუქტიო, ისიც თქვით, რომ იქ ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტი საქართველოში არსებულზე მაინც იაფია. ანუ, პროცენტულად ყველაზე მეტად თურქეთში კი გაძვირდა, მაგრამ ყველაზე მაღალი ფასი მაინც ჩვენთან აქვს. გინდათ პარადოქსი – სომხეთში საქართველოდან გატანილი სეზონური ხილი უფრო იაფი ღირს, ვიდრე იგივე ხილი ჩვენთან. რატომ? იმიტომ, რომ 100 და 200%-იანი ფასნამატის გაკეთების უფლებას არ აძლევენ იქ და 30 თეთრად ნაყიდი სიმინდის ტარო მოხარშვის შემდეგ 6-8 ლარი არ უნდა ღირდეს. სწორედ ეს უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ და ამ კონტროლს მარტივად ხალხზე ზრუნვა ჰქვია.

ადამიანებზე თუ არ იზრუნებთ, ბატონებო, ერთ, თქვენთვის არცთუ მშვენიერ დღეს, დამშეული ხალხი ქუჩაში გამოვა და ამერიკული მომავალი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ან რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას კი არა, პურს მოგთხოვთ, თქვენ შეგჭამთ და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც წონადაკლებული, წყლით გაჯერებული და ფასმომატებული პურივით გადაამუშავებს. არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანებს, არ შეიძლება მოსთხოვო გაჩუმება, როცა ფუფუნების საგნებს კი არა, ელემენტარულად, საკვებს ითხოვს. ღარიბაშვილის მომხრეებმა ლარის გამყარების შემდეგ ტაში კი არ უნდა დაუკრათ პრემიერს და „ბრავო, ბისს“ ეძახოთ, არამედ, უბრალოდ, შეახსენოთ, რომ ლარის გამყარებაზე მიბმული უნდა იყოს პროდუქტის გაიაფებაც და ერთხელ, ერთადერთხელ მაინც, ხალხის ნაცვლად, ქამარი გაქსუებულმა ბიზნესმენებმაც შემოიჭირონ. ეს იქნება მხარდაჭერა პრემიერის, რომელიც ასე ძალიან გიყვართ და გეამაყებათ.

სახელმწიფოში არსებობს კონკურენციის სააგენტო, რომლის დირექტორიც თვეში 5 ათას ლარზე მეტს იღებს და მისი ერთადერთი მოვალეობა სწორედ ფასების კონტროლი და მათი შესაბამისობაში მოყვანაა. ერთხელ, ერთადერთხელ მაინც გაგიგიათ, ეს კაცი გამოსულიყოს და ეთქვას, კვლევა ჩავატარეთ და ამა თუ იმ პროდუქტის ფასი რეალობას არ შეესაბამებაო? სადმე ვინმე შეუმოწმებია ამ უწყებას? თუ არა, მაშინ სხვა სამსახური უშოვნეთ ამ კაცს, ეს კონურენციის სააგენტოც გააუქმეთ და ნერვები მაინც აღარ მოგვეშლება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here