Home ახალი ამბები საქართველო სარკე, რომელშიც ოგბუნუჯუმ ოპოზიცია ჩაახედა

სარკე, რომელშიც ოგბუნუჯუმ ოპოზიცია ჩაახედა

351

20 პარტიას ერთად ქუჩაში 5 ათასი ადამიანი ვერ გამოჰყავს, ანუ თითოეული 250 კაცსაც ვერ აგროვებს იმდენს, რამდენზე მეტიც ქელეხში დადის საქართველოში…  და წარმოშობით ნიგერიელ ოგბუნუჯუსთან დამარცხებულები  დიდგორობას  გვეუბნებიან, საქართველოში კრემლის ფილიალია გახსნილიო

ძალიან, ძალიან დიდი ხიბლი აქვს ძალაუფლებას. ვინც ერთხელ მაინც იგემა, ვერ ივიწყებს და ცდილობს,  კვლავ მოიპოვოს ნებისმიერ ფასად, თუნდაც გვამებზე გადაბიჯება მოუწიოს. სწორედ ძალაუფლებისთვის იბრძვის დღეს ოპოზიცია და ძალაუფლებას არ თმობს ხელისუფლება, თუმცა ორივე შემთხვევაში ცუდია ის, რომ მეტ-ნაკლები დოზით ორივე მხარეს შეუძლია ამომრჩევლის, ანუ ადამიანების ცალ ფეხზე დაკიდება ან გაწირვა.

გასულ კვირას „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემოქმედ გიორგი ვაშაძის მარჯვენა ხელმა, სერგო ჩიხლაძემ, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის ეთერში განაცხადა, – საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით კრემლის ფილიალია გახსნილიო. აშკარად ეტყობოდა,  თავისი ნათქვამი ძალიან მოსწონდა და მეტი დამაჯერებლობისთვის თვალებს ზომაზე მეტად ქაჩავდა, თანაც თავს გვარიანად აკანტურებდა.

 გულწრფელად, ყოველგვარი ცინიზმისა და სარკაზმის გარეშე ვამბობ: ამ პარტიის წევრი რომ ვყოფილიყავი, მას შემდეგ, რაც პარტიის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დედაქალაქის  მერობისთვის ბრძოლაში იმაზე ნაკლებ ხმას აიღებდა, ვიდრე რიჩარდ ოგბუნუჯუ, არათუ პარტიიდან წავიდოდი, არამედ სირცხვილით გარეთ თავს კარგა ხანს ვერ გამოვყოფდი. წარმოშობით ნიგერიელ ოგბუნუჯუსთან დამარცხებულები კი დიდგორობას  გვეუბნებიან, საქართველოში კრემლის ფილიალია გახსნილიო. მოდი, ჯერ ამ და სხვა პარტიების შედეგები გავიხსენოთ და ფილიალებზე მერე ვისაუბროთ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის „ევროპული საქართველო“, ნინო ბურჯანაძის პარტია, „ლელო“, „რესპუბლიკელები“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“, კიდევ ერთი „გირჩი“, გახარიას პარტია… კიდევ რამდენიმე პარტია, რომელთა სახელებიც არ გვახსოვს, არჩევნებზე ერთად 7-8%-ს აგროვებენ, ამას დაუმატეთ „ნაციონალური მოძრაობის“ 12-13% და ეგაა – ოცამდე პარტია, საერთო ჯამში, ხმების 20%-მდე აგროვებს და ამ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, რომ მათ უნდა დავუჯეროთ, რომ ქვეყნის მართვა  ვანდოთ, რომ ყველაზე (და მათ შორის თითოეულ ჩვენგანზე) ჭკვიანები არიან. ნაცებს თუ გამოვრიცხავთ (ამ პარტიის აქტივს, მხარდამჭერების ნაცვლად, სექტა უფრო ჰქვია), აღნიშნულ პარტიებს საუკეთესო შემთხვევაში, 1%-იანი მხარდაჭერა აქვთ (ისიც ძალიან იშვიათად) და ეს ყველაზე კარგად თვითონ იციან, არჩევნებიდან არჩევნებამდე რწმუნდებიან, რომ ხალხს არ სურს მათ გვერდით დგომა, 20 პარტიას ერთად ქუჩაში 5 ათასი ადამიანი ვერ გამოჰყავს, ანუ თითოეული 250 კაცსაც ვერ აგროვებს – იმდენს, რამდენზე მეტიც ქელეხში დადის საქართველოში და საკუთარ თავს ხომ ატყუებენ და ატყუებენ, იმ ადამიანების მოტყუებასაც ცდილობენ, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს. ყოველი არჩევნების შემდეგ რომ გაიძახიან, გაყალბდაო, რამდენი გაყალბდა?

