Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ასეთი მონსტრია პუტინი, თუ მასთან საუბარი არ შეიძლება, რატომ ხვდებიან მას...

თუ ასეთი მონსტრია პუტინი, თუ მასთან საუბარი არ შეიძლება, რატომ ხვდებიან მას ასე საზეიმო ვითარებაში ცალკე ტრამპი და ცალკე სხვები?

სანამ სხვის დაკრულზე ვიცეკვებთ, მანამდე იქნება რუსთაველზე აქციები და შეიცვლება მხოლოდ სახელები

3697

იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაიმართა დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტი. რომელმაც ორ დღეს გასტანა, სადაც მსოფლიოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. რამდენიმე ლიდერს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმაც გაიმართა, თუმცა ნიშანდობლივი იყო ის, რომ პრაქტიკულად ყველა ლიდერს სურდა, ცალკე შეხვედროდა და ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან. 

ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს პირველ პირთან საუბარი ყველას სურს, მაგრამ საქმე ისაა, რომ, როცა კონკრეტულად ამ დიდი ოცეულის ქვეყნებს სჭირდებათ, რუსეთის პრეზიდენტს დიქტატორად მოიხსენიებენ, სანქციებს უწესებენ, მაგრამ, როცა პირისპირ ხვდებიან, მაშინვე იცვლება ტონიც და მიდგომაც. პირისპირ პუტინს ვერავინ უბედავს იმის თქმას, რასაც მის ზურგს უკან ამბობენ და ეს, ცოტა არ იყოს, სასაცილოდაც კი ჩანს. თავად განსაჯეთ, დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: პუტინი არაჩვეულებრივი პიროვნება და ადამიანიაო. ჰო, ჰო, იმ პუტინზე თქვა ეს, რომელსაც ამერიკიდან ემუქრება ხოლმე და სანქციას სანქციაზე უწესებს… თუმცა, აჯობებს, რიგითობით მივყვეთ.

დიდი ოცეულის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა სასტიკად გააკრიტიკა და ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაეხანგრძლივებინათ. ტრამპის ასეთ “თამამ” ნაბიჯს, რა თქმა უნდა, აღტკინებით შეხვდნენ როგორც ევროპაში, ისე იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკაზე არიან ჩამოკიდებულ-გამოკიდებულნი, მაგრამ რად გინდა?! აგერ ოსაკას სამიტი დაიწყო და ტრამპი სხვანაირად აჭიკჭიკდა. ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ ამერიკა და კონკრეტულად ტრამპი ევროპას უკიჟინებს, რუსულ ბაზარზე პროდუქტი არ შეიტანოს და არც რუსული პროდუქცია მიიღოს. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსული პროდუქტი ხარიხიანად ითვლება მსოფლიოში, მაგრამ მასზე თურმე მაინც უარი უნდა თქვან, თუმცა…

“ჩვენ ამ საათნახევრიანი საუბრით ძალიან ბევრს მივაღწიეთ. დავიწყეთ ვაჭრობის განხილვაც და ბოლოში აუცილებლად გავალთ, რადგან მსოფლიოს ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის ვაჭრობა უნდა იყოს”, _ ეს ტრამპის ფრაზაა, რომელიც მან ოსაკაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

რა გამოდის? ამერიკა სრულიად მსოფლიოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მკაცრი სანქციები დაუწესონ რუსეთს, რაც შეიძლება დიდ წნეხში ამყოფონ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, თვითონ კი აპირებს სავაჭრო ურთიერთობა დაამყაროს მასთან. რა თქმა უნდა, ეს ამერიკისთვის ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან იმ პირობებში, როცა ევროპა რუსეთს თავის ბაზარს უკეტავს, ამერიკა მიიღებს ხარისხიან პროდუქტს და, რაც მთავარია, შედარებით იაფად. იაფად იმიტომ, რომ ამერიკა დიდი ბაზარია და რუსეთისთვის მომგებიანი იქნება.

