Home ახალი ამბები საქართველო სასურსათო დამოუკიდებლობა ქვეყნის ნამდვილ დამოუკიდებლობას ნიშნავს

სასურსათო დამოუკიდებლობა ქვეყნის ნამდვილ დამოუკიდებლობას ნიშნავს

როცა ყველაფრი ჩვენი გვექნება, სხვა ქვეყნებს ტოლ-სწორად დაველაპარაკებით. რაც მთავარია, მოვიცილებთ ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსს და გავხდებით მწარმოებელი ქვეყანა, შედეგად მარტივად შევძლებთ ინტეგრაციას თუნდაც იმ ევროკავშირში, რომლისგანაც თითქოს მძლავრად მივიწევთ, სინამდვილეში კი, რა გვინდა იქ, ბევრმა არც კი იცის

163

ხშირად გსმენიათ, ალბათ,  ან  გამყიდველისთვის გიკითხავთ, როცა რაიმე პროდუქტს ყიდულობთ და წარმომავლობა არ აწერია, „ქართულია?!“.  გამყიდველმაც კარგად იცის, რომ, თუ იტყვის, ქართულიაო,  გაცილებით მარტივად გაყიდის, განსაკუთრებით ბაზრებში. და ასე ვყიდულობთ თურქულ ვაშლს, ირანულ ხახვს, ჩინურ ჩირს… მოდი, ნებისმიერი მაღაზიისა თუ ბაზრის დახლებს გადავხედოთ და ვთქვათ, რა არის იქ ქართული,  მინერალური წყლების გარდა. ცოტა რძის პროდუქტები (ყველის გამოკლებით, რადგან ყველის  უმრავლესობა ირანული და ჩინური რძის ფხვნილისგან მზადდება, ხოლო არაჟანს საერთო არაფერი აქვს ნამდვილ არაჟანთან, ისევე როგორც ხაჭოს), ცოტა ძეხვეული (ხორცის 80% არც ამ შემთხვევაშია ქართული), ცოტა გაზიანი სასმელები (ინგრედიენტები შემოგვაქვს და მხოლოდ წყალია ჩვენი ეროვნული) და… მეტი არაფერი. ჰო, საქართველო არ აწარმოებს არაფერს იმ ოდენობით, რომ საკუთარი თავის გამოკვება შეძლოს.

ოფიციალური გათვლებით, რომ მოვინდომოთ, 4-5 წელიწადში შეგვეძლება ვაწარმოოთ ჩვენი სამყოფი საქონლისა და ცხვრის ხორცი, ხორბალი, სიმინდი და რძე. ასევე, მონდომების შემთხვევაში, შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენთვის სამყოფი მწვანილი, ხახვი და კარტოფილი. არის თუ არა ეს სასურსათო დამოუკიდებლობა? რა თქმა უნდა, არის და, რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ფასი გაცილებით იაფი იქნება. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, რუსეთის მაგალითს მოგიყვანთ. ჩრდილოელმა მეზობელმა   სოფლის მეურნეობა 2017 წლიდან აქცია პრიორიტეტად და 2-3 წელიწადში მოახერხა ის, რომ სურსათის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა. სწორედ ეს არის ერთადერთი (ვიმეორებ: ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ  მისთვის დაწესებული  სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა. რუსებს აქვთ იმდენი პროდუქტი, რომ თავისუფლად შეუძლიათ არა მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვება, არამედ ჭარბი პროდუქციის გაყიდვა, თანაც იმ ოდენობით, რომ კიდევ რამდენიმე დიდი ქვეყანა შეინახონ. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ამ მიდგომამ გაამართლა და მერე როგორ – ამერიკისა და მთელი ევროპის სანქციების ფონზე რუსეთი მყარად დგას და არავის წამოსცდენია: მოსახლეობა შიმშილობს, უჭირს, საკვები უმთავრდებაო. პირიქით, ომის პირობებშიც ხორბლის გარეშე არ დაგვტოვა.

