Home ახალი ამბები საქართველო სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

ერთი წინადადება, რომელმაც მთელი დასავლეთი შეარყია

3388

წინადადება, რომელმაც მთელი დასავლეთი შეარყია, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე წარმოთქვა: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთერთი მიზეზი (ომის..) იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი“.

ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ასეთი ბანალური ფრაზა აქამდე არ უთქვამს. ამაში არც სიახლე ყოფილა რამე და, მით უმეტეს, არც აღმოჩენა. არც რუსეთს დაუმალავს ოდესმე და არც დანარჩენ მსოფლიოს შეუტანია ეჭვი, რომ პროცესები, რომლებიც უკრაინაში წელიწად-ნახევრის წინათ დაიწყო, აღმოსავლეთისკენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინისკენ) ნატოს პროვოკაციულ გაფართოებას მოჰყვა პასუხად. ირაკლი ღარიბაშვილს რა ექნა, უკრაინის კრიზისის ნამდვილი მიზეზი დაემალა და რამე ახალი არარეალური მიზეზი შეეთხზა? რატომ ცდილობენ დასავლეთში, რომ ნებისმიერი (თუნდაც ყველაზე ბანალური) სიმართლის თქმა რუსეთის სასარგებლო განცხადებად მონათლონ?!

აი, როგორ გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ამ აბსოლუტურად სწორ და დღესავით ნათელ განცხადებას: „ГОВОРИТ МОСКВА!“

გესმით?! საქართველოს პრემიერმინისტრი მოსკოვის ენით ალაპარაკდაო, – აცხადებს ევროპარლამენტარი. ან ამ დეპუტატს, ან ქართველ ნაციონალებს ვინმემ რომ ჰკითხოს, ეს რა შუაშიაო, დაუყოვნებლივ გიპასუხებენ, პუტინიც ხომ ამას ამბობსო. მორჩა, ჩაიკეტა აზროვნება, განსჯა, ლოგიკა! იქ, სადაც პუტინს ახსენებენ, გონება იბინდება, ნათელი უკუნად გადაიქცევა, ბუნების ყველა კანონი მოქმედებას წყვეტს და თვით პლანეტებიც კი ჩერდება. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამში ასეთი შინაარსის შესწორება შეიტანა: “ნატოს არგაფართოებამ მოახდინა ომის პროვოცირება”.

ეს “რევოლუციური” განცხადებაა, უფრო სწორად – რევოლუციური სიბინძურე და სისულელეა. დასავლეთის სწორედ  უკიდეგანო სიბინძურე და სისულელეა ის, რაც პლანეტას მესამე მსოფლიო ომისკენ მიაქანებს, მაგრამ ვის შეუძლია, რომ ამ ჭეშმარიტებაში ეს დეპუტატი დაარწმუნოს?! არავის, რადგან იგი იმავე წამს გიპასუხებთ: პუტინიც ამას ამბობს. ამ სიტყვებში კირკინის ლოგიკაა“, პუტინი როგორ შეიძლება სიმართლეს ამბობდეს?!

ამგვარივე “რკინის ლოგიკით” არის ნაგები აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის მსჯელობა: “წარმოუდგენელია… საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნატოს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?”

იმავეს იმეორებს ჩეხეთის დეპუტატთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ ზენიშეკი: “ზუსტად  პირიქითაა. საქართველოს პრემიერმა ეს იცის, უბრალოდ, მან რუსეთის პროპაგანდის მხარდაჭერა აირჩია”.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრიავიჩუსი კი უფრო შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს: “ღარიბაშვილი საუკეთესოდ ირჯება რუსეთის სასარგებლოდ. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის რუპორად გადაიქცა.

ისმენ, კითხულობ ყველაფერ ამას და გაოცებული რჩები: რამ შეარყია ეს ადამიანები, ეს ხალხი, ეს ევროპა და დასავლეთი? კოლექტიური შეშლილობაა ეს, იმგვარი შეშლილობა, რომელიც მეცნიერულად შესწავლილი არც არის. აშკარაა, რომ გლობალურად საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ირაკლი ღარიბაშვილმაც,  ალბათ,  ეს აზრი ჩააქსოვა მის მიერ დასმულ შეკითხვაში: უკრაინის ომი ომია და ჩვენი ომი ომი არ იყო?” საქართველოში ტრაგედია როდესაც ტრიალებდა, იმ დროს არ შეშლილხართ და ახლა რამ შეგშალათო, –  ეს ითქვა ამ ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღრმა აზრის მატარებელი შეკითხვით. ორმაგი სტანდარტია ეს, რომლის უკან დიდი სიბინძურე და საკაცობრიო დანაშაული იმალება, რომლის პროვოცირებასაც, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, დასავლეთის პოლიტიკურმა შულერებმა თვალის დაუხამხამებლად შესწირეს უკრაინელი ხალხიც და უკრაინული სახელმწიფოც.

ის აზრი, რომ ომი დასავლური სტრუქტურებისკენ უკრაინის სწრაფვამ გამოიწვია, ბრატისლავაში მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილს არ გამოუთქვამს. იგივე აზრი თქვა ევროკავშირის  უმაღლესმა მოხელემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა: „პირველად ჩვენს ისტორიაში  ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი”.

ხედავთ რამე განსხვავებას ირაკლი ღარიბაშვილის  ნათქვამსა და ფონ დერ ლაიენის ამ აზრს შორის? როგორ უნდა დაინახოთ ის, რაც არ არის, მაგრამ, შეხედეთ, რა ხდება… ქალბატონი ლაიენი ერთხელ კიდევ დგება ტრიბუნასთან და აუღელვებლად ცვლის პირველ ჩვენებას: „გავიგე, რომ აქ, გლობსეკზე, ამ ომის მიზეზებს განიხილავდით. ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უმიზეზოდ, ის შეიჭრა უკრაინაში, რათა იგი რუკიდან  გაექრო. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე, მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, გააოცა მსოფლიო”.