ეს ყველაერი კარგი, მაგრამ დასრულდება სამიტი, დაბრუნდება ტრამპი შტატებში და ისევ წააქეზებს ცალკე ჩვენ და ცალკე ევროპას, რომ რუსეთი დაუძინებელ მტრად გამოვაცხადოთ, რომ ყველა დონეზე ოკუპანტი ვეძახოთ, პუტინი დიქტატორად მოვიხსენიოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამას ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, აუცილებლად გააკეთებენ და ისევ გააღიზიანებენ რუსეთს. ევროპა აუცილებლად ზომიერი იქნება, იმიტომ, რომ ბებერი კონტინენტი რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება ხელს არ აძლევს ამიტომ ძლიერი ქვეყნები უფრო ძლიერდებიან, კარგი ურთიერთობაც ექნებათ რუსეთთან, ხოლო როცა დასჭირდებათ, რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქცია გამოიყენონ, რომელიმე “საქართველოს” ააყვირებენ და მიზანსაც მიაღწევენ.

ახლა მთავარი _ როგორც ევროპის, ისე ამერიკის პირველი პირები საქართველოს ხელისუფალთ უკრძალავენ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს. უფრო მეტიც, როგორც კი რომელიმე პარლამენტარი რუს კოლეგას შეხვდება, მაშინვე იწყება კამპანია მის წინააღმდეგ, აწებებენ ქვეყნის მოღალატის იარლიყს, უწყებენ მედია-დევნას, სოციალურ ქსელში უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ. და ეს ხდება მიზანმიმართულად, თითქოს უხილავ ღილაკზე ხელის დაჭერით, რეალურად კი ის უხილავი ღილაკი სწორედ დასავლეთშია. მარტივი კითხვა გვაქვს: თუ ასეთი მონსტრია პუტინი, თუ მასთან საუბარი არ შეიძლება, რატომ ხვდებიან მას ასე საზეიმო ვითარებაში ცალკე ტრამპი და ცალკე სხვები? რატომ ამბობს ამერიკის პირველი პირი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია? რატომ გაგრძელდა შეხვედრა დაგეგმილზე 30 წუთით მეტ ხანს და რატომ არის ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი ტრამპი?

პასუხი ერთია _ ამერიკას ხელს აძლევს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან; ხელს აძლევს, რომ ყველამ მტრად გამოაცხადოს, თვითონ კი დაუმეგობრდეს და რუსეთის ბაზარი აითვისოს, საუკეთესო პროდუქცია მიიღოს. აი ეს არის პატრიოტიზმი, სხვა რამ კი არა. აქედან გამომდინარე, ტრამპი თავისი ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტია, ისევე, როგორც პუტინი _ რუსეთისთვის, ევროპელი ლიდერების მმართველობითაც კმაყოფილები არიან ბებერი კონტინენტის ბინადრები, აი საქართველოს დარი ქვეყნები კი…

გავიხსენოთ, რომელი ხელისუფლებით იყო კმაყოფილი ერი და რომელ ხელისუფალს არ უძახა, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ხალხმა “წადი, წადი!” რუსთაველის გამზირიდან, საიდანაც ახლაც იმავეს გაჰკივის. ჰო, სწორედ რომ გაჰკივის, რადგან ესეც დადგმული სცენარია და ამ სცენარში ისევ ძაფზე გამობმული თოჯინების როლს ვთამაშობთ. წავა მიშა, მოვა გრიშა, მერე გრიშაც წავა და ჩვენ წინ ვერ უნდა წავიწიოთ, არ უნდა განვვითარდეთ _ ეს არის მთავარი მიზანი. განვითარების შემთხვევაში ხომ შეიძლება ერთ დღეს ყველა მიხვდეს, რომ პარტნიორობა სხვა რამეს ნიშნავს, მეგობრობა სხვანაირია, რომ ჩვენს პრობლემებს მხოლოდ “რუსეთი ოკუპანტია”-ს ძახილი არ მოაგვარებს, რომ საქართველოდან რუსი ტურისტების გაძევება ჩვენს ეკონომიკას აზიანებს, რომ კაფესა თუ რესტორანში შესულ ტურისტებს 20%-ით მეტს თუ გადავახდევინებთ, ამით კლიენტსაც დავკარგავთ და მომავალ სეზონზე პოტენციურ ტურისტსაც.