თაკო ჩარკვიანის პარტიამ  საქართველოში 326 ხმა რომ აიღო, ანუ ყოველ ათ საარჩევნო უბანზე, ერთი ხმა, რა გაუყალბეს? თანაც, პარტიას უბანზე კომისიის წევრის და დამკვირვებლის ყოლის უფლება აქვს და ხმას ისინი იქვე აძლევენ და 700 ხმამდე მოუგროვდებოდა თაკოს, მხოლოდ მის დამკვირვებლებს რომ მიეცათ ხმა. ანალოგიურ დღეში არიან დანარჩენი პარტიებიც, მაგრამ… რატომ პარტიები და რატომ არა ჩიხლაძის მიერ ნახსენები ფილიალები?!

რეალურად, ევროპამ და ამერიკამ ყველაზე კარგად იციან, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში მათ ფილიალებად იქცნენ. ლიბერალური ფრთის ფილიალებად და ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი თუ საძირკველი ხომ სწორედ ისაა, რომ უმცირესობამ იბატონოს უმრავლესობაზე. ყველა ევროპელ ელჩს და პლუს კელი დეგნანს, ხომ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი და თან არაერთხელ, რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში ოპოზიციის დაძახილზე? მათ   ზუსტად იციან, ოპოზიციას საქართველოში მხარდამჭერები არ ჰყავს, ვერც დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს იტანს ხალხი და ამის მიუხედავად, ჯიუტად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ის, რაც უმრავლესობას არ სურს.

 ახლა გამოჩნდა, რომ 2003 წლის  „ვარდების რევოლუციაც“ მოსახლეობის გამოუცდელობის გამო მოხდა, იმის გამოც, რომ ქვეყანა თითქოს ერთ ადგილზე კი არ გაჩერდა, არამედ უკანსვლა დაიწყო და დასავლეთმა ამ ყველაფრის ერთობლიობით ისარგებლა. შედეგად მივიღეთ ფასადური სახელმწიფო, რომელიც ქაღალდზე მოწინავე და რეფორმატორი იყო, სინამდვილეში კი სწორედ  უმცირესობა მართავდა უმრავლესობას და ძალმომრეობით, ცეცხლითა და მახვილით ახვევდა თავს იმას, რაც არავის სურდა. ჰოდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დასავლეთმა ვერ მოახერხა და იმავე წრეზე ვერ წაიყვანა ქვეყანა, ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში ის მორჩილი ხალხი, რომელიც ხელის ერთ აქნევაზე ომს იწყებდა, რომელიც ქუჩაში ხვრეტდა, ციხეში აწამებდა, რომელმაც მთლიანი ერი კრიმინალად გამოაცხადა… არადა, ამის სურვილი დასავლეთს დღესაც აქვს და მერე როგორი – დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით იბრძვიან არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

ორი პოლიტიკოსი მახსოვს, რომლებმაც პატივისცემა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაიმსახურეს – დავით გამყრელიძე და კობა დავითაშვილი. ორივემ თქვა კონკრეტული არჩევნების წინ: 3%-იან ბარიერს თუ ვერ დავძლევთ, პოლიტიკიდან მივდივართო და… წავიდნენ, ჩუმად, უხმაუროდ და, სანამ ცოცხალი იყო, არც დავითაშვილი გვმოძღვრავდა, _ გინდათ თუ არა, მე დამიჯერეთო, და გამყრელიძესაც პოლიტიკაზე კრინტი აღარ დაუძრავს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა პარტიის წარმომადგენელი ოგბუნუჯუსთან რომ დამარცხებულიყო, პოლიტიკიდან აუცილებლად წავიდოდა. დღევანდელი ოპოზიცია კი… უთავმოყვარეო ადამიანების შეკრებას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, ხელით ეხებიან და შემდეგ საერთო აქციებს აანონსებენ, ტრიბუნაზე ერთად დგანან. ჰო, უთავმოყვარეობის ზეიმი ჰქვია ამას და სწორედ ასეთებზე აქვს გათვლა დასავლეთს – მათ მომავალ თუ მოქმედ მონებს არ უნდა ჰქონდეთ თავმოყვარეობა, არ უნდა ჰქონდეთ სიამაყე და წამსვლელები უნდა იყვნენ ყველაფერზე. კაცი საჯაროდ დედას რომ გაგინებს, ხელს გირტყამს და მერე იმ კაცთან ერთად ხელგადახვეული დგახარ, ქვეყნის კი არა, მდინარეში ჩავარდნილი ჭიანჭველის გადამრჩენი არ ხარ. რწყილიც კი გჯობიათ მაგ საქმეში, თუმცა ქართული ოპოზიცია რწყილს სისხლის წოვის სურვილში აშკარად ჰგავს.