რა ვისწავლეთ რუსეთის მაგალითიდან? სწორია – არაფერი და იმიტომ კი არა, რომ სწავლა არ ვიცით, უბრალოდ, ამის სურვილი არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, ფურცელზე იყოს მაღალი ციფრები, ევროპა-ამერიკას თავი რომ მოვაწონოთ, შთაბეჭდილება რომ შევქმნათ იმის, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ წინ მივიწევთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვეტყობა, სინამდვილეში კი… დასახელებული პროდუქტები მოწმობს იმას, რომ სასურსათო დამოუკიდებლობის მოპოვება 2030 წლამდე შეგვიძლია და გვერწმუნეთ,  სასურსათო დამოუკიდებლობა ქვეყნის ნამდვილ დამოუკიდებლობას ნიშნავს. მაშინ  აღარ ექნება მნიშვნელობა, რა ეღირება ხორბალი მსოფლიო ბაზარზე, საერთოდ არ ვიფიქრებთ იმაზე, ბრაზილიაში, საქონლისა თუ ქათმის ხორცის ფასი მაღალია თუ დაბალი, იქაური პროდუქტი ეკოლოგიურად მისაღებია თუ არა, ყველაფერი ჩვენი გვექნება. არც ირანულ კარტოფილს გავაბრუნებთ უკან, კარტოფილის სიმსივნე აქვს პროდუქტს და საჭმელად საშიშიაო; არც ყაზახეთს შევეხვეწებით: ეგებ 10 ათასი ტონით მეტი ხახვი მოგვცეთ, მოხმარება გაიზარდა და გვჭირდებაო. თამამად ავკრძალავთ რძის მავნე ფხვნილს, ნამდვილ ყველს შევჭამთ, ნამდვილ ხაჭოს, რძესა და მაწონს და ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე აისახება.

ისევ რუსეთი უნდა ვახსენოთ. არანაირი მობილური ტელეფონები და უცხოური მარკის ავტომობილები, არანაირი „მაკდონალდსი“ და სხვა ბრენდები – ამან წელში ვერ გატეხა ჩვენი მეზობელი. მთავარი იყო სასურსათო კრიზისის შექმნა, როგორ კრიზისსაც დასავლეთი მარტივად ქმნის ხოლმე, მაგალითად, აფრიკულ ქვეყნებში და აიძულებს, ან მუდმივად იომონ, ან  დამორჩილდნენ. მშიერი ადამიანი ყველაზე საშიშია და რუსეთის მოსახლეობა ვერ დაამშიეს ერთადერთი მიზეზით – მათ საკუთარი პროდუქტი მოჰყავთ და არავის არაფერს ეხვეწებიან. არ ვამბობთ იმას, რომ რუსეთში უცხოური პროდუქტი საერთოდ არ შედის, რა თქმა უნდა, შედის, რადგან ვიღაცას შეიძლება ვოლგაში დაჭერილ ქარიყლაპიას ნორვეგიული ორაგული ურჩევნია, მაგრამ, როცა ქვეყანა ომშია, როცა ევროპა და ამერიკა ერთად გებრძვიან, ყველაზე გემრიელი სწორედ საკუთარ მდინარეში დაჭერილი თევზია. მდინარესა და თევზებზე საუბარი ტყუილად არ დაგვიწყია. საქართველოში იმდენი მდინარეა, თევზით უზრუნველყოფაც შეგვიძლია, მაგრამ დღემდე დენით თევზაობა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. კონკრეტულ პირებს მდინარეები აქვთ გადანაწილებული, იქ მათთან გარიგებაში მყოფი ბრაკონიერები თევზაობენ და მდინარეები ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიჰყავთ. ახლა ვიღაც გამოხტება და იტყვის, – ფაქტები დაასახელეო. რად გინდათ დასახელება?! დადექით რუსთავის ხიდზე, დატკბით მტკვრის ხედებით და იმითაც, ორ საათში ერთხელ რეზინის ნავი რომ ჩამოივლის და დენით თევზებს ამოყრის. იცით, ამ დროს გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე რომ რეკავთ, რას გეუბნებიან? ხალხი არ გვყავს და, ერთი ნაპირიდან რომ მივადგებით, მეორე ნაპირზე გადიანო. საუბარი არც კი არის იმაზე, რომ გარემოს დაცვის ინსპექციას თავადაც ჰქონდეს ის გასაბერი ნავი, მცირე ზომის ძრავით და წყალში დაედევნოს ბრაკონიერებს.