სავარაუდოდ, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავარი საჯილდაო ქვა განათლების სისტემაა, სადაც ექსპერიმენტები მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, სადაც მომავალ თაობაზე იმდენ რამეს სცდიან, რომ ბავშვებს თავგზა აქვთ არეული. დაფიქრდით, რამდენჯერ შეიცვალა სასწავლო პროგრამა, რამდენჯერ შეიცვალა გამოცდების სისტემა, რამდენი წიგნი და რამდენი სხვადასხვა დავალებით სავსე რვეულები შემოვიდა და გამოვიდა. ისიც გემახსოვრებათ, ერთსა და იმავე კლასში, ოღონდ სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვა პროგრამით და სხვადასხვა წიგნით რომ სწავლობდნენ ბავშვები. განათლების სისტემაში იყო სრული ქაოსი და განუკითხაობა და ეს ქაოსი ახლაც გრძელდება. ჰო, გრძელდება, რადგან კვლავ არ არის გადაწყვეტილი, მომავალი სასწავლო წლიდან შეიტანენ თუ არა სკოლებში სექსუალური განათლების წიგნებს. იმ წიგნებს, რომლებიც ამერიკაში წლების განმავლობაში გამოიყენებოდა და… მომავალი წლიდან აიკრძალება, რადგან მშობლებმა გააპროტესტეს და გადაწყვიტეს, რომ მათ შვილებს ეს არ სჭირდებათ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმას კი არ გვეუბნებიან, არ ვარგა, ხალხო, მაგ წიგნების შეტანა არც კი განიხილოთო, არამედ მაინც გვაძალებენ, ცხვირში გვტენიან, იმიტომ, რომ გარყვნილება, რომელმაც ამერიკაც კი წალეკა, ძვალსა და რბილში გაგვიჯდეს. მერე, როცა წლები გავა და ყველა მიხვდება, რომ აღნიშნული წიგნი კი არ ავითარებს, არამედ რყვნის, ისევე გამოვალთ ქუჩაში, როგორც ამერიკელი მშობლები გამოვიდნენ და ისევ იმავე წრეზე დავტრიალდებით.

ნამდვილად ვერ გეტყვით, უახლოეს მომავალში გვეყოლება თუ არა ისეთივე ხელისუფალი, როგორიც ტრამპია ამერიკისთვის და პუტინი რუსეთისთვის. პატრიოტიზმს ვგულისხმობთ, იმ პატრიოტიზმს, რომლითაც ეს ლიდერები გაჯერებული არიან და ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესოდ აქციონ. ისინი არ უსმენენ არავის, ვინც მათი ქვეყნისთვის საზიანოს შესთავაზებს, ისინი კეტავენ საზღვრებს, როცა ეს ქვეყანას სჭირდება, ისინი დაუნდობლად ებრძვიან ნარკოტიკებს, მაშინ, როცა დასავლეთმა გვაიძულა ნარკოლიბერალიზაცია და შესაბამისი კანონის მიღება.

სანამ ასეთი ხელისუფალი არ გვეყოლება, სანამ სხვის დაკრულზე ვიცეკვებთ, მანამდე იქნება რუსთაველზე აქციები და შეიცვლება მხოლოდ სახელები. მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევუძახებთ “წადი, წადის” _ ზვიადს, ედუარდს, მიშას თუ ბიძინას; მთავარია, რომ უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავე წრეზე დავტრიალდებით და ისევ ძაფზე გამობმული თოჯინების როლს მოვირგებთ იმ სცენარში, რომელიც დასავლეთში იწერება. ეს მწარე რეალობაა, ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის ყოველდღიური ნაწილიც ვართ. ქართული საქართველო გვინდა და სხვა არაფერი.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here