ერთი ძალიან მარტივი კითხვის დასმა გვსურს_  ნაციონალების გარდა, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ ჰყავს იმდენი წევრი, თავიანთი წევრების  საწევროებიდან შემოსული თანხით იარსებოს და, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ რამდენიმე მილიონი დახარჯოს. საიდან მოაქვთ ამ ადამიანებს ეს ფული? სწორია – დასავლელი „პარტნიორები“ არ იშურებენ თანხებს, რათა ერთ თუ ორკაციანმა პარტიებმა, ზედაპირზე ტივტივი მოახერხონ. მილიონები იხარჯება იმაში, რომ ვიღაცამ თუნდაც ოგბუნუჯუსთან წააგოს, მერე გამოვიდეს და ურცხვად დაიწყოს არა მხოლოდ პროგნოზების კეთება, არამედ ჭკუის დარიგებაც. ამ ადამიანებს ტრიბუნას ოპოზიციური არხები უთმობენ და, აბა, წარმოიდგინეთ, ერთპროცენტიანი პარტიის წარმომადგენლებს ეთერი რომ არ დაუთმონ ტელევიზიებმა, რაღა დარჩებათ? მისალმება და ამინდის პროგნოზი, სპორტიც კი აღარ ექნებათ, რადგან გაებუტნენ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსან ლაშა ტალახაძეს, არ აღიარებენ ხვიჩა კვარაცხელიას, აქაოდა, ყაზანის „რუბინში“ კაპიტნის სამკლავური ეკეთა და ამ დროს უკრაინაში ომი მიმდინარეობდაო. რადგან სპორტი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ – გასულ კვირას მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის, იმავე „ფიდე“-ს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობა რუს არკადი დვორკოვიჩსა და უკრაინელ ანდრეი ბორიშპოლეცს სურდათ. 157 ხმა დვორკოვიჩმა აიღო და 16 – ბორიშპოლეცმა. ცნობისათვის: არკადი დვორკოვიჩი მაშინ, როცა რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი იყო, პირველ ვიცე-პრემიერად მუშაობდა და ამას ქვეყნებზე (არჩევნებში თითო ქვეყანას თითო ხმა ჰქონდა) ზეგავლენა არ მოუხდენია. იმის ნაცვლად, კვარაცხელიას დარი პერსპექტიული და ტალახაძისნაირი  სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული სპორტსმენებით ამაყობდნენ, ოპოზიციური არხები მათ წარმატებას არ აშუქებენ, ესეც ლიბერალიზმის შედეგია, არ შეიძლება კარგი ოჯახის მქონე, ქრისტიანი, წესიერი კაცი წარმატებული იყოს. აბა, ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავური გაეკეთებინა ხვიჩას, მაშინვე პირდაპირ ეთერში თუ არ ჩართავდნენ…

ასეა – დღეს ქართულ პოლიტიკაზე დასავლეთს, როგორც არასდროს, ისე უჭირავს თვალი. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, მთელი აქცენტი ოპოზიციაზე გადაიტანა და ეს მათ „ჰონორსაც“ ეტყობა, ისე იქცევიან, თითქოს ოგბუნუჯუმ მე მაჯობა ან კიდევ, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველი მე მაგინებდა. თქვენი სახეა ეს, ბატონებო, სახე, რომელიც სარკედქცეულმა რიჩარდ ოგბუნუჯუმ დაგანახვათ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here