საქართველოში წარმოებული ცხვრის ხორცი რეალურად ახლაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი აზიურ ქვეყნებში იყიდება და მერე… მერე ჩვენ შემოგვაქვს გაყინული, გემოვნურ თვისებებზე რომ არაფერი ვთქვათ,   პროდუქცია, რომელიც სახარბიელო ჯანმრთელობისთვისაც არ არის. ისე, თავის დროზე რუმინეთის ხელისუფლებამ ცხვირს გაყვანა 2 წლით აკრძალა და, იცით, რა მოხდა? ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი გაიაფდა და, როცა ორწლიანი აკრძალვა მოიხსნა, რუმინეთი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპისთვის ცხვრის მთავარი მიმწოდებელი იყო. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია;  ბევრი ქვეყნისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გავმდიდრდეთ, როგორ გავხდეთ დამოუკიდებლები, როგორ გვქონდეს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გადარჩენაში დაგვეხმარება, მაგრამ…  რძის პროდუქტები, მარცვლეული და ხორცი კი არა, აგერ, მწვანილის შემოტანაში ვამყარებთ რეკორდებს და ეზოებში ერთი მუჭა თესლის მობნევა გვეზარება. არადა, არც ისე  დიდი ხნის წინათ იმერეთში, ერთ-ერთ ოჯახში, მოულოდნელ სტუმრებს „თავსაფრიანმა დედაკაცმა“, იცით, როგორ გვიმასპინძლა? ბოსტანში მოკრეფილი კიტრისა და პომიდვრის სალათას დიდ თასში იქვე მოკრეფილი მწვანილი და ხახვი დააჭრა, საკუთარი ხელით ამოყვანილი ყველიც მიუდო გვერდით და საკუთარ ყანაში მოწეული სიმინდისგან გამომცხვარი ცხელი მჭადებიც გამოიტანა, ბოლოს კი ნახევარლიტრიანი ქილებით მაწონი ჩამოგვირიგა, დესერტად დააყოლეთო.და ეს იყო ძალიან მარტივი, მაგრამ ჩვენთვის მეფური სუფრა, ძალიან, ძალიან გემრიელი პროდუქტი. ხომ ვამბობთ ხოლმე, – ყველა ოჯახი ცალკე პატარა სახელმწიფოაო და აგერ, იმ კონკრეტულ ოჯახს ხელის განძრევა არ ეზარება, არც სტუმრის ეშინია.  ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება სახელმწიფო სურსათის მიმართულებით დამოუკიდებელი გახდეს და მერე მორჩება სპეკულაციები: ხორბალს რუსეთისგან ნუ ყიდულობთ, რატომ შემოგაქვთ უვარგისი ხორცი ლათინური ამერიკიდან, რატომ მოდის ცუდი კარტოფილი ირანიდან…  როცა ყველაფრი ჩვენი გვექნება, სხვა ქვეყნებს ტოლ-სწორად დაველაპარაკებით. რაც მთავარია,  მოვიცილებთ ე.წ. განვითარებადი ქვეყნის სტატუსს და გავხდებით მწარმოებელი ქვეყანა, შედეგად  მარტივად შევძლებთ  ინტეგრაციას თუნდაც იმ ევროკავშირში, რომლისკენაც თითქოს მძლავრად მივიწევთ, სინამდვილეში კი, რა გვინდა იქ, ბევრმა არც კი იცის.

ახლა გაზაფხულია და, წესითა და რიგით, ქვეყანას დამუშავებული მიწის სუნი უნდა ასდიოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. მიწის უდიდესი ნაწილი დაუმუშავებელია და ეს… სახელმწიფოს ბრალია. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ სამცხე-ჯავახეთში მიწის 272 945 ჰექტარი სახელმწიფოს საკუთრებაა, კახეთის რეგიონში სახელმწიფოს 266 706 ჰექტარი ეკუთვნის, ქვემო ქართლში – 130 189 ჰექტარი, მცხეთა-მთიანეთში – 126 402 ჰექტარი და ოფიციალურად ყველა რეგიონში სახელმწიფოს კუთვნილებაში მიწის უზარმაზარი ფართობებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგით ადამიანებს სახელმწიფოსგან მიწის იჯარით აღება უწევთ, რაც მომგებიანი არ არის და ამას ბევრი  არ აკეთებს, ამიტომაც მიწები დაუმუშავებელი რჩება, ყველაფერი საძოვრად არის ქცეული. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სადაც სახელმწიფოს 108 579 ჰექტარი ეკუთვნის, მიწები არც საძოვრად გამოიყენება, იმიტომ, რომ მოსახლეობა აღარ დარჩა და საქონლი საიდან იქნება. ჰოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხომ არის სახელმწიფოს შემადგენელი ერთეული? თუ ხალხს არ აძლევს (საქართველოს მოქალაქეებს ვგულისხმობთ და არა უცხოელებს), თავად დაამუშაოს; მხოლოდ ორი რეგიონი ეყოფა იმისთვის, რომ ხორბლისა და სიმინდის მიმართულებით დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ჩვენთვის საკმარისი ვაწარმოოთ. ამისთვის კი, უბრალოდ, სურვილი და მონდომებაა საჭირო.

ლევან გაბაშვილი

                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here