ეს მართლაც გაუგონარი ამბავია. ამას, რაც მოგვესურვება, ის შეიძლება ვუწოდოთ – ცუდი საქციელი, უარესი საქციელი, საშინელი საქციელი და ა.შ. მოგეხსენებათ, სიტყვის რა მდიდარი არსენალი გაგვაჩნია ქართველებს ამგვარი საქციელის დასახასიათებლად და შესაფასებლად, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავოთ უცენზურო სიტყვების კორიანტელისგან. როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ-ხოლმე, თავიანთი უბედურებაც ეყოფათ. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, ჩვენს უბედურებას რა უშველის, ამგვარი ფონ დერ ლაიენებით რომ არის სავსე ჩვენი ქვეყანა. შეხედეთ, რაზე წუხს პაატა ზაქარეიშვილი: “ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რუსეთთან”.

რა ნათქვამია ეს? განა ეს მწუხარების სიტყვები არ არის იმის გამო, რომ ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის წევრები მეორე ფრონტს არ ხსნიან რუსეთის წინააღმდეგ?! განა ეს მწუხარების სიტყვები არ არის იმის გამო, რომ საქართველოში ომის პარტია ჩაფლავდა და მთავრობის მიერ თორმეტი წლის წინათ მტკიცედ აღებულ კურსს მშვიდობის შენარჩუნებისკენ ვერაფერს უხერხებს?! შეხედეთ, რა საზიზღარი ცინიზმი და სიძულვილი ინთხევა ნიკა გვარამიას პირიდან, როდესაც აცხადებს: “ღარიბაშვილის ტექსტები იყო კატასტროფა, საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა, ბელოგრუზიაა”.

ამ პროვოკაციული და უაღრესად შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო გასაგები ხდება მშვიდობის მნიშვნელობა. იქნებ არ ჩამითვალოთ უადგილო გადაჭარბებად, რასაც ახლა მოგახსენებთ: ამ ეტაპზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მშვიდობის შენარჩუნება რაღაცით აღემატება საკუთარ შინაარსს ანუ მშვიდობის შენარჩუნებას, ეს საქართველოს შენარჩუნებაა! ამიტომაც გამხდარა ასე ძნელი მშვიდობის შენარჩუნება დღეს. მოუსმინეთ, რა გვითხრა მამუკა მდინარაძემ და ნათელი შეიქნება, თუ რასთან გვაქვს საქმე: “ამ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია, ძვირი გვიჯდება ეს მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე მატერიალურში არ გამოიხატება,  ჩვენს ნერვებში გამოიხატება, ჩვენ მიმართ შანტაჟსა და მუქარაში გამოიხატება”.  მისივე შეფასებით, “რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომის ტოლფასია”.

მეტი შანტაჟი და მუქარა რა გინდათ, როდესაც ევროპის ოცდაშვიდი სახელმწიფოს ელჩები დემარშს აწყობენ მოსკოვთან განახლებული პირდაპირი საავიაციო რეისების გამო. აი, როგორ მსჯელობს ამ ფაქტზე  იგივე მამუკა მდინარაძე; ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთნატოს წევრი თურქეთი ევროკანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი ანუ რეგიონში ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ, ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას? არავინ საყვედურობს სხვა ქვეყანას არაფერს, ნატოს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან ოცდაათ კილომეტრში, ასეთი რეალური რისკებია და ეკონომიკას და მოქალაქეებსაც ორჯერ მეტი ზიანი მიადგება, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, და ჩვენ გვსაყვედურობენ, ჩვენ გვაძალებენ სანქციების დაწესებას, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ამ ქვეყანაში ომს არ დავუშვებთ ერთადერთი შემთხვევის გარდა, თუ ვიღაც არ შემოგვივარდება ქვეყანაში და არ დააპირებს ომის გზით დამატებით ოკუპაციას. მიმდინარე ოკუპაციის გადაჭრას ჩვენ მშვიდობით ვცდილობთ და ამ გზაზე ვდგავართ, ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ, თუ ვინმე თავს დაგვესხმებ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ და ისნაცებიპირველები გაიქცევიან, წითელ ხიდზეც ვეღარ მოძებნით…”

შეშლილობა ვახსენე წეღან და ისევ უნდა გავიმეორო, რადგან პირველი ხსენება დასავლეთს ეხებოდა, ახლა საქართველოზე მოგახსენებთ. ძალიან მიჭირს ამისი თქმა, მაგრამ ვიღაცის მიერ დაქირავებული რომელიღაც ჯგუფი საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს ასეთი მონდომებით მიერეკებოდეს სასაკლაოზე, გაუგონარია! უსიამოვნო მომავლის რა წინასწარი გრძნობა, რა გასაოცარი ინტუიციური ჭვრეტაა ჩაქსოვილი მურმან ლებანიძის ამ სიტყვებში: უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა…”

მთავრობა, რომელიც ცდილობს, პოეტის მიერ ასე მაღალმხატვრულად გააზრებულ საშინელ მომავალს აგვაცილოს, ხალხის უპირობო თანადგომას იმსახურებს, განსაკუთრებით იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ჩვენ მიერ მაღლამოხმობილი სულისშემძვრელი სიტყვები ათქმევინა: ამ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია!”

ვალერი კვარაცხელია                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here